არ არსებობს სულიერი ცხოვრება, არსებობს ცხოვრება მხოლოდ იესო ქრისტესთან და ეკლესიასთან ერთად!

14 July 2016

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/05/24/აღსარება-ერთგვარი-სასამა/

ეკლესია იესო ქრისტეს ცხოვრების წესია. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკლესია ეს არის პატრიარქი, მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი, თითოეული მღვდელი. გარდა ამისა, ჩვენ საკუთარ თავს ეკლესიის მიღმა მოვიაზრებთ ხოლმე და ამავე დროს, მას ყველაფრის განსჯის უფლებას ვანიჭებთ. მაგრამ ყოველივე გაცილებით უფრო მარტივადაა. სწორედ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ თავს არ მივიჩნევთ იმ სხეულის ნაწილებად, რომელსაც ეკლესია ქვია! რაც დიდი (ძირეული) შეცდომაა. სწორედ ყოველივე არაჯანსაღი აქედან გამომდინარეობს.

Keria stin Eklisia 01

ეკლესიის სწავლება შემდეგში მდგომარეობს: ეკლესია ერთი სხეულია, რომლის თავია უფალი იესო ქრისტე, ხოლო სხვა დანარჩენი მისი წევრები კი, იესო ქრისტეს სამწყსოს ცხვრები წარმოადგენენ. წმიდა იოანე ოქროპირი შემდეგს გვეუბნება: სხვაობა მწყემსებსა და ცხვრებს შორის მხოლოდ ადამიანებისთვის არსებობს. უფლისათვის „ყველა ცხვარია“. უფლის თვალში ყოველი კაცი ცხვარია: პატრიარქიც და ის ბავშვიც, რომელიც დღეს მოინათლა, ნებისმიერი მღვდელიც და ბებიაც, რომელიმე ახალგაზრდა თუ მოხუცი, განურჩევლად ყველა. განსხვავება მწყემსებსა და ცხვრებს შორის მხოლოდ ადამიანებისთვის არსებობს. მაშასადამე, ეკლესიას, როგორც სხეულს, აქვს თავი – იესო ქრისტეს სახით – ხოლო ჩვენ კი, ყველა დანარჩენი, ამ სხეულის ნაწილებს წარმოვადგენთ.

