სასწაულთმოქმედი ანდრონიკე და მისი მეუღლე ათანასია

22 October 2016

სახოტბო სიტყვა ჩვენი ღირსი მამისა და სასწაულთმოქმედის ანდრონიკეს და მისი მეუღლის – ღირსი ათანასიას მიმართ და მათი რამდენიმე სასწაულის შესახებ (მათი ხსენება აღინიშნება 9-/22ოქტომბერს)

ანდრონიკესი და ათანასიას ნათელი და სახელგანთქმული ცხოვრება აშკარად მეტყველებს მათ სწორ გამოწვევაზე. ისინი ცხოვრების გარდაუვალი ჯაჭვით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ორი ბავშვის მშობელნი გახდნენ, რომლებიც მათ სიკვდილმა გამოსტაცა ხელიდან.  მიუხედავად იმისა, რომ მეტად რთული განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, ცოლ-ქმარმა დიდსულოვნებაში იობს მიბაძა, რომელმაც ასე თქვა: „უფალმა მომცა, უფალმა წაიღო“. ამის შემდგომ, მათ გმირულად და გონივრულად დაარღვიეს ცხოვრებისეული კავშირები და თავიანთი ქონება მათ გაუნაწილეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, შესწირეს ზეცას. ცოლ-ქმარს ამქვეყნიური ცხოვრებისა და ხორცისათვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, მათი დამარცხება ვერც სიმდიდრეს და ვერც ფუფუნებას მოუხერხებია, მათ სამყაროს შემოქმედისათვის არ უთხოვიათ, რომ მათთვის სხვა ბავშვი ებოძებინა, არამედ ყოველი ლოგიკური საბაბი გვერდზე გადადეს, დაემშვიდობენ თავიანთ ქალაქს – ანტიოქიას,  ყველა ნაცნობს და გაემგზავრნენ იერუსალიმის წმიდა მიწაზე. წასვლისას, მხოლოდ ერთ-ერთ სიძეს (დის ქმარს) გაანდეს: „ძმაო, ჩვენი სახლი ქსენონად (მონასტრის სასტუმროდ) გადააკეთე, თუკი სიკვდილი ჩვენ უკან დაბრუნებას შეუშლის ხელს“. მზად იყვნენ თავიანთი სული უფლისთვის მიენდოთ, ამიტომაც ეს თქვეს თუ არა, მაშინვე გაემგზავრნენ, რათა მოელოცათ წმიდა ადგილები და ღირსნი გამხდარიყვნენ იმისა, რომ წმიდა და ანგელოზური სქემით შემოსილიყვნენ.

Osios Andronikos&Osia Athanasia 01

მას შემდეგ, რაც მოილოცეს უფლის საფლავი და სხვა წმიდა ადგილები და აისრულეს საწადელი, ალექსანდრიაში ჩავიდნენ, სადაც წმიდა დიდმოწამე მინას სახელობის ტაძარში დაიწყეს ცხოვრება. იქიდან გაემართნენ სკიტიში, რათა შეხვედროდნენ დიდ დანიელს, მის დამაარსებელს. ამ უკანასკნელმა ცოლ-ქმარი სიამოვნებით მიიღო. რამდენადაც წმიდა ბერმა თავისი შორსმჭვრეტელი თვალით შეიცნო, თუ რა ელოდა ნეტარ ათანასიას, ანდრონიკე დაარწმუნა, რომ იგი ოკტოკედეკატოს დედათა მონასტერში წაეყვანა, რათა იქ იგი მონაზონი გამხდარიყო. ამას გარდა, მან ცოლ-ქმარს ურჩია, რომ ერთმანეთთან კავშირი გაეწყვიტათ, რათა თითოეულ მათგანს მარტო ევლო ასკეტური ცხოვრების გზაზე. ყოვლად ნეტარნი მორჩილებით მიჰყვნენ წმიდანის რჩევას, მარხვით, მღვიძარებით, ლოცვით, მიწაზე ძილით, ცრემლითა და სხვა სიძნელეებით გულსწრაფად დაადგნენ ასკეტური ცხოვრების გზას. მათ მიზანს წარმოადგენდა ხორციელი ძალის დაძლევა, უარესის უკეთესისადმი დაქვემდებარება და სულის მიერ ხორცის დაპყრობა. უფლის მიერ ბოძებული ძალისა და დაუღალავი ღვაწლის მეშვეობით ყოვლად ნეტარმა წყვილმა ყოველივე ამის სრულქმნა შეძლო. ათანასია ასკეტურ ოფლს ღვრიდა ზემოთ აღნიშნულ მონასტერში, რომელშიც იგი მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო ანდრონიკე კი  მონაზვნად მისმა ღმრთაებრივმა წინამძღვარმა დანიელმა აღკვეცა. იგი დაუღალავი მორჩილებით იღწვოდა უფლისმიერი ცხოვრების გზაზე.

