Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი ათანასე ათონელი (+ 5 ივლისი) | PEMPTOUSIA

ღირსი ათანასე ათონელი (+ 5 ივლისი)

20 July 2015

მართლმადიდებელი ეკლესია 5/18 ივლისს აღნიშნავს დიდი მამის ღირსი ათანასე ათონელის ხსენების დღეს.

ღირსი ათანასე, როგორც ეს მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, აღმოსავლეთიდან, ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით. საერო განათლების მიღების დასრულებისთანავე (იგი ფილოლოგი იყო), უფლის მადლით მონუსხული ყოველივე ამქვეყნიურს ტოვებს და  თავისი ხორციელი ბიძის, ღირსი მამის მიქაელ მალეინოსის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდულასაკშივე  იწყებს მონაზვნურ ცხოვრებას.

Αγ.-Αθανάσιος-Αθωνίτης

ერთხელ, როდესაც წმიდა ათანასეს სულიერ მამას, მიქაელ მალეინოსს აღსარებისთვის ის ახალგაზრდა სარდლები, ნიკიფორე და ლეონი ეწვივნენ, რომლებმაც შემდგომში ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, ღირსმა მიქაელმა ისინი იმ ადგილას მიიყვანა, სადაც წმიდა ათანასე მოღვაწეობდა, რომელიც მაშინ ოცდაათი წლისა იყო. იგი გზაში მათ ეუბნებოდა, რომ სურდა მათთვის რაღაც საგანძური ეჩვენებინა. ათანასესთან შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, ნიკიფორე და ლეონი გაოგნებული დარჩნენ და დარწმუნდნენ, რომ მართლაც დიდი საგანძური იპოვეს. იმ დროიდან მათ მინიშნება მიიღეს, რომ მისთვის გაენდოთ საკუთრი ფიქრები მთელი ცხოვრების მანძილზე. მართლაც, რომ აქედან მოყოლებული მათი ცხოვრების ბოლომდე ამ ორი დიდი პიროვნების სულიერი მოძღვარი ღირსი ათანასე გახლდათ. იგი ნიკიფორეს იმდენად დაუახლოვდა, რომ თითოეულმა მათგანმა ერთობლივი აღთქმა დადო მუდამ ერთად ეცხოვრათ, როგორც მონაზვნებს.

ნიკიფორეს მხრიდან ეს დაპირება ვერ შესრულდა, რადგან იგი როგორც მხედართმთავარი კუნძული კრეტის მეკობრეებისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლაში გაიწვიეს, შემდეგ ძალით გაამეფეს და ბოლოს მოკლეს. ასე, რომ მან ამ მიზეზით ვერ მოახერხა თავისი აღთქმის შესრულება. მის სიცოცხლეში კი მას არასდროს შეუწყვეტია წმიდა ათანასეს დიდ ლავრაზე ზრუნვა.

ღირსი ათანასე ბითვინიის [მცირე აზიის ისტორიული რაიონი] მხარეს ტოვებს და ათონის წმიდა მთაზე მიემგზავრება. მაშინდელი სამონასტრო ცხოვრების ცენტრში, კარიესში ჩასვლისას იგი საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს  და თავს გაუნათლებელ და ბრიყვ ადამიანად წარმოაჩენს. ძალიან ხშირად მის მოძღვარს მისთვის ანბანის შესწავლა უცდია, რათა მას თავისი კანონის წაკითხვა შეძლებოდა. იგი კი თავს აჩვენებდა, თითქოსდა არ ჰქონდა სწავლის ნიჭი. კარიესის მთავარი ტაძრის მონაზვნებს, რომლებიც მის მოძღვარს მიუთითებდნენ, მისი მორჩილისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა, უბრალოებით პასუხობდა, რომ იგი შეზღუდული გონების იყო და არ შეეძლო სწავლა.

