ღირსი მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი, ახალი

27 February 2013

ღირსი მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი, ახალი 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით  წმიდანთა დასში აღრიცხულ იქნა მთაწმიდელი, ათონელი ბერი*  სქემმღვდელმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი 1776-1864) და მას ეწოდა ღირსი მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი, ახალი (1864 წ), ხსენების დღე 14/27 თებერვალი)). მისი ცხოვრება ასოცირდება მეცხრამეტე საუკუნის ქარტეხილებთან: ქართული სამეფოების დაშლასა და რუსეთის იმპერიასთან ”შეერთებასთან”, ქართველი დიდებულებისა და სამეფო ოჯახის რუსეთში ”გადასახლებასთან” და ბალკანეთში, საბერძნეთის 1821 წლის რევოლუციასთან.

* გერონდა (ბერძ.)  – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

Agios ILARIon Georgianos Neos 101

ღირსი ილარიონი დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპანის მაზრაში, ღმრთისმოსავი აზნაურების ხახულის და მარიამის ოჯახში, სახელად უწოდეს იესე. მიუხედავად მცირე ასაკისა, ექვსი წლის იესე აღსაზრდელად მიჰყავს ბიძას, დედის ძმას, ბერდიაკონ სტეფანეს თავისთან მონასტერში. მამა სტეფანე იყო მკაცრი ასკეტი და ეწეოდა დაყუდებულ ცხოვრებას. პატარა იესე ბავშობიდანვე მიეჩვია ასკეტურ ყოფას. ასეთ გარემოში იზრდებოდა თორმეტ წლამდე, ბერდიაკონ სტეფანეს გარდაცვალებამდე. შემდეგ მცირე ხნით ცხოვრობდა ტაბაკინის მონასტერში და მოგვიანებით სახლში ბრუნდება. დაჰყვა მამის სურვილს და ჩადგა იმერეთის მეფის სოლომონ II-ის ერთგულ სამსახურში. სამეფო სასახლეში ეწეოდა მკაცრ, ასკეტურ ცხოვრებას, არქიმანდრიტ გერონტის ხელმძღვანელობით.

იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, მღვდლად იქნა ხელდასხმული  და დაადგინეს სამეფო კარის მოძღვრად. ორი წლის შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, იღებს ამას უფლის ნებად და ღვაწლს უფრო აძლიერებს სიმშვიდესა და განმარტოებაში. რჩება ბოლომდე ერთგული მეფის წინაშე და მიჰყვება მას დევნილობაში. სამშობლოზე უზადოდ შეყვარებული სოლომონ II 1814 წელს თურქეთში აღესრულა, ნეშტი მიაბარეს ტრაპიზონის მიწას. დედოფალ მარიამის სულიერი მხარდაჭერის მიზნით მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ის მანამდე ჰყავდათ წაყვანილი. დაბინავდა სამეფო სასახლეში. მოგვიანებით უარს აცხადებს იერარქიულ წინსვლაზე, სამეფო სასახლეში გამეფებულმა განცხრომამ, ფუფუნებამ და მრავალმა  არსებულმა ცდუნებამ უბიძგა მას ჩუმად დაეტოვებინა იქაურობა. თავიდან უდაბნოში გავიდა, იქიდან – ოდესაში, შემდეგ – კონსტანტინოპოლში, იქიდან კი მთაწმიდას მიაშურა. მდიდრული აბრეშუმის სამოსელი მათხოვრის სამოსელზე გაცვალა და ყველას ერთ ღარიბ, ქართველ მომლოცველად გაეცნო. თავდაპირველად ივერონს – ივერთა მონასტრს  მიაშურა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა. 1821 წელს აღიკვეცა დიდ სქემაში ილარიონის სახელით. მორჩილებით აღასრულებდა ყველაზე მძიმე და რთულ საქმეებს. როდესაც გამჟღავნდა, რომ ჰქონდა მღვდლის ხარისხი და თანაც მეფის მოძღვარი იყო, დიონისეს მონასტრის იღუმენმა მთელი მონასტრის სულიერ წინამძღოლად დაადგინა. მოწამეობის დიდ სურვილით ანთებული, იგი იღუმენის ნაცვლად  და წმიდა მთის სხვა იღუმენებთან ერთად წარსდგა თესალონიკის თურქი მმართველის წინაშე, საიდანაც სასწაულებრივად გადარჩა. რაღაც დროის განმავლობაში ადგილობრივ საპყრობილეში დატუსაღებულ ძმებს ემსახურებოდა.

Pyrgos Neas Skitis

ახალი სკიტის კოშკი

ათონზე დაბრუნების შემდეგ დიონისეს მონასტერთან მდებარე მღვიმეში განმარტოვდა, სადაც ასკეტურ და მრავალი სასწაულით აღსავსე ცხოვრებას ეწეოდა. ხშირ ზიარებასთან დაკავშირებით საძმოს მიერ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, დამწუხრებული გაემართა წმიდა ახალ სკიტში, სადაც კოშკში განმარტოვდა და სამი წელი დაჰყო. მისი ღვაწლი ღამისთევით, სიფხიზლითა და მოუკლებელი ლოცვით გამოიხატება. ამით ის იწვევდა დემონებს, რომლებიც მრავალფეროვანი ცდუნებებითა და გამოცხადებებით ცდილობდნენ ჩაეკლათ მასში ეს შემართება და აეძულებინათ კოშკის დატოვება. უამრავი  განსაცდელი შეემთხვა და მრავალჯერ იქნა გამოცდილი ბოროტის მიერ, სკიტის მამების ლოცვით განმარტოება შეწყვიტა. როდესაც ფიზიკურად მომჯობინდა, ივერონში გადავიდა და ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერებისა და წიგნების ამონაწერი კრებული შეადგინა სახელწოდებით ”ყვავილნარი”. საბოლოოდ წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის კელიაში დამკვიდრდა და მოწაფეებიც აიყვანა, მათ შორის ერთ-ერთი იყო დიდი სათნოებების მქონე ბერი საბა. ღირსი ილარიონი წინასწარჭვრეტის ნიჭით იყო დაჯილდოებული, ჰქონდა უმაღლესი სულიერი მდგომარეობა და მრავალჯერ იყო ადამიანური შურით გამოცდილი, რის გამოც ათონის წმიდა მთაზე მრავალი ადგილი ჰქონდა გამოცვლილი.

1864 წლის 14 თებერვალს მშვიდობით მიიძინა. უფალმა მრავალი ნიშნით გამოაჩინა ამ დიდი მამის სიწმინდე. ღირსი ილარიონი ცხოვრობდა იმ ცხოვრებით, რომლითაც ცხოვრობს ყველა ნამდვილი ქრისტიანი, ქორწინებაში მყოფი იყო სამეფო კარის მოძღვარი, მონაზონმა კი მრწამსის ჭეშმარიტება უშიშრად აღიარა მუსულმანების წინაშე, შეიქნა უფლის მადლის მიმღებ ჭურჭლად და გახდა ათონის წმიდა მთის დიდი ასკეტი და სულიერი მოძღვარი. განმტკიცდა და სრულყოფილ იქნა ყველა სათნოებით, წმიდა ახალ სკიტეს კოშკში დაყუდებით აიარა რა სათნოებების ყველა სფეხური. მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განსაცდელით გარშემორტყმულმა უფლის წყალობა მალევე მოიპოვა. ”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

წყარო: ”ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი” თბილისი, 2004 წ.
        ”სათნოების კოშკი” წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის კალივის გამოცემა

სანიშნეები