ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელის ცხოვრებიდან (და ზოგიერთი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ მიიძინა)

2 July 2016

moni-agion-anargyron-giolou

გიოლუს წმიდა უვერცხლო მკურნალთა სახელობის მონასტერი, სადაც დაიბადა (!) ბერი* იოსები.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

გამოქვეყნებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ნეტარი ბერი იოსები წმიდა უვერცხლო მკურნალთა (წმიდა და საკვირველმოქმედნი უვერცხლონი: კოზმა და დამიანე, რომში წამებულნი (284)) მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. იგი დაიბადა და გარდაიცვალა მათი ხსენების დღეს, მისი ამ ქვეყანაზე მოვლინების დღიდან (1921 წლის 1 ივლისი)  ის თავიანთი საფარველის ქვეშ მოაქციეს.

ბერის დედას, როდესაც მასზე შვიდი თვის ორსული იყო, გადაუწყვეტია გიოლუს მხარეში (კვიპროსი) მოენახულებინა წმიდა უვერცხლო მკურნალთა სახელობის ერთი პატარა მონასტერი, რათა მათთვის თაყვანი ეცა და შემწეობა ეთხოვა. იქვე, მონასტრის ეზოში უგრძვნია მშობიარობის მაუწყებელი ტკივილები და დაიბადა კიდეც პატარა სოკრატე (ბერის საერო სახელი).

გერონდას სიკეთის ყოფას წმიდა უვერცხლონი მაშინაც კი  აგრძელებდნენ, როდესაც ის მორჩილი იყო. როდესაც ვკითხეთ მას, თუ რატომ ჰქონდა გამორჩეული მოკრძალება წმიდა პანტელეიმონის მიმართ, რომლის ხატიც კი დაუწერია, გვითხრა, რომ ეს წმიდანი მისი ოჯახის მფარველი ყოფილა. მამამისმა,  რომლის სახელი ასევე პანტელეიმონი იყო, სწორედ  წმიდანის ხსენების დღეს მიიძინა. დილით ის ეკლესიაში წასულა, ზიარება მიუღია, შემდეგ კი მინდვრებში გაუსეირნებია, თითქოს დაემშვიდობებოდა მათ, სახლში მობრუნებული სკამზე ჩამომჯდარა და იქვე მიუძინია.

როდესაც იგი ბერ იოსებ ისიხასტის მორჩილი იყო,  მეტად რთულ და მკაცრ პირობებში ცხოვრობდა.  აი, თავად  როგორ აღწერს მისს იმჟამინდელ ყოფას:

„ვერც არსებული რეჟიმის სიმკაცრემ, ვერც აუცილებელ საჭიროებათა წართმევამ, ვერც კლდოვანმა (უხეშმა) და უნუგეშო ადგილმა, ვერც ექვსი ან შვიდი კაცის საყოფი სიმძიმეების იძულებითმა გადატანამ ვერ გატეხა ჩვენი სურვილი, რადგან ჩვენ გვეუწყებოდა ღმრთიური მადლი ღმერთის შემწეობითა და ჩვენი გერონდას  ლოცვით.

მიწიერმა ბუნებამ მაინც უკან დაიხია და უკვე რეალობად იქცა სადღესასწაულო გამოთქმა „სული, რომელიც დღენიადაგ ისწრაფვის მარადისობისაკენ ავადმყოფ სხეულთან ვერ თავსდება“.

სისხლის ამოხველება და კუჭიდან სისხლდენა უკვე შესამჩნევი გახდა, მაგრამ დაჟინებული სურვილი და ღმრთაებრიობის განცდა, რაც ბრძოლის კარგი თანმდევი იყო, ჩქმალავენ ამ სისუსტეებს, რადგან ჩვენი მაგალითი თავად მისი აღმატებულება ბერი გახლდათ, რომელიც ყოველივეს რწმენასა და არა ლოგიკაზე დაყრდნობით უმზერდა. ჩვენი ცხოვრების ამ მცირე გამოცდისას, რომელიც სულიერი მოძღვრის ზრუნვით მიმდინარეობდა, ღმრთიური მადლის უწყვეტმა შეცნობამ, ღმრთაებრიობის მისტიკურმა განუწყვეტელმა მფარველობამ და ყველა შემთხვევისას დაცულობის მუდმივმა შეგრძნებამ გვაიძულა გვერწმუნა და საყოველთაოდ გვეღიარებინა, რომ უდიდესი წილი ბედნიერებისა მონასტრულ ცხოვრებაში დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის – ბერის თანადგომაზე. ”და რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!”. საბედნიეროდ, ამ ჩვენს კრიზისს განსაკუთრებული არაფერი აქვს, ის არც რაიმე ახალი აღმოჩენაა, არამედ წმიდა მამათა მემკვიდრეობისა და გზის მხოლოდ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა. ნეტარია მსახური „რომელიც იცავს ამას და არ კარგავს ღმრთის წყალობას“ და აგრძელებს: „სინამდვილეში ცოტაც და მეც მოვიდრიკებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მიწათმოქმედი ვიყავი  და ასე თუ ისე შეგუებული ვიყავი მკაცრ ცხოვრებას. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი მკერდში, სისხლს ვახველებდი, კუჭიდან სისხლი მდიოდა და თითქმის ყოველთვის უგუნებოდ ვიყავი“.

