კეთილი სამარიტელი: სიყვარული, რომელიც მტრობას აღემატება

19 November 2013

ძველი აღთქმის ტექსტში ვკითხულობთ, რომ როდესაც კაენმა მოკლა აბელი მას უფალმა ჰკითხა, თუ სად იყო ძმაჲ მისი. ჯერ კიდევ განრისხებულმა კაენმა ღმერთს ამგვარი პასუხი გასცა: „არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?“ ამ სიძულვილითა და გულგრილობით სავსე კითხვას პასუხს სცემს სახარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლება, რომელსაც ჩვენ ლუკას სახარების მე-10 თავის 25-37 აბზაცში ვკითხულობთ. მთელ მსოფლიოში ცნობილია „ქადაგება კეთილ სამარიტელზე“, რომელიც ამგვარ პასუხს აძლევს კაენს: დიახ, ადამიანი თავისი ძმის მცველია, იგი ვალდებულია უყვარდეს და იზრუნოს თავის მოყვასზე, მთელი თავისი გულით და მთელი თავისი ძალით.

paravoli_kalou_samareiti

კიდევ უფრო კარგადაა ცნობილი, თუ რა უძღვოდა წინ ამ ქადაგებას: ერთ სჯულის-მეცნიერს სურს იესოს „გახელება“ და მას ეკითხება, თუ როგორ მოიპოვოს მარადიული სიცოცხლე.  მოძღვარი მას მიუგებს, რომ ამის მოხდენა შესაძლებელია სიყვარულის ორმაგი მცნებით: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი და მოყვასი შენი. და როდესაც „ბრძენი“ სჯულის-მეცნიერი კვლავ ეკითხება იესოს, თუ ვინ არის მისი მოყვასი, მაშინ უფალი მას  ამ განსაკუთრებულ სწავლებაზე მოუთხრობს.

ერთი კაცი იერიქოში მიემგზავრებოდა, ამბობს უფალი, გზაში მას თავს ავაზაკები დაესხნენ, რომელთაც გაძარცვეს იგი და შემდგომ ამისა ნახევრად მკვდარი მიატოვეს. სწორედ იმ ადგილას, სადაც ის იმყოფებოდა, შემთხვევით ერთმა მღვდელმა და ერთმა ლევიტელმა გამოიარეს, თუმცა ისინი არც კი შეჩერებულან. ამის შემდეგ, ამ ადგილზე ერთმა უცხო აღმსარებლობის მქონე სამარიტელმა გამოიარა. იგი შეჩერდა, იმისათვის რომ ეზრუნა და მოეარა უბედური უცხო ადამიანისათვის.  მერე კი იგი „აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა“, სასტუმროს მეპატრონეს ფული გადაუხადა, რათა დაჭრილ მგზავრს ღამე გაეთენებინა და ჯანმრთელობა აღედგინა.

სწორედ ამ ამბის მოთხრობით უფალი პასუხს სცემს ჭკვიანი სჯულის-მეცნიერის ხაფანგს, რის დაგებასაც მოძღვრისთვის  ცდილობდა იგი. და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ პასუხს, არამედ პასუხზე უფრო მეტს: მას არა მხოლოდ ის უთხრა, თუ ვინ არის მოყვასი, არამედ ისიც, თუ ვინ ხდება ჩვენთვის მოყვასი. ჩვენი მოყვასი თეორიულად კი არ განისაზღვრება, არამედ საქმით მჟღავნდება. ჩვენი საქმეები იმაზე მიუთითებენ, თუ ვინ ვართ, გვიყვარს კი ღმერთი და ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანები, რამდენად მზად ვართ იმისათვის, რომ მათ სასარგებლოდ რაიმე დავთმოთ ჩვენი ყოველდღიურობიდან და უმეტესად კი ჩვენი „მუდამ მცირე“დროიდან.

ამის მაგალითია სამარიტელი. როგორც ვხედავთ მან შეაჩერა და შეწყვიტა მგზავრობა, საქმეები და თავისი დანიშნულება იმისათვის რომ, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იყო, გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დახმარებოდა. მას სრულიად სხვა რამის კეთება უხდება, ვიდრე ეს ჩაფიქრებული ჰქონდა, ხარჯავს ფულს იმ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, რომელსაც, არა მხოლოდ აღარასდროს შეხვდება თავის სიცოცხლეში, არამედ ის მოწინააღმდეგე და „საძულველი“ ერის წარმომადგენელია. სწორედ ეს პიროვნული ღირებულება ახასიათებს ჭეშმარიტ სიყვარულს.

სხვა ეროვნებისა და სარწმუნოებრივი მრწამსის ადამიანის არჩევა, რომელიც სიკეთეს სჩადის, არის ქადაგების ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. მოყვასის, შინაურის ანდა იმ ადამიანის დახმარება, რომლის მხრიდან სამაგიეროს გადახდის იმედი გაქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა მას მაინც შედარებით ნაკლები ღირებულება გააჩნია. ხოლო როდესაც დახმარებას უწევ იმ ადამიანს, რომელსაც ტრადიციულად  ეწინააღმდეგები და ნასწავლი გაქვს, რომ თავი უნდა აარიდო, სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც კაცთმოყვარეობას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას ანიჭებს.

ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანთა შორის არსებულ მტრობასა და დაპირისპირებას სცდება. იგი ამარცხებს ზიზღსა და სიძულვილს. აღემატება პიროვნულ ღვარძლს და წინასწარგანზრახულობისა და ფარული მოტივების გარეშე, მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება. სწორედ ამას გვასწავლის  უფალი ღმერთი ჩვენი და მისი დაცვა ჩვენი ვალია.  უზრუნველვყოთ, ვიზრუნოთ და „დავიცვათ“ ჩვენი ძმები.

სანიშნეები