ვატოპედელი წმიდანი – ეგნატე მარიუპოლელი

13 March 2014

ეგნატე მარიუპოლელი მე-18 საუკუნის დასაწყისში დაიბადა კუნძულ თერმეზე. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება კიკლადების ერთ-ერთი კუნძული – სახელად კინთოსი, რომელსაც ასევე თერმიასაც უწოდებდნენ იმის გამო რომ იქ თბილი, სამკურნალო წყაროები მოედინება. წმიდანი მეტად პატივცემული და ღმრთისმოსავი ოჯახის – გეზედინუს შთამომავალი იყო.

Agios-Ignatios-Marioupoleos 01

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მყოფი წმიდანი ათონის წმიდა მთაზე მიემართება. ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში მისი ერთი ახლო ნათესავი მონაზონი მოღვაწეობდა. მან მთელი გულით შეიყვარა მონასტრული ცხოვრება, მიატოვა ყოველივე მიწიერი ამაოება და ეგნატეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა. მოგვიანებით იგი გამორჩეულ იქმნა და მღვდლად აკურთხეს.

მაღალი ზნეობის გამო ეგნატეს შორეული სამწყსოს მწყემსვა სთხოვეს, იმ ხალხისა, რომელიც მაშინ თათრების მკაცრ უღელ ქვეშ იმყოფებოდა. 1769 წელს წმიდანი ყირიმის გოტფეისა და კეფაის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ეგნატეს ახასიათებდნენ როგორც კეთილგანწყობილსა და დაუღალავ მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი ტანჯული სამწყსოს სიყვარული და პატივისცემა მალევე მოიპოვა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა მას ეკლესიის კარგი მსახურებისთვის მთავარეპისკოპოსის ტიტული მიანიჭა და მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრად დანიშნა.

მისი თანამედროვენი ეგნატეს მიიჩნევდნენ, როგორც პატიოსან, ღმრთისმოშიშ, ზნეობრივ, თავმდაბალ, წმიდა და მხნე კაცად. იგი გარეგნულად მეტად მშვიდი ყოფილა, ანგელოზთა დარი ქცევა ჰქონია და მეტად გამოცდილი ყოფილა საეკლესიო საკითხებში, გარდა ამისა, მას ასევე გააჩნდა ბუნებრივი ნიჭი და მრავალი შესაძლებლობა. სწორედ ამ თვისებების მეშვეობით ეგნატემ შეძლო, რომ იგი გამხდარიყო ახალი მოსე მონობის ქვეშ მყოფი თავისი სამწყსოსთვის. მან განახორციელა თათართა უღელქვეშ მყოფი ყირიმის მართლმადიდებელი ბერძნების აზოვის ზღვის სანაპიროს ქრისტიანულ მიწაზე გადასახლების მეტად მძიმე და დიდი საქმე, ეს ადგილი მაშინ რუსეთის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში თავისი სამწყსოს დევნის გამო უფლის მიმართ ცრემლებით მლოცველმა ეგნატემ გადაწყვიტა გამგზავრება, რადგან მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რა გარდაუვალი საშიშროება ემუქრებოდათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური განადგურების თვალსაზრისით. საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა რუსეთის მთავრობასთან და მიაღწია იმას, რომ ყირიმის ქრისტიანული მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეებად აღიარებინათ.

1778 წლის 23 აპრილს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სკიტის მღვიმის ეკლესიაში ღმრთისმსახურების შემდეგ, ეგნატემ მორწმუნეებს უხმო, რათა ისინი  მონობის მიწიდან გამგზავრებისა და მრავალწლიანი დამცირების თავიდან აცილებისათვის მომზადებულიყვნენ. სანდო ადამიანებმა გამგზავრების შესახებ ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ყველა მორწმუნეს აუწყეს. თათართა ხელისუფლების წარმომადგენლებს არაფერი შეუტყვიათ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ და შესაბამისად მათ ვერ მოახერხეს ხალხისთვის ხელის შეშლა. ეს ადამიანები იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ თავიანთი ქონება, სახლ-კარი და მამულები, ეკლესიები და წინაპართა საფლავები.

1778 წლის ივნისში დაიწყო დიდი და ძნელი სვლა. დევნილებს ხელში ბახტჩისარაის ღმრთისმშობლის ხატი ეპყრათ, რომელიც მათ მფარველობას უწევდა. მათი სულიერი წინამძღვარი მთავარეპისკოპოსი ეგნატე იყო. მაშინ დაახლოებით 50.000 ბერძენმა დატოვა თურქთა და თათართა ბატონობის ქვეშ მყოფი ყირიმი. იმპერატორმა ეკატერინემ მამაც და ბრძენ იერარქს მისი სიმამაცის, გამბედაობის, ვაჟკაცობისა და გმირობის გამო უმაღლესი ჯილდო უბოძა, „ალმასებით მოჭედილი პანაღია”. კეთილი და მორწმუნე მწყემსის ლოცვის მეოხებით დევნილებმა ვრცელი გზის გამოვლისას მრავალ სიძნელეს, სიდუხჭირეს და სნეულებას სძლიეს. ფეხით სვლის დროს მოულოდნელად თავი იჩინა უცნობმა და საშინელმა ეპიდემიამ, წმიდა იერარქმა გულმხურვალედ ილოცა წმიდა ხარალამბეს მიმართ, რომელიც მას ხილვისას ეჩვენა, და ამგვარად დაეხმარა ხალხს“.

რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ აზოვის ზღვის სანაპიროზე, იქ, სადაც მეუფე ეგნატეს ლოცვა-კურთხევით გადასახლდნენ ბერძნები, დაფუძნდა დიდი და მშვენიერი ქალაქი მარიუპოლი, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს მიეძღვნა. ქალაქის ირგვლივ 23 ბერძნული სოფელი არსებობდა. მარიუპოლში პატივცემული იერარქის სულიერი მეთვალყურეობის შედეგად დაარსდა მიტროპოლიტის ახალი რეზიდენცია და ეპარქია, რომელიც ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში იმყოფება. მიტროპოლიტ ეგნატეს უპირველესი საზრუნავი  თავისი სამწყსოს გამუდმებული სულიერი წინამძღვრობა გახლდათ. ახალ მიწაზე სირთულეებსა და პრობლემებს  თურქების ხშირი თავდასხმები წარმოშობდა. ეს თავდასხმები მიზნად ისახავდა დევნილების იმ ადგილებში დაბრუნებას, რომელიც მათ მიეტოვებინათ. ამ მოვლენებმა ხალხი მეტად შეაშინა და შეაკრთო, რამაც შედეგად გამოიწვია ის რომ ზოგჯერ, თავს დატეხილი უამრავი განსაცდელის გამო, ისინი თავიანთ იერარქს ადანაშაულებდნენ.

ამის გამო, წმიდა ეპისკოპოსი არც შეშინებულა და არც შემდრკალა, მას ახსენდებოდა დამონებულ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა და მათი მუდმივი საყვედურები თავიანთი განმათავისუფლებელისა და წინამძღვრის ღმრთის მხილველი მოსეს მიმართ. უფლის ერთგულმა მონამ, ეგნატემ, მთელი თავისი გულით, ძალითა და გონებით შეიყვარა ღმერთი, ამიტომაც იგი ითმენდა მორწმუნეთა საყვედურებს და მათ ამართლებდა კიდეც, რადგან ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მოწამეობრივი ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი, მათი ტკივილი და ტანჯვა კვლავ გრძელდებოდა. იგი შეეჩვია, რომ  ამგვარად  ეთქვა: „ეკლესიისათვის და ეკლესიიდან იღებს სათავეს ზეციური ლოცვა-კურთხევა და სრულიად ნათელია წარმატება ყოველგვარ ადამიანურ საქმიანობასა და პროფესიაში“. ამგვარად, იგი ყოველივეს ლოცვით, მოთმინებითა და მორჩილებით უმკლავდებოდა.

წმიდანმა ქვის კელიაში, რომელიც თავისივე ხელით ჰქონდა აგებული და მარიუპოლიდან 6,5 კილომეტრით იყო დაშორებული, 1786 წლის 3 თებერვალს, ორკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, მშვიდად მიაბარა სული თავისივე შემოქმედს. იგი დაკრძალულ იქნა მარიუპოლის პირველ ტაძარში, რომელიც წმიდა ხარალამბეს სახელობის იყო. მოგვიანებით, მისი საფლავი მომლოცველთა უდიდეს და საყვარელ ადგილად გადაიქცა. ქალაქის ღმრთისმოსავი მაცხოვრებლები მადლიერების ნიშნად პატივს მიაგებდნენ თავიანთ წმიდა სულიერ მამას, რომელიც მათთვის განმათავისუფლებლად იქცა. 1936 წელს, საშინელი ათეისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, წმიდა ხარალამბეს სახელობის ტაძარი განადგურებულ იქნა. სწორედ მაშინ გახსნეს წმიდანის საფლავი, სადაც გაუხრწნელად ინახებოდა მისი სხეულის წმიდა ნაწილები. მოგვიანებით, მისი ნეშტი სხვაგან გადაასვენეს. მარიუპოლის გათავისუფლებისას ქალაქი გერმანელების მიერ იქნა გადამწვარი, რომლის დროს წმიდანის სხეულიც დაიწვა. ამგვარად, ასრულდა წმიდა ეგნატეს წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობდა რომ მისი სხეული ქალაქთან ერთად დაიწვებოდა. თუმცა, ხანძარს მისი ძვლის ერთი მცირე ნაწილი გადაურჩა და დღეს ის მარიუპოლის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში ინახება.

1977 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ეგნატე წმიდანად შერაცხა. მის ხსოვნას პატივს 3 თებერვალს მიაგებენ.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სინაქსარი, ვატოპედის წმინდა და დიდი სავანეს გამომცემლობა, ათონის მთა, 2007 წელი.

სანიშნეები