წმიდა ღირსმოწამე სოსანა

3 October 2016

agia-osiomartis-sosanna-01

მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს/2 ოქტომბერს აღნიშნავს წმინდა სოსანას ხსენების დღეს.

რწმენის ყელსაბამის ძვირფასი ქვა და შეუფასებელი მარგალიტი, ჩვენი ეკლესიის წმიდანთა ჯაჭვის ერთ-ერთი ოქროს რგოლი გახლავთ წმიდა ღირსმოწამე სოსანა. იგი  მეტად „გამრჯე დედაკაცი“ იყო (იგავნი სოლომონისა 31,10),  რომელმაც სძლია სუსტი სქესისთვის დამახასიათებელ სისუსტეებს მასზე გადმოსული ძლიერი ღმრთის მადლის მეშვეობით, რაც ყოველთვის კურნავს სნეულებებს და ნაკლოვანებებს ავსებს, როგორც ეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშია ნათქვამი: „შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა“ (ეფ. 6.11). ყოველივე ამის მეშვეობით, წმიდა სოსანა გამარჯვებული დარჩა თავის ასკეტურ ბრძოლისა და ღვაწლის ასპარეზზე.

კეთილსურნელოვანი ყვავილი წარმოშობით არ იყო ქრისტიანული ოჯახიდან. მისი მამა ბერძენი კერპთაყვანისმცემელი გახლდათ, ხოლო დედა კი – ებრაელი ქალი. სოსანას მშობლები, არტემიო და მართა, იმპერატორ მაქსიმიანეს (286-305 წწ.) ეპოქაში ცხოვრობდნენ. წმიდანის სამშობლო პალესტინა გახლდათ. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა სოსანამ უარი თქვა „უღმრთოებასა და სოფლისა გულის თქუმაზე“ (ტიტეს მიმართ 2.12), ქრისტეს რწმენაში ჰპოვა თავშესაფარი, მორწმუნე გახდა და მღვდელი სილვანის წინაშე აღიარა, რომ „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“ (ეფესელთა მიმართ, 4.5)

