უფლის ხორციელი ძმა, მოციქული იაკობი, ძველი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი

9 November 2016

წმიდა მოციქული იაკობი, უფლის ხორციელი ძმა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი (23 ოქტომბერი/5 ნოემბერი)

წმიდა იაკობი გახლდათ მარიამის საქმროს – იოსების ძე პირველი ქორწინებიდან.  იგი უფლის მიერ კურთხეულ იქნა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დედის მუცელში იმყოფებოდა. იაკობი იმდენად მართალი იყო თავისი ცხოვრებით, რომ მას ყველა ებრაელი „მართალს“ და „ობლიას“ უწოდებდა, რაც ებრაულ ენაზე „ხალხის საყრდენს (ბურჯს)“ და „სამართლიანობას“ ნიშნავს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან, იაკობი მკაცრ, ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. არ სვამდა ღვინოს და არც სხვა მაგარ სასმელს არ ეკარებოდა. ბაძავდა რა იოანე ნათლისმცემელს, არასდროს იღებდა ისეთ საკვებს, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების სურნელს ატარებდა. იაკობს თავზე სამართებელი არასდროს გადაესვა, როგორც ამას ავალდებულებდა კანონი ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი სურდა თავი უფლისთვის მიეძღვნა („მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს“ რიცხვნი 6, 5). არასდროს ებანავა და არ ეცხო ზეთი, სამაგიეროდ კი, სხეულის ნაცვლად, გამუდმებით ზრუნავდა თავის სულზე.

agios-apostolos-iakovos-adelfos-tou-xristou-01

იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მოციქულებმა ერთხმად აირჩიეს მართალი იაკობი იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად. სრულყოფილი საქმისა და თეორიის ყველა სათნოებაში, იაკობი მარტოდმარტო შედიოდა ახალი აღთქმის წმიდათა წმიდაში, არა თუ წელიწადში ერთხელ, როგორც ამას იუდეველთა მღვდელმთავარი იქმოდა – არამედ ყოველ დღე, რათა აღესრულებინა წმიდა საიდუმლო. სელის ქსოვილით შემოსილი სრულიად მარტო მიდიოდა ტაძარში და საათების განმავლობაში მუხლმოყრილი შესთხოვდა უფალს ხალხისა და სამყაროს გადარჩენისათვის,  დაჩოქვისაგან მას მუხლები ქვასავით  ჰქონდა გამაგრებული.

წმიდა იაკობი წინ უძღვოდა (თავმჯდომარეობდა) აპოსტოლურ სინოდს და როდესაც საქმე ეხებოდა ისეთ საკითხს – უნდა შეესრულებინათ თუ არა წინადაცვეთის რიტუალი მის თანამემამულეებს, რომლებიც ქრისტიანულ სარწმუნოებას შესდგომოდნენ, მისი მოსაზრება იყო, რომ არ დაეტვირთათ ახლადმოქცეულნი ძველი კანონის მითითებებით, არამედ „მიწერად მათდა, რაითა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან“ (საქმე 15, 20). გარდა ამისა, წმიდა იაკობმა შეადგინა ეპისტოლე, რომელმაც მისი სახელი წმიდა წერილში შეიტანა. სწორედ ამ ეპისტოლეში იგი აღნიშნავს იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ღმერთს ბოროტების მიზეზადაც მიიჩნევდნენ: „ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების“ ( იაკობ 1, 13-14).

ამასთანავე წმიდა იაკობი მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ თავიანთ სარწმუნოებაზე საუბრის დროს არ შემოფარგლონ მხოლოდ იესო ქრისტეზე საუბრით, არამედ თავიანთი რწმენა  სიკეთის სამსახურში ჩადენილი საქმეების მეშვეობით გამოამჟღავნონ: „რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკობ 2, 26). წმიდა იაკობი ასევე უამრავ რჩევა-დარიგებას იძლევა იმ მიზნით, რომ ადამიანმა შესძლოს ღმრთისთვის სასურველი ცხოვრების გზის გავლა და უფლის მიერ ბოძებული სიბრძნის მოპოვება. გვასწავლის, თუ როგორ უნდა შევძლოთ უფლის ყველა წყალობის შეცნობა: „ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო! ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ“ (იაკობ 1, 16-17). ამასთან ერთად, წმიდა იაკობმა შეადგინა საღმრთო ლიტურგია, რომელიც ატარებს მის სახელს და რომელიც წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ღმრთისმსახურებისთვის პირველწყაროს.

