Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა მაქსიმე ბერძნის ცხოვრება (ნაწილი I) [არტადან იტალიაში] | PEMPTOUSIA

წმიდა მაქსიმე ბერძნის ცხოვრება (ნაწილი I) [არტადან იტალიაში]

25 June 2013

წმიდა მაქსიმე ბერძნის ცხოვრება

XVI საუკუნის ნათელი ფიგურა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა წმიდა მაქსიმე ვატოპედელი, რუსეთში ცნობილი როგორც Максим Грек ანუ მაქსიმე ბერძენი.

რუსეთმა ქრისტიანობა ბიზანტიელებისგან X საუკუნის ბოლოს მიიღო. ვიდრე რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდებოდა და საპატრიარქო დაარსდებოდა, იგი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი მიტროპოლია იყო. რუსეთის ეკლესიის თითქმის ყველა მიტროპოლიტი, მიტროპოლიის ყველა მსახური, ისიდორეს (1437-1441) ჩათვლით ბერძნები იყვნენ. ძალიან ბევრი ბერძენი სასულიერო პირი (პატრიარქები, მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები), მონაზვნები ათონის წმიდა მთიდან და საერო პირი სტუმრობდა ხოლმე რუსეთს ეკონომიკური დახმარების მიზნით, განსაკუთრებით კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი არც კი ბრუნდებოდა უკან, არამედ რუსეთის მიწაზე სამუდამოდ რჩებოდა.

რუსები თავად იწვევდნენ ხოლმე ბერძნებს საეკლესიო და საგანმანათლებლო საჭიროებების გამო. ბერძნები მსახურობდნენ როგორც დიპლომატები, პოლიტიკოსები, ექიმები, ასევე რუსი მონარქების სხვადასხვა სამსახურში მუშაობდნენ. არც ერთ მათგანს იმდენად დიდი წვლილი არ მიუძღვის რუსეთის წინაშე, როგორც მაქსიმს ამიტომ, რუსეთის ეკლესიისა და ერის ისტორიაში, განათლებაში, ლიტერატურასა და საყოველთაო რუსული თვითშეგნების სფეროში მასავით განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი სხვას არავის უჭირავს.

დღეს წმიდა მამებს ადანაშაულებენ, რომ ისინი ანაქრონისტები იყვნენ, რამაც მორწმუნეები ფუნდამენტალიზმამდე მიიყვანა, რომ ისინი არ შედიოდნენ თავიანთ ეპოქასთან დიალოგში, რომ ისინი არ ინტერესდებოდნენ კულტურით. ისინი ვინც უმაღლეს თანამდებობაზე არიან შემდეგს ამბობენ: „თანამედროვე თეოლოგია საჭიროა, პოსტპატერიკული გახდეს. მამები იყვნენ ღრუბლები, რომლებიც ფარავდნენ მზე – ქრისტეს, ასე რომ, რათა განვნათლდეთ თავად ქრისტესგან, უნდა განვეშოროთ წმიდა მამების სწავლებას“.

მაგრამ, წმიდა მამების გზა, მიუხედავად იმისა, ზოგიერთებს სურთ თუ არა მათი მიღება, სწორედაც რომ თეოლოგიისა და ცხონების ავთენტური და უცდომელი გზის მაჩვენებელია. წმიდა მამები წმიდა მოციქულთა საქმეებისა და სწავლების უშუალო გამგრძელებლები არიან.

ამის შესახებ მამა გიორგი ფლოროვსკი წერს: „ეკლესია ჭეშმარიტად არის სამოციქულო, მაგრამ იმავდროულად პატერიკული. რეალობაში იგი წმიდა მამათა ეკლესიაა. შეუძლებელია ეს ორი მახასიათებელი ერთმანეთისგან გაითიშოს, ვინაიდან ეკლესია არის პატერიკული და ჭეშმარიტად არის სამოციქულოც“… ის სწავლება, რაც ღმერთმა გამოუცხადა ადამიანებს, წმიდა მამებმა არა მარტო თეორიულად  იცოდნენ, არამედ სულიწმიდის მოქმედებით თავის ცხოვრებაშიც გაატარეს და სხვების            სარგებლისათვის, იმავე სულიწმიდის მადლით, დაწერეს და ილაპარაკეს საკუთარი გამოცდილებების შესახებ. წმიდა მამებმა არ უგულებელყვეს ადამიანი, არამედ იბრძოლეს, შეეწირნენ, დაიხარჯნენ მოყვასისადმი სამსახურში, მთელი სამყაროს ცხონებისათვის.

