როგორ იწმინდება გული?

2 January 2017

მართლმადიდებელი ეკლესია 20 დეკემბერს/2 იანვარს დღესასწაულობს წმიდა იოანე კრონშტადტელის ხსენების დღეს.

იმისათვის, რომ ჩვენი გული განვწმინდოთ, გვმართებს დიდი ძალისხმევის გამოჩენა, მამაცი ბრძოლების წარმოება. ამასთანავე, ჩვენ ხშირი ცრემლები, განუწყვეტელი გულითადი ლოცვა და  თავშეკავება გვჭიდება. ჩვენ უნდა შევისწავლოთ უფლის სიტყვა, ასევე უნდა გავეცნოთ წმიდანთა მიერ დაწერილ ტექსტებსა და მათ ცხოვრებას. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უწყვეტი სინანულის, ხშირი საღმრთო ზიარებისა და ყოველდღიური თვითკონტროლის საჭიროება გაგვაჩნია. გვმართებს დავფიქრდეთ იმაზე, თუ რაოდენ უმწიკვლონი შექმნა უფალმა პირველქმნილი ადამიანები და თუ როგორ შემოვიდა სამყაროში ცოდვის მზაკვრობა. აუცილებელია, ჩვენში გავაანალიზოთ ყოველი ხატი და ყოველი მსგავსება და ის ჩვენზე დაკისრებული ვალდებულება, რომ უნდა ვემსგავსოთ ჩვენს შემოქმედს, ყოვლადწმიდა უფალს. ჩავუფიქრდეთ იმ ხსნას, რომელიც უფლის ძის ფასდაუდებელი სისხლის მეშვეობით მივიღეთ, იესო ქრისტეში ჩვენს ღმრთაებრივ გაერთიანებას, მცნებას, რომელიც იმისათვის მოგვეცა რათა „თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა“ (პეტრე I ეპ. 1, 15). უნდა დავფიქრდეთ სიკვდილზე, უფლის სამსჯავროზე და საშინელ ჯოჯოხეთზე.

Agios Ioanis tis Kronshtantis 01

ასევე აუცილებელია, რომ მრავალი განსაცდელი დავითმინოთ, რადგან სწორედ ისინი კურნავენ ცოდვის მიერ მოყენებულ ჭრილობებს და ვნებების ეკლებს წვავენ. „ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმე მოციქულთა. 14, 22), ამბობს პავლე მოციქული. ყოველმა წმიდანმა მრავალი განსაცდელი გამოიარა იმისათვის, რომ გულის სიწმინდისათვის მიეღწია. განსაცდელის გარეშე არც ერთ მათგანს არ დაუდგია თავზე გვირგვინი. ზოგიერთმა მათგანმა მრავალი დაითმინა მათგან, ვინც მათ დევნიდა, სხვანი კი საკუთარი სურვილისამებრ დაუძლურდნენ მარხვით, უძილობით, ასკეტური ცხოვრებითა და მიწაზე წოლით. ისინი ლოცვაში სიფხიზლეს იჩენდნენ და მისი სიტკბოების მეშვეობით იგერიებდნენ ყოველ ცოდვილ თავდასხმას.

გამუდმებით იღებდნენ მონაწილეობას ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოებაში, რადგან საღმრთო ზიარება ძლიერი იარაღია და განწმენდის, კურთხევის, სულისა და სხეულის განახლების საშუალებაა. რაც უფრო მეტად და მეტად სწავლობდნენ, მით უფრო ღრმად სწვდებოდნენ უფლის სიტყვას, თავიანთ გონებას კი უფალს უძღვნიდნენ. და ასეთი ასკეტური ცხოვრების დროს, მათ შორის ზოგიერთი კურთხეულის თვალთაგან, როგორიც იყო მაგალითად წმიდა ეფრემ ასური, განუწყვეტლივ ცრემლი მოედინებოდა. ჩვენ ხომ ძალიან გვჭირდება ცრემლი, რადგან სწორედ ცრემლი წმენდს ადამიანის გულს.

„ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა“, ვკითხულობთ საღმრთო ზიარების წინა ლოცვებში (გალობა გ, ძლისპირი).

მათ, ვინც თავიანთი ცოდვების გამო ტირიან, იციან თუ როგორ გვეხმარება ცრემლები გულის სიწმინდეს, სიმშვიდეს და ნეტარებას რომ მივაღწიოთ. რადგან თვალთაგან დადენილ ცრემლებს თან ჩვენი სულიდან ცოდვები მიჰყვებიან. ცრემლების შემდეგ ჩვენი ცნობიერება მშვიდდება, წყნარდება და ჩვენში სულიერი სიტკბოების ერთგვარ გამოხატულებას ვგრძნობთ, ერთგვარ „სულიერ კეთილსურნელებას“. სწორედ მაშინ, ჩვენი სულიერი თვალები ჩვენს წიაღში უფალს ხედავენ, რათა მან განწმინდოს ყოველი ჩვენი ცოდვა და მოგვანიჭოს თავისი ენით აღუწერელი წყალობა. მხოლოდ მაშინ შევძლებთ საკუთარი გამოცდილების შედეგად იმის გაგებას, თუ რაოდენ ნეტარნი და ბედნიერნი, მშვიდნი და სიხარულით აღსავსენი არიან ის ადამიანები, რომელთაც სუფთა და უბოროტო გული აქვთ. მათ არ ტანჯავს ცნობიერება. ცოდვები მათ უფლის უსაზღვრო წყალობის შედეგად მიეტევათ და ისინი მათ უკვე აღარ აკონტროლებენ. გააჩნიათ იმის შეგრძნება, რომ უფალი – ნეტარების წყარო, მათ ახლოს სუფევს და ღმერთი  მათშია დავანებული. ნეტარ არიან ისინი, ვისაც წმიდა გული აქვთ.

