ღირსი მამა პაისის ცხოვრების აღმწერი – მღვდელმონაზონი ისააკ სტავრონიკიტელი (1937–3/7/1998)

25 October 2016
gerontas-isaak-stavronikipianos-01

მღვდელმონაზონი ისააკ სტავრონიკიტელი, ლიბანელი მთაწმიდელი სულიერი მამა (მონაზონ გაბრიელ ფილოთეველის ფოტო)

ერისკაცობაში ფარეს ატალა 1937 წელს დაიბადა მრავალტანჯული ლიბანის ქალაქ ნამბაუში. თავის სამშობლოში ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა შესდგომია მონასტრულ ცხოვრებას. შემდგომ ამისა კი, საბერძნეთში ჩამოსულა და სწავლა დაუწყია თესალონიკის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. სწორედ ამ პერიოდში მან გაიცნო  და სულიერად დაუახლოვდა ათონის წმიდა მთის მამებს, განსაკუთრებით კი სულიერ მოძღვარ ბერ პაისს (†1994), რომლის ცხოვრების კარგი აღმწერელი გახდა კიდეც მოგვიანებით.

1979 წელს, ათონის წმიდა მთაზე იგი დიდი ანგელოზური სქემით შეიმოსა და ფილიპეს ნაცვლად ისააკად უწოდეს. მონაზვნური სქემით სწორედ ღერონდა პაისმა შემოსა. ისააკი განაწესეს ათონიადის აკადემიის მოწაფეებისა და ასევე უამრავი ადამიანის სულიერ მოძღვრად. მან კარგი მაგალითი და მებრძოლი მოღვაწის კეთილი სახელი დატოვა ქვედა კაფსალას მაცხოვრის აღდგომის სახელობის სტავრონიკიტას წმიდა მონასტრის კელიის საძმოში.

მამა ისააკი მახვილგონიერი, ტკბილმოუბარი, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი მონაზონი იყო. ყოველივე ამასთან ერთად, მას თავისი მშვენიერი ხმით არაჩვეულებრივად გალობაც შეეძლო. იგი გახლდათ ბერძნებისა და არაბების კეთილი ნუგეშინისმცემელი. არაბებისთვის სულიერი საკვების მიწოდების მიზნით, მამა ისააკმა მათთვის პატერიკული წიგნების თარგმნა დაიწყო. იგი მეტად მორწმუნე, მოკრძალებული და ღმრთის მოშიში გახლდათ. მთელი გულით უყვარდა ლოცვა, ასკეტური ცხოვრება, სასულიერო ჩინი, ბერმონაზვნობა, სათნოება და მოწყალება.

gerontas-isaak-stavronikipianos-02

მღვდელმონაზონი ისააკ სტავრონიკიტელი, თავისი კელიის შესასვლელთან.

მამა ისააკი სულიერ მოძღვარ პაისიზე თავის მშვენიერ წიგნში „ღერონდა პაისი მთაწმინდელის ცხოვრება“ შემდეგს წერდა: „აბბა ისააკის ასკეტური სიტყვები მამა პაისს ყოველთვის სასთუმალთან ედო. იგი გამუდმებით მათ გააზრებას ცდილობდა. ერთი პერიოდი, რომელიც დაახლოებით ექვსი წლის მანძილზე გრძელდებოდა, ეს მისი ერთადერთი სასულიერო საკითხავი გახლდათ. აიღებდა ერთ რომელიმე სტრიქონს და მთელი დღის განმავლობაში თავის გონებაში ხშირ-ხშირად ატრიალებდა. მას განიხილავდა ღრმად და რეალურად, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ – „ისე, როგორც ცხოველები, რომლებიც დიდხანს ცოხნიან თავიანთ საკვებს“.  ანაწილებდა კურთხევას – მისი სიტყვებისგან შემდგარ ანთოლოგიას, რათა სხვებიც ჩაეთრია განსჯის პროცესში.  სწამდა, რომ „ძალიან ეხმარებოდა აბბა ისააკის მოსაზრებანი ასკეტიკურ ცხოვრებაში, რადგანაც ცხოვრების ყველაზე ღრმა აზრი საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ადამიანს გაიაზროს ნებისმიერი სახის მცირე თუ დიდი კომპლექსები და თუკი იგი ამასთანავე არის მორწმუნე ადამიანი, მას ეხმარება მის სრულიად შეცნობაში. უმნიშვნელო ჩაფიქრებაც კი აბბა ისააკის ნააზრევში ამდიდრებს ჩვენს სულს სხვადასხვა ვიტამინებით“.

მამა ისააკი წერს, რომ ღერონდა პაისი აბბა ისააკის ნააზრევს აცნობდა ასევე საერო პირებსაც და ურჩევდა მათ, რომ წაეკითხათ იგი, თუმცა ცოტ-ცოტა, რათა მათი ათვისება შეძლებოდათ. ამბობდა, რომ აბბა ისააკის წიგნი მთელ პატერიკულ ბიბლიოთეკად ღირდა. ღერონდა არა მარტო იკვლევდა აბბა ისააკის ნააზრევს, არამედ ამასთანავე დიდ პატივს მიაგებდა მას და განსაკუთრებით ეთაყვანებოდა, როგორც წმიდანს. „პანაღუდაში“ (კელია, სადაც ცხოვრობდა ღირსი პაისი მთაწმიდელი) ეკვდერის მცირე წმიდა ტრაპეზზე ხუთ-ექვს ხატს შორის, აუცილებლად ედო ღირსი ისააკის ხატიც. მის მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამო მისცა სახელი ერთ-ერთ მონაზონს, როდესაც მას დიდი სქემა მიანიჭა…“.