თორმეტწლიანი განშორებისა და ბრძოლების შემდეგ, როდესაც მათი სხეულის ვნებანი დაცხრა და მათ სულიწმიდის მადლით სიხარულით მიიღეს ანგელოზთა აპათიური დიდება, კიდევ ერთხელ აღეძრათ სურვილი ცხოვრების მომნიჭებელი და ყოვლად წმიდა საფლავის მოლოცვისა. ეს თითქოს უფლის რაღაცნაირი საიდუმლო განზრახვით მოხდა და ნათელია ისიც, რომ უდიდესი სათნოების ნიშანი იყო. ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, არც ანდრონიკე დაბრკოლებულა თავისი სულიერი მოძღვრის მხრიდან და არც ათანასია – მონასტრის წინამძღვრის მიერ, მათ თავ-თავიანთი ასკეტური სამყოფლიდან დაიწყეს მოგზაურობა, თითოეული მათგანი სულიწმიდით იყო შთაგონებული. სრულიად მოულოდნელად თანამგზავრნი გახდნენ და ერთიმეორეს ეკითხებოდნენ თავ-თავიანთი მონაზვნური ცხოვრების შესახებ. არც ანდრონიკეს გაუმჟღავნებია თავისი თავი, და არც – ათანასიას, რომელმაც თავი თანამგზავრს ათანასედ წარუდგინა. იგი მამაკაცის ტანსაცმლით იყო შემოსილი, რადგან ქალის სუსტი ბუნების დამალვა უნდოდა… მკაცრი მარხვის შედეგად ქალს სახე ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, ამიტომაც ანდრონიკემ სრულიად ვერ გააცნობიერა, თუ ვინ იყო მისი თანამგზავრი მონაზონი და მხოლოდ მისი ღმრთისმოშიშებითა და სიმშვიდით მოიხიბლა. თუმცაღა, ათანასიამ იცნო ანდრონიკე და სწორედ ამის გამო, მას ძალიან ცოტა და თან მორცხვად ელაპარაკა, შიშობდა, ვაითუ ბევრი ლაპარაკით ისევ ამოუტივტივდებოდა ის, რაც უკე დავიწყებული ჰქონდა. სწორედ ამიტომაც, ანდრონიკე კიდევ უფრო მეტად მოიხიბლა თავისი თანამგზავრის სიწყნარითა და მცირედ მოუბრობით.

როდესაც წმიდა ადგილს მიაღწიეს და ილოცეს, როგორც ეს სწადდათ, ისევ უკან სკიტის მიმართულებით გამოემგზავრნენ, ერთმანეთის ძალით გამხნევებულებმა გადაწყვიტეს, რომ დარჩენილი სიცოცხლე ერთად გაეტარებინათ. მაშინ ანდრონიკე მივიდა თავის ღმრთაებრივ სულიერ მოძღვართან დანიელთან და მისგან რჩევა ითხოვა.  დანიელი, რამდენადაც მას თავისი შორსმჭვრეტელობით მომავლის ხედვის უნარი შესწევდა, ეთანხმება ანდრონიკეს გადაწყვეტილებას და ამხნევებს კიდეც მას, ამკობს რა ათანასეს სათნოებას შემდეგი სიტყვებით: „ვიცნობ ათანასეს, რომელიც გამორჩეულია სათნოებით. მასთან ურთიერთობა კარგ შედეგს გამოიღებს“. მას შემდეგ, რაც ანდრონიკემ თავისი ღირსი მასწავლებლის მოსაზრება მოისმინა და მისგან კურთხევა მიიღო, ეგრედ წოდებულ ღირს ათანასესთან ერთად დაიწყო ცხოვრება.

