Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბოლო წლებში მოღვაწე მთაწმინდელი სწავლული და სათნო მამები | PEMPTOUSIA

ბოლო წლებში მოღვაწე მთაწმინდელი სწავლული და სათნო მამები

9 February 2013

filokalikoi pateres_agioi kollivades

მთაწმინდა მისი ათას წელზე მეტი ისტორიის მანძილზე, სიბრძნისა და სათნოების დაუღალავი სახელოსნო იყო. მასში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი და დიდი ავტორიტეტის მქონე განსწავლული და სათნო მონაზვნები.

მე-18 საუკუნის შუა ხანებიდან მთაწმინდაზე დაიწყო დიდი აყვავების პერიოდი, რომელიც თანამედროვეობამდეც კი აღწევს. ღირსნი მამანი – აკაკი კავსოკალიველი (+1730), მეტისმეტად მკაცრი განდეგილი ასკეტი, წმინდა მაქსიმე კავსოკალიველის მიმდევარი, ბრძენი მასწავლებელი იეროთეოს ივერონელი (+ 1745), ანთიმოზ კურუკლისი (+ 1782) ეგეოსისა და იონიის კუნძულების მხიარული მაცნე, პაისი ველიჩკოვსკი (+1794) „ასკეტურ-ფილოლოგიური“ სკოლის ფუძემდებელი სოფრონ წმინდაანელი, ასკეტი ეპისკოპოსი მაკარი ნოტარასი (+1805), გიორგი რუმინეთის ჩერნიკიდან (+1806), ცნობილი ბრძენი მწერალი ნიკოდიმოს მთაწმინდელი (+1809), გამოჩენილი მასწავლებელი ათანასე პაროსელი (+1813), სოფრონ ვრაცისი ბულგარეთიდან (+1813), ცნობილი ასკეტი არსენ პაროსელი (+1877), ანტიპა მოლდოველი (+1822), თავისი მშვენიერი ბიოგრაფიით ცნობილი რუსი სილუან ათონელი (+1938) და სასწაულთმოქმედი საბა კალიმნოსიდან (+1948) – განმანათლებლობის, სწავლებისა და თავგანწირვის მნიშვნელოვანი ბირთვია.

ზემოთ ხსენებულ მამათა რიცხვს მიეკუთვნებიან სახელოვანი მთაწმინდელი ახალმოწამე მამები, რომლთა რიცხვიც მე-18 და მე-19 საუკუნეებში სამოცამდე აღწევს, მათ შორის სახელდებიან: პახუმი ახალსკიტელი (+1730), კონსტანტინე რუსი (+1742), დამასკინოს თესალიელი (+1771), სახელგანთქმული მქადაგებელი, ასევე ტაძრებისა და სკოლების დამაარსებელი კოზმა ეტოლოსი (+1779), ლუკა სტავრონიკიტელი (+1802), გერასიმე კუტლუმუსის სკიტელი (+1819), ევთიმე ივერთა სკიტელი (+1814), გედეონ კარაკალელი (+1818), აღათანგელოზ ესფიგმენელი (+1819), კონსტანტინოპოლის პატრიარქი გრიგოლ V (+1821), პავლე კონსტამონიტელი (+1824) და ჩვენთვის ცნობილი ათანასე ლიმნიოსი (+1846).

1749 წელს “ათონიადას აკადემიის” დაარსება მთაწმინდის აყვავების ახალი საყრდენი ხდება. აკადემიაში მოღვაწეობდნენ ისეთი სახელგანთქმული მასწავლებლები, როგორიცაა არასრული საშუალო სკოლის პირველი დირექტორი ნეოფიტე კავსოკალიველი, ასევე მისი მემკვიდრე არქიმანდრიტი აღაპი წმინდასაფლაველი, რომელიც თესალონიკის მახლობლად განგმირეს თურქებმა, ევგენის ვულღარისი, ქარიზმატული მასწავლებელი, ნოკოლოზ ზერტზულისი მეცოვოდან, პანაიოტი პალამასი, ათანასე პარიოსი და სხვანი. აკადემიის ზედამხედველთა და მფარველთა შორის გამოირჩეოდნენ წმინდანები – გრიგოლ V, ნიკოდიმოს მთაწმინდელი და მაკარი ნოტარასი. აკადემიის მოსწავლეთა შორის სახელდებიან ახალმოწამენი – კოზმა ეტოლოსი, კონსტანტინე იდრეოსი და ათანასე კულაკიოტისი, ასევე იქაური მოსწავლეები იყვნენ სულიერებაში მყოფნი საერონი: იოსიპე მისიადაქსი, სერგი მაკრეოსი და ეროვნული გმირი რიღას ფერეოსი. ფაქტია, რომ თურქთა ბატონობის ქვეშ მყოფი ხალხისთვის მთაწმინდა ერის გადარჩენის ერთ-ერთი შუქურა და იმედი იყო. ერის გამოღვიძების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე სტამბას, რომელიც დიდ ლავრაში დააარსა კოზმა ეპიდავრელმა (1755 წელს) და ვატოპედის მონასტერთან არსებულ სკოლას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დაწესებულებებმა გარკვეული ხნის შემდეგ ჭკნობა დაიწყო.