წმიდა მაქსიმე იტალიაში ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც მეცნიერება და ხელოვნება აღორძინების გზაზე იყო, ადამიანური პრინციპები და უფლებების დაცვა  კი წინა პლანზე წამოვიდა. იგი მრავალ სიახლეს გაეცნო, შეისწავლა და მათგან ის  მიიღო, რაც ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ გზაზე დამხმარე და წვლილის შემტანი იქნებოდა. ათონის წმიდა მთაზე უფლის მადლით იცხოვრა,  სულიწმიდის მადლი შეიძინა, გახდა ღმერთკაცის არსის ზიარი. რუსეთში ყოფნისას მისმა მოღვაწეობამ უსაზღვროდ დიდი ნაყოფი გამოიღო, ვინაიდან ამას წინ უძღოდა დიდი ადამიანური და სულიერი გამოცდილება და მის გულშიც ბევრ რამეს უდუღია. რუსების საყოველთაო აღიარებით მან XVI საუკუნის რუსეთში არა მარტო ღმერთი მოიყვანა, არამედ კულტურაც განავითარა. წმიდა მაქსიმეს პიროვნებაში ჩვენ განსჯის უნარს, ქრისტეში განახლებული ადამიანის თავისუფლებას და ჭეშმარიტ მამას ვხედავთ.

Ag.-Maximos-Vatopaidinos-Graikos-01

წმიდა მაქსიმე რუსეთის სულიერ ცაზე გაბრწყინებული ვარსკვლავია, რომელიც არ ჩამქრალა და კვლავ ანათებს. რუსეთის მიწაზე მან დიდი ხნის განმავლობაში დაითმინა ტანჯვა, მაგრამ რუსმა ერმა პატივი მიაგო მას და ახლა იმგვარად სცემს თაყვანს, როგორც საკუთარ ერთ-ერთ დიდ წმიდანს. საუკუნეების მანძილზე მის შემოქმედებას დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის თეოლოგიურ და მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებაში. რუსი თანამედროვე ფილოსოფიის ლექტორი მიხაილ გრომოვი წერს, რომ „წმიდა მაქსიმე, როგორც მაღალი ბერძნული ცივილიზაციის ღირსეული წარმომადგენელი, სამართლიანად გახდა რუსეთის მიწის ბრძენი ფილოსოფოსი და გამორჩეული მწერალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურის განვითარებაში“.

ენით აღუწერელი ფიზიკური და სულიერი განსაცდელების მიუხედავად, რომლებიც მან აუტანელ პირობებში დაითმინა,  წმიდა მაქსიმე მოციქულებრივი შურით იღვწოდა „უფლის ვენახში“. გარდაცვალებამდე მან რუსეთში არანებაყოფლობით და იძულებით  ოცდათვრამეტი წელი იცხოვრა, რომელთაგან ოცდაექვსი, დამნაშავის მსგავსად, ციხეში გაატარა. პირველი ექვსი წლის მანძილზე ბორკილდადებული იყო ვოლოკოლამსკის ღირსი იოსების მონასტერში, სადაც საშინელი ტანჯვა-წამება გამოიარა. ამ პერიოდში საეკლესიო მმართველობისგან მას თვრამეტწლიანი უზიარებლობა ჰქონდა მისჯილი.

ვინაიდან მისი ნაშრომების სრული კრებულის გამოცემის საშუალება მოგვეცა, რუსულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ ახალი ინფორმაციებით გამდიდრებულ წმიდა მაქსიმეს ბიოგრაფიას. მისი ცხოვრება ფართოდ აქვთ განხილული და აღწერილი პროფესორებს: ვლადიმერ იკონომოვს, ილია დენისოვს და გრიგორიოს პაპამიხაილს, მაგრამ მათი ნაშრომები თანამედროვე მკითხველისათვის მიუწვდომელია. წმიდა მაქსიმეს ცხოვრება, რომელიც თავდაპირველად ღირსი გრიგოლის მონასტერმა, შემდეგ კი გამომცემლობა „მაისტროსმა“ დიმოტიკზე [დიმოტიკი – საერთო ახალბერძნული ენის ფორმა] გამოსცა, წარმოადგენს წმიდა სერგის ლავრის მიერ  წმიდა მაქსიმეს  ნაშრომების გამოცემაში შემავალ მისი ცხოვრების თარგმანს. ეს მისი ბიოგრაფიის საკმაოდ მოკლე რედაქციაა. რუსულ ენაზე დაწერილ წმიდა მაქსიმეს ცხოვრებათაგან, რომელთა რიცხვი ათეულზე მეტია, განსაკუთრებით მე-18 და მე-19 საუკუნეებში დაწერილი ტექსტები ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას შეიცავს. წმიდა მაქსიმეს ცხოვრებისა და ნაშრომების უმნიშვნელოვანესი თანამედროვე მკვლევრები არიან ნინა სინიცინა, ვლასიოს ფიდასი, კონსტანტინოს ცილიიანისი და ხრისტოს ლასკარიდისი. მათ წმიდანის ბიოგრაფია არ დაუწერიათ. ჯეკ ჰანეის მიერ დაწერილი ბიოგრაფია კი საკმაოდ შეკვეცილია.

