ბერი პორფირი, ერთი დაუმუშავებელი ბრილიანტი

1 August 2016

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/07/21/უფლის-ერთი-ბავშვი/ ‎ ‎

როდესაც აკადემიკოსმა ამილკას ალივიზატოსმა გაიცნო ოცდათოთხმეტი წლის ბერი პორფირი, გაოცდა და სთხოვა ათენის არქიეპისკოპოსს – ქრისანთოსს, რომ იგი განეწესებინა ათენის პოლიკლინიკასთან არსებულ ტაძარში, რომელიც ომონიაზე მდებარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ პორფირის განათლება მხოლოდ ვაჟთა საშუალო სკოლაში ჰქონდა მიღებული. აქ მან დაჰყო 33 წელი (1940-1973 წწ.). ამ რაიონში მცხოვრები დაღლილი ხალხისათვის პორფირი სახელს ითქვამს, როგორც სულის სიო და ღმრთაებრივი ღიმილი. მას ყველა უყვარს და თავისი ნათლით ასხივოსნებს, ვითარცა უფალი, „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა“ (მათე, 5, 45). თავს არავის არიდებს.

Osios porfirios 03

ყველას ამხნევებს და აკურთხებს. თვით საროსკიპომდეც კი აღწევს, როდესაც იმ ადგილას ხანძარი ჩნდება და აკურთხებს კიდეც მას. არაფერი აკვირვებს. სიხარულითაა სავსე. მთელი გულით უგალობს „იორდანეს წყალში მონათლულ უფალს…“ და საშინლად განაწამებ ადამიანებს უხმობს, რომ ჯვარს ემთხვიონ, რათა გამხნევდნენ და „მათ გატანჯულ სულებს“ ძალა შეემატოს. იგი ყველასათვის ერთგვარი ლოცვა-კურთხევაა, ერთი ანგელოზური სახეა, ერთი ღმრთაებრივი ბავშვია, რომელიც თამაშობს, ერთგვარი კეთილსურნელებაა, რომელიც ვრცელდება და ყოველ სულამდე აღწევს. ბერი პორფირი გაუნათლებელია, მაგრამ ყოვლისმცოდნეა. ღმრთის მიერ შთაგონებული პოეტია,   სიტყვების შემოქმედი და ადამიანთა ქომაგი. იგი ასე ამბობს: პოეტი უნდა იყო, რათა ქრისტიანი გახდე. იესო ქრისტე არ იღებს უხეშად გამოჭრილ სულებს. ამბობს: ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ვცნობდი, მაგრამ არ ვლაპარაკობდი.

ბერი პორფირი საუბრობდა გონივრულად, მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭირო იყო იმისათვის, რომ სხვა ადამიანი – გულნატკენი ან ავადმყოფი – გაემხნევებინა. რათა მისთვის ეთქვა, თუ როგორაა ღმერთი სიყვარული. იგი საუბრობდა თავისუფლად და ამავდროულად გადმოგცემდა იმ სამოთხის ბავშვურობას, რაც მას გულის სიღრმეში ჰქონდა. ამბობდა, რომ იფიქრა და ის, რაც უნდა გაეკეთებინა: სურდა ესწავლა ფისჰარმონია. შეაკეთა ერთი ძველი რადიო, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდა. გეხმარებოდა, რომ შენც ის გეთქვა, რაზეც ფიქრობდი. აღსარება მასთან მეგობრულ ბჭობას ემსგავსებოდა ხოლმე. სიცოცხლის ბოლო წუთამდე იგი უფლის ბავშვი იყო. ისე წარმოგიდგებოდა, როგორიც სინამდვილეში იყო. არ გამოგეცხადებოდა მორთულ-მოკაზმული. არ ეშინოდა რეალობის. არ სურდა განდიდებული ყოფილიყო ადამიანების მიერ. სურდა უფლის სახელით ყოფილიყო განდიდებული. იმ უფლის სახელით, რომელიც „წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მათე, 5,45).  აი, ასეთი იყო მამა პორფირი, რომელმაც 1991 წელს მიაბარა სული უფალს სწორედ იმ კელიაში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა. იგი იყო სხივმფენი არსებობა სიმართლისა და პარაკლისისა, სწორედ იმიტომ, რომ მან ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვცა უფლის ის მადლი, რომელიც მასში იყო დავანებული. მას ჩვენთვის არ გამოუფენია თავისი ცხოვრების სათნოებანი და  სრულყოფილება. მამა პორფირი ცხოვრობდა ღმრთის მადლში და თუკი იგი მოისურვებდა ყოველივე ამით განდიდებას, როგორც ღმრთის მადლით უხვად დაჯილდოებული, მოისურვებდა გაეკვირვებინა სამყარო თავისი სასწაულებით, ის შეიძლება გამხდარიყო ათანასე ეღალეოს ანდა ვინმე ცრუ წინასწარმეტყველის მსგავსი, ერთი იმათგანი, რომლებიც აწამებენ ხოლმე სამყაროს. მაგრამ ახლა, იგი არის ბერი პორფირი, დაუმუშავებელი ბრილიანტი, უფლის მომღიმარი ბავშვი, რომელიც სდევნის ჯოჯოხეთის წყვდიადსა და პირქუშობას და ეხმარება „სამყაროს, რათა შეიგრძნონ ადამიანებმა, თუ როგორ ეფერება იესო ქრისტე ყველა ჩვენგანს“.

ბერი პორფირის მადლმოსილებას არა აქვს საზღვარი. იგი ღმრთივმოსილია. ბრძენია და მშვიდი. მას აქვს, როგორც ღმრთის მადლი, ისე ბავშვური უბრალოება. ფიზიკურად არასდროს ღელავს. არასდროს ყვირის და შესაბამისად, არ გადმოსცემს იმ სიცივეს, რასაც ვგრძნობთ ხოლმე გზააბნეულთა და ცრუ წინასწარმეტყველთა მიმართ.

იგი მშვიდია. საუბრობს „წყნარად, უბრალოდ და დელიკატურად“. ადამიანური გაღიზიანების გარეშე. გადასცემს მორწმუნეებს დამაჯერებლობას. მისი ციური ღიმილის შემდეგ, ყოველივე თავის ადგილზე დგება, თავისით გვარდება. მშვიდად და უმტკივნეულოდ ნადგურდება ადამიანში მისი ძველი სახე. მასში ვნებები სახეს იცვლის, გარდაიქმნება იმ ძალად, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერ წინსვლასა და სიმშვიდეში. ცხოვრობს და ქადაგებს, რომ თავმდაბლობა სულის გულია. ეგოიზმი კი სისულელეა და ავადმყოფობაა, რომელიც თავგზას უბნევს ადამიანს და მას შეცდომისკენ უბიძგებს. მისი სიტყვებია: როცა წავალ, კიდევ უფრო ახლოს ვიქნები თქვენთან. და ასეც არის.

წიგნიდან: სიკეთე გადაარჩენს სამყაროს, ივერთა წმინდა მონასტრის გამომცემლობა, ათონის წმინდა მთა.

წყარო: ლანგადას, ლიტისა და რენდინის ეპარქიის პერიოდული გამოცემა, „მართლმადიდებლური უწყებანი“, გვ. 10-11, ნოემბერი 2015 წ.  – მარტი 2016 წ..

სანიშნეები