ევიის მადლმოსილი ბერი

16 January 2017

წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2016/12/24/ბერი-იაკობ-ცალიკისი-თავმ/

მისი ცხოვრება გახლდათ ღმრთაებრივი მსახურება, რომელსაც ყოველდღიურად აღავლენდა  შიშითა და ძრწოლით, მთელი თავისი არსითა და აღმაფრენით. ბავშვები და სუფთა გულის მქონე ადამიანები მას ისე უჭვრეტდნენ, თითქოსდა იგი არ დააბიჯებდა დედამიწაზე ანდა მას წმიდა ანგელოზნი ემსახურებოდნენ. თუმცა ბერ იაკობს ზოგიერთ ადამიანთან საუბრისას თავადაც აღუნიშნავს, რომ საღმრთო ლიტურგიას ქერუბიმებთან, სერაფიმებთან და წმიდანებთან ერთად აღასრულებდა. ერთხელ, პროსკომიდიის დროს, მან იხილა უფლის ანგელოზები, რომლებიც გარდაცვლილთათვის განკუთვნილ ნაწილებს იღებდნენ, მიდიოდნენ და მათ იესო ქრისტეს ტახტზე, ისე როგორც ლოცვებს დებდნენ. როდესაც ბერი იაკობი ჯანმრთელობის პრობლემების გამო თავს სუსტად გრძნობდა, საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ლოცულობდა და ამბობდა: „უფალო ღმერთო ჩემო, ხედავ, როგორც ადამიანს არ შემიძლია, მაგრამ დამეხმარე, რათა აღვავლინო ღმრთისმსახურება. ამის შემდეგ კი, როგორც თავადვე ამბობდა, ჩიტივით აღვავლენდი საღმრთო მსახურებასო“.

Gerontas Iakovos Tsalikis 03

მისი ცხოვრების ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება გახლდათ ის, რომ კავშირი ჰქონდა წმიდანებთან. ცხოვრობდა და თან მათ ესაუბრებოდა, მათ ხედავდა. მას მათ მიმართ ისეთი გულწრფელი დამოკიდებულება გააჩნდა, რომელმაც მოხიბლა, როგორც წმიდა დავით ბერი (ხსენება 19ოქტომბერს/1 ნოემბერს) , ისე – წმიდა იოანე რუსი, რომლებიც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, მისი მეგობრები იყვნენ. რაც კი რამ ხდებოდა მის თავს, რაც კი რამ საჭიროება ან პრობლემა ჰქონდა, მაშინვე მიიჩქაროდა წმიდა დავითის ხატთან და მას ესაუბრებოდა. იმდენად გულწრფელი იყო იგი წმიდა დავითთან, რომ ამბობდა: „მე ყოველივეს ყურში ვეუბნები წმიდანს, ხოლო ის კი პირდაპირ მიხსნის გზას უფლისკენ“. როდესაც აუცილებელი გახდა იაკობისათვის ოპერაციის გაკეთება ქალკიდის საავადმყოფოში, რწმენით აღსავსე ბერი ასე ითხოვდა: „ჩემო წმიდა დავით, იქნებ გაიარო პროკოპიში, თან წამოიყვანო წმიდა იოანე და მოხვიდეთ აქ, რათა ჩემი შემწე იყოთ ოპერაციის დროს? ვგრძნობ თქვენი აქ ყოფნისა და მეოხების საჭიროებას“. ათ წუთში მასთან გაჩნდა ორივე წმიდანი და როდესაც ღერონდამ ისინი იხილა ლოგინიდან წამოიწია და უთხრა: „მადლობას გიხდით, რათა შეისმინეთ ჩემი ვედრება და მოხვედით აქ ჩემ სანახავად“.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათნოება მოწყალება გახლდათ. გამუდმებით გასცემდა და ურიგებდა თითოეულს მისი საჭიროებისდა მიხედვით. ჭვრეტდა, თუ მონასტერში მოსალოცად მოსული სტუმრებიდან ვის ჰქონდა ეკონომიკური სირთულეები. პირადად უხმობდა მათ, აძლევდა ფულს და თან სთხოვდა არავისთვის ეთქვათ ამის შესახებ. არ სურდა, რომ მისი გულმოწყალების შესახებ ვინმეს გაეგო.