სამწუხაროდ წმიდა მაქსიმეს თანამედროვეებს არ ჩაუწერიათ წმიდანის ცხოვრება, მოკლე ისტორიების გარდა. მისი ცხოვრების ჩაწერა შეეძლო მის მოწაფეს წმიდა სერგის ლავრის მონაზონ სილუანეს, რომელიც წმიდა მაქსიმესთან სულით ძალიან ახლოს იყო და  ამისათვის საჭირო სულიერი ცოდნა ჰქონდა. წმიდა იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტების თარგმანის შესავალ ნაწილში, რომელიც სილუანემ 1524 წელს მაქსიმეს დახმარებით განახორციელა, იგი აღნიშნავდა, რომ ღმრთის დიდი წყალობა იყო წმიდა მაქსიმეს გაცნობა. წმიდა მაქსიმეს იგი ძალიან დიდ პიროვნებად მიიჩნევდა, რომელიც მისი ეპოქის თანამედროვეთაგან ყოვლად გამორჩეული იყო. იგი საკუთარი თარგმანის შესახებ, რომელიც დიდი მოცულობის რთული ნაშრომია, კრიტიკულად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მან გასწია ჯაფა თარგმანის შესასრულებლად, ყველაფერს მის მოძღვარს  წმიდა მაქსიმეს მიაწერს. სილუანე წმიდა მაქსიმეზე ადრე აღესრულა წამებით.

წმიდა მაქსიმეს ბიოგრაფიის შედგენას, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე ახლავს თან მისი მრავალი კულტურული და სულიერი სამოღვაწეო ადგილების გამო (არტა, იტალია, ათონის წმიდა მთა, რუსეთი), ასევე იმ ეპოქისათვის დამახიათებელი განსხვავებული პირობების გამო. ასევე რთულია მისი ცხოვრების სულიერ ჭრილში განხილვაც. როგორ შეიძლება, რომ გამოვააშკარაოთ ერთი წმიდანის მისტიკური ცხოვრება? „ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის“ [I კორინთელთა მიმართ 2:15].  ეს რთული საქმე განუხორციელებელი რჩება. მხოლოდ წმიდანისადმი და ღმრთის დიდებისადმი სიყვარულით წინასწარ განწყობა გიბიძგებს იმისკენ, რომ ამ საქმეს ხელი მოკიდო.

არტადან იტალიაში

მიქაელი, შემდგომ მაქსიმე ბერძენი, 1470 წელს დაიბადა ქალაქ არტაში მანუელ და ირინე ტრივოლისების მდიდარ და ღმრთისმოშიშ ოჯახში. ტრივოლისები ბიზანტიელ მთავართა დიდ ოჯახს მიეკუთვნებოდნენ და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორებთან თომა და კონსტანტინე პალეოლოგებთან. ვინმე დიმიტრიოს კიდონისი სწორედ ტრივოლისის გვარის ერთ-ერთ წარმომადგენელს მიაწერს იმპერატორ მანუელ I-ისა და მისტრას გამგებლის თეოდორე II-ის შერიგებას. კალისტოს I ტრივოლისი კონსტანტინეპოლის პატრიარქი გახლდათ (1350-1354 და 1355-1363 წწ.) თეოლოგიისა და ისიქაზმის „ოქროს საუკუნეში“. იგი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმიდანადაა შერაცხილი.