მათ მომდევნო თორმეტი წელიწადი ერთად ცხოვრებაში გაატარეს. ანდრონიკესა და ათანასეს სახელი ცნობილი იყო არა მხოლოდ სკიტიში, არამედ – ალექსანდრიაშიც კი. მათი დიდება მთელ რეგიონში სახელგანთქმული იყო, და ამ ყველაფერს სწორედ ის უზრუნველყოფდა, ვისაც შემდეგი სიტყვები ეკუთვნის: „ისინი, ვინც მე მადიდებენ, მეც ვადიდებ მათ“. ისინი არა მხოლოდ თავიანთი საქმითა და სიტყვით ადიდებდნენ უფალს, ანდრონიკე და მისი მეუღლე ყველასთვის შესამჩნევნი იყვნენ. ანდრონიკე ოდესღაც გამოჩენილი, შესანიშნავი, მდიდარი და სახელგანთქმული მამაკაცი იყო. იგი ფლობდა ვერცხლის გადადნობის ხელოვნებას, ისევე როგორც მამამისი. რადგან მან თავის მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა მიეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრების სიამენი და მონასტრული ცხოვრება არჩია, რათა ედიდებინა უფალი მთელი თავისი არსით,  საპასუხოდ ღმერთმაც ადიდა ისინი „მიწასა და ზეცაზე“.

ამგვარად, როდესაც განვლეს მათ დიდებისა და აღტაცების ღირსი სათნო ცხოვრების გზა, მათი გარდაცვალების შედეგად დადგა მათი გვირგვინებით შემკობისა და დაჯილდოვების ჟამი. მათ ახლოს იყო ასევე ღმრთის დარი ბერი დანიელი, რომელსაც ჩვევად ჰქონდა ყოველ წელიწადს მათთან სტუმრობა. ერთი ასეთი სტუმრობისას ბერმა დანიელმა  უთხრა რა მათ ყოველივე, რისი თქმაც სურდა, თავის კელიაში წასასვლელად მოემზადა. გზის ნახევარიც არ ჰქონდა გავლილი, რომ მას სირბილით წამოეწია წმინდა ანდრონიკე და ეუბნება: „მამაო, ძმა ათანასე გიხმობს, რათა ილოცო მისთვის, იმიტომ რომ უფალთან მიდის“. ღმრთიური კაცი სწრაფად გამობრუნდა უკან და მომაკვდავს უკანასკნელ წუთებში მიუსწრო. მას შემდეგ რაც შესაფერისი სიტყვებით დაარიგა და აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ნეტარმა მას საიდუმლოდ უთხრა: „ჩემს ლოგინში წერილს ნახავ და მისი მეშვეობით შეიტყობ იმას, რაც წინასწარ უწყოდი. როდესაც ჩემი სხეული დაიმარხება, ეს წერილი ძმა ანდრონიკეს გადაეცი“. ეს თქვა თუ არა, თავისი სული უფალს მიაბარა და ღირსეულად აღესრულა. როდესაც მას სამგლოვიარო სამოსს აცმევდნენ, იქ მყოფებმა მათდა გასაკვირად შეიტყვეს, რომ იგი ქალი იყო. ამ უცნაური ამბისა და სანახაობის გამო სკიტის ყოველმა მკვიდრმა ერთად მოიყარა თავი, ხალხის ნაკადი ალექსანდრიიდანაც არ წყდებოდა. წმიდა ნაწილების დაკრძალვისას უამრავი სასწაული განხორციელდა, ღმრთის მადლით მრავალი სნეული განიკურნა და „ყველა ერთხმად ადიდებდა უფალს“, რადგანაც სწორედ მან ამ სუსტ ქალურ სხეულს გამარჯვება უბოძა. როდესაც ნეტარი ათანასიას გადაწყვეტილების თანახმად წერილი აბბა ანდრონიკეს გადასცეს, მან შეიტყო რომ მისი გარდაცვლილი ძმა არა ათანასე, არამედ ათანასია – მისი ყოფილი მეუღლე იყო, შეუძლებელია მისი სიხარულნარევი მწუხარებისა და ხალხის გაოცების გადმოცემა. ყოველივეს დაწვრილებით აღარ აღვწერ და სათქმელს შევამოკლებ.