ბოლოს მისი ვინაობა იმ ადამიანების მიერ გამჟღავნდა, ვინც მას წარსულში იცნობდა. ასე რომ იგი იძულებული შეიქნა ეღიარებინა, რომ სწორედ იგი იყო სახელგანთქმული ათანასე. მას შემდეგ, რაც მან სახელი გაითქვა უკვე აღარ შეეძლო დაფარულად მოღვაწეობა, რაც მას ასე ძლიერ უყვარდა. ამის გამო მან ათონის მთის სხვა კუთხეებს მიაშურა, შესაფერისი სამოღვაწეო ადგილის საძიებლად. მიაღწია ათონის მთის აღმოსავლეთ მხარეს, ე.წ. მელანას. აქ იგი ცოტა ხნით ერთ გამოქვაბულში ცხოვრობდა ისიქასტური ცხოვრების წესით. შემდეგ კი, ნიკიფორეს დაჟინებული თხოვნით ლავრის მშენებლობა დაიწყო. ვიდრე მონასტრის მშენებლობა საბოლოო სტადიაზე გადავიდოდა წმიდა ათანასეს შეტყობინება მოუვიდა ნიკიფორეს იმპერატორად დანიშვნის შესახებ. წმიდა ათანასე ძალიან დამწუხრდა, ვინაიდან ეს ფაქტი მას აუწყებდა, რომ ნიკიფორე ვეღარ შეასრულებდა ღმრთის წინაშე დადებულ საკუთარ აღთქმას. ასე რომ, დამწუხრებულმა, თავმდაბალმა, დიდების არ მაძიებელმა და სიმშვიდის მოყვარულმა წმიდა ათანასემ ლავრის დატოვება გადაწყვიტა. მან ნიკიფორეს მამხილებელი ეპისტოლე გაუგზავნა და თავის ერთ მოწაფესთან, ანტონთან ერთად კვიპროსს გაემგზავრა.

Spilaio tou Agiou Athanasiou

ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, გამოქვაბული სადაც ღირსი ათანასე ცხოვრობდა

კვირპოსზე ყოფნისას უფლისგან იღებს კურთხევას  უკან დაბრუნების და თავისი წამოწყებული საქმის დასრულების შესახებ. მაშასადამე, იგი ბრუნდება უკან და კვლავ აგრძელებს დაწყებულ საქმეს. ლავრის მშენებლობით წმიდა ათანასე ათონის სამონასტრო ცხოვრების საყრდენი ბურჯი გახდა.

მან სხვადასხვა მონასტერი, სკიტი და კელია, რომლებიც ერთმანეთისგან გათიშულნი იყვნენ, ერთმანეთთან შეაკავშირა და მონასტერში მცხოვრები მოწაფეებიც ერთმანეთთან შეაერთა. ამგვარად, მან შეძლო, რომ თანდათანობით მონაზვნები მას ექვემდებარებოდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, თავიანთ ძველ სამყოფელში ცხოვრობდნენ, მაგრამ სულიერად მასზე იყვნენ დაქვემდებარებულნი. სინამდვილეში, ამ ფაქტმა მაშინ საკმაოდ კარგად დააბალანსა არსებული მდგომარეობა. გულახდილად რომ ვთქვათ, სწორედ ამ ფაქტზე დაყრდნობით აიხსნება ათონური ბერ-მონაზვნური ცხოვრების ხანდაზმულობა. ამიტომ, მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს  შეუცვლელი აღმშენებელი და ათონური ბერ-მონაზვნობის გამგებელი. მისი შემწეობით ერთმანეთისგან გათიშული,  განმარტოებითა და მიუწვდომლად მცხოვრები ათონელი მამები ერთი აზრის ქვეშ გაერთიანდნენ. მათ პიროვნებას მეტი თავისუფლება მიეცა. მისი შემწეობით ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველას ძალუძს მონაზვნობა თუ შეძლებისდაგვარად პატერიკულ ფილოსოფიას დაიცავს. მან რეალობაში დანერგა და განახროციელა პავლე მოციქულის სიტყვები: „გინა რომელი მსახურებდეს მსახურებითა მით, რომელი ზედა-ადგებოდის – მოსწრაფებით“ და ამგვარად „მღვიძარებდეს მყუდროებაში“.

ამიტომაცაა, რომ ჩვენთვის, მთაწმინდელი მამებისათვის, ღირსი ათანასე არ არის მხოლოდ უბრალოდ ერთი წმიდანი მრავალრიცხოვან წმიდანთა დასიდან. გამონაკლისის გარეშე, იგი ყოველი ადამიანის სულიერი მამაა. მის პიროვნებაში, მის მამობრივ სითბოსა და მზრუნველობაში, მის ღმრთივგანათლებულ აზროვნებაში, მის თავაზიანობაში ყოველი ჩვენგანი, ყველა თაობაში, მასთან საერთოს პოულობს. ასე, რომ ასეთ ადამიანს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეუძლია გააგრძელოს წინ სვლა მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ნეტარი სურვილით.

