ჯვარი, გზა პარადოქსისა

28 September 2016

14/27 სექტემბერს ჩვენი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. გამარჯვების ტროფეის, უფლის პატიოსანსა და ცხოველსმყოფელ ჯვარს, წილად განსაკუთრებული პატივი ერგება. ეს არის სწორედ იმ სიმბოლოს მსოფლიო ამაღლება, რომელიც მარადიულ სიცოცხლეში შესვლაზე მიგვანიშნებს. სიმბოლო, რომელიც, როგორც მეფსალმუნე ამბობს, ჩვენი იმედია, გზააბნეულთა მეგზურია, ტანჯულთათვის უქარო ნავსაყუდელია, ბრძოლებში დიდება და სახელია, ჩვენი სნეულებების მკურნალია, მთელი სამყაროს უსაფრთხოებაა, ხოლო გარდაცვალებულთათვის კი აღდგომაა.

Stavros 1

განა უცნაური არ არის, რომ ერთი სიმბოლო ყოველივე ამ თვისებების გამაერთიანებელია. თუმცა, იქნებ ერთადერთი უცნაური რამ სწორედ ესაა, რაც ამ სიმბოლოსთანაა დაკავშირებული? მართლაც, განა ვის შეუძლია იმ განცვიფრების დავიწყება, ვინც კი ჩვენი რწმენის გავრცელების იმ პირველი წლების დროს, იგემა, ვინც კი მთელ მსოფლიოში მოისმინა მოციქულთა ქადაგება? ამბობდნენ, რომ ძე ღმრთისა დედამიწაზე მოვიდა, იქადაგა და მრავალი სასწაული ქმნა, ბოლოს კი იგი განსაჯეს და სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯეს. ყველაზე უფრო სამარცხვინო სიკვდილი, რაც კი მაშინ იმ ეპოქასა და იმ რეგიონში არსებობდა – ჯვარზე სიკვდილი.

სწორედ ამის გამო ორჭოფობდნენ მორწმუნე ებრაელები. სწორედ ამის გამო იგდებდნენ აბუჩად კეთილ უწყებას მოაზროვნე კერპთაყვანისმცემელი ბერძნები. განა კი შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ასეთი სამარცხვინო სიკვდილით გარდაიცვალოს? როგორ შეუძლია ადამიანურ გონებას, რომ ყოველივე ეს დაიტიოს და მიიღოს?

ჩემო ძმებო, მარკოზის სახარება (მარკოზ. 8,34 – 9,1) მორწმუნეებს სწორედ ამ პარადოქსს უხსნის – გარდა ამისა, ის ასევე გამჟღავნებული იქნება მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ თვითკმაყოფილებაშია ჩარჩენილი, თავისი საკუთარი ძალების მიერაა ბლოკირებული და არაფრის დანახვა არ სურს, გარდა საკუთარი თავისა. და მაშასადამე რას გვაუწყებს ის? გვეუბნება, რომ ჯვრისა და მსხვერპლის გზა არის ის გზა, რომელიც ადამიანს სამოთხისა და გადარჩენისაკენ მიუძღვის. და ის, რომ მიჰყვე ქრისტეს, იგივეა, რაც მიჰყვე მის ჯვარს და მასთან ერთად ჯვარს ეცვა. გვაუწყებს, რომ უნდა უარი თქვა შენს თავზე, შენს „მინდასა“ და სურვილებზე და ფეხდაფეხ მიჰყვე ქრისტეს წამებას.

გარდა ამისა, მასში ნათქვამია ასევე ისიც, რომ რაც უფრო მეტად მიილტვი გადარჩენისაკენ, მიჰყვები რა გარეგნულ სარწმუნოებრივ წესებსა და დაინტერესებული ხარ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავით, მით უფრო მეტი საფრთხე არსებობს იმისა, რომ შენს სულს დაკარგავ. და პირიქით: თუკი სხვებზე ზრუნვის გამო დაკარგავ შენს სულს, მაშინ მას მოიპოვებ. სწორედ ეს არის ყველაზე უფრო ძვირფასი რამ, რაც კი შეუძლია ადამიანს ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოიპოვოს.

პარადოქსია! თუმცა, იგი ჯვრის, მსხვერპლის, ღმრთიური სიყვარულის მიბაძვის სინათლეში მჟღავნდება, რომელმაც იმისათვის, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა, სიკვდილის ზღურბლს მიაღწია. და ეს ისეთი არსებითი და ძირეულია, რომ მისი უარყოფა თავად იესო ქრისტეს უარყოფის ტოლფასია. ხოლო, მან, ვისაც კი თავისი თავის მსხვერპლად შეწირვა შერცხვება, უნდა იცოდეს, რომ განკითხვის ჟამს ზეციურ სასუფეველში არ მიიღებენ.

მაშ, ჩემო ძმანო და დანო, დაე, უყოყმანოდ აღვმართოთ ჩვენი ჯვარი. თითოეულ ჩვენთაგანს ხომ თავისი საკუთარი გოლგოთა აქვს, რომელზედაც საკუთარი ჯვარი უნდა აიტანოს. მოდით, ნუ ვიწუწუნებთ და ნურც შეგვრცხვება იმ სიმძიმისა, რაც ჩვენ უფალმა დაგვაკისრა. მოდით ვიყოთ ღირსნი ამ პატივისა, რათა მოგვიანებით, ჩვენ გამო თავად უფალს არ შერცხვეს. თუმცა, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არა მხოლოდ მსხვერპლი და თავის ტკივილია, არც მხოლოდ და მხოლოდ ჯილდოა ზეციურ ეზოებში – არამედ იგი ნავსაყუდელია, განკურნებაა, წყალობაა, უსაფრთხოებაა, იმედია, გზამკვლევია და აღდგომაა აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

წყარო: გაზეთი „დემოკრატია“, 14-9-2013 წელი

სანიშნეები