სიყვარულის, პატიებისა და განჭვრეტის ბერი

15 December 2016

სამწუხაროდ, ჩვენი ეპოქა, თანამედროვე საზოგადოება, დაშორებულია სიწმინდის ხედვასა და მის ძიებას. თუმცაღა მართლმადიდებლური რწმენა წმიდანთა არსებობაზეა დამყარებული. მათ გარეშე ჩვენი ეკლესია სეკულარიზმისაკენ იქნებოდა მიდრეკილი. ბუნებრივია, როგორც ეს წმიდა წერილიდან ვიცით, „წმიდა“ არის მხოლოდ ღმერთი, ხოლო სიწმინდე იკვებება უფალთან ჩვენი კავშირის გზით, ანუ სიწმინდე თავისთავად არის თეოცენტრული და არა ანთროპოცენტრული. ადამიანის სიწმინდე დამოკიდებულია უფლის დიდებასა და მადლზე, ადამიანის ღმერთთან კავშირზე და არა მის სათნოებაზე. სიწმინდეს პირობად წინ უძღვის ყოვლად წმიდის თავისუფალი ნება. როგორც ამას წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გადმოგვცემს, ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ გვთავაზობს თავის ნებას. მის გარეშე უფალი არ მოქმედებს. წმიდანები არ მიისწრაფვიან განდიდებისაკენ, მათ სურთ უფლის განდიდება, რადგან მათი სიწმინდე უფლის სიწმინდესთან მიახლოებასა და კავშირს ნიშნავს.

მართლმადიდებლურ ეკლესიაში კურთხევის წყარო საღმრთო ზიარებაა. ვეზიარებით რა სიწმინდეს, ჩვენც წმიდანნი ვხდებით. რადგან ზიარებისას „წმიდა შესაწირავს“, იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლს ღებულობენ ეკლესიის წევრები. სიწმინდე თან ზდევს ღმრთაებრივ ზიარებას. წმიდანთა ასკეტური ბრძოლები არ გახლავთ მიზანი, ის არის საშუალება, რომელსაც ისინი მიჰყავს მიზანთან. ეს მიზანი კი ევქარისტიაა, ანუ ზიარებაა – ყველაზე სრულყოფილი და საბოლოო კავშირი წმიდასთან. კვირა დღეს, როდესაც საღმრთო ლიტურგიისას წარმოითქმება ხოლმე „მამაო ჩვენო“, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ერწყმება სიწმინდე უფლის სასუფეველს.  ვითხოვთ, რომ ღმრთის სუფევა მოვიდეს „ქვეყანასა ზედა“, რათა ყოველმა ადამიანმა ადიდოს უფალი და მონაწილეობა მიიღოს მის სიწმინდესა და დიდებაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ განღმრთობას.

უფლის სასუფეველი და წმიდანთა განღმრთობა საღმრთო მსახურების საუკუნოვანი გაფართოებაა სივრცესა და დროში, როგორც ამას წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს. წმიდანები მონაწილეობას იღებენ რა ღმრთაებრივ ევქარისტიაში, სწორედ მისი მადლით იქცევიან ღმერთებად, თუმცაღა ასევე კარგად აცნობიერებენ, რომ „მათ აქვთ საგანძური თავიანთ თიხის ჯავშანში“, უცქერენ მას „იდუმალებით“ და მოუთმენლად ელიან, თუ როდის გაიხსნება ზეცის კარიბჭე და იხილავენ ღმერთს „ვითარცა წერილ არს“. მათი ბრძოლა ვნებებისა და დემონების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება, თუმცა სჯერათ, რომ ბოროტება და ვნებები თან არ გაჰყვებათ სამოთხეში. შეიცნობენ თავიანთ დროებითობასა და უმნიშვნელობას, არ სჯერათ თავიანთი ღირსებების და სწორედ ამგვარი თავმდაბლობის მეშვეობით შესწევთ უნარი უმზირონ სხვა ადამიანებს, როგორც წმიდანებს. ყოველივე ეს კი, უკავშირდება იმ სიყვარულს, რომელიც ერთადერთია, რასაც არ მოსწყდებიან ცათა სასუფეველში.

gerontas-iakovos-tsalikis-95

უფლისადმი სიყვარული მათ პიროვნულ ბრძოლაში მჟღავნდება. იბრძვიან, რათა დაიცვან უფლის მიერ ბოძებული მცნებები. უფლის ნებისადმი მორჩილება კი ათავისუფლებს ადამიანს ვნებებისაგან და ამზადებს მასში ადგილს, რათა იქ ღმრთის მადლმა დაივანოს. ასკეტური და მოწამეობრივი სული ახასიათებს ყველა წმიდანს. წმიდა ისააკის მიხედვით, ასკეტური ცხოვრება არის სიწმინდის დედა: „მისი საშუალებით ჩნდება იესო ქრისტეს საიდუმლოებათა შეგრძნების პირველი გემო“. ან როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „წმინდანი საკუთარი ნებით კვდება, იგი უარყოფს ყოველივე ბოტორს, ყველა ვნებას… იგი უცხოა თავისი ცხოვრებისათვის და დროებით ცხოვრობს, თავის სხეულსა და ამქვეყნიურ სამყაროს გაბედულად ებრძვის… ქედმოუხრელი ცდილობს დაიცვას თავისი სულის აქსიომა“.

ჩვენი თანამედროვეობის ერთი ასეთი მადლის ჭურჭელი, სულიწმიდის საცხოვრებელი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და წმიდა სახე გახლდათ ბერი იაკობ ცალიკისი.

წმიდა იაკობი სახარების ცოცხალი ხორცშესხმა იყო, რომელსაც თავის მოწოდებად კურთხევა მიაჩნდა. ჯერ კიდევ ბავშვს თურმე ძალიან უყვარდა ლოცვა. მიდიოდა სხვადასხვა სამლოცველოში, ანთებდა სანთლებს და წმიდანების ხატებთან ლოცულობდა. თავისი სოფლის ერთ-ერთ პატარა ეკლესიაში მრავალგზის გამხდარა ღირსი იმისა, რომ წმიდა პარასკევასთან ესაუბრა. ღირსი იაკობი დაემორჩილა ღმრთის მოწოდებას, რაც ადრეული ასაკიდანვე იყო მისთვის ცნობილი, უარყო საკუთარი თავი და იესო ქრისტეს ჯვარი აღმართა, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ატარებდა. 1951 წელს, იგი ღირსი დავითის მონასტერში მივიდა, სადაც მას სასწაულებრივად თავად წმიდა მამა შეეგება.

(გაგრძელდება)

სანიშნეები