წმიდა თეოფილე მირონმდინარე

25 July 2016

წმიდა თეოფილე  მაკედონიის ქალაქ ზიხნიში დაახლოებით 1460 წელს ღმრთისმოსავი, სათნო და კეთილი მშობლების ოჯახში დაიბადა. მან თავის სამშობლოშივე შეისწავლა ანბანი და იქვე გამოამჟღავნა მის მიმართ ძლიერი სიყვარული. თანდათანობით თეოფილემ თავის სწავლა-განათლებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო, ცოტა ხნის შემდეგ კი, უკვე წმიდა წერილით დაინტერესდა და მისი კვლევა შეძლო. რა თქმა უნდა, ასევე დახელოვნდა კალიგრაფიაში და მოგვიანებით, საუკეთესო კალიგრაფი გახდა.

Agios Theophilos mirovlitis. 01jpg

„უარყო რა სამშობლო, ნათესავები, სიმდიდრე და უამრავი ამქვეყნიური ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა. ცოტა ხნის შემდეგ, მან ჯილდოდ სასულიერო ხარისხის  მიიღო. შემდგომ ამისა უამრავი ადგილი შემოიარა, სადაც საკუთარი სიტყვითა და თავისი ცხოვრების მაგალითით ასწავლიდა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა ქრისტიანებს“. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მან გაიცნო და სულიერად დაუახლოვდა რენდინის ეპისკოპოსს – მეტად სათნო და კეთილმსახურ აკაკის, რომელიც მღვდელმთავრად წმიდა ნიფონის მიერ იქნა ხელდასხმული, როდესაც იგი თესალონიკის მიტროპოლიტი იყო (1482-1486 წლებში). სწორედ აკაკის მეშვეობით დაუკავშირდა წმიდა ნიფონს წმიდა თეოფილე.

აუცილებელია აქვე მოკლედ და შესავლის სახით აღვნიშნოთ, რომ წმიდა ნიფონის დიდი პიროვნება, გარდა მისი ორი დიდმოწამე მოწაფისა – მაკარისა (+1507) და იოასაფის (+1516), ასევე ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენებული წმინდა თეოფილესი, უკავშირდება მთაწმიდელ წმიდანთა სხვა პიროვნებებსაც, როგორებიც არიან, მაგალითად, დიდმოწამე ბერი იაკობი, იაკობ დიაკვანი და მონაზონი დიონისე (+1519), რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ ადრიანუპოლში, ასევე თესალონიკის მიტროპოლიტი თეონა (+1541-2), ღვიძლი ძმები აფსარადები – თეოფანე (+1544) და ნექტარიოსი (+1550), რომლებიც  მეტეორის ვარლაამის მონასტრის აღმშენებლები იყვნენ და მაქსიმე ბერძენი ვატოპედელი (+1556).

1486 წელს წმიდა ნიფონმა, როდესაც ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, სხვადასხვა ცნობების მიღების გამო, თავისი ნდობით, სიბრძნითა და სათნოებებით აღჭურვილი თეოფილე თავის თანამოაზრე ბერთან – ეპისკოპოსს აკაკისთან ერთად ეგვიპტეში წარგზავნა, რათა საკუთარი თვალით ენახათ მათ ის სასწაულები, რომლებიც ალექსანდრიის პატრიარქმა – იოაკიმმა მოახდინა. ცნობილია რომ იოაკიმმა ლოცვით გადაადგილა მთა დურ დაგი, ხოლო შემდეგ კი, იუდეველებისა და მუსულმანების მოთხოვნის შესაბამისად, საწამლავი დალია, თუმცა უვნებლად გადარჩა. პატრიარქმა იოაკიმმა „წმიდანი მეტად შეიყვარა და პატივი სცა როგორც ბრძენსა და სათნოს“. წარგზავნილებმა დაადასტურეს მომხდარი სასწაულები, როგორც ჭეშმარიტად აღსრულებული და გაემგზავრნენ სინას ღვთივკურთხეული მთისკენ, იერუსალიმისა და დამასკოსაკენ.  იერუსალიმში ყოფნის დროს, ეპისკოპოს აკაკის რაღაც სენი შეეყარა და გარდაიცვალა. თეოფილემ იგი დაკრძალა, რის შემდეგაც, იგი ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქების წერილებთან ერთად კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. იმის გამო, რომ წმიდა ნიფონი ამ დროს უკვე აღარ იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თეოფილემ წერილები მის მემკვიდრეს – პახუმს გადასცა, რომელიც მისი თანამემამულე გახლდათ.