ჩვენი უმრავლესობა ისეთ დროს მოინათლა, რომ ბევრი რამის გააზრება არ შეგვიძლია. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეკლესიის წევრები გავხდით… შეუგნებლად. ამ მომენტისათვის ეკლესია, ნუ შეგვეშინდება, რომ ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ, დაბნეულია, რადგან მან არ იცის, თუ ვინ არიან მისი წევრები. რატომ? გაქრისტიანებულმა ჩვილმა არ იცის, მონათვლის შემდეგ რა გზას უნდა დაადგეს. როდიდან დაიწყო ჩვილების გაქრისტიანება? იმ დროიდან, როდესაც მთელი საზოგადოება ქრისტიანი გახდა. თუმცა ყურადღება მიაქციეთ: მოზრდილთა საზოგადოება გაქრისტიანდა, და მას შემდეგ, რაც უფროსები გახდნენ ქრისტიანები, თავისთავად გააქრისტიანეს თავიანთი შვილებიც. თუმცა ახლა ისმის კითხვა: არის კი მოზრდილთა საზოგადოება ქრისტიანი? იციან განა მათ ნათლად, თუ ვინ არის იესო ქრისტე და რა კავშირია მათსა და ეკლესიას შორის? თავს ნუ მოვიტყუებთ. ჩვენ ვნათლავთ ჩვენს შვილებს მშობლის იმედით. იმიტომ, რომ ძველი დროიდან მოყოლებული, ნათლობა გახდა სტანტარტული პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობის წარმომადგენლები ჯერ კიდევ უდიდეს პატივს მიაგებენ ნათლიებს (კარგად მახსოვს ცხონებული მამაჩემი როგორ მასწავლიდა, რომ ჩემს ნათლიას ხელზე ვმთხვეოდი). მაშასადამე, უძველეს დროში როგორ მოქმედებდა ეკლესია? მე გავქრისტიანდებოდი, ხოლო მეზობელი ხედავდა, რომ რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. და იმდენად, რამდენადაც ეს ცვლილება მასაც აინტერესებდა, მეკითხებოდა: „რაღაც შეიცვალა შენს ცხოვრებაში, რა მოხდა?“. და მეც ვპასუხობდი: „გავქრისტიანდი“. მაშინ ის მეტყოდა: „მეც მინდა ქრისტიანი გავხდე“. და ამის შემდეგ, რა ხდებოდა? მას ხელს ჩავჭიდებდი, მეუფესთან მივიყვანდი და ვეტყოდი: „ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს ადამიანიც ჩვენი ეკლესიის წევრი გახდეს“. საკუთარ თავზე ვიღებდი პასუხისმგებლობას, ანუ ვშუამდგომლობდი რომელიმე ადამიანს, რომ იგი ჩემსავით გაქრისტიანებულიყო. ჩემ თავზე ვიღებდი მისი ცხოვრების გზის მსვლელობის პასუხისმგებლობას. და შესაბამისად, ჩემ თავზე ვიღებდი იმის ვალდებულებას, რომ იგი რაღაც დონეზე რწმენისკენ მომექცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ოფიციალურად ეკლესია გააქრიასტიანებდა. წარმოგიდგენიათ? იერუსალიმის პატრიარქს, კირილეს, დაწერილი აქვს უამრავი კატეხიზისი (მას გაქრიატიანებული ჰყავს უამრავი ადამიანი). ისტორია მოგვითხრობს, რომ აღდგომის ტაძარი, რომელიც 3000 ადამიანს იტევდა, კათაკმეველებით იყო სავსე მთელი წლის განმავლობაში მანამ, სანამ არ მოვიდოდა ნათლობის დღე. ის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გამხდარიყო ეკლესიის წევრი, მთელი ეკლესიის საქმეს წარმოადგენდა.

ამჟამად ეს უკვე ცალკეულ ადამიანთა პირადი საქმეა. როდესაც კი გადაწყვეტს მშობელი, მიჰყავს თავისი შვილი და ნათლავს, ხოლო ეკლესია კი ამ ფაქტს იგნორირებას უწევს. სწორედ ამის გამო აღვნიშნეთ ცოტა ხნის წინ, რომ ეკლესია ამძაფრებს ტრაგედიას იმით, რომ იგი არ იცნობს საკუთარ წევრებს, არ იცის თუ ცხოვრების რა გზას ადგნენ ისინი მონათვლამდე და რა გზას გაჰყვებიან ნათლობის შემდეგ. ხომ შეიძლება პატარა გოგონა (ან პატარა ბიჭი) გაიზარდოს და მას სულაც არაფრის სწამდეს – არც იესო ქრისტესი და არც – ეშმაკის, როგორც უბრალოდ ვამბობთ ხოლმე. მაშინ როდესაც ჩაწერილი გვაქვს ჩვენს დავთრებში, რომ მოინათლა და ამიტომაც არის ქრისტიანი. სწორედ აქედან იწყება ყველანაირი გაურკვევლობა და დაბნეულობა.

ადამიანისათვის გაქრისტიანება ნიშნავს იმას, რომ იგი მზად არის თუნდაც სიცოცხლე დათმოს ცხოვრების გარკვეული წესისათვის. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ საუბრის დასაწყისში, რომ არ არსებობს სულიერი ცხოვრება და სულიერი ცხონება. არსებობს ცხოვრება ქრისტესთან და ეკლესიასთან ერთად და არსებობს ცხოვრება იესო ქრისტესა და ეკლესიის გარეშე.

[გაგრძელდება]

წყარო: www.enoriako.info

 

სანიშნეები