წმიდა მინა, მამაცი აღმსარებელი და დიდმოწამე (11 ნოემბერი)

24 November 2015

მართლმადიდებელი ეკლესია 11/24 ნოემბერს აღნიშნავს დიდმოწამე მინას ხსენების დღეს.

წმიდა მინა მეფე მაქსიმიანეს ეპოქაში ცხოვრობდა. იგი წარმოშობით ეგვიპტიდან იყო, მისი მშობლები წარმართები იყვნენ.

როდესაც მინამ მოწიფულობის ასაკს მიაღწია, სამხედროთა რიგებში ჩაეწერა. იგი სამეფო ჯარში მსახურობდა, ჯგუფეულებში (სამხედრო შენაერთი), ე.წ. რუტალიკებში, რომელიც ფრიგიის კოტიაიოში მეთაურ არღირისკოსის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა.

agios_minas_294

სწორედ ამ დროს, მხედართმთავარმა ფირმილიანოსმა სამხედროები შეკრიბა და ბარბარიაში გაემგზავრა, ასე ეწოდებოდა მაშინ ჩრდილოეთ აფრიკას, რათა ეს მხარე მტრის შემოსევებისგან დაეცვა. იმ სამხედროებს შორის, რომლებიც შეარჩიეს, ერთ-ერთი წმიდა მინა იყო, რომელიც როგორც თავისი ვაჟკაცური თვისებებით, ისე სიბრძნითაც გამოირჩეოდა.

ერთ დღეს იმპერატორისგან ასეთი ბრძანება მოვიდა, რომ ჯარისკაცებს ქრისტიანები უნდა შეეპყროთ და მანამ ეწამებინათ, სანამ ისინი თავის სარწმუნოებაზე უარს არ იტყოდნენ. ასეთმა ბიწიერმა ბრძანებამ მინას გული აუცრუვა, თავისი სამხედრო ცხოვრება მიატოვა და მთაზე განმარტოვდა, რომელიც კოტიაიოს ზევით მდებარეობდა.

წმიდანმა ქრისტეს მტრების – კერპთაყვანისმცემლებს შორის ყოფნას, ცხოველებთან ერთად ცხოვრება არჩია. სწორედ ამ მთაზე, მან საკმაოდ დიდი დრო დაჰყო, გამუდმებით განწმედდა თავის თავს მარხვით, ღამის თევით და ლოცვით. წმიდანი თავის გულში ქრისტეს აღიარებითა და წამების სურვილი აენთო.

აღიარება მეთაურის წინაშე

ერთ დღეს, როდესაც კერპთაყვანისმცემლებს დიდი დღესასწაული ჰქონდათ, წმიდა მინა მთიდან ჩამოვიდა, ხალხის ბრბოში ჩადგა და განაცხადა, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. იგი ასე ამბობდა:

– კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტეა, ხოლო ისინი, ვისაც თქვენ თაყვანს სცემთ მხოლოდ და მხოლოდ უსულო ხის ძელებია.

ხალხმა მის გარშემო მოიყარა თავი, უკვირდათ თუ როგორ გაბედა მან და მარტოდმარტო მათ წინაშე გამოჩნდა. ხოლო ისინი კი, ვინც ფარულად ქრისტეს სარწმუნოებას მისდევდნენ, წმიდანის სიმამაცემ გაახარა. კერპთაყვანისმცემლებმა შეიპყრეს წმიდანი და ცემით მიჰგვარეს ამ ქალაქის მმართველს – პიროსს.

პიროსმა პატივი მიაგო წმიდანს მისი ასაკის – იმ დროს, წმ. მინა ორმოცდაათი წლის იქნებოდა – და პატივსაცემი გარეგნობის გამო.

მას მშვიდად ჰკითხა:

– ვინ ხარ, კეთილო კაცო, საიდან ხარ და რომელ სარწმუნოებას მიჰყვები?