პატრიარქმა პახუმმა „დიდად გაიხარა, როგორც მისმა თანამემამულემ, დალოცა და აკურთხა თეოფილე, სთხოვა დარჩენილიყო საპატრიარქოში დახმარებისათვის, რადგანაც იგი თავისი სიბრძნითა და სათნოებით მეტად საჭირო პიროვნება გახლდათ. მაშინ წმიდანმა ისმინა პატრიარქის თხოვნა და მასთან დარჩა. სწორედ აქედან გამომდინარე დაინიშნა იგი დიდი ეკლესიის ნოტარიუსად და ექსარქოსად. ყველასაგან საყვარელი და პატივცემული რამოდენიმე ხანს იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე“.

თუმცა, თეოფილეს სიმშვიდისა და მყუდროების მოყვარული სული ვერ პოულობდა ნუგეშს პატივსა და დიდებაში. მან არად ჩააგდო ამქვეყნიური დიდება და ათონის წმიდა მთას მიაშურა, რათა იქ, ღმრთის დიდება შეეგრძნო. წმიდა და ღმრთისგან კურთხეულ ათონის მთაზე „პირველად ის ვატოპედის მონასტერში მივიდა. იმ დროისათვის იქ იმყოფებოდა მესიმნის წმიდა ეპისკოპოსი, დაემკვიდა მასათნ ერთად სიმშვიდითა და თავმდაბლობით.

ვატოპედის მონასტრიდან (ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ხანს დაჰყო მან ვატოპედში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არც თუ მცირე დრო იყო), 1511 წელს, თეოფილე გადავიდა ივერთა მონასტერში, სადაც ძირითადად ხელნაწერთა გადაწერითა და კალიგრაფიით იყო დაკავებული. აქ იგი გამოცდილი ბიბილიოგრაფი გახდა. მისი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაშრომი, დაახლოებით ოცდაათი, ძირითადად ლიტურგიკული შინაარსის მქონე ტექსტები ინახება ამჟამად ივერთა მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკაში.  ხმა მის სათნოებაზე აქედან შორს გავრცელდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა – თეოკლიტემ თეოფილე თავისთან იხმო იმ მიზნით, რომ იგი თესალონიკის მიტროპოლიტად ეკურთხა. თავმდაბალმა მთაწმინდელმა გაიაზრა რა, თუ რისთვის იხმობდა მას პატრიარქი, მიატოვა სამღვდელოება, რათა დაწინაურებისთვის თავი აერიდებინა. იგი დიდსქემოსან მონაზვნად აღიკვეცა, მოიმიზეზა ავადმყოფობა და უძლურება და 1522 წელს, ივერთა მონასტერში თორმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ, რაც კოდექსთა წიგნში მისი საკუთარი ხელითაა ჩაწერილი კალივაში განმარტოვდა, კერძოდ კი იოანე ნათლისმცემლის სახელობის კელიაში, ყოვლად სათნო ყოფილ იღუმენ დიონისე ივერიელთან ახლოს. რამოდენიმე ხნის შემდეგ, იგი გადავიდა კარიესში, მეტად სათნო ბერის – კირილეს საძმოში. იქ მან მჭიდრო სულიერი კავშირი დაამყარა ღმრთისმოსავ პროტოსთან სერაფიმესთან, „ღირს არსის“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის თაყვანისმცემელთან და მგალობელთან. მოგვიანებით, თეოფილე მისი ბიოგრაფი გახდა და მასზე ასეთი რამ დაწერა: „ათონის წმიდა მთის პროტოსი სერაფიმე, იღუმენთა იღუმენი და მამათა მამა, საპატრიარქოს დიდი  დამხმარე“.