როდესაც მისი მშობლები, არტემიო და მართა, გარდაიცვალნენ, სოსანამ გაათავისუფლა თავისი მონები და შეასრულა ღმრთის ბრძანება: „უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათე 19. 21). წმიდანმა თავისი ქონება გაანაწილა მათ შორის, ვისაც კი ამის საჭიროება გააჩნდა და დაადგა ერთადერთი სახელმწიფოს – ზეციური სამეფოს – გზას. სხეული მამაკაცის სამოსით შეიმოსა, თმა შეიჭრა და იოანეს სახელით მამათა კინოვიაში ჰპოვა თავშესაფარი. მანდრა, რომელიც იერუსალიმის რეგიონში მდებარეობდა, სოსანასთვის სათნოებათა სასწავლებლად იქცა. სწორედ აქ „განიძარცვა ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ“ (კოლასელთა მიმართ 3. 9). სოსანა უწყვეტი ბრძოლით ცდილობს ზნეობრივ სრულყოფასა და სიფხიზლეს პეტრე მოციქულის სწავლების შესაბამისად: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (1 პეტრე 5. 8). რის შედეგადაც, რამდენიმე ხანში, იგი მანდრის წინამძღვარი ხდება და მისი, როგორც იოანეს სახელი, მონასტრის საზღვრებს გარეთაც სწვდება. ანგელოზები ხარობენ ზეცაში, როდესაც სოსანას სულიერ წინსვლას ხედავენ, ხოლო ეშმაკნი კი შიშით ძრწიან. დემონებს მოჰყავთ მომლოცველი ქალი, იმისათვის რომ ცილი დასწამონ სოსანას, რომელიც იმ დროს ყველას მამაკაცი ეგონა, თითქოსდა იგი შეეცადა მის ცდუნებასა და ცოდვით დაცემას. თუმცა ქრისტეს გაბედული მხევალი ცილისწამების მწარე სასმელს დიდი მზადყოფნით ეგებება. მას გულმხურვალედ სწამს, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე მზესავით გამოანათებს, რაც მართლაც ასე ხდება. ელევთეროპულეოსის ეპისკოპოსმა, რომელიც მანდრაში იოანეს (იგივე სოსანას) დასაკითხად ჩამოვიდა, მისი მოკვეთა მოითხოვა, მაგრამ დამცველმა ეკლესიის ორი უბიწო დიაკონი მოითხოვა, რომელთა წინაშეც გამჟღავნდა წმიდანის ქალური ბუნება. გაოგნებულმა ეპისკოპოსმა არა თუ გაათავისუფლა იოანე, იგივე სოსანა, სასჯელისაგან, არამედ მისი ენერგიული სულით აღტაცებულმა ეკლესიის დიაკვნად აკურთხა იგი. ამ მოვალეობის შესრულების დროს, სოსანა ეკლესიას დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით ემსახურებოდა: „წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი“ (რომაელთა მიმართ, 12. 1). ყოველივე ამის გამო, იგი იქცა ზეციურ სათნოებათა ჭურჭლად და სასწაულმოქმედების უნარით დაჯილდოვდა. მისი გული, სადაც  ზეციური სიძის, იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა, ახლა კიდევ უფრო გულმხურვალედ ითხოვდა, რაც შეიძლება მალე მასთან გაერთიანებას. სოსანას სიცოცხლის მოწამეობრივად დასრულების დიდი სურვილი ჰქონდა. ერთხელ, მეფე ალექსანდრე ელევთერუპოლისში ჩამოვიდა და უსულო კერპებს მსხვერპლი შესწირა. სოსანამ წარმართული კეპები მხოლოდ და მხოლოდ თავისი ლოცვით დაანგრია და  თამამად აღიარა „კეთილი იგი აღსარებაჲ“ (1 ტიმოთეს მიმართ 6. 12). ახლა კი მის წინ ნამდვილად გადაიშალა წამების გზა. უხეშად, მაგრამ ლამაზად გამოიწვია ის თამამმა მოღვაწემ. წამების დროს ჯალათებმა სოსანას ორივე მკერდი მოკვეთეს, მაგრამ უფლის მადლით, წმიდანის მკერდი კვლავ უვნებლად იქცა. და სწორედ ამ მომენტში, სასწაულმა სხვა განზომილება მიიღო. ხალხმა, ვინც სოსანას წამებას თვალს ადევნებდა, ვერ შეძლო მომხდარის გააზრება და იწამა ღმერთი. ისინი საკუთარი ნებით დაადგნენ წამების გზას, რის შედეგადაც მათ თავი მოკვეთეს. ამგვარად შეემატნენ ისინი რწმენისათვის ღვაწლმოსილთა გუნდს.  ულმობელმა ჯალათებმა ნეტარ სოსანას პირში გამდნარი ტყვია ჩაასხეს, რამაც ქალს გულ-მუცელი ჩაუწვა. თუმცა, უფლის მადლით, სოსანა კვლავ უვნებელი დარჩა. ურწმუნოები ამ გამაოგნებელი მოვლენების გამო სირცხვილით იწვოდნენ. თუმცაღა თავს განგებ იბრმავებდნენ, რომ არ ეხილათ ჭეშმარიტი რწმენის სიმართლე. მათ ხომ სინათლეში ყოფნას სიბნელეში ყოფნა ერჩიათ. ამიტომაც ჯერ უმოწყალოდ სცემეს სოსანა, ბოლოს კი მისი ნაწამები სხეული ცეცხლში ჩააგდეს. სწორედ ამ დროს, ღვაწლმოსილი მოწამის გვირგვინშემოსილმა სულმა დატოვა თავისი სხეული. სოსანა გამარჯვების გვირგვინით დაჯილდოვდა „და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდების გჳრგჳნი“ (1 პეტრე, 5.4), ამ გვირგვინით იგი თავად უფალმა შეამკო და წმიდანი თავისთან – მარადიულ ნეტარებაში, თავის ზეციურ სამეფოში – იხმო. იქ სოსანა დატკბება მშვენიერი სიძის ხილვით და შეევედრება მას ყველა ჩვენგანზე, ვინც კი პატივს მივაგებთ მის გმირულ ბროლას, ურყევ სიყვარულსა და რწმენას.

ხარალამბის მ. ბუსიასი
საგალობელთა მთხზველი

სანიშნეები