სპარტაში მცხოვრები ტრივოლისების გვარიდან მანუელი არტაში წავიდა საცხოვრებლად, მისი ძმა დიმიტრი კი კერკირაზე დამკვიდრდა, სადაც დიდი ოჯახი შექმნა (რომელიც კუნძულის მმართველებსა და ვენეციელთა არისტოკრატიას დაუკავშირდა). დიმიტრი ტრივოლისი, რომელიც ღმრთიური და ამქვეყნიური სიბრძნით იყო დაჯილდოებული, წიგნის ცნობილი მოყვარული და „კლასიკური ბერძნული ნაშრომების“ კოდექსების ერთ-ერთი ღირსეული გადამწერი იყო. იგი გეორგიოს პლეთონასის მოწაფე გახლდათ. მას განსაკუთრებით უყვარდა პლატონი და პლოტინე. პელოპონესის უკანასკნელ მმართველს – თომა პალეოლოგს იგი თან მიჰყვება რომში, სადაც საკმაო ხნის მანძილზე რჩება კარდინალ ბესარიონის მფარველობის ქვეშ. იგი მართლმადიდებლობასა და რომაულ კათოლიციზმს შორის მერყეობდა. დიმიტრი ზოი-სოფია პალეოლოგისა და რუსეთის მმართველ ივანე III-ის ნიშნობას ესწრებოდა. 1462 წლიდან 1481 წლამდე მას ხან არტაში და ხან კერკირაზე ვხედავთ. 1481 წლით დათარიღებულ მის უკანსკნელ ხელნაწერს კერკირის ერთ-ერთი მცხოვრები აღმოაჩენს. იგი იტალიაში დიდი ხნის მანძილზე ჩერდება, მაგრამ 1464 და 1465 წლებში ვენეციელთა მიერ დაპყრობილ კრეტაზე იმყოფება.

წმინდა მაქსიმეს მამა მანუელი არტას დაცემამდე (1449 წ.) სამხედრო გამგებელი იყო, ხოლო მოგვიანებით მისი ერთ-ერთი მმართველთაგანი. რუსული წყაროები წმიდა მაქსიმეს მშობლებს „ფილოსოფოსებად“ მოიხსენიებს ანუ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებად წარმოაჩენს. თავად წმიდანი თავის ნაშრომებში წერდა, რომ მისი მშობლები „ჭეშმარიტი მორწმუნეები“ იყვნენ და რომ მამამისი „მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგული მიმდევარი იყო. ამიტომაც საკუთარი ვაჟი ღმრთისმოშიშებითა და ღმრთისმოსაობით აღზარდა“. წმიდანმა პატარაობიდანვე შეიძინა მართლმადიდებლური ეკლესიური აზროვნების უნარი.

მიქაელ ტრივოლისმა პირველადი განათლება მშობლებისაგან და სახლში მოწვეული რჩეული პედაგოგებისაგან მიიღო. არტა იპიროსის რაიონის დიდი და ცნობილი ქალაქი იყო. ვაჭრობის განვითარების გამო ის მდიდარიც გახლდათ. გიმნაზიაში, რომელიც იქ სავარაუდოდ იარსებებდა, მიქაელმა გაკვეთილების მთელი ციკლი მოისმინა. სამწუხაროდ არ არსებობს არც ერთი პირველწყარო არტაში მისი განათლების მიღების შესახებ, 1821 წლის არტას ბრძოლაში თურქ-ალბანელთა მიერ მათი განადგურების გამო. „ამგვარად აიხსნება უშუალო და უეჭველი წყაროების ნაკლულოვანება თურქთა ბატონობის პირველ საუკუნეში მის მიერ არტაში განათლების მიღების შესახებ“.

სწავლის მოყვარული და ნიჭიერი პატარა მიქაელი სავარაუდოდ დროის უდიდეს ნაწილს მამის ან ბიძის, დიმიტრის, ბიბლიოთეკაში ატარებდა. იგი გულდასმით სწავლობდა ხელნაწერებს თავისი მასწავლებლების ზედამხედველობით, რომლებიც მის განათლებაზე სისტემატურად ზრუნავდნენ.

მიქაელმა ახალგაზრდობიდანვე „იბეჯითა სწავლაში“, როგორც ამას ვატოპედის სავანის იღუმენის ანთიმოზის მიერ დიდი ჰერცოგის ვასილი III-ის ივანეს ძის მიმართ მიწერილი წერილიდან ვიტყობთ. ფართო განათლების მიღების სურვილი და მისდამი ლტოლვის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო ქალაქ არტაში. მამამისმა საკუთარ ძმას დიმიტრის სთხოვა, მიეღო მასთან მიქაელი და მის შემდგომ განათლებაზე სრულად ეზრუნა. მაშინ იგი ოცი წლის იყო. იტალიაში გამგზავრებამდე, მცირე ხნის მაძილზე კერკირაზე იცხოვრა სადაც „რიტორსა და ფილოსოფოსს, ხელნაწერთა გადამწერ იოანე მოსხოსს“ დაემოწაფა, რომელიც ამ დროისათვის საკმაოდ ხნიერი უნდა ყოფილიყო.