ბერი იაკობის კიდევ ერთი სათნოება ის გახლდათ, რომ წმიდა დავითის მეოხებით დემონებს სდევნიდა. კითხულობდა ამისათვის განკუთვნილ სპეციალურ ეკლესიურ ლოცვებს, ეშმაკეულთ ჯვარს სახავდა წმიდა დავითის პატიოსანი თავის ქალით და უფლის მადლით   მრავალგზის ათავისუფლებდა ტანჯულთ.

მისი, როგორც საუკეთესო სულიერი მოძღვრის რჩევები, ხშირად გამხდარა მიზეზი იმისა, რომ ათასობით ადამიანი იესო ქრისტეს გზას შესდგომოდა. თავისი სულიერი შვილები საკუთარ თავზე მეტადაც კი უყვარდა. აღსარების დროს თვალნათლივ ჩანდა მისი სიწმინდე. არასდროს შეურაცხყოფდა ან გაამწარებდა ადამიანს. ამიტომაც სამართლიანად უწოდებდნენ მას „ტკბილ ბერ იაკობს“.

მან მრავალი ტკივილის მომგვრელი დაავადება გადაიტანა. ზოგჯერ ასე ამბობდა ხოლმე: „სატანამ ნებართვა აიღო, რომ ზიანი მიეყენებინა ჩემი სხეულისათვის“. „უფალმა ტანჯვა ჩემი სხეულისა, რომელსაც უკვე სამოცდაათი წელია რაც დავატარებ, ერთადერთი მიზეზით დაუშვა, რათა ჩემთვის თავმდაბლობა ესწავლებინა“. უკანასკნელი განსაცდელი, რაც მის ჯანმრთელობას შეეხებოდა, იყო გულის ავადმყოფობა, რომლის მიზეზი რომელიღაც ჩავლილი ცდუნება გახდა.

მას ყოველთვის ახსოვდა სიკვდილი და მოსალოდნელი სამსჯავრო. რა თქმა უნდა, იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი. ათონელ ბერდიაკონს, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეს, 1991 წლის 21 ნოემბრის დილას აღსარება ჩაიბარა, სთხოვა რომ დღის მეორე ნახევრამდე მონასტერში დარჩენილიყო, რათა ის „შეემოსა“. მას შემდეგ კი, რაც აღსარება ჩააბარა, ფეხზე წამოდგა, გაიჭიმა და ასე თქვა: „შვილო ჩემო, ადექი ფეხზე, რადგან ჩვენს კელიაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, წმიდა დავითი, ღირსი იოანე რუსი და წმიდა იაკობი შემობრძანდნენ“. „ღერონდა, რისთვის მობრძანდნენ?“. „მოვიდნენ, შვილო ჩემო, რათა წამიყვანონ“. იმავე წამს მუხლები მოეკვეთა და ძირს დავარდა. როგორც ჰქონდა ნათქვამი: „მე, როგორც ჩიტი, ისე წავალ“, ერთი ამოსუნთქვით დალია სული და დატოვა ამქვეყნიური სამყარო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს. და ასე დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. მართლაც იყო დღის მეორე ნახევარი, 4 საათი და 17 წუთი.

გარდაცვალების შემდეგ მისი სხეული იყო რბილი, თბილი და წმიდა, ხოლო ხმა, რომელიც გაისმოდა ათასეულობით ადამიანთა ბაგეებიდან „წმიდა, წმიდა… ხარ წმიდა“  წარმოადგენდა აწ უკვე ნეტარი ბერი იაკობის მორწმუნეთა ერთსულოვან აღიარებას. და ახლა, წმიდა ბერი განსაკუთრებული და გამორჩეული გულწრფელობით გვშუამდგომლობს ჩვენ ყველას უფლის წინაშე და თავისი წმიდა მიძინების შემდეგაც კი, აგრძელებს მის მიმართ მღაღადებელ მორწმუნეთა დახმარებას.

სანიშნეები