ღმრთის სადარმა თეოფილემ, ეძიებდა რა უფრო დიდსა და ნამდვილ სიმშვიდეს, მიატოვა კარიესიც და გადავიდა კაფსალის შორიახლო მდებარე ისიქასტურ ადგილას, რომელიც პანტოკრატორის მონასტრის საკუთრება იყო. მან თავისი სულიერი ძმის – პროტოს სერაფიმეს დახმარებით, მიიღო წმიდა ბასილის კელია, რომელიც აღადგინა. მასთან ერთად კელიაში იყო ასევე ერთი მონაზონი, რომელსაც სახელად ისააკი ერქვა. თეოფილეს ხშირად სტუმრობდა პროტოსი სერაფიმე, რომლის დროსაც ისინი ერთმანეთს სულიერ გამოცდილებასა და ზნეობრივ სწავლებას უზიარებდნენ.

ღმრთისმოსავი თეოფილე როგორც ადრე, ამჯერად კი მოუკლებლივ იღწვოდა გონიერ ლოცვაში, წარმოთქვამდა იესო ქრისტეს ლოცვას. წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი, რომელიც მოგვიანებით იმავე ადგილებში ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას, სადაც წმიდა თეოფილე, ამგვარად წერს: „მას შემდეგ, რაც წმიდანი განმარტოვდა, იწყო მან იესო ქრისტეს ლოცვის გონებაში წარმოთქმა, რომელიც აღემატებოდა გარეთა ფილოსოფიის თეორიას… წმიდა თეოფილეს გააჩნდა გამუდმებითი საქმე, სიმშვიდეში მყოფი განუწყვეტლივ ლოცულობდა და მთელი თავისი გონებითა და გულში წარმოთქმული შინაგანი (საიდუმლო, ფარული) სიტყვით მთელი თავისი სულის სურვილითა და სიყვარულით ეძიებდა უფალს სწორედ ამ ლოცვის წარმოთქმით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, მღვიძარე სულიერი მამების სწავლების შესაბამისად. იესო ქრისტეს ლოცვის გონებაში წარმოთქმით, წმიდა ლოცვით, წუხილითა და წრფელი ცრემლებით, რაც სწორედ იესოს ლოცვის გულში წარმოთქმის შედეგად ჩნდება, მისი გული ვნებებისაგან განიწმინდა, განეშორა მას ბოროტ გულისთქმათა თავდასხმანი და გათავისუფლდა იგი ცუდი აღქმისაგან. მან მოიპოვა თავმდაბლობა, სიკეთე, სიმშვიდე და სხვა სათნოებანი. მასში აღენთო ღმრთაებრივი ცეცხლი და სიყვარული მოყვასის მიმართ…

ღმრთიური სიყვარულით ანთებული თეოფილე უკვე აღარ იყო თავის თავთან, არამედ ის თავის საყვარელ ღმერთთან იყო. იგი უკვე სხვას აღარაფერს აქცევდა ყურადღებას, გარდა თავისი უფლის – იესო ქრისტესი,… მიაღწია რა უფლის გონებით ჭვრეტას და გამდიდრდა რა ზებუნებრივი ჯილდოებით, იგი ღირსი გახდა ღმრთიური ნათლისა. მან არა მხოლოდ შეცნობისა და აზრითი წარმოსახვის უნარი შეიძინა, არამედ ასევე უნარი – მომავლის ჭვრეტისა. და მალე, ასე ვთქვათ, ვითარცა უხორცო იგი ანგელოზად იქცა“.

