ელია წინასწარმეტყველი

2 August 2016

მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს/02 აგვისტოს  აღნიშნავს წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების დღეს.

წმიდა გრიგოლ პალამა, როდესაც საუბრობს ზოგადად წინასწარმეტყველებზე და ეკლესიის წმიდა მამებზე, აღნიშნავს რომ: „უფალი ღმერთი წინასწარმეტყველებსა და მამებს ჩვენ გზის გამკვალავებად გვიწესებს… რათა მოხდეს ჩვენი სამართლიანი ზეაღსვლა რწმენისკენ“.

წინასწარმეტყველნი, ისევე როგორც ეკლესიის წმიდა მამები, ფაქტიურად წარმოადგენენ ადამიანებისათვის ღმერთის მიერ გაღებულ ძღვენს, რამდენადაც ისინი ჩვენ ჭეშმარიტი რწმენისაკენ მიმავალ გზას გვიჩვენებენ. გარდა ამისა, სწორედ იმ სასწაულების მეშვეობით, რომლებსაც ჩადიან, ემპირიულად გვიდასტურებენ ჩვენ შორის უფლის არსებობას.

Profitis ILias 01

ადამიანების მიმართ უფლის ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი იყო ელია წინასწარმეტყველი, რომელსაც ელია თეზბიტელსაც უწოდებენ, რადგან წარმოშობით გადაათის რეგიონის ქალაქ თეზბიდან იყო და ნეფთალიმთა გვარს მიეკუთვნებოდა. ელია წინასწარმეტყველი ცხოვრობდა მეფე აქაბისა და დედოფალი იზებელის ეპოქაში. იზებელი კერპთაყვანისმცემელი დედოფალი იყო, თუმცა ამავე დროს, ძლიერი და ენერგიული ქალი გახლდათ, რომელიც თავისი სუსტი ხასიათისა და ნებისყოფის მქონე მეუღლის სახელით ფაქტიურად მართავდა ებრაელ ხალხს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კერპთაყვანისმცემლობა გავრცელდა ისრაელის მთელ სამეფოში. მეფეთა მე-3 წიგნში ამის შესახებ შემდეგია მოთხრობილი: „გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს“, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაბმა დაამკვიდრა ცრუ ღმერთის – ბაალის თაყვანისცემა, იმავდროულად კი ააგო ასევე ცრუ ღმერთის – ასტარტის პატივსაცემად ძეგლი წმიდა წარმართულ ტყეში. ყველგან  ამორალურობა და წეს-ჩვეულებათა გაუფასურება იქნა გაბატონებული. მისი მეფობის დროს არსებულ მდგომარეობას მიესადაგება წმიდა სიმეონ ახალი ღმრისტყველის მიერ აღნიშნული, რაც  შემდეგში მდგომარეობს: „ადამიანები შეეგუენ უფლის შეუცნობლობასა და მის მცნებათა უგულებელყოფას…“, ანუ, სრული სულიერი უკუნი იქნა გაბატონებული. სწორედ ასეთ ვითარებაში ჩნდება ელია წინასწარმეტყველი, რომელიც ღმრთიური მადლით შთაგონებული ზუსტად იმ პერიოდში მოევლინა მიწას, როდესაც ყველგან საშინელი გვალვა იყო გაბატონებული. გვალვას შედეგად მოჰყვა შიმშილი მთელი ქვეყნის მაშტაბით. ელია უცხადებს მეფე აქაბს შემდეგს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე“.

