წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე

22 March 2016

წმიდა კონსტანტინე დიდის მეფობისას სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ, ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. უფალმა ისინი გაამხნევა, შემოესმათ: ”რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს”. ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღმრთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.

Ag. Tessarakonta Martyres, Naos Ag. Georgiou, Iphi Ano Svaneti, Georgia

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე. სვანეთი

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლომდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაიოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაიოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაიოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

Agioi Tessarakonta Megalomartyres, Naos Agiou Andronikou, Xylotymvou, Larnaka Kypros 62

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე. ლარნაკა კვიპროსი

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

”მათი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”

წყარო:  „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

სანიშნეები