Osios Andronikos Osia Athanasia 01

წმიდა დანიელი იქ დარჩა და ღირსს ათანასიას გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მოსახსენებელი პანაშვიდი გადაუხადა, შემდეგ კი ისევ დაადგა თავის სკიტისკენ მიმავალ გზას. მაშინ როცა გზის უკვე დიდი ნაწილი გავლილი ჰქონდა, სირბილით წამოეწია მას ვიღაც და აუწყა: „მამაო, ნუღარ გააგრძელებ გზას, რადგანაც შენი შვილი ანდრონიკე გიხმობს, ისიც უფალთან მიემგზავრება“. ბერი მაშინვე სირბილით გაბრუნდა უკან, როგორც კი ეს მისთვის იყო შესაძლებელი. ასევე შეატყობინა სკიტის მონაზვნებს, რომ ანდრონიკეს დაკრძალვაზე მოსულიყვნენ. სულიერმა მოძღვარმა წმიდა ანდრონიკეს ცოცხალს მიუსწრო, წაუკითხა ლოცვა თუ არა, მან სული უფალს მიაბარა. სკიტის მამებს სურდათ ანდრონიკეს ნეშტი თავიანთ მონასტერში გადაესვენებინათ, რადგანაც იგი მათი ძმა იყო, თუმცა ტავენისიელებს სურდათ მისი ოკტოკედეკატოს მონასტერში დაკრძალვა, რადგანაც იგი ათანასესთან ერთად ცხოვრობდა ასკეტურად, ამის გამო, დიდი აურზაური ატყდა. მღელვარება წმიდა დანიელმა ჩააქრო, რომელმაც სამართლიანად მიიჩნია, რომ ანდრონიკე თავის სულიერ დასთან ერთად დაეკრძალად, რომელთანაც იგი ასკეტურად ცხოვრობდა.

ალბათ მართებული იქნებოდა რომ ჩვენც აქ დაგვესრულებინა ჩვენი თხრობა, რადგან წმიდანებმა დაასრულეს თავიანთი მიწიერი ცხოვრება. თუმცა ცოტაოდენს კიდევ დავამატებ ტაძრის შესახებ და ასევე აღვნიშნავ მცირეს წმიდა წყვილის მიერ ჩადენილი უამრავი სასწაულიდან. რადგანაც ანდრონიკესა და ათანასიას წმიდა ნაწილების მეშვეობით უამრავი სასწაული ხდებოდა, ააგეს ტაძარი, რომელიც მათ წმიდა სახელებს მიუძღვნეს. ტაძარში არსებული ანდრონიკესა და ათანასიას ხატებიდან ოფლის მსგავსად  მირონი მოჟონავს, რომელიც ხალხს უამრავი დაავადებისგან კურნავს. მოგიყვებით ორი ან სამი სასწაულის შესახებ, რომლებიც წმიდანებში ღმრთიური მადლის არსებობას ადასტურებს.

ერთ ადამიანს განუკურნებელი დაავადება ჰქონდა ენაზე (ექიმები მას სიმსივნეს უწოდებდნენ), რომელიც საშინელი ტკივილებით ტანჯავდა. რადგანაც ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო სენის განკურნება, მან ეკლესიას მიმართა და ენაზე ზემოთ უკვე აღნიშნული მირონი იცხო.  რამდენიმე დღეში განიკურნა და მეტყველების უნარიც დაუბრუნდა.

სხვა შემთხვევა შეეხება მამაკაცს, რომელსაც პატარა ქალიშვილი ჰყავდა. ექიმების თქმით, მას შინაგან ორგანოებზე ჰქონდა აბსცესი (ჩირქგროვა), რომლის მკურნალობა მედიცინის ძალებს აღემატებოდა. მამამ ქალიშვილი წმიდანების სახელობის ტაძარში წაიყვანა, მათი ხატიდან აიღო მირონი, გაურია ის წყალში და გოგონას დაალევინა. სითხემ, რომელიც დალია, ჩირქგროვა სამართებელივით გაჭრა და ერთი ძლიერი ღებინების შემდეგ, გოგონა განიკურნა.