უცნაური იყო არა მხოლოდ ის, რომ წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად, მიწას წვიმის თუნდაც ერთი წვეთი არ დაეცემოდა, არამედ – ის, რომ წინასწარმეტყველის განცხადებით, წვიმა მხოლოდ მის სიტყვაზე მოვიდოდა. სწორედ ამ მოცემულ შემთხვევაში ელია წინასწარმეტყველი გვიმჟღავნებს არა მხოლოდ თავის, როგორც წმიდანის, უბრალო მორალურ სიდიადეს, არამედ ასევე – თავის ონტოლოგიურ სიდიადეს. წმიდანი ხომ უფლის ადგილსამყოფელსა და მის ძალას ნიშნავს…

ზუსტად ამავე პრიზმასა და თვალთახედვის თანახმად მოქმედებს ელია წინასწარმეტყველი, როდესაც ცდილობს გონიერება შთააგონოს თავისი დროის ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, წარმართობისკენ და ამორალურობისკენ იყო მიდრეკილი. წმიდა ქრისოსტომოსი აღნიშნავს, რომ ელია წინასწარმეტყველის მთელი ცხოვრებით ნათელი ეფინება მასში ღმრთიური ნების არსებობას. თავდაპირველად მას ყორნები კვებავენ, შემდეგ კი – სიდონის სარეფთაში მცხოვრები ქვრივი ქალი. სწორედ ამ გზით, აღნიშნავს წმიდა მამა, უფალი ამჟღავნებს თავის სიყვარულს წინასწარმეტყველის პიროვნების მიმართ. თავდაპირველად მასზე ზრუნავს უტყვი ბუნება, ხოლო შემდეგ კი – მეტყველი ბუნება. გარდა ამისა, წმიდა ქრისოსტომოსის მიხედვით, ელია წინასწარმეტყველის სიდონის სარეფთას მხარეში გამოჩენა წინასწარ ასახავს იმ პატივისცემას, რომელიც იესო ქრისტემ ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მიიღო და ასევე იმ უარყოფას, რომელიც იუდეველებმა გამოიჩინეს ქრისტეს მიმართ. სარეფთაში იგი სასწაულებრივად კვებავს ქვრივ ქალსა და მის ობლებს, გარდა ამისა, მკვდრეთით აღადგენს ქვრივის გარდაცვალებულ ბავშვს. ბოლოს კი, როდესაც იგი სასწაულებრივი გზით ითხოვს სამსხვერპლოზე ცეცხლის დანთებას ჭეშმარიტი ღმერთის პატივსაცემად, წარმოთქვამს შემდეგ ამაღელვებელ ჭეშმარიტებას:  „გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ“. წინასწარმეტყველი მარტოდმარტოდ შეეწინააღმდეგა ბაალის ოთხას ორმოცდაათ და ასტარტის ოთხას მოციქულს. საბოლოოდ, ელიამ სძლია ბოროტს და სასწაულის გზით აღიარა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა.

სასწაულებრივი იყო ასევე ელია წინასწარმეტყველის ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრულიც. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ელია არ მომკვდარა, არამედ იგი ზეცაში ამაღლდა. ამაღელვებელია ამბავი მის ამაღლებაზე, რომელიც მოთხრობილია მეფეთა მე-4 წიგნში: „როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალით“.

ეკლესიის მამების თანახმად, ელია წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს მსგავსია. ელია წინასწარმეტყველი და მსაჯული? ზუსტად ასევეა იესო ქრისტე. ქრიტემ სძლია სიკვდილს? სიკვდილს სძლია ელიამაც. სხვადასხვა ეთნოსს სტუმრობდა იესო ქრისტე, ორმოცი დღის განმავლობაში მარხულობდა? ზუსტად იმავეს აკეთებდა წინასწარმეტყველი ელიაც…

ყოველივე ზემოთ მოხსენიებულის გამო ჩვენი ეკლესია პატივს მიაგებს მის ხსოვნას და შემდეგი სიტყვებით ასხამს ხოტბას: „ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ელია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთოვანთა განწმენდად, და პატივისმცემელთა მისითა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა“.

წყარო: ლემესოსის წმინდა საპატრიარქოს გამოცემა, პარაკლისი, წელი 13ο, ნაწილი 73ο, ივლისი-აგვისტო 2013, გვ. 7-8.

სანიშნეები