იოანე მოსხოსი, დიდი ფილოსოფოსის გეორგიოს პლეთონას გემისტოსის დიდი საქმის გამგრძელებელი და მოწაფე იყო. იგი, როგორც მისტრიდან ლტოლვილი,  კერკირაზე თავის ორ ვაჟთან – გეორგიოსთან და დიმიტრისთან – ერთად იმყოფებოდა. ისინი სკოლას ხელმძღვანელობდნენ. იოანე ფილოსოფიას ასწავლიდა, მისი ვაჟი გეორგიოსი კი – მედიცინასა და რიტორიკას. ამ დროისათვის მიქაელი იოანეს ვაჟებს, გეორგიოსსა და დიმიტრის ახლო მეგობრობით დაუკავშირდა. მათ იგი მოგვიანებით იტალიაში, მირანდოლას გამგებლის, მისი მეგობრისა და მფარველის ჯანფრანჩესკოს სასახლეში შეხვდება.

მიქაელი არც კერკირაზე დაბადებულა და არც მისი მუდმივი მაცხოვრებელი იყო. შესაბამისად შეუძლებელია იგი ქალაქის დიდი საბჭოს წევრად აერჩიათ. არსებობს მცდარი აზრი, რომ მიქაელმა კერკირის დიდი საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ მართლაც ვხედავთ წყაროების მიხედვით, რომ ვინმე მიხალისს (და არა მიქაელს ანუ იგივე მიხაილს) ტრივოლისს მიუღია 1490 წლის არჩევნებში მონაწილეობა, რომელშიც მას გაუმარჯვია. „მიხალის ტრივოლისი – ამგვარად არის იგი რეგისტრირებული აქტებში – რომელმაც დიდი საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა 1490 წელს, იყო მიხაილ (ანუ მიქაელ) ტრივოლისი დიმიტრის ძე და არა მიხაილ (ანუ მიქაელ) ტრივოლისი მანუელის ძე, შემდგომში ბერი მაქსიმე“. მაშასადამე, საქმე მის პირველი ხარისხის ბიძაშვილს ეხება, რომელიც კერკირაზე დაიბადა, გაიზარდა, მისი მუდმივი მცხოვრები იყო და ის თვისებები ჰქონდა, რომ 150-კაციანი დიდი საბჭოს ერთ-ერთ წევრად არჩეულიყო.

საბერძნეთში მიქაელი ვერ იკლავდა უმაღლესი განათლების მიღების წყურვილს. თურქების მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდგომ უმაღლესი განათლების დონემ იკლო. მამამისმა, თავის მეგობარ იანოს (იოანის) ლასკარისს,  როდესაც ამ უკანასკნელმა იგი არტაში მოინახულა, სთხოვა, რომ გაევლო კერკირაზე და იქიდან მისი ვაჟი იტალიაში თან წაეყვანა. ასევე, ეზრუნა, რომ მას იტალიის საუკეთესო უნივერსიტეტებში მისცემოდა განათლების მიღების საშუალება.

იტალია XV-XVI საუკუნეებში ევროპის სკოლის ფუნქციას ასრულებდა. კონსტანტინეპოლის დაცემამდე და განსაკუთრებით მისი დაცემის შემდეგ ბერძენი სწავლულები თურქთაგან განსაცდელებს გაურბოდნენ და დასავლეთისაკენ მიგრირებდნენ, უპირატესობას კი იტალიას ანიჭებდნენ. თავიანთი სიბრძნით სხვებსაც უნაწილებდნენ ბერძნული ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ცოდნის ლამპრის ნათელს. ისინი ან სკოლებს აარსებდნენ ან იტალიის უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ, როგორც რჩეული ლექტორები. ძალზე ბევრი ელინოლოგი იყო, მაგალითად ემანუილ ქრისოლორას (1355-1415)  მოწაფე, რომელიც ლექტორად ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი იტალიის სხვა ქალაქებში მუშაობდა და ძველ ბერძნულ ტექსტებს უკითხავდა მათ. ბერძნული კლასიკური სიძველეების კვლევისადმი დიდი ინტერესის გაღვივებაში დიდი წვლილი მიუძღვით ცნობილ ბერძენ სწავლულებს ლეონტიოს პილატოსს, დიმიტრიოს თესალონიკელს, იოანის არგიროპულოსს, თეოდორე ღაზისს, გეორგიოს პლეთონასს, კარდინალ ბესარიონს, გეორგიოს ტრაპიზონელს, დიმიტრიოს ქალკოკონდილისს, კონსტანტინე და იანოს ლასკარისებს, ნიკოლაოს ტომეოსს, მარკოს მუსუროსს და სხვებს.