ერთი შემთხვევა კი შეეხება ნახევრად მკვდარ კაცს, რომელსაც რაღაც ავადმყოფობის გამო დამპალი ჰქონდა სასქესო ორგანოები. მან გაიხსენა ანდრონიკესა და ათანასიას მიერ ქმნილი სასწაულები, გაგზავნა იქ ადამიანი, რომელმაც მას მირონი ჩამოუტანა. იცხო მირონი სხეულის დაავადებულ ნაწილზე. ტკივილი სწრაფად გაუჩერდა და რამდენიმე დღეში დამპალმა ქსოვილებმაც დაიწყო აღდგენა. განკურნების შემდეგ, სწორედ ამ კაცმა იზრუნა, რომ ერთ-ერთი განათლებული ადამიანის ხელით ჩაწერილიყო წმიდანთა მიერ აღსრულებული სასწაულები და ასევე ანდრონიკესა და ათანასიას გასაოცარი ცხოვრება.

ახლა კი მე, ამდენი წლის შემდეგ, ყოვლად ნეტარო წყვილო, უფლის მიერ შეუღლებულო ბედნიერო ცოლ-ქმარო, რომელი თქვენი ღირსი ხოტბა გიძღვნათ ან როგორ გიხმოთ? თქვენი სახელგანთქმული და გასაოცარი ცხოვრება ჩრდილავს ყველანაირ საქებარ სიტყვას. თქვენ ხომ სულიერი მამაცობა უკვდავ საქმეებს დაუკავშირეთ, ხელახლა გააცოცხლეთ თქვენი სულების ღმრთაებრივი ყანა, სათნოების საქმენი დათესეთ, მოიმკეთ სიცოცხლით სავსე თავთავები, ღმრთაებრივ საუნჯეში დააუნჯეთ თქვენი საქმეების ნაყოფი, ოცდაათი, სამოცი, ასი ნაყოფი, დაითმინეთ  თქვენი შრომატევადი ცხოვრების მთელი დღის სიცხე, ფხიზლად იყავით მანამ, სანამ თქვენი ვნებები და დემონები შუაღამის სიცივემ არ გაყინა, ზეცაში დააგროვეთ თქვენი საქმეების საუნჯე და ახლა კი ტკბებით ღმრთაებრივი სიხარულის სიმდიდრით, სადაც არ არსებობს არანაირი ტანჯვა, მწუხარება და ოხვრა, არამედ მხოლოდ დაუშრეტელი სინათლე,  მხიარული ხმები, უკვდავება და სამოთხით ტკბობაა.

თქვენს წმინდა ნაწილებს წყაროსავით წასკდა მირონი. ჩემს სიტყვებს ატალიის  რეგიონიც ადასტურებს, სადაც წმიდა ანდრონიკეს წმინდა ნაწილების მცირე ნაწილს იმდენი მირონი სდის, რომ ყველგანაც რომ დარიგდეს, მაინც არ შემცირდება და უხვად მიანიჭებს კურნებას ავადმყოფებს. ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ლიკიის მირადან იყო, მუცელში სოლიტერი ჰყავდა და ძალიან იტანჯებოდა. მას შემდეგ, რაც მირონი მიიღო, მაშინვე ამოიღო. ამ მირონის ღმრთაებრივი ძალა ადამიანებსა და ცხოველებზე მეც ვნახე, როდესაც იგი ატალიიდან შუშის ჭურჭლით ჩამომიტანეს და ვადიდე უფალი და ისინი, ვინც მის მიერ განდიდებულ იქნენ, რადგან უფალი მათ, ვინც მას ადიდებს, შეუდარებელი დიდებით ამკობს.

ჰოი თქვენ, წმიდა და ყოვლად ღირსო ცოლ-ქმარო, ანდრონიკე და ათანასია, მიიღეთ ჩემი სიტყვა, როგორც მცირე ძღვენი თქვენდამი და ევედრეთ იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, რადგანაც შემართებით ხართ მასთან შემიწყალოს მე და ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს  ხსოვნას მიაგებს პატივს, რომელსაც ადიდებთ მთელი თქვენი არსით, ვისაც ჩვენც ვადიდებთ მამასა და სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყარო: წმიდა ნეოფიტე დაყუდებული, სახელმძღვანელოები – ტომი მე-3, წმიდა ბაზილიკისა და სტავროპიღიონის მონასტრის გამოცემა, წმიდა ნეოფიტე, პაფოსი 1999, გვ. 253-261.

სანიშნეები