წმიდა ნექტარიოსი, ადამიანთა უსამართლობით ვნებული და უფლის მიერ კურთხეული

22 November 2016

წმიდა ნექტარიოსი (მისი ხსენების დღეა 9 ნოემბერი)

წმიდა ნექტარიოსი 1846 წლის 1 ოქტომბერს თრაკიის სილივრიაში დაიბადა. მისი მშობლები ღმრთისმოსავი და ღარიბი ქრისტიანები იყვნენ. ნათლობისას მისთვის ანასტასი დაურქმევიათ. წერა-კითხვა ქრისტიანულ სწავლებებთან ერთად მისთვის დედას შეუსწავლია. სილივრიაში დაუმთავრებია ასევე დაწყებითი და არასრული საშუალო სკოლა. შემდგომ ამისა კი, სწავლის გასაგრძელებლად კონსტანტინოპოლში წასულა. კონსტანტინოპოლში თავდაპირველად მას თამბაქოს მაღაზიაში დაუწყია მუშაობდა, რათა ეკონომიკურად  თავის ოჯახს დახმარებოდა. ამასთანავე დაუწყია წმიდა მამებისა და კლასიკოსი ფილოსოფოსების იმ გამონათქვამებისა და სენტენციების შეგროვება და შესწავლა, რომლებიც შესული იყო 1895 წელს გამოცემულ ორტომეულში, სახელწოდებით „წმიდა და ფილოსოფოს სწავლულთა საგანძურნი“. წმიდა ნექტარიოსს ჯერ კიდევ ოცი წელიც არ შესრულებოდა, როდესაც მას ბავშვთა ზედამხედველად დაუწყია მუშაობა კონსტანტინოპოლში, პანაღიუ ტაფუს მეტოქის სკოლაში.

agios-nektarios-pendapoleos-03

კონსტანტინოპოლიდან იგი კუნძულ ქიოსზე მიემგზავრება, სადაც სოფელი ლიფის სკოლის მასწავლებლად იწყებს მოღვაწეობას. ამის პარალელურად იგი ქადაგებს ამ რეგიონის წმიდა ტაძრებში. შვიდი წლის შემდეგ, იგი მონაზვნად აღიკვეცა კუნძულ ქიოსის „ნეა მონიში“ და მას სახელად ლაზარე უწოდეს.  სწორედ ამ პერიოდიდან იგი იწყებს მონასტრის საქმეთამმართველად მოღვაწეობას. რამდენიმე თვის შემდეგ კი ლაზარე დიაკვნად იქნა ხელდასხმული და მას სახელად ნექტარიოსი ეწოდეს.

1877 წელს, წმიდა ნექტარიოსი სწავლის გასაგრძელებლად ათენში მიემგზავრება. ამისათვის საჭირო ხარჯები ძმებმა ხორემებმა აიღეს თავიანთ თავზე. სამი წლის შემდეგ, მას მერე რაც ნექტარიოსმა დაამთავრა გიმნაზია, ისევ კუნძულ ქიოსზე დაბრუნდა. 1882 წლის სექტემბრის მიწურულს, წმიდა ნექტარიოსი ალექსანდრიაში გადადის საცხოვრებლად. სწორედ ალექსანდრიის პატრიარქი სოფრონიოსი ეხმარება მას, რომ დაამთავროს ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. სამაგიეროდ კი პირობას ართმევს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, იგი დაბრუნდება ისევ ალექსანდრიაში და მოღვაწეობას გააგრძელებს მის საპატრიარქოში.

1886 წლის 23 მარტს, მას შემდეგ რაც წმიდა ნექტარიოსი დაბრუნდა ალექსანდრიაში,  იგი ალექსანდრიის პატრიარქმა მღვდლად აკურთხა წმინდა საბას სახელობის ტაძარში. იმავე წლის აგვისტოში კი, იგი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. პარალელურად მოღვაწეობდა, როგორც მდივანი ალექსანდრიის საპატრიარქოში, შემდგომ კი, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელი ქაიროში.

1889 წლის იანვრის თვეში, ნექტარიოსი პენტაპოლისის მიტროპოლიტად აკურთხეს. იგი სამაგალითოდ და ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობებს, რამაც შედეგად მრევლის დიდი სიყვარული და მისით აღფრთოვანება მოუტანა. მიუხედავად ამისა, საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელი შურით აღივსო მის მიმართ და ცილი დასწამეს. 1890 წლის 11 ივლისს, ალექსანდრიის პატრიარქის მიერ გამოცემული „განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების“ თანახმად წმიდა ნექტარიოსი იძულებული გახდა ეგვიპტე დაეტოვებინა. ასე აღმოჩნდა იგი კვლავ ათენში, ოღონდ ამჯერად სულ მარტოდმარტო, შეურაცხყოფილი (აბუჩად აგდებული),  იგნორირებული და სრულიად ულუკმაპუროდ დარჩენილი.