ჰუმანიზმის აღორძინებამ კლასიკური ცოდნის გაღრმავებით იტალიაში ნოვატორობის ფენომენი გამოიწვია. ბევრი საერო მმართველი, ასევე პაპებიც, მოწინავეები გახდნენ ძველი ბერძნული და ლათინური მწიგნობრობის ხელნაწერ საგანძურთა მოგროვებაში და ამით ბიბლიოთეკების შექმნასა და გამდიდრებაში. მმართველები, მდიდარი ოჯახები და ბევრი სხვა კერძო პირი მფარველობდნენ მეცნიერებასა და კლასიკური ხანის სიძველეებს. ქალაქები იწვევდნენ ცნობილ ბერძენ სწავლულებს და ამით ცდილობდნენ თავიანთი უნივერსიტეტების დონის ამაღლებას. ისინი განსაკუთრებით ძველი ბერძნული ტექსტების მთარგმნელებს მფარველობდნენ მაშინ, როდესაც დიდი გამომცემლობები საკუთარ თავზე იღებდნენ ძველ ბერძენ ავტორთა ნაშრომების ბეჭდვას, რაც მხოლოდ დიდი შემოწირულობების ხარჯზე იყო შესაძლებელი.

კლასიკური ფილოლოგიის აყვავების ამ ხანაში ჩადის მიქაელ ტრივოლისი იტალიაში სამეცნიერო განათლების მისაღებად. იგი თავად  არ გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მისი იქ ყოფნის პერიოდის შესახებ, მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობისას  რამდენიმე წელი ბრძენი ადამიანების გვერდით ცხოვრობდა და გამორჩეული მასწავლებლები ჰყავდა, რომელთა სახელებს იხსენიებს მხოლოდ. იგი იხსენიებს ქალაქებს: ვენეციას, პადოვას, ფერარას, ფლორენციას და მედიოლანს (იგივე მილანს), რომელთა უნივერსიტეტებში დაახლოებით თორმეტი წლის განმავლობაში სწავლობდა და სადაც ღრმა და ფართო განათლება მიიღო. იგი არ აკონკრეტებს თუ რა მეცნიერებები შეისწავლა იქ. უბრალოდ ამბობს, რომ მრავალი სხვადასხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული, ამქვეყნიური სიბრძნის შემცველი სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლა და მათგან ბევრი სულიერი სარგებელი პოვა.

დაახლოებით 1490 წელს მიქაელ ტრივოლისი ვენეციაში ჩადის, ბერძნების „მეორე ბიზანტიონში“, როგორც მას ბესარიონი უწოდებს. საფუძვლიანი ჩანს ის ინფორმაცია მაქსიმეს რუსეთში ცხოვრებიდან, რომ მას ამ ქალაქის ბერძნულ სკოლაში უსწავლია. იქ ისწავლა ლათინური და იტალიური ენები და ცოდნა გაიღრმავა. არ არის საეჭვო, რომ მას ბერძენი სწავლულები ჰყავდა მასწავლებლად, ისეთები როგორებიც იყვნენ დიმიტრიოს მოსხოსი, იუსტინე დეკადიოსი, არისტობულოს აპოსტოლისი, კრეტელი დიმიტრიოს დუკასი და იოანის არგიროპულოსი, რომლებიც 1478 წლიდან 1499 წლამდე ვენეციაში ცხოვრობდნენ.

მდიდარი და ლამაზი პადოვა იყო შემდეგი ადგილი მიქაელის საუნივერსიტეტო განათლებაში. ავგუსტინო ნიფოსგან, „ნეოპოლიტანელი ფილოსოფოსისგან“, ამგვარად მოიხსენიებს მას მაქსიმე, შეუსწავლია მას პერიპატეტიკული ფილოსოფია.

ლათინური ენის სრულყოფის მიზნით იგი ფერარაში მიემგზავრება. იქ მრავალი ლათინოლოგი იტალიელი თუ ბერძენი ლექტორი ასწავლიდა. თავის სამეცნიერო ნაშრომებში იგი წერს: „იტალიაში მრავალი ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელიც ეროვნული (კერპთაყვანისმცემლური) უპატივცემულობით იყო დაავადებული და ჩვენს სათაყვანებელ სიწმინდეებს აგინებდა. ამათგან იყო ერთი პიროვნება ფერარაში, სახელად კობესმიკი (საქმე ეხება იტალიელ პოეტს ნიკოლაო ლელიო კოზმიკოს (Cosmico)), რომელიც ყველაზე წინ იყო არაქრისტიანულ სწავლებებში და სიკვდილის წინ მეგობრებისა და მოწაფეებისათვის ასეთი რამ უთქვამს: „ხვალ მივიცვლები და სოკრატესთან, პლატონთან და სხვა გმირებთან ერთად ვიქნები ელისეს მინდვრებში“. აი ამდენად იყო იგი მოხიბლული ძველ ბერძენთა სწავლებებით.

