უფლის ერთი ბავშვი

21 July 2016

ბერი პორფირი სულიწმიდის გმირადაა შობილი. საოცრად გაბედული, როგორც მეორე კოლუმბი, უსასრულო ოკეანეში შედის იმ ახალი სამყაროს საძებნელად, რომლისკენაც მისი სული ისწრაფვის. თორმეტი წლის ასაკში მარტოდმარტო მიდის ათონის წმიდა მთაზე ისე, რომ მისმა მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ასე მიიწევს უცნობი ადგილისაკენ, საიდუმლო სიყვარულით დაკოდილი, ამ სიყვარულით აქვს ანთებული გული და ის მიუძღვის წინ.

Agios Porfirios 12

მას არავინ აგზავნის მთაწმიდაზე და იქ, არც არავინ ელოდება. ბავშვს შეუმჩნავლად იცავს „ყრმათა მფარველი“ ღმერთი. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს იგი კავსოკალივში, წმიდა გიორგის კალივში მოჰყავს და აქვე ამკვიდრებს. ამ დროს ამ კალივში ცხოვრობს ორი ბერი, უბრალო და უკმეხი მონაზვნები. ნამდვილი მთაწმიდელი მამები, რომლებიც თავიანთი სულების ყანებს ამუშავებდნენ. ცხოვრობდნენ მონასტრული ყოფით. უყვარდათ საღმრთო მსახურებანი. ლოცულობდნენ. არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ თავიანთ თავზე. სულდგმულობდნენ ამ წმიდა ადგილის ტრადიციის თანახმად, მსგავსად იმ საუკუნოვანი ხეებისა, რომლებიც ათონის წმიდა მთის მიწით  იკვებებოდნენ.

სწორედ ეს მამები იღებენ ამ თორმეტი წლის ბავშვს. არაფერს განსაკუთრებულს არ ასწავლიან. უბრალოდ მას იყვარებენ და ბავშვიც ყველაფერს თავად ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ეუბნებიან მას სიტყვა „ყოჩაღს“. ბიჭს ატარებენ წირვა-ლოცვაზე და ერთ სკვნილსაც აძლევენ, რათა ლოცვები თქვას. ყოველივე ამის დახმარებით, ყრმა სულიერად იზრდება, მას ზრდის ბერებთან ერთად ცხოვრება, მათი ყურება და ათონის წმიდა მთის სურნელების სუნთქვა. […]

ახალგაზრდა მოწაფისათვის ყოველივე ეს ხდება მიზეზი სიხარულისა და შეცნობისა. იგი, როგორც  ღრუბელი, ისე იწოვს მადლს ფსალმუნებიდან, ხატებიდან და სკიტის მთელი გარემოდან. მას ყოველივე აოცებს და ესაუბრება: კალივში საღმრთო მსახურება, ღამისთევა კირიაკონში (სკიტის მთავარ ტაძარი), ათონის წმინდა მთის მთელი ბუნება: წყლები, ხეები, ჩიტები თუ კლდეები.

მართლაც რომ შემოგარენი არის წმინდა და უმანკო. ყმაწვილი გრძნობს ამას და მისით ცოცხლობს. მადლობას უხდის ღმერთს, რომ ამგვარ სამოთხეში მოიყვანა. აღიარებს, რომ „ჩვენი სარწმუნოება უფლის სიყვარულია, გატაცებაა, განუსჯელობაა, გულის ფანცქალია…“

