ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იესო ქრისტეს ფერისცვალებით ვლინდება

20 August 2016

[წინამდებარე გამოცემა http://www.pemptousia.ge/2016/08/18/იესო-ქრისტეს-ფერისცვალე-2/ ‎]

იესო ქრისტეს ფერისცვალების მეშვეობით ჩვენთვის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება ვლინდება. უკვე ახლოდან შევიცნობთ რა ქრისტეს გაცხადებულ ბუნებას, რაც  თაბორის მთაზე, უფლის დიდებულ გარეგნობაში გამოიხატა, ამავე დროს ვსწავლობთ ჩვენს საკუთარ, ჭეშმარიტ ბუნებაზეც. ადამიანები არ წარმოვადგენთ იმას, რასაც ასე მარტივად და გულუბრყვილოდ მივიჩნევთ ხოლმე. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება არ არის ის, რასაც რეალურად ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე ვხედავთ. ყოველივე ეს ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს, თუმცა ის არ არის ჭეშმარიტი, რადგან არ გამოხატავს ჩვენი მოდგმის შესახებ უფლის ნებას, როდესაც მან ადამიანი შექმნა. იქნებ, ვინმე რეალობის შესახებ საუბრობს. თუმცა, ნამდვილი რეალობა ხომ ეს სიძულვილი, შფოთვა, სიკვდილის შიში, კომპლექსები, ახლობლებისგან გაუცხოებაა? სიმართლე ის გახლავთ, რომ რეალობა არის ერთმანეთთან კამათი, შური, ადამიანებს შორის ომი და დაპირისპირება, თუმცა ისინი ღმერთმა იმისათვის შექმნა, რომ ერთმანეთის ძმები ყოფილიყვნენ. ფერისცვალების პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა, ეს ყოველივე არ გახლავთ ადამიანური ბუნება, ის ბუნება, როგორიც ეს უფალს სურს და როგორადაც ის შექმნა. რეალობა ის ჭეშმარიტებაა, რომელიც სამყაროში ქრისტესთან ერთად ცოცხლად წარმოჩნდა. ის იესო ქრისტეს რეალობაა. სწორედ მან გვიჩვენა, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ადამიანი.

Metamorfosi tou kiriou 10

თუმცა, ჭეშმარიტი ადამიანის ყოფიერება საზოგადოებასა და ადამიანური ისტორიის ფარგლებშია ძლიერი. ამას ჩვენ ის ადამიანები გვახსენებენ, ვინც იესო ქრისტეს ფერისცვალებას ესწრებიან. ამ კონკრეტულ მომენტამდე ადამიანის სვლას მოსე და ელია გვახსენებენ. სჯულის დიდი კანონმდებელი და წინასწარმეტყველი, რომელიც ღმრთიური დიდების ცეცხლოვანი ეტლით უფალთან ახლოს ცოცხლად გადავიდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ქრისტესკენ მიაბიჯებდნენ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მისი დიდების მოლოდინში განვლეს. მათ ახლოს კი სამი მოციქული, ეკლესიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ ისინი იმკიან საბოლოო დიდებას, რადგან უკვე აქედანვე, ამჟამინდელი დროიდანვე ცხოვრობენ იმ ცვლილებით, რომელიც მომავალში ყველა მორწმუნეს ელოდება. მათ უკვე აქედანვე გაუსინჯეს გემო სასწაულ ცვლილებას. სწორედ იმის გამო, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ღმრთიური ძღვენისთვის მოწამეობრივად ცხოვრება შეძლონ. სწორედ იმისათვის, რომ სუფთა ჰქონდეთ შეგრძება, რათა ამჟამინდელი ცხოვრების ცრუ სინათლით არ მოტყუვდნენ. იმის გამო, რომ სხვებს გაუნათონ გზა იმ სხივმფენი ნათლით, რომლის მშვენიერება პირველად სწორედ მათ იგემეს. მოციქულები ხედავენ იესო ქრისტეს „სხუად ფერად“, რათა მიხვდნენ, თუ როგორები იქნებიან თავად ისინი და ასევე სხვა მორწმუნეები დროის დასასრულს, როდესაც სამყაროს უფლის მეორედ მოსვლის სინათლე გაანათებს. მოსესა და ელიასათვის იესო ქრისტეს ფერისცვალება არის ჟამი მათი მოლოდინის აღსრულებისა. ხოლო სამი მოციქულისთვის და ჩვენთვის იგი არის ჟამი, როდესაც იხსნება ერთი ფანჯარა მომავალ სამყაროში.

ეს უკანასკნელი საკითხი უფრო ვრცელ განხილვას საჭიროებს. ჩვენ, ყოველდღიურად, მომავლის შესახებ ვისმენთ სხვადასხვა იდეოლოგიის შეუწყნარებელ დაპირებებს. ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრება, ანუ ქრისტიანული მოსაზრება, ემყარება იესო ქრისტეს ფერისცვალებას. არა თეორიებსა და სიტყვებს, არამედ – ღმერთის ერთ აპოკალიფსურ ქმედებას.