ყველაზე დიდ ხანს მიქაელ ტრივოლისი დასავლეთის „ახალ ათენში“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იტალიური აღორძინების ხანის განათლების ცენტრში, ქალაქ ფლორენციაში დაჰყოფს. პირველ წლებში Studium-ში სწავლობდა, სადაც ლასკარისი ასწავლიდა. მისთვის ხელნაწერების გადაწერით ირჩენდა იგი თავს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც აგრონომიული შინაარსისაა, პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. იგი ხელნაწერს თან ურთავს ეპიგრამას და ხელს აწერს თავისი სახელით როგორც „მიქაელი“. ეს ხელნაწერი მას ოცდარვა დღეში გადაუწერია.

ეპიგრამა, რომელიც პირველად დენისოვმა გამოაქვეყნა, ქართულად დაახლოებით ამგვარი შინაარსისაა:

„მიქაელის მიერ, ორჯერ ათს და ორჯერ ოთხს ამ თვისას ეს აგრონომიული ნაშრომი ლასკარისისათვის მიქაელმა გადავწერე“.

ფლორენციელი ლექტორებიდან ვიცით, რომ ძველი ტექსტების კრიტიკის უნარით გამორჩეულნი და ცნობილნი იყვნენ ანჯელო პოლიტანო (Politiano), მარსილიო ფიცინიო (Ficino) და ასევე ბერძენი ლექტორები: ბერძნული გრამატიკის, ლათინური რიტორიკის, ლოგიკისა და დიალკექტიკის მასწავლებელი გეორგიოს ტრაპიზონელი და სოფოკლეს, თუკიდიდესა და დემოსთენეს გამორჩეული მკვლევარი დიმიტრიოს ქალკოკონდილისი. ფლორენციაში მან ახლოს გაიცნო და დაუმეგობრდა მარკოს მუსუროსს, იოანის გრიგოროპულოსს და სკიპიონა ფორტიგუერის ან კარტერომაქოსს, რომელიც მისი საყვარელი მეგობარი გახდა.

მარსილიო ფიცინიოსგან (Ficino) მიქაელმა პლატონის ფილოსოფია შეისწავლა, განსაკუთრებით მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ამონარიდების, სადაც ღმერთის შესახებ არის საუბარი, ანალიზი ისწავლა. ამრიგად, მან ძალიან კარგად იცოდა პლატონური ფილოსოფიის და ქრისტიანობის კავშირის შესახებ. მისი ცოდნა და პოზიცია პლატონის მიმართ ჩანს სიტყვაში პლატონის შესახებ, რომელიც მან მოგვიანებით დაწერა.

ის ფაქტი, რომ მიქაელს კარგად შეუსწავლია ძველი მწერლები დასტურდება იმით, რომ თავის სამეცნიერო ნაშრომებში მას ხშირად მოჰყავს ციტატები ჰომეროსის, ჰესიოდეს, პინდარეს, პითაგორას, პლატონის, ეპიკურეს, დიაგორას, თუკიდიდეს, პლუტარქეს, მენანდრეს, სუიდას (ან სუდას) და სხვათა ნაწარმოებებიდან. ლათინური ენის სრულყოფილად ცოდნას მის მიერ ლათინ მწერალთა მოხმობის ფაქტები მოწმობს, ასევე ის მთარგმნელობითი მეთოდი, რომელსაც იგი რუსეთში ცხოვრების პერიოდში იყენებდა.

მისი მასწავლებლისა და მფარველის იანოს ლასკარისის პარიზში გამგზავრების შემდეგ, მიქაელი ბოლონიაში მიემგზავრება (1495 წ.) და ცნობილ ელინოლოგს ანტონიო ურცერო კოდროს (Urceo Codro) გაიცნობს. კოდროს ეკონომიკური სირთულეების გამო ვერ მოხერხდება მიქაელის დასაქმება. 1496 წლის ბოლოს ქალაქ ვენეციაში მიემგზავრება, სადაც მისი მეგობრები იოანის გრიგოროპულოსი და სკიპიონ კარტერომაქოსი იმყოფებოდნენ. ვენეცია იმ დროისათვის სულიერი განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. იქ, ალდოს მანუტიოსი (1449-1515) აარსებს გამომცემლობას, საკუთარი ახალი სასტამბო ელემენტების გამოგონების შემდეგ იწყებს პირველი ბერძნული ტექსტების ბეჭდვას. მიქაელის შეფასებით იგი ძალზე ჭკვიანი ფილოსოფოსი იყო, საუცხოო მცოდნე ბერძნული და ლათინური ფილოლოგიისა. მან იგი ვენეციაში გაიცნო და წიგნებთან დაკავშირებით  ხშირად დადიოდა მასთან.