იმავე ეპოქაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ სახელოვანი სწავლულები, როგორიცაა მამა – იონა კავსოკალიველი, დიონისე სიატისტი, ნეოფიტე სკურტეოსი, ბართლომე კუტლუმუსელი, პახუმი ტირვავიტისი, დიონისე კარიესელი ფურნადან (+1745) ჰაგიოგრაფი და მხატვართა ხელოვნებაზე დაწერილი წიგნის ავტორი, კესარიოს დაპონდესი (+1784) ქსიროპოტამელი მონაზონი, ასევე მრავალმოგზაური მწერალი და პოეტი, დოროთე (ეველპიდე) ვატოპედელი, ნიკიფორე ივერონელი ბალახის მცველი.

მე-18 საუკუნის შუა ხანებში მთელს წმინდა მთაზე გაჩაღდა სერიოზული თეოლოგიური მსჯელობა, რომელიც შეეხებოდა გარდაცვალებულთა მოსაგონებლად აღვლენილ მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, წმინდა უწყვეტი ზიარების მიღებასა და სხვა დეტალებს, რომლებიც მართლმადიდებლური ტრადიციის ზოგიერთი საკითხის სიზუსტეს მოითხოვდა. ხანგრძლივი მსჯელობის საბაბად იქცა წმინდა ანას სკიტეს კირიაკონის (სკიტეს მთავარი ტაძრი) მშენებლობა (1754 წელს). საქმე შეეხებოდა, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო კეთილის მოქმედთა და ძღვენის შემწირველთა მიმართ აღვლენილი პანაშვიდის მსახურება, შაბათს თუ კვირას. ასევე იმას, თუ რა სიხშირით უნდა მიეღოთ მონაზვნებს წმინდა ზიარება. ამგვარი მსჯელობა გახდა მონაზვნების ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი. მათ, ვინც დაჟინებით მოითხოვდა მოსაგონებელი (გარდაცვალებულთა) მსახურებისთვის შაბათს, ხუმრობით „კოლივადები“ უწოდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელნი ძალიან ძლიერი ნებისყოფისანი და საეკლესიო ტრადიციის ღრმად მცოდნენი იყვნენ. ისინი გაბედულად იბრძოდნენ ტრადიციის თვითმყოფადობისა და მისი ზედმეტი მინარევებისაგან განწმენდისათვის. ამრიგად, სახელწოდება „კოლივა“ (წანდილი, კოლიო) შექებად (ევფემიზმად) იქცა, ხოლო მოძრაობამ საჭირო და სასიკეთო საქმეები განახორციელა, რასაც შედეგად აღორძინება და რეფორმირება მოჰყვა. რა თქმა უნდა, ამ სიკეთის მთესველი მოძრაობის მოწინავეთა რიგებში სამი წმინდანი ფიგურირებს: მაკარი ნოტარასი, ნიკოდიმოს მთაწმინდელი და ათანასე პარიოსი. მათი თანამოაზრენი, თანმხლებნი და თანამგზავრნი სახელოვანი სწავლულები იყვნენ: ნეოფიტე კავსოკალიველი, ქრისტეფორე არტელი, აღაპი კვიპროსელი, იაკობ პელოპონისელი, პავლე უდაბნოელი, თეოდორე ესფიგმენელი და სხვა მრავალი. ბევრი მათგანი გადასახლებულნი, ემიგრირებულნი, კონტინენტურ საბერძნეთსა და მის კუნძულებზე გადავიდნენ, სადაც ათობით მონასტერი დააარსეს, რომელთა უმეტესი ნაწილი დღევანდლამდეა შემორჩენილი. ეს წმინდა მამები ხალხის საყრდენს წარმოადგენდნენ დასავლური ყაიდის მაცდურ დინებაში. სწორედ ამგვარად ვხედავთ ღირს მაკარი ნოტარასს ქიოსზე, ნიფონ ქიოსელს – სკიათოსზე, დიონისე სკიაფელს – სკიროსზე, იეროთეოსს – იდრაზე მრავალრიცხოვანი მოსწავლეებითა და მთაწმინდური ბერ-მონაზვნური წესებისა და წმინდა ტრადიციების მიმდევარი მეგობრებით გარშემორტყმულთ. მონასტრებში, რომელნიც მათ დააარსეს, თავდაუზოგავი მოღვაწეობა და მნიშვნელოვანი შემოწირულობები ჩანს. მსოფლიო პატრიარქი სინოდის გადაწყვეტილების შედეგად საბოლოოდ აგვარებს „კოლივადურ“ საკითხებს, რომლის თანახმად გარდაცვალებულთა პანაშვიდების მსახურება შესაძლებელია შემთხვევიდან გამომდინარე აღესრულოს, შესაფერისი მომზადების გავლის შემდეგ კი წმინდა ზიარების მიღება ხშირადაც შეიძლება.