ამ განსაკუთრებულად დიდ მანათობელ ადამიანს ორი რამ ახასიათებს. ეს არის ერთის მხრივ შრომისმოყვარეობა, ჯვრის მუდმივი ზიდვა, რასაც იგი ყველაზე საჭიროდ თვლიდა და მას ბერ-მონაზვნობის ხერხემლად მიიჩნევდა. ეს იყო მთავარი იარაღი ასკეტური ცხოვრების წესისა, რომლითაც წმიდა ათანასე თავიდანვე ცხოვრობდა ვიდრე იგი საკუთარ თავზე ლავრის მშნებლობის ამ დიდ პასუხისმგებლობას აიღებდა. მას იმდენად იზიდავდა ასკეტური ცხოვრება, რომ ხშირად წუწუნით აღნიშნავდა, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გახვეულიყო საზოგადოებრივ საზრუნავში და ამაში რა თქმა უნდა მონასტრის მშენებლობას გულისხმობდა. მისი მუდმივი გულითადი სურვილი საზრუნავებისგან გათავისუფლება და მონასტერში ისიქასტური ცხოვრების წესით ცხოვრება იყო, რაც მას სულიერად ასე ძლიერ იზიდავდა.  ამგვარად ცხოვრობდა იგი თავის გამოქვაბულში, ე.წ. ვიღლაში, რომელიც ლავრის გარეთ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა.

მეორეს მხრივ, მას სიყვარული, კომუნიკაბელურობა, თანაგრძნობა და მოყვასისათვის თავგანწირვა  ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს იგი უმკაცრეს ასკეტურ ცხოვრებას აიძულებდა, მოყვასის მიმართ ყოველთვის მზრუნველი და სიყვარულით აღსავსე იყო. მისმა ამ დიდმა სიყვარულმა და მზრუნველობამ რეალურად გააერთიანა ათონური ბერ-მონაზვნური სისტემა. მისი წყალობით იგი კვლავ აგრძელებს ერთმანეთთან შეკავშირებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი მდგომარეობა უფლის მადლითა და ამ დიდი მანათობელი, დაუძინარი მფარველის შემწეობით სამყაროს დასასრულამდე გაგრძელდება. შეუძლებელია წმიდა ათანასეს სრული დახასიათება, რადგან რაიმე გამოგვრჩება და ამით დავაკნინებთ მას. ჩვენ ჩვენი მოვალეობა მოვიხადეთ და აი ეს მწირი ინფორმაცია მოგაწოდეთ და მისი მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელი თვისება წარმოვაჩინეთ, რათა ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი თავი გამოვაფხიზლოთ და მის ურიცხვ და მრავალგვარ კეთილ საქმეებს მივბაძოთ. იგი იმდენად ძლიერ ზრუნავდა თავის სამწყსოზე და მათ დახმარებაზე, რომ წმიდა საკურთხევლის მარცხენა მხარეს მსახურების დროსაც კი იჯდა და ლავრის და ასევე სხვა მონასტრის ძმებისგან აღსარებებს იღებდა.

მამობრივი მზრუნველობის მის თავისუფალ სულში, წმიდა ათანასე მიისწრაფვოდა შვება მიეგვარა მოყვასისათვის, ყოველგვარი ხასიათის ადამიანისათვის, ყველაზე სუსტისა თუ ყველაზე ძლიერისათვის, რისთვისაც არ იშურებდა თავის ადამიანურ ცოდნას, ყველა ხერხს პოულობდა, როგორმე შეეცვალა და უფრო კომფორტული გაეხადა მათი ცხოვრება. ამით მას სურდა მიეღწია, რომ სხვებთან შედარებით სუსტი ხასიათის მონაზვნებსაც ეამაყათ თავიანთი მსახურებით და აღარ ჩავარდნილიყვნენ სასოწარკვეთილებაში. მამობრივი ზრუნვის ფართო ასპარეზის დროს, მან ერთგვარი პროგრამა შეადგინა, რომლის მაგვარიც იმ დროისათვის არა თუ არ არსებობდა, არამედ ათონის მთის სამონასტრო ცხოვრების განცალკევებულად ცხოვრების ტრადიციის თანახმად, გაკრიტიკების ღირსიც იყო. წმინა ათანასემ მოაწყო ნავსადგური, სათავსოები, გაიყვანა გზები, გააშენა ვენახები, ბაღები და ყველაფერი გააკეთა, რათა შეძლებისდაგვარად გონივრულ ფარგლებში ელემენტარული კომფორტი შეექმნა ყველა ადამიანისათვის, რომელთაც შეეძლოთ ან სურდათ მონაზვნები გამხდარიყვნენ. მაგრამ მისი ეს ქმედებები ზოგიერთი ადამიანის მიერ განკითხვის ღირსი გახდა და როგორც მის ცხოვრებაშია აღნიშნული, ჩაითვალა „ახალი დემონების შემომყვანად“. იგი ცილისწამების მსხვერპლი გახდა და მთაწმინდის ადმინისტრაციული ორგანოც კი მის წინააღმდეგ განეწყო. მას გასამართლებასაც კი უპირებდნენ, ვინაიდან მან თითქოსდა ბერ-მონაზვნური წესები და მამათა სიმშვიდე დაარღვია. მაშინ, პირადად დედა ღმრთისმშობელი ჩაერია ამ საქმეში და წმიდა ათანასეს მოწინააღმდეგეთა ბრალდებები ჩააცხრო, თავად ათანასე კი გაამხნევა, რათა არ მორეოდა სულმოკლეობა და არ მიეტოვებინა  დაწყებული საქმე, არამედ უშიშრად გაეგრძელებინა მოღვაწეობა.