მიქაელი თავისი დიდი განათლების გამო პოპულარული მეცნიერი გახდა. იგი ვენეციაში, ალდო მანუტიოს გარდა, კრეტელი ზაქარია კალიერგისისა და ნიკოლაოს ვლასტოსის ორ ბერძნულ გამომცემლობასთანაც თანამშრომლობს. აქედან იგი მიემგზავრება მილანში და პიემონტის რეგიონის ვერჩელესის პროვინციაში, სადაც შეხვდება ჰუმანისტ სამღვდელო პირს ნიკოლაო ტარესსოს (Taresso), რომლისგანაც გაიცნობს ბერძნული ფილოლოგიის მოტრფიალე ლუდოვიკო ტიციონუმს (Ticionum). ტარესო თანამშრომლობდა სუიდას ან სუდას ლექსიკონის გამომცემლობის საქმეში მილანელ გამომცემლებთან ბისსოლისა (Bissoli) და მანსისთან (Mansi). მიქაელმა შეიტყო ამ გამოცემის შესახებ. იგი ნიკოლაო ტარესოს შუამდგომლობით მიიწვიეს, რომ ეთანამშრომლა დეკიანის მთავარ ლუდოვიკო ტიზზონისთან (Tizzoni), თუმცა აქამდე უკვე მიღებული ჰქონდა მოწვევა მთავარ ჯანფრანჩესკო პიკო დელა მირანდოლასგან, რომელიც ასევე ბერძნული მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო.

იორონიმე სავონაროლას ქადაგების გავლენით ჯანფრანჩესკო პიკო ეკლესიის ბერძენი მამებისკენ გადაიხარა. ამ გადახრამ მიქაელს საშუალება მისცა ლათინურ ენაზე თარგმნითა და დიდი ბერძენი მამების შესახებ კომენტარების წერით დაკავებულიყო მთელი ოთხი წლის განმავლობაში, 1498 წლიდან 1502 წლამდე. ამ გზით იგი თავის დიდ წყურვილს იკმაყოფილებდა და ღრმად ეცნობოდა მათ თეოლოგიას. ვინაიდან მას ჰქონდა პატერიკული აზროვნების უნარი, ხვდებოდა რომ ძველ ბერძენთა ფილოსოფიას არ შეეძლო მისი ეპოქის თეოლოგიური პრობლემებისათვის პასუხის გაცემა. იგი პატერიკულ ტრადიციას იცავდა და დასავლეთის ეკლესიის სქოლასტიკურ თეოლოგიას უარყოფდა.

 წყარო: წმიდა მაქსიმე ბერძნის ნაშრომთა სრული კრებული, წმიდა მაქსიმე ბერძნის სიტყვები, ტომი I, თარგმანი: მაქსიმ ციმბენკო – ტიმოთეოს გიმონი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამომცემლობა, მთაწმიდა, 2011 წ.

Σχετικά άρθρα პემპტუსიას სვინაქსარი
ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულთა Αλέξανδρος Χριστοδούλου 10 June 2018 სულთმოფენობიდან მეორე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულ მამათა ხსენების დღეს. ...
მართალი ლაზარეს აღდგინება Αλέξανδρος Χριστοδούλου 31 March 2018 მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირის შაბათს ზეიმობს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას. ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა...
ღირსი იოანე კლემაქსი Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2018 მართლმადიდებელი ეკლკესია დიდი მარხვის მეოთხე კვირის კვირა დღეს აღნიშნავს ღირსი იოანე კიბისაღმწერელის - კლემაქსისი ხსენების დღეს. უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმიდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მო...
წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) Αλέξανδρος Χριστοδούλου 26 September 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 13/26 სექტემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე საქართველოს მნათობის კახეთის დედოფალი ქეთევანის ხსენების დღეს. მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა...
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 July 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 15/28 ივლისს აღნიშნავს წმიდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს. მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა. წმიდაო მოწამენო კვირიკე და ივლიტა ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის! ამინ!...
შინაარსი
სანიშნეები