ქრისტეს შობიდან დაახლოებით 62 წელს, იუდეველთა მმართველის ფესტოსის სიკვდილის შემდეგ, რეგიონი უწესრიგობამ და ანარქიამ მოიცვა. ებრაელებმა, რომლებმაც მანამდე ვერ აღასრულეს თავიანთი მცდელობა და ვერ მოკლეს პავლე (საქმე  25-26), ახლა იაკობისკენ მიმართეს მზერა, რადგან მისმა, როგორც მართალი ადამიანის სახელმა ხალხი მისი ქადაგების მიმართ ნდობით აღმსჭვალა. მრავალმა ადამიანმა, მათ შორის, როგორც უბრალო მოსახლეობამ, ისე უხუცესებმა მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება. მწიგნობარნი და ფარისეველნი შიშობდნენ, რომ სულ მალე ყველა ერთხმად აღიარებდა იესო ქრისტეს, როგორც მესიას.

მწიგნობარნი და ფარისეველნი წარდგნენ იერუსალიმის ეპისკოპოსის წინაშე, ფარისევლურად და თვალთმაქცურად შეასხეს ხოტბა მის სათნოებასა და სამართლიანობის გრძნობას. მათ ეპისკოპოსს ამგვარი სიტყვებით მიმართეს: „გევედრებით შენ, სამართლიანსა და მიუკერძოებელს, რათა დაარწმუნოთ ხალხი, რომლებიც მალე შეიკრიბებიან აღდგომის აღსანიშნავად, რომ ისინი არ დამორჩილდნენ იმ შეცდომას, რომელიც იესოს პიროვნებას შეეხება. გევედრებით, რომ დადგეთ ტაძრის ფრთაზე, ისე რომ მთელმა ხალხმა შესძლოს თქვენი დანახვა და თქვენი ხმის მოსმენა და რა თქმა უნდა, იმ თანამემამულეებმაც, რომლებიც იქ დღესასწაულისათვის შეიკრიბებიან“.

როდესაც იაკობი ავიდა და დადგა ტაძრის ფრთაზე, მწიგნობარნნი და ფარისეველნნი ხალხის რიგებში იდგნენ და იქიდან უყვიროდნენ მას: „გვითხარი ჩვენ, სამართლიანო მსაჯულო, რისი უნდა გვწამდეს, რომ ხალხი გზას არის აცდენილი და სწამს ჯვარზე გაკრული იესოსი, გაგვიმჟღავნე, თუ ვინ არის ეს იესო“. მაშინ იაკობმა ჟღერადი ხმით უპასუხა: „რატომ მეკითხებით ადამიანის ძეზე? ის ახლა ზეცაშია დაბრძანებული, თავისი ყოვლისმპყრობელი მამის მარჯვნივ. იგი კვლავ მოვა ჩვენთან ღრუბლებზე მჯდომარე, რათა სამართლიანად განსაჯოს მთელი ქვეყნიერება“.

ხალხში მრავალი ისეთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაც სწამდა იაკობის სიტყვებისა და მათ ხმამაღლა შესძახეს: „ოსანა დავითის ძეს!“. მაგრამ ამ დროს, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გამოაჩინეს თავიანთი ეშვები და შესძახეს: „თუმცა არის სამართლიანი, მაგრამ იტყუება“! აცვივდნენ ტაძრის ფრთაზე და მიწაზე ჩამოაგდეს წმიდა იაკობი, რათა აღესრულებინათ ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ“ (ესაია წინასწარმეტყველი 3, 10). მიუხედავად იმისა, რომ იაკობი საკმაოდ მაღალი ადგილიდან ჩამოვარდა, იგი მაინც ცოცხალი გადარჩა. მაშინ კი იუდეველებმა ქვები დაუშინეს მას. წმიდანი წამოდგა და მუხლმოყრილმა შეჰღაღადა უფალს, მსგავსად იესო ქრისტესი და წმინდა სტეფანელი (ლუკა 23, 34; საქმე 7, 59-60): „ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

სწორედ იმ დროს, როდესაც წმიდა იაკობი ლოცულობდა თავისი მდევნელებისა და მოძალადეებისათვის, ხალხის ბრბოდან გამოსულმა ერთ-ერთმა იუდეველმა, რომელიც ძალიან განერისხებინა სამართლიანი იაკობის ესოდენ დიდი და ურყევი სიყვარულის ხილვას, აიღო ხის დიდი ჯოხი, რომლითაც მაშინ ნაჭრებს აშრობდნენ, და ჩაარტყა წმიდანს თავში. აი, ამგვარად ეწამა მართალი იაკობი უფალი იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის რწმენისათვის. იგი იქვე, ტაძართან ახლოს, დაკრძალეს. იმდენად დიდი იყო იაკობის სათნოებათა სახელი, რომ ყველაზე სკეპტიკურად მოაზროვნე ებრაელიც კი ფიქრობდა, რომ სწორედ მისი მოწამეობრივი სიკვდილი გახდა მიზეზი იმისა, რომ ქრისტეს შობიდან 70 წელს, იერუსალიმი ალყაშემორტყმმული და განადგურებული იქნა.

(მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი სინაქსარის ავტორი, ოქტომბერი, გამომცემლობა ინდიკტოსი, გვ.273-275).

 

სანიშნეები