იმ პერიოდისათვის ბერი იოსები და მისი თანმხლები გადაიყვანეს ახალ სკიტეში, სადაც შედარებით რბილი კლიმატი იყო, ხოლო სიმძიმეები – უფრო მცირე ზომის. ბერი თესალონიკში გაემგზავრა, მუდმივად სისხლის ამოხველების გამო გამოკვლევების ჩასატარებლად. ექიმთა გადაწყვეტილებით,  აუცილებლად სჭირდებოდა ოპერაცია. მაშინ იგი ბერ თეოფილაქტესთან ერთად ცხოვრობდა წმიდა უვერცხლო მკურნალთა სახელობის კელიაში. დააკვირდით, თუ როგორ ვითარდება ამის შემდეგ მოვლენები.

თავად ბერი იოსები წერს: „როდესაც მტკივდებოდა კუჭი, ბერი თეოფილაქტე ჩემთვის მხურვალედ ევედრებოდა წმიდა პანტელეიმონს. იხილა კიდეც წმიდანი მის ტაძარში, რომელმაც აუწყა, რომ კარგად გავხდებოდი და არ გამეკეთებინა ოპერაცია, რომელიც ჩემს მკურნალ ექიმებს ჰქონდათ გადაწყვეტილი. საკმაოდ გამწვავებული კუჭის წყლული მქონდა, არავითარი დიეტა და წამალი შვებას არ მგვრიდა. უარის თქმის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ავადმოფობამ უფრო მეტი ზიანი მომაყენა, სხვა გამოსავალი არ იყო – უნდა ამომეჭრა. მაშინ კვლავ ჩაერია ქრისტეს სახელოვანი დიდმოწამე, მშვენიერი მკურნალი პანტელეიმონი, რომელმაც დაავალა ბერ თეოფილაქტეს ჩემთვის გადაჭრით ეუწყებინა, რომ არ გამეკეთებინა ოპერაცია, არამედ ის ჩვენი დედა ღმრთისმშობლის მზრუნველობისთვის მიმენდო. ძალიან სწრაფად სრულიად განვიკურნე. რათა ეს პრაქტიკულადაც დამედასტურებინა, კვლავ ვეწვიე ჩემ მკურნალ ექიმებს, რომლებიც ჩემ დაავადებას მთელი სიგრძე-სიგანით იცნობდნენ, მინდოდა გამეგო, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი. ჩამიტარეს რენდგენოსკოპია და მხოლოდ ძველი, შეხორცებული ჭრილობის პატარა  ნაიარევი დაინახეს“.

სწორედ წმიდა უვერცხლო მკურნალთა მეოხებით მოხდა მისი გადაყვანა წუთისოფლიდან (დროებითი სამყოფლიდან)  სამუდამო განსასვენებელში, „დედამიწიდან ზევით“.

როგორც  მონასტრის მამებისაგან შევიტყვეთ, როდესაც ხელქვეითი (მონაზონი, რომლის მორჩილების საქმე სულიერ მოძღვართან მსახურება იყო) სამშაბათს, დღის 10:00 საათზე მივიდა მასთან (მისი მიძინების წინა დღეს), რათა ენახა, თუ რას აკეთებდა  ბერი, მან მიუგო: „დღეს წავალ, რადგან სიკვდილს ვგრძნობ“, ხელქვეითმა კი უპასუხა: „კარგი, გერონდა, როგორც იქნება ღმერთის ნება“. საღამოს დაახლოებით 8:00 საათზე ბერმა მშვიდად თქვა: „ეს დემონები რომ მოვიდნენ, რა უნდათ?“. ღამის 9:00 საათზე კვლავ გვაუწყა: „ეს წმიდანები, რომლებიც აქ მოვიდნენ ჩვენთან ერთად დარჩებიან, რათა დაგვეხმარონ“. სულიერმა ძმამ უპასუხა: „დიახ, დარჩებიან, რომ ჩვენ დაგვეხმარონ“. უნდა აღვნიშნოთ, რომ დღე, რომელიც თენდებოდა, წმინდა უვერცხლო მკურნალთა ხსენების დღე იყო. იქნებ, სწორედ ეს წმიდანები გამოეცხადნენ მას. ამ მოვლენის შემდეგ ბერს უსაზღვრო სიმშვიდე და ნეტარება დაეუფლა. ღამის 10:00 საათზე წამოიწია ლოგინიდან  და თქვა: „როგორ ამბობს ის ქვედა ტროპარი . . .? ახლა, რომ ვამბობ მისი მსახურებისას?“ ძმამ, რომელიც ვერ ხვდებოდა თუ რმელ მსახურებაზე საუბრობდა, საერთოდ არაფერი უპასუხა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ გადმოგცემთ, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში ბერი სხადასხვა მსახურებას კითხულობდა. როგორც შევიტყვეთ, შუადღისას მიუხედავად სისუსტისა (დაახლოებით მის მიძინებამდე 12 საათით ადრე), მარტო წაუკითხავს მწუხრის ლოცვა.

ბერი დაბალი წნევის გამო საშინელ სისუსტეს გრძნობდა და როდესაც წნევა სრულიად დაეცა, ფილტვების შეშუპება დაეწყო. როგორც ექიმებმა აღნიშნეს, სიკვდილი გულის უკმარისობამ გამოიწვია.

სულიერი ძმები, რომლებიც ზრუნავდნენ გერონდაზე, უკანასკნელ წამამდე მის გვერდით იყვნენ და მისი მიძინების თვითმილველნი გახდნენ.

ზუსტად ღამის 2:20 საათზე (თენდებოდა პირველი ივლისი, ოთხშაბათი) სამჯერ მძიმედ ამოისუნთქა და ასე მშვიდად გაემგზავრა სამუდამო სასუფეველში.

მისი ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს.

ალეკოს ქრისტოდულუ

თეოლოგი

 

 

სანიშნეები