იმ დროს, როცა წმიდა ათანასე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ამის გამო არ შეეძლო წამოწყებული საქმის დასრულება, მაშინ დედა ღმრთისმშობელი ეცხადებოდა ხოლმე და თავად ამხნევებდა მას. მისი დაპირებები იმდენად ცოცხალი, შეგრძნებადი და სარწმუნო იყო, რომ ერთხელ, როცა სათავსოში და საკუჭნაოში აღარაფერი მოეპოვებოდათ, თავად დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და უთხრა, რომ იგი გახდებოდა მონასტრის ეკონომოსი [იგივე: მეურნეობის გამგებელი], რათა მათ აღარ ჰქონოდათ ეს საზრუნავი. და მართლაც, ძალზე ხშირად ღმრთისმშობლის კურთხევით სანოვაგით ივსებოდა საკუჭნაო. ასეთი სასწაული სწორედ გაჭირვების დროს ხდებოდა, როცა აურაცხელ მუშა-ხელს, ხალხს და მონაზვნებს სარჩო აღარ ჰქონდათ.

ამ დროიდან მოყოლებული ამ მონასტერს აღარასოდეს ყოლია სხვა ეკონომოსი, იმ სისტემის თანახმად, რაც სხვა მონასტრებშია გავრცელებული. მონასტერს მხოლოდ ეკონომოსის თანაშემწე ყავს. დედა ღმრთისმშობლის ერთ-ერთმა ხატმა, რომელიც მაშინ საკუჭნაოში ინახებოდა,  სასწაულებრივი ძალა გამოაჩინა. ამ ხატს „ეკონომისა“ ეწოდება და კვლავინდებურად ძველ ადგილას არის დაბრძანებული. მისი შემწეობით მრავალი სასწაული აღსრულებულა. მონაზვნები მის წინაშე განსაკუთრებული ღმრთისმოშიშებით აღავლენენ სამადლობელ ლოცვებს. ძალიან ხშირად დედა ღმრთისმშობლის კურთხევით მონასტრის სარჩო-სანოვაგე და სხვა საჭირო საგნები გამრავლებულა.

მე მხოლოდ მოკლედ გიამბეთ იმის შესახებ, რაც თქვენ თავადაც კარგად უწყით.  მსურს, თქვენი ყურადღება მიაპყროთ და პატივისცემა გამოხატოთ მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ათონის წმიდა მთაზე კვლავ არიან სხვადასხვა ღმრთისმოშიში მონაზვნები, ჩვენთვის საიდუმლოდ კი ყველა ჩვენგანს უდიდეს მოძღვრად, მცველად, იღუმენად და სულიერ მამად ყოვლად ღირსი მამა ათანასე მიგვაჩნია, რომელიც  მონასტრული მოღვაწეობის გამგრძელებლი და ამ ადგილის (რომ არაფერი ვთქვათ, მთელ აღმოსავლურ ბერ-მონაზვნობაზე) წინდახედული გამგებელია.

ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ.

(ბერი იოსები, ათონის მთის სწავლა-დარიგებანი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამომცემლობა, გვ. 93-99). 

შინაარსი
სანიშნეები