– ჩემი სამშობლო ეგვიპტეა, უპასუხა წმიდანმა, სახელად მინა მქვია და ოდესღაც ჯარისკაცი ვიყავი. იმის გამო, რომ ცოდვილნი და კერპთაყვანისმცემელნი ხართ, მივატოვე ჯარი და მთაში გადავიხვეწე. ახლა კი აქ, იმისათვის მოვედი, რომ ყველას წინაშე წარვდგე და ვაღიარო ჩემი რწმენა იესო ქრისტეს მიმართ, რათა მანაც მაღიაროს მე, როგორც თავისი ერთ-ერთი მონა ცათა სასუფეველში, რადგან თავად ასე ამბობს: „ის, ვინც მე მაღიარებს წინაშე კაცთა, მას მე ვაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშე“.

მაშინ, წმიდანის პასუხით განრისხებული პიროსი ბრძანებს, რომ საპყრობილეში ჩააგდონ მინა მანამ, სანამ მოიფიქრებს, თუ როგორ დასაჯონ იგი სიკვდილით.

მეორე დილით, როდესაც უკვე დასრულებული იყო დღესასწაული, მმართველმა კვლავ თავის წინ მოიხმო წმიდანი და მას ორი დანაშაულისათვის დასდო ბრალი: ჯერ ერთი, რომ მინამ ჯარში მეფის სამსახური მიატოვა, ხოლო მეორე კი – მან ეგზომ უპატივცემულო ტონით საუბარი გაბედა ამდენ ხალხში დღესასწაულის მსვლელობის დროს.

მაშინ წმიდანი შეეცადა უშიშრად გაეცა პასუხი მისთვის:

– დიახ, ბატონო, სწორედ ასე აშკარად, მამაცად და ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა ვაღიაროთ უფალი, როგორც თავად მან ბრძანა: „და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ (მათე, 10, 28), არამედ იგი გულითა და იმ სიტყვებით ვაღიაროთ, რაც ჩვენ მოციქულმა პავლემ გვასწავლა, როდესაც ამბობდა: „რამეთუ გულის გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად“ (რომაელთა მიმართ, 10, 10).

– მინა, ვხედავ რომ არა ხარ უჭკუო ახალგაზრდა, რომ არ გესმოდეს, თუ რა გელოდება, უკვე მხცოვან ასაკში იმყოფები. ნუ იქნები უგუნური, ნუ მიატოვებ ცხოვრების სიტკბოებას და უპირატესობას ნუ მიანიჭებ სიკვდილს. ნათელი გონებით განსაჯე და მეფისგან პატივცემული იქნები, ღმერთებიც გაპატიებენ იმას, რომ გუშინ ესოდენი შეურაცხყოფა მიაყენე.

ამ სიტყვებზე წმიდანს გაეცინა და ასეთი პასუხი გასცა:

– არაფერს ძალუძს, რომ მე ჩემი ღმერთის – იესო ქრისტეს სიყვარულს განმაშოროს, არც პატივსა და არც ტანჯვა-წამებას. თუ გინდა, სცადე და თავად ნახავ.

უმკაცრესი წამება

მაშინ ძლიერ განრისხებულმა პიროსმა თავის ჯარისკაცებს უბრძანა:

– შეიპყარით ეს თავხედი და მთელი სხეულით გაკოჭეთ. მერე კი უმოწყალოთ სცემეთ, რათა დატკბეს იმით, რასაც ითხოვს.

ორჯერ, სამჯერ გამოიცვალნენ ჯარისკაცები, რადგან იღლებოდნენ, მაგრამ წმიდანი უსიტყვოდ ითმენდა ტკივილს, ისე რომ ყველა გაოცებული და აღფრთოვანებული იყო მისით.

მინას ერთ-ერთმა ძველმა მეგობარმა ჯარისკაცმა, პიღასიოსმა, როდესაც დაინახა წმიდანის დასერილი სხეული, მას მიუახლოვდა და უთხრა:

– ვერ ხედავ, მინა, რომ შენი სხეული ჭრილობებით ირღვევა? გინდა, რომ უსამართლოდ მოკვდე? თქვი, რომ მსხვერპლად ეწირები და შენი ღმერთიც გაპატიებს, რადგან ხედავს, რომ ამას შენი ნებით არ აკეთებ.