ღირსნი – ნიკოდიმოს მთაწმინდელი, მაკარი ნოტარასი და ათანასე პარიოსი არიან მთაწმინდის აღორძინების თვალსაჩინო წარმომადგენლები და იმ სულის მატარებელნი, რომელიც იქ სუფევდა. საქმე შეეხება ცნობილი წიგნების ავტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მათზე დამოკიდებული ადამიანების სულებზე. მათი სულიერი ნაშრომების გამუდმებით ხელმეორედ გამოცემა დღესდღეობითაც კი გრძელდება. მთაწმინდური თეოლოგიური სული გამოხატულია ”წმინდა მღვიძარეთა სიკეთისმოყვარეობის“ (1785 წლის) გამოცემით, რომელიც წარმოადგენს თეოლოგიური შინაარსის ლიტერატურის საგამომცემლო ბაზას.

წმინდა მთამ, ისეთ რთულ ეპოქაშიც კი, როგორიც თურქეთის ბატონობა იყო, მაინც შეძლო და შეინარჩუნა მუდამ ანთებული ჩირაღდანი და, რა თქმა უნდა, ხშირად ჰქონდა მისი გავრცელების სურვილი ბალკანეთისა და ჩრდილოეთის ხალხში. ამგვარად, მოსაზრებათა ცვლისა და წმინდა მთაზე საკმარისი რაოდენობის მამაკაცების ყოფნის შედეგად, წარმოიშვა მნიშვნელოვანი სულიერი და პოლიტიკური მოძრაობა. წმინდა მთის, როგორც უმაღლესი ფილოსოფიის სკოლის, სიმშვიდეში მიმდინარეობდა არა მხოლოდ ასკეტური ცხოვრება და მღვიძარება, არამედ ტარდებოდა კვლევები მდიდარ ბიბლიოთეკებში, ხორციელდებოდა იშვიათი ტექსტების მთარგმნელობითი საქმიანობა, მიმდინარეობდა ხელოვნებაში განსწავლა და ერისათვის სულიერი ძღვნისა და მსხვერპლის გადაცემა. დიდი სულისკვეთებისაა ბერი* (*გერონდა (ბერძ). – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.) პაისი ველიჩკოვსკის ნაწარმოები, რომელიც მას მთაწმინდის დატოვების შემდეგ დაუწერია. იგი გახლდათ მონაზვნური ყოფის რეფორმატორი რუმინეთსა და რუსეთში. მსგავსი საქმე შეუსრულებია მოლდოვის მონასტრებში მის მოწაფეს ღირს გიორგის ჩერნიკიდან (+1806), ღირსი სოფრონ ვრაცესი (+1813) ჰყოლია რა ასეულობით მორჩილი მონაზონი ბუქარესტში, წმინდა ანტიპა (+1882), რომელიც მოლდოვეთიდან იასიოში გამგზავრებულა და მოღვაწეობა ვალაამის მონასტერში დაუსრულებია, ასევე რუს ღირსს სილუან ათონელს (+1938), რომელიც არქიმანდრიტ სოფრონის (+1993) მიერ მრავალგზის თარგმნილი მისი ბიოგრაფიითაც კი ასწავლის მისი ნეტარი აღსასრულის შემდეგაც. კიდევ ერთხელ აშკარა ხდება წმინდა მთის საყოველთაო ბრწყინვალება.