1898 წლის ზაფხულში, ნექტარიოსი ათონის წმიდა მთას ეწვია, სადაც დაახლოებით ორი თვე დაჰყო და პერიოდულად სხვადასხვა მონასტერს სტუმრობდა. ამ ხნის მანძილზე მან ფართოდ გამოიკვლია ბიბლიოთეკებში შემონახული ხელნაწერები, ეძებდა რა თავისი სამეცნიერო საქმიანობისათვის სათანადო მასალას.

წმიდა ნექტარიოსს შინაგანად ყოველთვის გააჩნდა მონასტრული ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სიმშვიდისაკენ სწრაფვა, ამიტომაც მან დააკმაყოფილა ზოგიერთი თავისი სულიერი ასულის სურვილი და კუნძულ ეგინაზე კინოვიური მონასტერი დააარსა. 1908 წლიდან გადადგა რიზარის სემინარიის რექტორობიდან (სასულიერო სკოლა ათენში) და სამონასტრო საქმიანობაში განმარტოვდა. მონასტერთან ახლოს, მის კედლებს გარეთ მან საკუთარი ხარჯებით ააშენა ერთი პატარა სახლი. აღსანიშნავია, რომ იგი ენერგიულად იღებდა მონაწილეობას მშენებლობაში,  ეზიდებოდა მიწასა და ტალახს, თხრიდა და ეხმარებოდა მშენებლებს. სამწუხაროდ, იგი კვლავ ცილისწამებისა და უსამართლო ბრალდებებისაგან იტანჯებოდა, რასაც იერარქიის ზოგიერთი წევრი მონასტრის შესახებ ავრცელებდა. მონასტრის აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გახლდა შესაძლებელი. ეს ამბავი იქ მყოფ მონაზვნებს მთავარეპისკოპოს ქრისოსტომოსის წერილით ეუწყათ 1924 წლის 15 მაისს.

ცხოვრების უკანასკნელი წლები წმიდა ნექტარიოსმა ავადმყოფობაში გაატარა. სნეულება მას წარმოუდგენელ ტკივილს აყენებდა. მას შემდეგ, რაც მან მუხლი მოიყარა და ილოცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატთან, თავის მოწაფეებს აუწყა, რომ მოახლოებულიყო მისი გარდაცვალების დრო. შემდგომ ამისა კი, დაჰყვა ექიმების რჩევას და ათენის საავადმყოფოში გაემგზავრა. იქ მან თითქმის ორი თვის განმავლობაში იავადმყოფა. 1920 წლის ნოემბრის ღამეს კი, როდესაც 8 ნოემბერი სრულდებოდა და 9 იწყებოდა, მიაბარა სული უფალს. წმიდა ნექტარიოსი იმ დროს 74 წლისა გახლდათ.

მისი ნეშტი, რომელმაც კეთილსურნელების ფრქვევა იწყო, ათენიდან კუნძულ ეგინაზე გადაასვენეს. მორწმუნეებმა ნავსადგურიდან მონასტრამდე ხელით წაასვენეს მისი სხეული. ისინი სხვა ქრისტიანებთან ერთად, რომლებიც იცნობდნენ წმიდანს, ცხარე ცრემლით ტიროდნენ ქრისტეს გულისხმიერი და მოსიყვარულე მოწაფის დაკარგვას.  წმიდანი მონასტრის გარე ეზოში, მის საყვარელ ფიჭვთან, დაკრძალეს. უფალმა იგი განადიდა და მისი მიძინების წუთებიდან დღემდე ვისაც სწამს მისი შუამდგომლობისა ღმერთთან ყველა მათგანისათვის გრძელდება სასწაულების აღსრულება. წმიდანის სხეული 20 წელიწადზე დიდხანს დარჩა სასწაულებრივად უხრწნელი, აფრქვევდა რა ზეციურსა და ნაზ კეთილსურნელებას. მისი გარდაცვალებიდან 32 წლის შემდეგ, 1953 წლის 2 სექტემბერს, განხორციელდა წმიდანის სხეულის ნაწილების გადასვენება მიტროპოლიტ პროკოპიოსის თაოსნობით.

წმიდა ნექტარიოსის, როგორც ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანის ოფიციალური აღიარება 1961 წელს მოხდა მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ მაშინ დადგინდა 9 ნოემბერი მისი ხსენების დღედ.

 

სანიშნეები