წმიდა მთავარეპისკოპოსი ლუკა კეთილი სიტყვის ძალაზე

12 November 2016

“და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას“ (მათე 9,9,).

Agios-Loukas-3

და ვინ იყო ეს მატთეოსი (მათე), რომელიც შემდგომში დიდ მოციქულად და მახარებელად იქცა? იგი მებაჟე იყო და გადასახადებს კრეფდა. ხალხს  ბაჟის ამკრეფნი სძულდა და მათ, როგორც ცოდვილებს, ისე უცქერდა, რადგან მებაჟენი მრავალ უსამართლობას ჩადიოდნენ, ძირთადად საკუთარი თავისათვის მეტი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ ადამიანს, რომელსაც ყველა, როგორც არარაობას ისე უმზერდა და ზურგს აქცევდა, უფალი უხმობს და ეუბნება: „მომდევდი მე“.

უფლის მხოლოდ ეს ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა მებაჟის სულის გადასარჩენად, გადასატრიალებლად. იგი მაშინვე წამოდგა, ფული ძირს დაყარა და ქრისტეს გაჰყვა.

ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ქრისტეს ძახილს შეუძლია ადამიანის სულში გადატრიალება მოახდინოს. წმიდანთა ცხოვრებაში ვხვდებით უამრავ მაგალითს, როდესაც ადამიანები ქრისტეს სახარების მხოლოდ ერთი სიტყვის მეშვეობით შეუდგნენ. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ თუნდაც ერთ კეთილ სიტყვას ცოდვილი ადამიანის სულის შერყევა შეუძლია, ისევე როგორც შეირყა მებაჟე მათეს სული. ცოდვაში ჩაფლულ ადამიანებს, ქურდებს, მძარცველებსა და მკვლელებს, როდესაც კეთილი სიტყვით მიმართავ და შენ სიყვარულს, მოწყალებასა და მათ მიმართ გამოხატულ პატივისცემას უჩვენებ,  ეს მათზე ძალიან მოქმედებს.

და ჩვენც ცოდვილ ადამიანებს, უძლურებსა და უმნიშვნელო არსებებს, უფალი იესო ქრისტეს მსგავსად, შეგვწევს იმის ძალა, რომ ერთი კეთილი სიტყვითა და პატივისცემით, ავაღელვოთ და შევარყიოთ ცოდვილთა გულები. დაე, გვახსოვდეს ეს და ნურასოდეს განვსჯით ცოდვილებს, ნუ მოვახდენთ მათ დისკრიმინაციას, არამედ სიყვარულით მოვეპყროთ, მათი პიროვნების მიმართ ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ, დაე, თუნდაც თავად არ სცემდნენ საკუთარ თავს პატივს და გათელილი ჰქონდეთ თავიანთი სახება.

“და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქუეს მოწაფეთა მისთა: რაჲსათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღუარი თქუენი? ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“ (მათე, 9, 10-13).

ფარისევლები გაგულისდნენ იმის გამო, რომ უფალ იესო ქრისტეს ცოდვილ ადამიანებთან, მეძავებთან და მებაჟეებთან ჰქონდა ურთიერთობა. თავად ისინი ამგვარ ადამიანებს გაურბოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მათთან ურთიერთობა  უწმინდურობა იყო. მათ არასდროს ესაუბრებოდნენ, არამედ მათზე ბილწსიტყვაობდნენ და საქციელის გამო განსჯიდნენ.

ვიცით, რომ მრუში დედაკაცები იესო ქრისტეს ფეხებს ბანდნენ და თავიანთი თმით უმშრალებდნენ. უფლისგან ამ დედაკაცებს არასოდეს სმენიათ განკითხვა. იესო ქრისტე მათ პატიობდა და ეუბნებოდა: „წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ“ (იოანე, 8, 11).

ფარისევლებს ძალა არ შესწევდათ იმისათვის, რომ იესოს ამგვარ ქმედებას ჩასწვდომოდნენ, ცოდვილთა მიმართ მისი ასეთი დამოკიდებულებით უკმაყოფილნი იყვნენ. ხოლო, უფალმა მათ ამგვარად მიმართა: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათე, 9, 12). იგი მოვიდა იმისათვის, რომ ეხსნა ცოდვილნი. თავისი სიყვარულით ეფერებოდა ყოველ ცოდვილ ადამიანს და სთხოვდა მას შედგომოდა იმისათვის, რომ ხსნა ეპოვა. ფარისევლებს კი, რომელნიც იესოს ებუზღუნებოდნენ, მიუგო: „ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“ (მათე, 9, 13). მწიგნობარნი და ფარისეველნი თავიანთი ხსნის იმედს მსხვერპლსა და ლოცვაზე ამყარებდნენ, ხოლო უფალი კი ამბობს, რომ არ სურს მსხვერპლი, არამედ წყალობა, წყალობა ცოდვილთათვის.