მთაწმინდის ბერ-მონაზვნური საზოგადოება არასდროს ინახავდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იქ არსებული სათნოების ყვავილის კეთილსურნელებას. მიუხედავად თურქეთის ბატონობის სიმკაცრისა, სიღარიბისა, გადაადგილების სიძნელისა და მრავალი საფრთხისა, თავმდაბალი მთაწმინდური სკუფია მოგზაურობდა მთელს საბერძნეთში, რათა გაევრცელებინა გადარჩენის, გათავისუფლების, ნუგეშის, გაძლიერებისა და იმედის ფხიზელი ქადაგებანი. მგზნებარე მისიონერები, როგორიცაა წმინდა კოზმა ეტოლელი, რომელიც მოწამეობით აგვირგვინებს თავის ვრცელ ქადაგებას, ღირსი ანთიმოზ კურუკლისი, რომელმაც შემოიარა კუნძულები, ააგო ტაძრები და მონასტრები, ღირსი მაკარი ნოტარასი, რომელმაც ეგეოსის კუნძულებზე შექმნა რეალური სულიერი ნეტარებისა და ამაღლების კერები. ამ საქმესვე ემსახურებოდა ასევე მისი თანამგზავრი ღირსი ათანასე პარიოსი, არსენ პაროსელი და საბა კალიმნოსიდან, რომელნიც მცირენი არიან უამრავთა შორის.

მსოფლიო პატრიარქი მღვდელმოწამე გრიგოლ V და მთაწმინდის სახელოვან ახალმოწამეთა პლეადა თავიანთი ბრწყინვალე მოწამეობრივი დასასრულით კიდევ უფრო აშკარად ასწავლიან და საზოგადოებას დიდ ძალას მატებენ.

ჩვენს საუკუნეშიც წმინდა მთა აგრძელებს თავისი საიდუმლო ძღვნის შეთავაზებას, რაც ააშკარავებს მის მაღალ მართლმადიდებლურ სიცოცხლესა და სულიერებას, რომლის ანარეკლი მის საზღვრებს გარეთაც აღწევს, რაც გამოხატულია კიდეც ასკეტური წესების, სულიერი სახეებისა და თეოლოგიური სიმაღლეების გამოკვეთით. სამყაროს, რომელსაც ჭეშმარიტება სწყურია სიზუსტესა და სიმართლეს მოუსვენრად ეძებს, ეძლევა მართლმადიდებლური, სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ნეტარების პიროვნული გამოცდილების ხილვის შესაძლებლობა. მრავალი ახალგაზრდა მომლოცველი დღეს შეიძლება არ აღფრთოვანდეს, მაგრამ ნამდვილად დაფიქრდება მონაზვნების ამგვარი ცხოვრების წესსზე, რომელიც დამყარებულია მოუკლებელ ღვაწლზე, თავშეკავებაზე, უბრალოებასა და მდუმარებაზე. და ამგვარად, ძირითად შემთხვევებში შესაძლებელია წმინდა მთის ერთმა მოლოცვამაც კი მას მტკიცე ცხოვრებისეული დასაყრდენი მისცეს. ეკლესიისა და ერისათვის სულიერი სიფხიზლის დიდ როლს ასრულებს მთაწმინდა თავისი თავმდაბლობითა და სულიერებით.