სუფთა გული სიმშვიდის და განუწყვეტელი სიხარულის მდიდარი წყაროა. ვისაც წრფელი და უმწიკვლო გული გაჩნია, კარგი რამის ხილვისას თავის წიაღში ძლიერ ხარობს. რადგან ის ყოველ ქმნილებაში უფლის ღმრთაებრიობის, სიბრძნისა და მისი ყოვლისშემძლეობის ნიშანს ხედავს. გარდა ამისა, ის ასევე თავის თავის მიმართაც გრძნობს კმაყოფილებას. გულის სისუფთავე და უფლის მიერ მონიჭებული მადლი მას სიხარულით აღსავსე ადამიანად აქცევს, როგორც ასევე სიხარულით აღავსებს მას მომავალი სიკეთენი „თვალით ვერ დაინახავენ და ყურით ვერ გაიგონებენ“, თუმცა ჭეშმარიტად იგრძნობს მის არსებობას თავის გულში.

ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ, თუ რა უბადრუკნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც მოწამლული და ეშმაკობით აღსავსე გული აქვთ! მათი გული გამუდმებული მწუხარების წყაროა. შიში და ძრწოლა ბატონობს მათზე, მიუხედავად იმისა რომ პირობითობას იცავენ და თავს გახარებულებად გვაჩვენებენ. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ცოდვები და ვნებები წურბელებივით სწოვენ მათ გულს და ფიტავენ. მათი ცნობიერება იტანჯება და მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. უფლის სამსჯავრო მათ ძრწოლას გვრის. ნეტარ არიან წმიდა გულის ადამიანები, რადგან ისინი უფალს უმზერენ. ნეტარ არიან და სამგზის ბედნიერნი ისინი, ვისაც სუფთა და უეშმაკო გული აქვს, რადგან სწორედ ისინი პირისპირ ჭვრეტენ უფალს მარადიული ცხოვრების ჟამს. ბუნებრივია, რომ წმიდა ადამიანებმა იხილონ ის, ვინც ყოვლადწმიდაა, როგორც მაგალითად, სუფთა და ჯანმრთელი თვალისთვის ბუნებრივია რომ მან სინათლე იხილოს.

თუკი, ყოველივე მიწიერს მივატოვებთ და ვიგრძნობთ თუ რაოდენი ნეტარებისა და ბედნიერების მიღება შეგვიძლია თუნდაც ამქვეყნიური ცხოვრებიდან, თავდადებულად ლოცვას მივეცემით. და მაშინ, უფალთან საუბარს დავიწყებთ ისევე, როგორც ბავშვები ესაუბრებიან თავიანთ მამას, მიუხედავად იმისა რომ მას ჩვენი საკუთარი თვალებით ვერ დავინახავთ „რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 13.12). რა თქმა უნდა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში საკმარისია რომ უფლის მყოფობის თუნდაც ძალიან მცირე შეგრძნება გვქონდეს. და თუკი, ჩვენ ღირსნი გავხდებით ასეთი მადლისა, მაშინ რაღა ვთქვათ წმიდანთა და მართალთა და მათ შესახებ, ვინც „წმინდაა გულით“, რას იგრძნობენ ისინი როდესაც მომავალ ცხოვრებაში პირისპირ იხილავენ უფალს, მას ვინც არის მარადიული სინათლისა და ნეტარების წყარო?

მაშინ რაღა ვთქვათ ანგელოზთა დასებზე, ძველი აღთქმის მამებზე, წინასწარმეტყველებზე, მოციქულებზე, პატრიარქებზე, მოწამეებზე, მონაზვნებზე და ყველა წმიდანზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ხარობს ყოველი ქმნილება ზეცასა და დედამიწაზე? რა თქმა უნდა, იქნება ნამდვილი ბედნიერება და ნეტარება, დაუსრულებელი სიამოვნება, იქ, „სადაც სუფთა მელოდიები ზეიმობენ“, იქ, სადაც არსებობს ენით აღუწერელი სიხარული იმ ადამიანებისა, ვინც მიიჩნევს რომ უფლის სახება გამოუთქმელი სიკეთეა.

მაშ, მოდით თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ სინანულის ცრემლებით, ფხიზლად ყოფნითა და ლოცვით, თავშეკავებითა და უფლის სიტყვის ხშირი შესწავლით მოვიპოვოთ სუფთა და უმწიკვლო გული. მოდით, ვიჩქაროთ რათა აღმოვფხვრათ და ამოვძირკვოთ ჩვენი გულიდან ვნებების სიბრმავე იმისათვის რომ შევძლოთ და ვიხილოთ უფალი ღმერთი ჩვენი – იესო ქრისტე, ჩვენი სულის მხსნელი.

(წმიდა იოანე კრონშტადტელი  „ნეტარებანი – ათი განმარტებითი სიტყვა“, ათენი 2005). 

სანიშნეები