უპოვარებისათვის

8 July 2016

1. უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება.

2. უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია, რომელმაც საკუთარ თავზე ზრუნვა ღმერთს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს, როგორც ღმრთის ხელთაგან მოძღვნილს.

3. უპოვარი მოღვაწე უვნებლობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ ბერი ჯერ კიდევ სწუხს ხორციელ საზრუნავზე, მას უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს.

4. უპოვარი კაცი წმიდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართმოყვარეს ლოცვის დროს თვალწინ ნივთიერი სახებანი წარმოუდგებიან.

5. მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ვეცხლისმოყვარება. რადგან, ვინც საკუთარი თავიც კი გასცა, იგი თავის საკუთრებად რაღას მიიჩნევს?

6. მათთვის მხოლოდ ერთი რამაა სახიფათო: უპოვარი ადვილად იცვლის ადგილსამყოფელს.

7. მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთან შორის ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხოობაშია.

8. ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს.

9. ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება: ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება დ ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს.

10. ჰოი, მონაზონნო, ნუ იქნებით ფრინველებზე ურწმუნონნი, რადგან ისინი არ ზრუნავენ და არ შეკრიბენ ქონებას.

Aktimosini 100

11. დიდია იგი, ვინც ღმრთისათვის დატოვა თავისი ქონება, მაგრამ იგია ნეტარი, ვინც საკუთარი ნება მოიკვეთა, პირველი ასწილ ქონებას ან მადლს მიიღებს, მეორე კი საუკუნო ცხოვრებაში უმაღლეს დიდებას მოიპოვებს.

12. ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას. ხოლო ვეცხლისმოყვარის გულს მრისხანება და მწუხარება არასდროს დატოვებს.

13. ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი სიკვდილამდე იბრძოლოს.

14. შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს.

15. იობთან ვეცხლისმოყვარების კვალსაც კი ვერსად ვნახავთ, რადგან ის, ყველაფერის დაკარგვის მიუხედავად, მწუხარებას არ შეუპყრია.

16. ვეცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა (1ტიმ. 6.10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, ტაცებას, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს.

17. მცირე ცეცხლი ბევრ ნივთს დასწვავს, ხოლო ერთი სათნოებით მრავალნი ყველა ზემოაღწერილ ვნებას გაექცნენ. ამ სათნეობას უვნებლობა ეწოდება. ის ჩვენში ჭვრეტს გამოცდილებით და ღმრთაებრივ გონებასთან ზიარებით, ასევე სულის განსვლის ჟამს საშინელ სამსჯავროზე ზრუნვით იშობა.

18. ვინც ყურადღებით წაიკითხა სიტყვა ნაყროვანების – ამდენი ბოროტების დედის შესახებ – შეუძლებელია, არ შეემჩნია, რომ თავის დამღუპველ და წყეულ პირმშოთა შორის მეორედ მან გულის ულმობელობა მიიჩნია. მაგრამ მე არ შემეძლო, მისთვის ის ადგილი მიმეჩინა, რომელიც რიგით ეკუთვნოდა, რადგან მოვალე ვიყავი ჯერ კერპთაყვანისმცემლობის მრავალთავიან გველზე მესაუბრა, რადგან მას ბრძენი მამები რვა მომაკვდინებელ ვნებათა შორის მესამედ ასახელებენ. ამჟამად, რადგან მისთვის შესაფერისი სიტყვა დავასრულეთ, მოვალეები ვართ ულმობელობაზეც ვილაპარაკოთ, რადგან მას რიგის მიხედვით მესამე, წარმოშობით კი მეორე ადგილი ეკუთვნის. შემდეგ ძილსა და მღვიძარებაზე ვისაუბრებთ და მოკლედ ბავშვურ, სულმოკლე მშიშარობაზე ვიტყვით, რადგან ყველა ეს უძლურება დამწყებთათვისაა დამახასიათებელი.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 17 უპოვარებისთვის

სანიშნეები