ჩვენი გზის დასასრული, როგორც ამას  ძველები და ახლები, მორწმუნეები თუ ათეისტები და უამრავი სხვა ადამიანი ადასტურებს, არ არის დამოკიდებული მატერიალურ კომფორტზე. სამი მოციქული არ იმყოფება მატერიალური კეთილდღეობის რომელიმე სიმპოზიუმზე. ამ მომენტში მათთვის არც მატერიალური კეთილდღეობა და არც ტექნოლოგიური წინსვლაა შთაგონების წყარო. მათთვის საკმარისია გააკეთონ ერთი კარავი, და ისიც არა თავიანთი თავისთვის! მათი ბედნიერება არ მდგომარეობს მატერიაში, არამედ – სულიერ სიხარულში, იმ ღმრთაებრივი და სხივმფენი ნათლის ხილვაში, რაც მათ გარს ერტყათ. სწორედ აქ ვლინდება, თუ როგორ სწორად ჰქონდათ გაგებული მათ ქრისტეში უფლის გამოცხადების მნიშვნელობა. ადამიანი ყოველ კვირა დღეს ღმრთის საუფლოსკენ მიისწრაფვის, იგი ნატრობს, რომ აღსრულდეს უფლის ნება, რომ იკურთხოს ღმრთის სახელი დედამიწაზე. ყოველივე ეს შეიძლება შეჯამდეს, როგორც უფლის დიდების გაცხადება. და ეს დიდება მოწაფეების თვალწინ გამჟღავნდა მაშინ, როდესაც მათ იხილეს სინათლე, რომელიც ქრისტეს ირგვლივ  მისი ფერისცვალების შემდეგ იდგა. სხვა რაღა უნდოდათ? მათ ხომ ყველა ადამიანური სურვილი აუსრულდათ…

ჩვენი ცხოვრების გზის დასასრულს არ გვხვდება არც ჩვენი მორალური სისრულე და არც ადამიანის პიროვნების სრულყოფა იმ მნიშვნელობით, რასაც ჩვენ მას ჩვეულებისამებრ ვანიჭებთ ხოლმე. რაღაც ამის მსგავსი აშკარად ადამიანური ოცნებაა, რომელიც ადამიანის ცრუ ილუზიებზე არის დაფუძნებული, რომ თითქოსდა მას შეუძლია სრულიად მარტო მიაღწიოს დასასრულს. თუმცაღა, იესო ქრისტეს ფერისცვალება გვიჩვენებს, რომ ასეთი გზა ვერსად მიგვიყვანს. მორალურად სრულყოფილ ადამიანებზე არ მჟღავნდება შეუქმნელი ნათელი, როგორც ჯილდო, ის არც მათი პიროვნულობის სრულყოფილებისთვის ცხადდება. როგორც თანამედროვე, ისე ძველი მორალისტების საზომის მიხედვით, ქრისტეს მოწაფეები არ არიან სრულყოფილნი. ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომელთაც უფალი ისეთებს იღებს, როგორებიც არიან, ერთადერთი კრიტერიუმის – მათი გულის უბრალოების მიხედვით, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულით ფეთქავს. სწორედ ეს გახლავთ ადამიანის ერთადერთი უნარი, რომელსაც გამუდმებით გარდაქმნის და ძირფესვიანად ცვლის  სულიწმიდა.

თუმცა, ეს ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და იმედიც თითოეული ჩვენგანისათვის. იმედი იმიტომ, რომ ყოველთვის გვიცდის ჩვენ უფალი, რათა ჩვენ წინაშე თავისი შეუქმნელი ნათლის ძალით გაამჟღავნოს ახალი სამყარო, რათა ჩვენ თავისი ზეციური სამეფოს მოქალაქეებად გარდაგვქმნას.  და პასუხისმგებლობა კი იმიტომ, რომ სწორედ ღმრთისა და უფალი იესო ქრისტეს მიმართ არსებულ ჩვენს სიყვარულზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება და ჩვენი მონაწილეობა ღმრთის დიდებაში.

თაბორის სინათლე არ შემოიფარგლება მხოლოდ სამი მოციქულით. სულთმოფენობის დღესასწაულიდან ბრწყინავს ქრისტეს ეკლესია და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება თავისი წმიდანებით. ჩვენი მოვალეობა, ჩვენი სიხარული და იმედი არის ის, რომ ღმრთიური სიდიადის ბრწყინვალება ამ ღმრთაებრივ გამოცხადებაში საკუთარი თანამონაწილეობით განვიცადოთ.

(ვას. სტოიანნოს, „ეკლესია ისტორიასა და აწმყოში“, გამომცემლობა პურნარა, თესალონიკი, გვ. 87-92).

სანიშნეები