წმიდა თეოფილემ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი სიკვდილი, დაწერა რწმენის აღიარება, საკუთარი ხელით დაწერილი ანდერძი, ზეთი იცხო, პატიება ითხოვა ყველასაგან და თავადაც ყველას აპატია, მიიღო ღმრთაებრივი ზიარება, მთელი სულითა და გულით მადლობა გადაუხადა უფალს, ხოლო თავის საყვარელსა და დამჯერ მოწაფეს შემდეგი რამ შესთხოვა:  „როდესაც გარდავიცვლები, არავის უთხრა ამის შესახებ, ნურც დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს აღასრულებ, მხოლოდ თოკი გამომაბი ფეხებზე, გამათრიე და ტყეში, ერთ უკაცრიელ ადგილას დამტოვე, რათა იქ მხეცებმა შემჭამონ. თუმცა, აღასრულე საღმრთო მსახურება და იმდენი პანაშვიდი გადამიხადე, რამდენსაც შეძლებ“. წმიდანს თავისი უსაზღვრო თავმდაბლობის გამო, არ სურდა, რომ თუნდაც სიკვდილის შემდეგ, მისთვის პატივი მიეგოთ. თეოფილეს უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, გულთბილად შეხვდი ჩემს სულს“.

კარგმა მორჩილმა ყოველივე ისე შეასრულა, როგორც ეს მას თავისმა წმიდა ბერმა უთხრა და მისი პატიოსანი ნეშტი ტყის უკაცრიელ ადგილას დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკითხებოდნენ წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ, იგი მაინც არ ამჟღავნებდა. როდესაც, როგორც იქნა, მიაკვლიეს წმიდანის სხეულს, პანტოკრატორის მონასტერს სურდა მისი შენახვა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მონასტერში დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ წმიდანის ხელი, რომელიც დღემდე არსებობს, ხოლო სხეული კი თეოფილეს მორჩილისთვის – ისააკისთვის გადაეცათ. ისააკმა წმიდა ნეშტი წმიდა ბასილის სახელობის ეკლესიაში დაასვენა. სწორედ ამის შემდეგ, თეოფილეს სხეულმა მირონის დენა იწყო, რის გამოც წმიდანს მირონმდინარე ეწოდა. ამის შესახებ, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი შემდეგს წერს: „ეს სასწაული, რომელიც უფალმა ჩვენი მამის – ღირსი თეოფილეს  სხეულის წმიდა ნაწილებზე დაუშვა, არ არის მცირე და უმნიშვნელო, არამედ დიდი და გასაოცარია, რადგანაც მირონის დენის სასწაული იშვიათად თუ დაიშვება უფლისგან ზოგიერთ წმიდანზე. რადგან წამებულთა და ღირსთა მრავალი წმინდა სხეული არსებობს, თუმცაღა მათ არ სდით მირონი, რადგან მირონის დენა ეს არის უსაზღვრო სისუფთავის, ქალწულობისა და უბიწოების ერთგვარი დასტური და სარწმუნო ნიშანი. ეს ფაქტი ადასტურებს არა მარტო გონების ბოროტების სნეულებათაგან გათავისუფლებას, არამედ ნიშნავს ასევე გონების გაწმენდას არასუფთა გულისთქმათაგან. და თუკი, სულიწმიდის მადლი არ ჩასახლდება ცოცხალი ადამიანის მთელ გონებაში, სულსა და გულში და შესაბამისად, მისი სხეულის თითოეულ ნაწილში, იმისათვის რომ განწმიდოს იგი და გაანათლოს ძვლიდან ტვინამდე (სულით ხორცამდე), შეუძლებელია სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულმა კეთილსურნელება გამოსცეს“.

სერაფიმე სპროტოსის ბიოგრაფია განავრცო წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც არის ასევე მისი მსახურების შემთხზველი. წმიდა თეოფილე ითვლება მე-16 საუკუნის ათონის წმიდა მთის ხელნაწერების ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ გადამწერად. ამ საქმიანობით იგი თავისი სიცოცხლის ბოლომდე იყო დაკავებული. წმინდა თეოფილეს ხსენების დღე არის 8 ივლისი.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სინაქსარი.

გამომცემლობა: ვატოპედის წმიდა და  დიდი სავანე, ათონის მთა, 2007 წელი.

სანიშნეები