ჩვენს დროშიც შეგვიძლია მოვიგონოთ წმინდა მთის ის სულიერი პორტრეტები, რომელნიც უთანაბრდებიან ადრეული ეპოქების სახეებს, გადმოაქვთ მათი სულისკვეთება და ამავდროულად წარმოადგენენ იმ საყრდენს, რომელიც მათი საქმიანობის გასაგრძელებლად არის საჭირო. ისინი თავიანთი დიდი სიყვარულის გამოხატვით ცნობილი არიან: მთაწმინდაზე, მათ მონასტრებში, თავიანთ სულიერ სამწყსოში, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისთვის და უფლისათვის. არსებობდნენ კეთილის მოყვარული და მუყაითი იღუმენები აწ უკვე მიძინებული არქიმანდრიტები: სიმონი გრიგოლის მონასტრელი (+1905), ნეოფიტე სიმონოპეტრელი (+1907), რომელნიც ასევე გახლდნენ მათივე მონასტრების ახალგაზრდა აღმშენებლები, კოდრატე კარაკალელი (+1940), ათანასე გრიგოლის მონასტრელი (+1953), იერონიმე სიმონოპეტრელი (+1957), ფილარეტ კონსტამონიტელი (+1963), რომლებმაც თავი მიუძღვნეს თავიანთი მონასტრებისა და მონაზვნების სამსახურს, სერაფიმე წმინდა პავლელი (+1960), ბესარიონ გრიგოლის მონასტრელი (+1974), გაბრიელ დიონისელი (+1983), რომლებიც წარმატებით თანამშრომლობდნენ (თანამოღვაწეობდნენ) წმინდა მთის საერთო საკითხების განხილვაში, ხარალამბე სიმონოპეტრელი (+1970), ეფრემ ქსიროპოტამელი (+1983) და სხვანი.

გარდა ზემოთ მოხსენიებული გამოჩენილი მამებისა, ჩვენს საუკუნეში მოღვაწე სათნო და გამორჩეულად ნეტარი სულიერი მამები – აღმსარებელნი (მოძღვრები) ბრძანდებოდნენ: საბა (+1908) და გრიგოლი მცირე წმინდაანელი, ეგნატე კატუნაკელი (+1927), ხარიტონ კავსოკალიველი, კესარიოსი და მიქაელ აომატოსი (+1952) წმინდაანელები, ნეოფიტე, გაბრიელი (+1967), ევსტათი (+1981) და ელპიდე (+1983) კვიპროსელები და სპირიდონი (+1990) ახალსკიტელები, გრიგოლ დიონისელი, მაქსიმე კარაკალელი, ნიკოდიმოს კრეტელი კუტლუმუსის სკიტელი და სხვანი.

უდავოდ სათნოებით გამოირჩეოდნენ განსვენებული ბერები (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;): სახელგანთქმული, მკაცრი მმარხველი ხაჯიგიორგი (+1886) და დანიელ გამოქვაბულელი რუმინელი, კერასიელები, აბიმელექ კრეტელი და ცნობილი ჰიმნოგრაფი გერასიმე (+1991), მცირე წმინდაანელები, მღვიძარე და ისიქასტი კალინიკე (+1930), დანიელ სმირნელი (+1929), კატუნაკელები, ბრძენი მეუდაბნოე გერასიმე მენაგიასი (+1957), ამბაკუმი (+1978) ფეხშიშველა ლავრელი, კინოვიური (საერთო საცხოვრისის ცხოვრების ტიპი) ცხოვრების საუკეთესო წარმომადგენელი ისააკი (+1932) და ლაზარე (+1974) დიონისელები, დიდი მებრძოლი იოსებ გამოქვაბულელი (ისიქასტი) (+1959) და თეოფილაქტე წმინდანთა მეგობარი, ახალსკიტელები, გერონტი (+1958) წმინდა პანტელეიმონელი, ათანასე ივერონელი (+1973) თავმდაბალი, ღმრთისმშობლის მეგობარი, დიდი მმარხველი ევლოგი (+1948) და ენუქი (+1978) ღმრთის მადლით დაჯილდოებული რუმინელი კარიესიდან, პაპა ტიხონი (+1968) კაფსალას გამოჩენილი რუსი ასკეტი, პორფირე (+1991) წინასწარმჭვრეტი და გამჭრიახი კავსოკალიველი ბერი, რომელმაც მთაწმინდური კურთხევა ათწლეულების მანძილზე ატიკიში (საბერძნეთის ერთ-ერთი პროვინცია) გადაიტანა და პაისი მთაწმინდელი (+1994), რომელმაც ყველა მასთან პატივისცემით მისულ ადამიანს შვება მიჰგვარა. ყოველი მათგანის წვლილზე ბევრია დაწერილი.