ამბობს: „უნდა წავიდე, გადავიკარგო, აღარ ვარსებობდე“. სურს მათ შორის აღმოჩნდეს, ვინც არ არსებობენ, ვინც თავმდაბალნი არიან, ვინც ანგელოზთა მსგავსნი არიან. და რადგანაც ყოველივე ის, რასაც ყრმა ითხოვს ნამდვილი და გაცნობიერებულია, მისი ვედრება, რომ გადაიკარგოს, არ რჩება რეაგირების გარეშე. უფალს, რომელიც მას იფარავდა, როდესაც ის მარტოდმარტო მიუყვებოდა ათონის მთისკენ მომავალ გზას, ახლაც ესმის მისი გულის სწრაფვა. ერთ საღამოს, სკიტის მთავარი ტაძრის ჩაბნელებულ სტოაში, მანამ სანამ დაიწყებოდა საღმრთო მსახურება, მოდის ერთი „გზააბნეული“ ასკეტი, ერთი დავიწყებული მონაზონი, ბერი დიმასი, რომელიც სკიტის ზევით, ერთ ქსეროკალივში ცხოვრობს (ქსეროკალივა ეს ათონური კალივია (ქოხი), რომელსაც არ გააჩნია ჭა, ანუ სასმელი წყალი). ბერი ერთ ჩაბნელებულსა და ცარიელ ადგილზე იწყებს მეტანიების შესრულებას. თან ლოცულობს. უეცრად ხმამაღლა შესძახებს და ღმრთის დიდება აღმოხდება. ყველაფერი ნათდება და მაშინვე ცეცხლი ეკიდება პატარა მონაზონის ადვილად აალებად ქსოვილს. იგი იღებს მადლს. შფოთავს და ირხევა, თითქოს მოელვარე მეხზე დაეცაო. უეცრად ქრება და სხვა სამყაროსთან ამყარებს კავშირს. მთელი სხეულით ცახცახებს. მისი შეგრძნებები იხსნება და უხილავს ხედავს. ტირილისაგან კანკალებს. მადლის მოცულობა მის გამძლეობას აღემატება. ცრემლები ახრჩობს. საუბარი არ შეუძლია. როგორც კი მსახურება დასრულდება, ტყეში გარბის და იქ, ხმამაღლა ყვირის: დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო!

მას ზეცამ პასუხი გასცა. ყველაფერს ნათლად ხედავს, ყოველივეს შეიგრძნობს, ესმის და შორიდანვე უღებს ალღოს. ხედავს, თუ რა ხდება ადამიანის სულში. ხედავს, თუ რა ხდება დედამიწის გულში. თითქოსდა იკარგება ღმრთის უსასრულო და უსაზღვრო სიყვარულში. განა კი შესაძლებელია, რომ ესოდენ მცირეწლოვანმა ყრმამ ატაროს ესოდენ დიდი მადლი? დიახ, უფალმა იცის, თუ რასა იქმს. იგი შფოთავს უფლის სიყვარულით და აგრძელებს თავის გზას ღმრთაებრივი სიხარულის სამოთხეში. დაცურავს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სიხარულის ორმოტრიალში. ყოველივეს პოულობს. ყველა ჩვენგანს პოულობს, ისევე როგორც ერთ ადამიანს. ლოცულობს. იქ ცხოვრობს. თავს იმდაბლებს, მოულოდნელად იძირება უფლის საიდუმლოებებში და მათ ჩვენ გვამცნობს. მისი გონება ჰაერსაც კი არ იღებს. მისთვის უცხოა ყოველგვარი უშვერი სიტყვა და ქედმაღლობა. ის არის დიდი, ანუ თავმდაბალი და რჩება კიდეც ასეთად. მას არ ხიბლავს არანაირი ნიჭი ან უნარი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ვისგანაც ეს ნიჭი თუ უნარი გვეძლევა. მან იცხოვრა „ქრისტესა და ღმერთში დაფარული“ ცხოვრებით, რომელიც მადლით იყო სავსე. მისი სიტყვებია: „ადამიანი ქრისტესთან ერთად დაჯილდოებულია და ამგვარად მისი ცხოვრება ბოროტებას მოკლებულია. მისთვის ბოროტება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სიკეთე – ღმერთი“.

„როდესაც კაცი ცარიელია და მასში არ არის იესო ქრისტე, მაშინ კაცში ჩნდება სხვა უამრავი რამ, რაც მას ავსებს: ეჭვიანობა, სიძულვილი, რისხვა, სევდა, წინააღმდეგობა“.

 „მას, ვინც სულიწმიდით აივსება ისევე, როგორც დოქი, აქვს უფლის შეცნობის უნარი. მისთვის უცხო არ არის წარსული, აწმყო და მომავალი. ამ ყოველივეს მას სულიწმიდა უმჟღავნებს“. იგი ღმრთივმოსილია. უფალმა, რომელმაც მას მისცა ძალა, რომ თორმეტი წლის ყრმა ათონის წმიდა მთაზე მოსულიყო, მას ასევე გამოუგზავნა ავადმყოფობა. იგი დაავადდა. აღარ შეეძლო ათონის წმინდა მთაზე დარჩენა და მის გარეთ გააგრძელა ცხოვრება. ერთხელ, ევბეაში, იგი სინას არქიეპისკოპოსმა – პორფირიმ გაიცნო და გაოცდა. ოცი წლის ასაკში მყოფი მღვდლად აკურთხა და მას სახელი პორფირი უბოძა.

[გაგრძელდება]

სანიშნეები