იხსენებს, რომ ერთხელ, როდესაც მამა პაისის კელიას ერთ-ერთი მომლოცველი ეწვია, მას უამრავ კითხვაზე ასეთი კონკრეტული პასუხი გასცა: „ერთადერთი რამ, რაც კი საბერძნეთს შეუძლია შესთავაზოს ევროპას, არის მართლმადიდებლობა. თუმცა მეშინია და ამას ტკივილითა და წუხილით ვაღიარებ, რომ ბერძნები დღეს არ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რომ თავის თავზე ასეთი მისია აიღონ. მართლმადიდებლური უჯრედი მათ წიაღში აღარ მოქმედებს. იმაზე ვფიქრობ და გული მწყდება, თუ ხალხისათვის როგორი მაცოცხლებელი იყო თეოლოგია ძველ დროში, დღეს კი, როგორ არის ის  მათი ინტერესებიდან ამოძირკვული.“

gerontas-isaak-stavronikipianos-03

მღვდელმონაზონი ისააკ სტავრონიკიტელი, ლიბანელი მთაწმიდელი სულიერი მამა (მონაზონ გაბრიელ ფილოთეველის ფოტო)

მამა ისააკი თავის ზეციურ სამშობლოში 1998 წლის 3 ივლისს გაემგზავრა, ხანგძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, რომელმაც სასტიკად გააწვალა, თუმცაღა ბოლომდე წარბშეუხრელად გაუძლო. როდესაც მამა ისააკი საავადმყოფოში მოვინახულეთ, მშვენიერი ღიმილით შეგვხვდა და ასევე გამოგვემშვიდობა. მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართა იესო ქრისტეს აღდგომის სახელობის კელიაში. მეორე დღეს მსახურებას ესწრებოდა მისი მეგობარი, ქსანთის მიტროპოლიტი პანტელეიმონი და უამრავი მღვდელმონაზონი თუ მონაზონი. მამა ისააკი ეხლა განისვენებს ზეციურ სასუფეველში და თავისი ღვაწლის მეოხებით ტკბება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ნათელსა და მადლში, რომელიც პატარაობიდანვე შეიყვარა და მიჰყვა მას გულის უზადო მხურვალებით.

მამა ისააკის მიძინებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ, იგი ერთ-ერთმა სასულიერო პირმა იხილა და ჰკითხა: „როგორ ხარ?“. „კარგად ვარ“, ასე უპასუხა. კვლავ შეეკითხა: „ღერონდა ფანურიოსი როგორღაა?“. „კარგად“, უპასუხა. „და ღერონდა ჰეროდიონი?“, „კარგად“. მას კიდევ სხვაზეც ჰკითხა, თუმცა მამა ისააკმა უპასუხა, რომ იგი არ იყო კარგად, თუმცა არ გაუნდვია მისთვის მისი სახელი. მათ კელიაში სტუმრად მოსული ერთ-ერთი მომლოცველისთვის მამა ისააკს უთქვამს: „ძველად სურსათის მაღაზიებსა და კაფეებში საუბრობდნენ ჭეშმარიტ სწავლებებზე (დოგმატებზე). თეოლოგია იქცა საუნივერსიტეტო საკითხად და არა ცხოვრებისეულ მდგომარეობად. ახლა იგი იკვებება ლოღოკრატიით (იგულისხმება სიტყვათა ძალაუფლება), მაშინ როდესაც უნდა ეცხოვრა ლოგოსით (სიტყვით). თანამედროვე ადამიანისათვის ყველაზე დიდი ბოროტება იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების წიაღში იგი აწყდება უამრავ გაღიზიანებას.  იმდენად ბევრს, რომ მას ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ  ღმერთზე იფიქროს. ისინი, ვინც ცდილობენ ეკლესიების გაერთიანებას, თავად ჯერ არ გაერთიანებიან სულიწმიდას და არც უგრძვნიათ მასთან გაერთიანების საჭიროება.“

წყარო-ბიბლიოგრაფია:

მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მღვდელმონაზონი ისააკი (1937-1998 წწ.). პროტატონი 71/1998, გვ. 79, ისააკ მღვდელმონაზონი, სულიერი მოძღვრის პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, ათონის წმიდა მთა 2004 წელი. ბერი პაისი მთაწმიდელი (1924-1994 წწ.). ჯარისა და ღმერთის რადისტი, ათონის წმიდა მთა 2005.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის ღვაწლმოსილი მთაწმიდელების დიდი ღერონდიკონი, მე-3 ტომი – 1956-1983, გვ. 1457-1460, მიღდონიის გამომცემლობა, პირველი გამოცემა, სექტემბერი 2011 წელი.

სანიშნეები