მაშინ წმიდანმა მას გულწრფელი აღშფოთებით უპასუხა:

– „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაჲ ტირილისა ჩემისაჲ“ (ფსალმუნნი, 6, 8). განმეშორე ჩემგან ჭეშმარიტების მტერო, რომელიც არც ჩემი მეგობარი ხარ. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ქრისტეს ვცემ თაყვანს, რომელიც ძალას მომცემს, რათა ავიტანო ეს იარები.

პიროსი ხედავდა რა წმიდანის ურყევ რწმენას, ბრძანება გასცა, რომ იგი მაღლა ხეზე ვერტიკალურად ჩამოეკიდებინათ და რკინის ჭანგებით აეთალათ მისთვის ხორცი. ხოლო, როდესაც წმიდანმა ამ უსაშინლეს წამებასაც გაუძლო, თავადმა დაცინვით მიუგო:

– იგრძენი, მინა, ტკივილი შენს სხეულში თუ გინდა სხვა წამებანიც დავამატოთ, რათა კიდევ უფრო მეტად გაიხარო?

– როგორ გგონიათ, ბატონო, ამგვარი თამაშებით ჭეშმარიტ რწმენას ჩამომაშორებთ?- უპასუხა მას მინამ.

– ჯობს ბოროტი სიჯიუტე უგულებელყო და ერთგულება განუცხადო მეფე მაქსიმიანეს,- ურჩია წმინდანს პიროსმა.

– ბატონო, მე არ უარვყოფ მარადიულ და ზეციურ მეფეს იმისათვის, რომ ვუერთგულო ხრწნადსა და მიწიერ ხელმწიფეს.

როდესაც პიროსმა წმიდანის ესოდენი სიმტკიცე იხილა, შეეცადა სხვა ხერხით გადაებირებინა იგი.

– და ვინ არის ის მარადიული მეფე?

– უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, რომელსაც ემორჩილება მიწა და ზეცა.

– და განა არ იცი, რომ ამ სახელის გამო იმპერატორები საშინლად ღიზიანდებიან და ბრძანებენ, რომ დაუნდობლად დავსაჯოთ ყველა, ვინც კი მას ახსენებს?

– იმპერატორები ღიზიანდებიან თუ არა, ეს მე არ მადარდებს და არც ვფიქრობ ამაზე. ჩემი ერთადერთი მიზანია ქრისტეს სახელის აღიარებით მოვკვდე, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?“ (რომაელთა მიმართ, 8, 35).

შემდგომ ამისა, დიდმოწამე კიდევ უამრავ სხვა სატანჯველს დაითმენს. იარებით სავსე მის სხეულს ბეწვიან ნაჭერში გაახვევენ, სხეულის ნაწილს ანთებული ჩირაღდნებით დაწვავენ. ამ საშინელი წამების დროს მას შემდეგი სიტყვები აღმოხდება:

– დღეს მე გავიხდი ცოდვილ ტყავის სამოსს და შევიმოსები ზეციური სასუფევლის ნათელი სამოსით. ქრისტე მყავს შემწედ, რომელმაც თქვა რომ არ შეგვეშინდეს „მათი, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი სხეულის მოკვლა, თუმცა არ ძალუძთ ჩვენი სულის მოკვლა“.

პიროსი გააოგნა მოწამის ამგვარმა საქციელმა და მას მიუგო:

– მითხარი მინა, საიდან მოგეცა ასეთი სიბრძნე, რომ შენ – ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელიც ბრძოლებსა და ხოცვა-ჟლეტას ხარ მიჩვეული, ამგვარად მიპასუხო კითხვებზე?