მსხვერპლის საჭიროება ძველ აღთქმაში იყო, ისე როგორც ეს განსახიერდა ერთადერთ მსხვერპლში, რომელიც  უფალმა იესო ქრისტემ გვიბოძა გოლგოთას ჯვარზე. როდესაც ეს მსხვერპლი გაიცა, სხვა დანარჩენმა მსხვერპლმა თავისი მნიშვნელობა და აზრი დაკარგა, სწორედ ამის გამო, მისი საჭიროება აღარ გვაქვს.

ახლა, უფალი არ ელოდება მსხვერპლს, არამედ – წყალობას. ჩვენგან ყოველი ცოდვილისა და უარყოფილის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას ელოდება. დაე, ამგვარი ადამიანებისადმი ჩვენი დამოკიდებულება იყოს ზუსტად იგივე, როგორიც  უფალმა გვიჩვენა. ნურავის შევიძულებთ,  ნურავის მივიჩნევთ ჩვენზე ნაკლებად. დაე, ჩვენ საკუთარ და არა სხვათა ცოდვებს მივხედოთ, თავმდაბლობა და გულმოწყალება მოვიპოვოთ, მივბაძოთ უფლის თავმდაბლობასა და მოწყალებას. გვიყვარდეს უარყოფილები და დამცირებულები, სიკეთე ვქმნათ მათთვის, მათ   სულიერი დახმარება შევთავაზოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათი გადარჩენა გვსურს.

უფალი გვასწავლის, რომ როდესაც სუფრას გავშლით, ნუ დავპატიჟებთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც შემდეგ  ჩვენი მოწვევა შეეძლებათ სადილზე, არამედ, უპოვარნი და გლახაკნი მოვიწვიოთ. სურს, რომ ეს სიყვარულით ვქმნათ და ყოველთვის თანაგრძნობით მოვეპყროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ხალხი თავს არიდებს, მათ უწმინდურებსა და გარყვნილებს უწოდებს.

ჩვენმა უფალმა პარადოქსული და გასაოცარი მცნებები მოგვცა. თქვა, რომ არ უნდა მსხვერპლი, არამედ წყალობა, წყალობა ყველასთვის, ვისაც კი ეს სჭირდება. ადამიანთა უზარმაზარი, უთვალავი რიცხვი, ელის ისეთ ადამიანს, ვინც მათ მიმართ თანაგრძნობას გამოიჩენს, სიყვარულით მიმართავს და გაამხნევებს. ადამიანები ელოდებიან ვინმეს, ვინც მათ მიმართ სინაზეს გამოიჩენს და დაეხმარება, თუმცა, ნაცვლად ამისა, თავიანთ ირგვლივ გულგრილობასა და სიცივეს აწყდებიან. ზოგჯერ, ზოგიერთი ქრისტიანი ადამიანისგანაც კი, ამაზე უარესსაც – აბუჩად აგდებასა და სიძულვილს ხედავენ.

უფლის წინაშე ის, ვინც თავის ძმებს ამგვარად ექცევა, უმძიმეს ცოდვას ჩადის. ყველაფერში უფალს უნდა მივბაძოთ და მის მაგალითს მივყვეთ. დაე, შევუდგეთ ღმერთს და ნუ გვეგონება ჩვენი თავი ჩვენს გვერდით მდგომზე რაიმეთი მეტი, როგორიც არ უნდა იყოს ის – ქურდი, მკვლელი თუ ყაჩაღი, რადგან შეიძლება უფლის თვალებში ჩვენ მასზე უარესნი ვიყოთ.

გვახსოვდეს მუდამ, თუ როგორ ეპყრობოდა უფალი ცოდვილ ადამიანებს, როგორ მოექცა მებაჟე მათეს და სხვა მებაჟეებს, მრუშებსა და უწესოებს და ამით ფარისეველთა რისხვა გამოიწვია. ნუ დავემსგავსებით ფარისევლებს, არამედ მივბაძოთ ჩვენს უფალს – იესო ქრისტეს. ამინ.

 ყირიმისა და სიმფეროპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა ლუკა
 სიტყვანი და საუბრები, მე-2 ტომი
„მართლმადიდებლური სკა“ თესალონიკი

წყარო: იმპანტოკრატოროს.გრ

სანიშნეები