ზემოხსენებული ბოლო ორი მამა, მათი მადლიდან გამომდინარე, ცნობილნი არიან. ბერი (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;) პორფირე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რომელსაც ჰქონდა ჭეშმარიტებით ზემოქმედებითი ძალა, ასევე სული წმინდასთან ურთიერთობის გამოცდილება, იგი ნამდვილად თავმდაბალი, უბრალო იყო, ბავშვურობა და სიწმინდე მასში ერთმანეთს გადაჯაჭვოდა. იგი გახლდათ ფსიქოანატომი, პედაგოგი და მრავალთა მრჩეველი, რომელნიც დიდი ვნებათა ღელვით მოგვითხრობენ მასთან შეხვედრების შესახებ. ასევე ბერი პაისიც გახლდათ სულთა გამოცდილი, მოთმინებით აღჭურვილი და შეუპოვარი მკურნალი, დიდ გაჭირვებაში მყოფი გარკვეული რაოდენობის ადამიანთა წინამძღოლი. მისი ხალისიანი სიტყვა, მისი მაგალითი, მისი რჩევები შეგძრავენ, მოგანიჭებენ სიმშვიდეს, კურთხევის მადლს და სულის სიგრილეს.

სწავლულ მამათა შორის მოიხსენებიან მღვდელმონაზონი თეოდორიტე ლავრელი, გერასიმე ესფიგმენელი (სმირნაკისი) მთაწმინდის შესახებ დაწერილი მისი საამაყო წიგნის გამო, ასევე ბერდიაკონი კოზმა წმინდა პავლელი (ვლახოსი), მღვდელმონაზონი ქრისტეფორე დოქიარელი (კტენასი) მთაწმინდაზე მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის გამო, ლავრელი ბერები (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;) პანტელეიმონი, ქრისოსტომი, ალექსანდრე (ევმორფოპულოსი), ექიმი სპირიდონ (კამბანაოსი), ექიმი პავლე (პავლიდისი), ალექსანდრე (ლაზარიდისი), ევლოგი (კურილასი), რომელიც მოგვიანებით კორიცას მიტროპოლიტი გახდა, იოაკიმე ივერონელი, თეოფილე, ნიკანდრე, იაკობი და არკადი ვატოპედელები და ქსიროპოტამელი ბერები პავლე, ქრისანთე და ევდოკიმე, ათანასე პანდოკრატორელი, ზოსიმე ესფიგმენელი, ნილოსი (მიტროპულოსი) სიმონოპეტრელი, საბა ფილოთეველი, ვარლაამ გრიგოლის მონასტრელი, თეოდოსი წმინდა პავლელი, იოაკიმ (სპეციერელი) ახალსკიტელი და სხვა მრავალი.

წმინდა მთის წმინდანების, იღუმენების, მოძღვრების, ბერების (ბერძ. გერონდა; რუს. სტარეც;) და სწავლულების ღვაწლი, როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც ასხივებს და ახდენს სასიკეთო გავლენას სამყაროზე. გარდა ძვირფასი რელიკვიებისა, მთაწმინდაზე ინახება სათნოების მრავალი საუნჯე. ის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ სიმკაცრესთან, ერთფეროვნებასა და სიმარტოვესთან გამკლავების წესს გულისხმობს. სწორედ ამიტომ ეწოდა სამართლიანად მთაწმინდას „სულიერი მამობისა და რჩევა-დარიგებების სკოლა“ (ლექტორი ა. სტავროპულოსი). მას ასე იმის გამოც უწოდეს, რომ აქ მასპინძლობენ მრავალ სტუმარს, რომლებიც ტოვებენ აქაურობას აღსარებით, სულიერი საუბრებითა და მისიონერობით ძალამოკრებილნი. ამ რჩევა-დარიგებების მსმენელები არიან როგორც მღვდელმთავრები და მღვდლები, ისე მონაზვნები, ლექტორები, მასწავლებლები და მრავალ ძმათა შორის „მცირედნი“. მართებულადაა აღნიშნული, რომ „იმ მცირე რაოდენობის ადამიანთა სახეეზე, რომელნიც განმარტოებით ცხოვრობენ კალივებსა თუ გამოქვაბულებში, შესაძლებელია მცველების, მფარველების, სიბრძნისა და პიროვნების შემეცნების „ათლეტების“ ხილვა, და რაოდენ დასანანია, როდესაც ვჩქარობთ, რომ აღვფრთოვანდეთ თუ ისინი ინდოეთიდან ან ტიბეტიდან მოდიან, თუმცა კი იგნორირებას ვუკეთებთ მათ, ვინც ჩვენს გვერდით იღვწის“(J. Lacarriere).

