იესო ქრისტეს ფერისცვალება და ჩვენთვის მისი მნიშვნელობა

18 August 2016

იესო ქრისტეს ფერისცვალება არ მიეკუთვნება იმ დღესასწაულთა რიცხვს, რომელთა შინაარსი მხოლოდ რაიმე ფაქტის მოგონებით ამოიწურება. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია, როგორც თავისი თეოლოგიური, ისე სოტერიოლოგიური შინაარსით. ეკლესიამ იესო ქრისტეს ფერისცვალება საეკლესიო კალენდარში აღდგომასა და შობას შორის არსებული პერიოდის ცენტრში მოათავსა.  საერთოდ აღსანიშნავია, რომ დროის დაახლოებით ერთი და იგივე მონაკვეთი – ოთხი თვე – აშორებს ერთმანეთისგან სამ დიდ საუფლო დღესასწაულს. იესო ქრისტეს ფერისცვალება, მის განკაცებასა და აღდგომასთან ერთად, წარმოადგენს დროში ადამიანური მოგზაურობის სულიერი გარდატეხის მომენტებიდან ერთ-ერთს. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, თუ რატომ არასდროს მიუჩნევია ეკლესიას ფერისცვალება ერთ უბრალო სასწაულად, არამედ იგი მიიღო, როგორც იესო ქრისტეს ქმედება, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხონებისათვის, რაც –  იესოს შობასა და მკვდრეთით აღდგომას. სწორედ ამის გამო დადგინდა ამ დღეს მარხვა, სწორედ ამის გამო აღინიშნება ეს უდიდესი დღე სამეუფეო ტროპარებით, წინა და  შემდგომი დღესასწაულებით.

Stogianos-metamorfosi

თუმცაღა, რაც არ უნდა დიდი იყოს დღესასწაული, კარგი იქნებოდა ცოტა მის მნიშვნელობაზე გვესაუბრა, რათა ჩვენს ზეიმს ჰქონდეს ერთგვარი სწორი საყრდენი და იგი არ გადაიზარდოს მხოლოდ წინაპართა წეს-ჩვეულებების დაცვად.

იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ერთი ეპიზოდი უფლის ამქვეყნიური ცხოვრებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა იესოს იერუსალიმში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც უფალი საბოლოოდ ჯვარცმამდე, შემდგომ კი, უკვე აღდგომამდე მიიყვანა. ფერისცვალებას ქრისტეს ნათლობასთან ის საერთო აქვს, რომ ამ დროს ხდება წმიდა სამების  გამოცხადება. აღდგომასთან ის საერთო აქვს, რომ ამ დროს ხდება უფლის დიდების გაცხადება. ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულთან კი – ის, რომ ამ დროს სრულდება სულიწმიდის შემოქმედებითი ზემოქმედება.

ფერისცვალება ეს უფლის გაცხადებაა ადამიანის წინაშე, რომელიც უფლის სწორად შეცნობის მეშვეობით ჩვენ ცხონებაში გვეხმარება, ის ასევე მოიცავს ადამიანის შეცნობასაც. სწორედ ფერისცვალების მეშვეობით ცხადდება, თუ ვინ არის იესო ქრისტე, თუმცა ამავდროულად ისიც, თუ ვინ არის ადამიანი და საც გადის ჩვენი ისტორიის გზა. სწორედ ამ სამ ასპექტს შევეხებით ჩვენს მომდევნო მსჯელობაში – თუმცა, ბუნებრივია სრულად ვერ ამოვწურავთ მის მნიშვნელობას.

ფერისცვალება გვიჩვენებს იმას, თუ ვინ არის იესო ქრისტე. იესოს შესახებ მრავალ ჩვენს თანამედროვეს გააჩნია მცდარი მოსაზრება, რომ თითქოსდა ქრისტე არის დიდი მასწავლებელი ანდა მორალისტი. თუმცა მისი ფერისცვალებით ცხადდება, რომ იგი არის უფლის ძე. მისი სახის ცვლილება, ღმრთიური სხივმფენი სინათლე, რომელიც მას გარს აკრავს, მამა ღმერთის ხმა ზეციდან, რომელიც ადასტურებს მის ღმრთიურ ბუნებას, ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენ შორის ცხოვრობდა, როგორც მონა, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვენი სიყვარულის გამო დაითმინა ჯვარზე სიკვდილი, ერთი წამითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იესო ქრისტე უფლის სიტყვაა, რომელიც განკაცდა, ასწავლა, ეწამა და აღდგა თავისი ქმნილების – ადამიანის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამო. რადგან ის არის ღმერთი, სწორედ ამის გამო, იგი არის ჩვენი მხსნელი. რადგან იგი ღმერთია, ამიტომაც მისი სიტყვები და მისი სიცოცხლე დაკავშირებულია მორწმუნეებთან. რადგან ის არის ღმერთი, სწორედ ამიტომ მისი ცხოვრება და მისი საქმენი წარმოადგენს ჩვენი რწმენის ცენტრს.

თუმცა, იესო ქრისტე მხოლოდ ღმერთი არ არის. იგი ადამიანია, სრულყოფილი ადამიანი, პირველი ჭეშმარიტი ადამიანი ჩვენი მოდგმის ისტორიაში. იგი ახალი ადამია, რომელიც  უფალს კვლავ ისე ესაუბრება, როგორც თავის მამას, როგორც ამას ადამი აკეთებდა სამოთხეში ყოფნისას. თუმცა, იესო ქრისტე ბევრად აღემატება ძველს – პირველ ადამს. რადგან მას გააჩნია ახალი თვისება, რისი მოპოვებაც ძველმა ადამმა ვერ შეძლო და რაც არის – ღმრთის მსგავსება. და როგორც ადამიანი – იესო ქრისტე არის უფლის მსგავსი. რადგან თავისი სრულყოფილი მორჩილების შედეგად იგი ლოგოსთან იქნა გაიგივებული თავისი ღმრთიური ბუნებით. მას ამქვეყნიური სიცოცხლის პირველი წუთიდან დაწყებული სიკვდილის ბოლო ჟამამდე თან სდევდა თავისი, როგორც ადამიანური, ისე ღმრთიური ნება. მისი ადამიანური სურვილი გაიგივებული იყო მის ღმრთიურ ნება-სურვილთან. ასე გახდა, როგორც ადამიანი ის, რაც იყო, როგორც ღმერთი: უფლის ძე. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს ცხონების შესაძლებლობას, ანუ სხვა სიტყვებით, იესო ქრისტემ გააღმრთო ჩვენი ადამიანური ბუნება.

იესო ქრისტემ თავის თავზე აიღო იმის გაკეთება, რაც ვერ შეძლო ძველმა ადამმა – ადამიანური ბუნების განღმრთობის გზით იგი ღმრთის ძედ ექცია. იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ვლინდება  ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი. ღმერთი ჭეშმარიტი, რადგანაც ამას ადასტურებს ზეციური ხმა და მოსესა და ელიას გამოცხადება. ჭეშმარიტი ღმერთი, რასაც გვიჩვენებს იესოს მოწაფეთა მოქმედება და მათი შეძახილები. ჭეშმარიტი ადამიანი, როგორც ამას გვიდასტურებს მისი ბუნების ცვალებადობა, როდესაც ის თავის ღმრთაებრივ ბუნებას იღებს. ჭეშმარიტი ადამიანი, როგორიც იყო იესო ქრისტე ფერისცვალების შემდეგ და მანამდეც ჩვენ შორის.

[გაგრძელდება]

სანიშნეები