ღირსი ალექსი, ღმრთისკაცი

21 April 2015

ღირსი ალექსი დაიბადა ქალაქ რომში, იმპერატორ არკადიოსის დროს (395-408). მისი მშობლები იყვნენ მართლმორწმუნე სენატორი ევფიმიანე და აგლაია, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. ალექსიმ ბრწყინვალე განათლება მიიღო. როდესაც სრულწლოვანი გახდა, მშობლებმა განიზრახეს მისი დაქორწინება ერთ ახალგაზრდა ქალიშვილზე რომის რჩეული არისტოკრატული ოჯახიდან. ქორწინების ღამეს ალექსიმ, რომელსაც ქალწულობის დამარხვა სურდა, რაღაც ჩასჩურჩულა მეუღლეს ყურში, თავისი ბეჭედი გადასცა და მალულად წავიდა. უფლის განგებას მინდობილი ჩაჯდა გემში და სირიის ლაოდიკიას მიადგა, საიდანაც ედესისკენ მიმავალ ვაჭართა ქარავანს გაჰყვა.

Osios Aleqsios Anth tou Theou 01

ედესაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარს შეაფარა თავი და ძონძებში ჩაცმულმა ჩვიდმეტი წელი მის სტოაში გაატარა. იგი მომლოცველთა მიერ გაღებული მოწყალებით ირჩენდა თავს.

უკვალოდ დაკარგული შვილის მოსაძებნად მამამ ყველა მხარეს გაგზავნა მსახურები, დედამ კი ძაძები ჩაიცვა და უნუგეშოდ გლოვობდა. მისი მეუღლე კი გვრიტის სიყვარულის მსგავსი სიყვარულით, რომელსაც იგი თავისი წყვილის მიმართ იჩენს, მოუთმენლად მოელოდა მის შესახებ ცნობას. ალექსი იმდენად შეცვალა ღვაწლმა და ჯაფამ, რომელიც უფლის სიყვარულის გამო სიხარულით იტვირთა, რომ ედესაში ჩასულმა მამის მსახურებმა ვერ იცნეს თავიანთი ბატონი და მოწყალება გაიღეს მის მიმართ.

მისი ღვაწლი მრავალი წელი იყო დაფარული. ერთხელ დედა ღმრთისმშობელი გამოეცხადა ეკლესიის მედავითნეს და უბრძანა ღმრთისკაცისთვის ტაძარში შესვლის ნება დაერთო. ღირსი ალექსი მიხვდა, რომ იგი შენიშნეს, იგრძნო მოსალოდნელი პატივი,  იქაურობა მიატოვა და გემით კვლავ ტარსოსკენ გაემგზავრა. გემი, რომელზეც ღირსი ალექსი იმყოფებოდა საწინააღმდეგო მიმართულების ქარმა, უფრო სწორად კი ღმრთის განგებამ, რომის ნავსადგურს მიაყენა. წმიდანი დაემორჩილა უფლისმიერ ბოძებულ ნიშანს და მამისეულ სახლს მიაშურა. სახლთან მისულს მამამისი შეხვდა და მას მოწყალება სთხოვა. ევფიმიანემ ვერ იცნო თავისი საყვარელი ძე, თუმცა შვილის დაკარგვის ტკივილს იგი უფრო მეტად კაცთმოყვარე გაეხადა. მან თავის მსახურებს უბრძანა, გლახაკისთვის თავშესაფარი მიეცათ იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც მოისურვებდა დარჩენას და ბრძანა, იგი თავისი ტაბლიდან ეკვებათ.

ღმრთისკაცმა თხუთმეტი წელი დაჰყო მამისეულ სახლში. ამ ხნის მანძილზე, მცირე საყვედურიც კი არ წამოსცდენია თავისი მსახურების მიმართ, რომლებიც ლანძღავდნენ და შეურაცხყოფდნენ მას. როდესაც უფალმა მას მოახლოებული გარდაცვალება ამცნო, მან ქაღალდი და მელანი მოითხოვა და კალმით ხელში, საკუთარი ცხოვრების ისტორიის წერისას მიიცვალა საუკუნო სამყოფელში.

იმ დღეს, წმიდა პეტრეს სამეუფო ტაძარში რომის პაპი სწირავდა. წირვას იმპერატორ ჰონორიუსთან (395-423) ერთად მრავალი ადამიანი ესწრებოდა. წირვის დროს საკურთხევლიდან  გაისმა ხმა: „მოიძიეთ ღმრთისკაცი, იგი ილოცებს ქალაქისათვის და ყოველი თქვენთაგანისთვის. ის უკვე სადაცაა სულს განუტევებს!“ მლოცველებს იგივე ხმამ აუწყა, რომ ღმრთისკაცი ევფიმიანეს სახლში იმყოფებოდა.  დიდებული პროცესია, რომის პაპისა და იმპერატორის წინამძღოლობით ტაძრიდან ევფიმიანეს სახლისკენ დაიძრა. იქ მისულებმა მსახურისგან შეიტყვეს იმ მათხოვრის შესახებ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სახლის ჭიშკართან იდგა, მიწოდებულ საკვებს ღარიბებს ურიგებდა და თვითონ  მხოლოდ კვირა დღეს იღებდა საზრდოდ პურსა და წყალს; მსახურებისგან ყოველგვარ ლანძღვასა და გინებას კი, აღშფოთების ნაცვლად სიხარულით ღებულობდა.

მის ქოხში შესულებს წმინდანი გარდაცვლილი დახვდათ. მიცვალებულის ხელში კი ნახეს ქაღალდი, რომელიც სახალხოდ წაიკითხეს. ისინი გააოცა იმან, თუ როგორ სასწაულებრივად შეძლო ამ „ღმრთის მონამ“ ადამიანურ ბუნებაზე აღმატება. იმპერატორმა და რომის პაპმა ანუგეშეს ამ ამბით უკიდურესად დამწუხრებული და  მგლოვიარე მშობლები და  ურჩიეს მათ, რომ უფრო მეტად ეხარათ იმით, რომ ამ ქვეყნად ასეთი წმიდა, საუკუნო სასუფევლის ღირსი ადამიანი მოავლინეს. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი მიცვალებულის ცხედართან: ბრმებს თვალები აეხილათ, ყრუებს სმენა დაუბრუნდათ, მუნჯებმა კი ხმამაღლა ადიდეს ღმერთი, ეშმაკეული სულები განიდევნნენ, ისეთი მღელვარება იყო, რომ სამგლოვიარო პროცესია წინ ვერ იძვროდა.

იმპერატორმა ოქროს მონეტები მიმოაბნია იმ იმედით, რომ ხალხის ინტერესს მიცვალებულის ნეშტიდან ამ ოქროს ფულზე გადაიტანდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ხალხმა ხრწნად ოქროს ფულს ყურადღება არ მიაქცია, არამედ პირიქით ყველა ცდილობდა წმიდანის ცხედარზე შეხებით უხრწნელების მადლი მიღებას. ბოლოს, მისი წმიდა ნაწილები წმიდა ბონიფანტეს სამეუფო ტაძარში ოქროთი და ძვირფასი თვლებით მოოჭვილ აკლდამაში მოათავსეს, საიდანაც უწყვეტად მოედინებოდა ყველა დაავადების მკურნალი მირონი. ღირსი ალექსის თავის ქალა პელოპონესში, კალავრიტას წმიდა ლავრაში ინახება.

(მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი სვინაქსარი, ტომი 7, მარტი, გამომც. ინდიკტოსი, გვ.173-175).

სანიშნეები