Ag. Megalomartys Minas 13

– ჩემი ღმერთი მაძლევს სიბრძნეს, რათა ვამხილო თქვენი ბიწიერება. მან ასე ბრძანა: როდესაც ჩემი სახელის გამო ტირანების წინაშე წარსდგებით, ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რა თქვათ იმ წამს, „რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა“ (ლუკა, 21, 15).

– იცოდა თქვენმა ქრისტემ, რომ ქრისტიანები ჩვენს მიერ იქნებოდნენ დასჯილნი?- იკითხა პიროსმა.

– რადგან იგი ჭეშმარიტი ღმერთია, რა თქმა უნდა, ეს იცოდა.

მმართველმა უკვე აღარ იცოდა, თუ სხვა რა უნდა ეთქვა და კვლავ შეეცადა თავისი მიზნის მიღწევას შემდეგი სიტყვებით:

– მინა, თავი დაანებე მაგ უშედეგო სიტყვებით საუბარს და აირჩიე ორიდან ერთი: ან ჩვენთან შენი დამეგობრება, რაც სიცოცხლეს გაჩუქებს, ან კიდევ ქრისტეს აღიარება, რაც სიკვდილს მოგიტანს.

ხოლო წმინდანმა მიუგო:

– მე ჩემს ქრისტესთან ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები.

– მინა, სიკვდილისთვის მებრალები. დროს მოგცემ იმისათვის, რომ კარგად დაფიქრდე და შენს გადარჩენაზე მიიღო გადაწყვეტილება.

– ათი წელიც, რომ მომცეთ დრო გადაწყვეტილების მისაღებად, არ არსებობს, რომ სხვა რაიმე გადავწყვიტო გარდა ამისა: ჩემს ქრისტეს ვაღიარებ ჭეშმარიტ ღმერთად, ხოლო თქვენს ღმერთებს უსულო ძელებსა და დემონებს ვუწოდებ.

წმიდანის მოწამეობრივი აღსასრული

მინას წამება უფრო და უფრო მეტი სიმკაცრით გრძელდებოდა, მანამ სანამ მმართველის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელსაც ჰელიოდოროსი ერქვა, მას ამგვარი რამ არ ურჩია:

– ჩემო ბრძანებელო, ქრისტიანები, როგორც ეს თავადაც კარგად იცი, ძალიან მომთმენნი არიან და თავის აზრს არ ღალატობენ. მაშ, იმისათვის, რომ მისგან გათავისუფლდე, გაეცი ბრძანება, რომ თავი მოჰკვეთონ.

პიროსი დაეთანხმა მის რჩევას და ბრძანება გასცა, რომ მინასათვის თავი მოეკვეთათ და ამგვარად დაესაჯათ სიკვდილით.

როდესაც წმიდანი იმ ადგილისკენ მიაბიჯებდა, სადაც უნდა აღსრულებულიყო ბრძანება, მის უკან მიმავალ ზოგიერთ ფარულ ქრისტიანს ასე უთხრა:

– გევედრებით, სიკვდილის შემდეგ ჩემი გვამი ჩემს სამშობლოში – ეგვიპტეში წაასვენეთ.

როგორც კი მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე, მოწამემ ხელები ზეაღმართა და ლოცვით თქვა:

– გმადლობ შენ, უფალო, რადგან ტანჯვათა შენთა თანამონაწილეობის ღირსი გამხადე. გმადლობ, რომ შენი აღიარების ჟამს სიმტკიცე შემინარჩუნე. გევედრები, მიიღე ჩემი სული შენს სამეფოში.

და ეს გახლდათ წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. მას თავი 11 ნოემბერს მოჰკვეთეს. მისი ტანი და სხეული ცეცხლში ჩააგდეს. ხოლო ის კი, რაც დარჩა, ქრისტიანებმა შეაგროვეს და მისი დანაბარებისამებრ ეგვიპტეში წააბრძანეს.

მართლმადიდებლური ფონდის „მოციქული ბარნაბა“-ს გამოცემა

სანიშნეები