წმიდა იერიას ცხოვრება

20 June 2016

წმიდა იერიას ხსენება აღესრულება 3/16 ივნისს

Agia Martys Iereia 01

წმიდანის ხატი, რომელიც მონაზონ იერია მეინდანის კელიაში აღმოჩნდა († 18/8/1960) ტინოსის კეხროვუნიის მონასტერი ათონის წმიდა მთის იოასაფელთა საძმოს შემოქმედება გამოცემა და © მღვდელმონაზონ დიმიტრიოს კავადიასისა

სამწუხაროდ, წმიდა იერიას ცხოვრების მკვლევართათვის არ არსებობს მისი ცხოვრების შესახებ რაიმე ცნობა (სვინაქსარის კომენტარი). კონსტანტინოპოლის ეკლესიის სვინაქსარიდან (ქრისტეს შობიდან მე-10 საუკუნე)  და იქიდან მოყოლებული, წმინდანთა ცხოვრების (სვინაქსართა) უკვე თანამედროვე გამოცემებიდან ვიცით, რომ წმიდა იერია 3 ივნისს აღესრულა და შესაბამისად, ეკლესია ყოველ წელს სწორედ ამ თარიღს აღნიშნავს მისი ხსენების დღეს.

ერთადერთი წყარო, სადაც მისი სახელია მოხსენიებული, არის საეკლესიო კალენდრის თვენის დისტიხი: „შენზე იზრუნა დღეებმა იერია, დაემკვიდრე უფლისათვის ქალწულად“.

იერიას ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის წმიდა ქალწულისა და მოწამის, მრავალვნებულ თებრონიას ცხოვრების აღწერილობა (+25 ივნისი). სწორედ წმიდა თებრონიას ცხოვრების აღწერილობიდან წმიდა იერიას შესახებ ჩვენთვის შემდეგი დეტალები ხდება ცნობილი:

მესოპოტამიის ნისიბეში, იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს, მდებარეობდა ქალწულთა კინოვიური მონასტერი პართენონი, სადაც ორმოცდაათი მონაზონი ცხოვრობდა. მონასტრის წინამძღვარი გახლდათ იღუმენი ბრიენე. ამავე მონასტერში ცხოვრობდა მისი ძმისწული, უმშვენიერესი და სათნოებით უხვად დაჯილდოებული თებრონია, რომელიც იმ ჟამად მხოლოდ ოცი წლის ყოფილა. ერთ დღეს, ქალწულთა მონასტერი დიდგვაროვანი ოჯახის შვილს, ახალგაზრდა წარმართ გოგონას, იერიას მოუნახულებია და სახელოვან თებრონიასთან საუბრის სურვილი გასჩენია. თებრონიასთან შეხვედრამ და საუბარმა ახალგაზრდა იერიას სულში ისეთი მღელვარება გამოიწვია, რომ ქალწული მთელი ღამის განმავლობაში უძილო იყო და მხურვალე ცრემლებს ღვრიდა. როდესაც ის უკან სახლში დაბრუნდა, თავისიანებს მოუთხრო თებრონიას შესახებ და შესთავაზა, რომ მთელი ოჯახი გაქრისტიანებულიყო.

როდესაც ეპარქიის რომაელმა მმართველმა, სელინოსმა, პართენონი დაარბია, მონაზვნები სხვადასხვა ადგილას გაიფანტნენ. მონასტერში მხოლოდ თებრონია და თომეასი დარჩნენ. თებრონიას ურყევი აზრი ქრისტიანულ პრინციპებსა და მონაზვნობაზე გახდა იმის მიზეზი, რომ მას თავი წამებისთვის გაეწირა. სწორედ ამ მომენტიდან, იერია თებრონიას სისხლით სავსე წამების მომსწრე გახდა. მისმა მგრძნობიარე გულმა ვერ გაუძლო ყოველივე ამის ყურებას. შეძახილებით გაუწია წინააღმდეგობა ამ სისასტიკეს და წმინდა თებრონიას დაცვას შეეცადა. თუმცა უშედეგოდ. სელინოსმა მეტად სასტიკი ბრძანება გასცა, რომ დაენაწევრებინათ წამებულის სხეული, ბოლოს კი, თავი მოეკვეთათ მისთვის.

სელინოსის ძმისწულმა, ლისიმახოსმა, თებრონიას წმიდა ნეშტი პართენონში გადაასვენა, სადაც მონასტრის წინამძღვარმა და მონაზვნებმა (რომლებიც ისევ დაბრუნებოდნენ ასკეტურ ცხოვრებას) იგი დიდი მწუხარებით დაიტირეს. თებრონიას ამ უსამართლო წამებამ უსაზღვროდ გაზარდა იერიას რწმენა. იგი სასწრაფოდ მოინათლა და ასევე მთელი თავისი ოჯახი გააქრისტიანა. მოგვიანებით კი, მონაზვნად აღიკვეცა ბრიენეს პართენონში (+30 აგვისტო), სადაც მშვიდობით აღესრულა კიდეც ყოვლად საყვარელი დისა და სულიერი წინამძღვრის, ღირსი ქალწულისა და დიდმოწამე თებრონიას სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილების სიახლოვეს.

სანიშნეები