ბერი პაისის მიერ აღწერილი სიტყვები ხაჯიგიორგის ბიოგრაფიიდან მიესადაგება როგორც თვითონ მას, ისე ჩვენ მიერ მოხსენიებულ მამებს და ააშკარავებს მათ კეთილ ბრძოლას სამყაროს დინების წინააღმდეგ. „განსჯით, მაგრამ რჩევას განურჩევლად ყველას აძლევს, სულებს ამხნევებს და ეხმარება გულისმიერი ლოცვით. მისი წმინდა სიცოცხლის გამო მისი სახე ასხივებს და მწუხარე სულებს ღვთიურ მადლს მოჰფენს. მისმა სახელმა ყველგან მიაღწია, ამიტომაც ყოველი მხრიდან მორბიან ადამიანები, რათა სულიერი სარგებელი მიიღონ. დილიდან საღამომდე მწუხარეთა ტკივილს აგროვებს და მათ გულებს ათბობს თავისი სულიერი სიყვარულით, რომელიც გაზაფხულის მზის ნაზ სინათლეს ჰგავს“.

მცირე წმინდაანელი ბერი აბიმელექი, როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რას აკეთებდა, პასუხობდა: „გონებას ვიცავ“. კატუნაკელი ბრმა ბერი ლეონტი ამბობდა: „ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ, ყოველივეს უკეთ ვგრძნობ, ღმერთმა იმაზე უფრო ძლიერი სინათლე მიბოძა, ვიდრე მქონდა მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ვიყავი“. კავსოკალიველი მუდამ მომღიმარი ბერი მიქაელი წმინდანებს ესაუბრებოდა. კონსტამონიტელი წიგნების მოყვარული ბერი მოდესტე ამბობდა: „თუკი არ შევიგრძნობთ, რომ ყველა ძმა ჩვენია, ხოლო ჩვენ კი მათი ვართ, ჩვენ გულებში არასოდეს დაიდებს ბინას სულიწმიდა. ჩვენს მიდგომას მათდამი არ უნდა საზღვრავდეს მათი სულიერების ხარისხი“. ძლიერ ასკეტი კარულელი ბერი ფილარეტი ამბობდა: „ჩემო ძმებო, მთელი სამყარო მირბის და ზრუნავს თავის ცხონებაზე, მხოლოდ ჩემს, ცოდვილის, გარდა“. წლობით სნეული კუტლუმუსის სკიტეს ბერი ამბობდა: „ღმრთის ნებაა და ხშირად ასეც ხდება, რომ სხეულმა უნდა იავადმყოფოს, რათა სული გადარჩეს“. სხვა ჩვენი თანამედროვე ბრძენი ბერი კი ხშირად აღნიშნავდა: „ბუნებრივ სიმყუდროვეს თავისი წვლილი შეაქვს შინაგან სიმყუდროვეში, თუმცა, თუკი ის არ არსებობს, უნდა აიტანო ის, რაც თავს დაგატყდება, ღმერთი კი ამაზე უფრო დიდს მოგცემს. ეძებე, რომ იპოვო თუ რატომ არა გაქვს სიმშვიდე?“ და „უნდა იტანჯო, რათა სიხარული მიიღო“, „უმჯობესია სიძნელეები გქონდეს, ვიდრე გეგონოს, რომ ყველაფერი კარგადაა, სიძნელეებთან ერთად მწიფდები და მშვენიერდები…“. ბერი მიტროფანე ხილანდარელი თავის ერთ-ერთ წიგნში ბერმონაზვნურ ძღვენზე წერს, რომ ეს არის „ლოცვის გულისმიერება, სიყვარული, რომელიც მსხვერპლამდე აღწევს, პატიების მთხოველი თავმდაბლობა და ენთუსიაზმით აღსავსე კაცთმოყვარეობა“.

როდესაც წმინდანობა თანხვდება წიგნიერებას, ეს რაღაც საოცრებაა. და ის, რომ დღესაც მთაწმინდაზე აგრძელებენ არსებობას ასეთი პიროვნებები, სამყაროსათვის განსაკუთრებული წყალობაა.

მონაზონი მოსე მთაწმინდელი

შინაარსი
სანიშნეები