ბერი იერონიმე სიმონოპეტრელი: მორჩილების პირველი წლები

17 February 2017

წინამდებარე სტატიას გთავაზობთ: http://www.pemptousia.ge/2017/02/01/ბერი-იერონიმე-სიმონოპეტრ/

ბერი იერონიმე – მონაზონი ათონის წმიდა მთაზე (1888-1920 წწ.)

პატარა იოანე აღწევს ათონის წმიდა მთამდე, იწერს პირჯვარს და მადლობას სწირავს ღმრთისმშობელს. აქ, მისი სიყვარული ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ კიდევ უფრო იზრდება და გარდაცვალებამდე ყოველთვის, როცა კი გაიგებდა ან იტყოდა მის სახელს, ცრემლები სდიოდა თვალთაგან. იმ პერიოდში, როდესაც იოანე წმიდა მთაზე მოდის, ათონს დაახლოებით ათი ათასი მონაზონი ჰყავს. 1888 წლის 3 ოქტომბერს, ჩვიდმეტი წლის იოანე ღმრთის დიდების ღაღადებით შედის კეთილსურნელოვან ადგილას, გაივლის სიმონოპეტრას მონასტრის კარიბჭეს, რათა მიბაძოს უფლის წმიდანთა წმიდა ღვაწლს, ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბერს კი ხდება მორჩილი (ეწერება დოკიმოლოღიონში).

როგორც თავად წერს: „მიმიღო ყოვლად პატივსაცემმა იღუმენმა,  მარადშესაქებმა ღერონდამ – არქიმანდრიტმა ნეოფიტოსმა, რომელიც წარმოშობით ერეთრეის ალაცატიდან იყო … მე განმაწესეს, როგორც მორჩილი, კანონის თანახმად დახმარება უნდა გამეწია ყველა იმ მსახურების დროს, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მომიწოდებდნენ“.

I.M. Simonospetras 27

ცხოვრება, რომელიც იოანემ მთაწმიდაზე დაიწყო, ჰგავდა იმ ათასობით მონაზონის ცხოვრებას, რომელიც მასზე ადრე ცხოვრობდა ამ წმინდა მთაზე.  ეს იყო უფლის მოგონებით გაჟღენთილი, საიდუმლო  ცხოვრება, რომელიც აღსავსეა ყოველდღიური მრავალსაათიანი მსახურებებით, ხშირი ღამისთევებით, რეგულარული მარხვით. კანონი, მორჩილება, აღსარება, ღმრთაებრივი ზიარება. და ყოველივე ამასთან ერთად, ყოველდღიურად აგრძელებს იმ ცხოვრებას, რომელიც დაწყებული ჰქონდა თავის სამშობლოში – ყოველივე ზედმეტის უარყოფა. ამავდროულად იწყებს წმიდა წერილის, ასკეტი მამების ცხოვრების,  სვინაქსარების კვლევას და ცრემლებით ასველებს თითოეულ გვერდს.

იოანე თავის ერთ-ერთ პირველ მორჩილებას აღასრულებდა კარიესში კონაკძისთან (ათონის წმიდა მთის მონასტრის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობს კონაკში, კარიესში მდებარე სახლში, სადაც ცხოვრობენ სხვა მონასტრების წარმომადგენლები), მონასტრის წარმომადგენლობაში, როგორც წარმომადგენლის დამხმარე  პირი.  ორი წლისა და ექვსი თვის შემდეგ, ავადმყოფობის გამო, იგი ისევ მონასტერში ბრუნდება. შემდგომ ამისა, მას მცირე დროით აგზავნიან დაფნიში და ასევე რამდენიმე თვით ლემნოსის მეტოქში, სადაც ასრულებს მნის მოვალეობას. მონასტრის თავკაცების მიმართ გამოხატული მორჩილება მის თავმდაბლობაზე მეტყველებს.

ოთხ-ნახევარწლიანი მორჩილების შემდეგ, 1893 წლის ბზობის კვირა დღეს, იოანე  დიდსქემოსან მონაზვნად აკურთხეს და სახელად იერონიმე უწოდეს. 15 ივნისს, თავისი მფარველი წმიდანისა და მეოხის ხსენების დღეს, იგი ყოველთვის განსაკუთრებული პატივით აღნიშნავდა. ბერად აღკვეცის შემდეგ, მისთვის ახალი და უფრო დიდი ბრძოლები იწყება. იერონიმეს შესახებ ღერონდა შემდეგს წერს: „უფრო მეტ საწვავს ხარჯავდა კითხვისას, ვიდრე წყალს, რომელსაც სვამდა. ყოველთვის მდუმარე იყო, რადგან შინაგანი ჭვრეტის წყურვილი ჰქონდა. ძალიან ხშირად, როდესაც მარტო იყო, ცრემლები მდინარესავით მოედინებოდა მის თვალთაგან. არასდროს მიუახლოვდებოდა ცეცხლს, რაც არ უნდა ძლიერი სიცივე ყოფილიყო. არასდროს აძლევდა თავის სხეულს დასვენების საშუალებას, მხოლოდ მჯდომარე თუ ჩაიძინებდა მცირე ხნით.  ადამიანის ენას არ ძალუძს გადმოსცეს მისი სიღარიბე. სწორედ ეს მონაზონი იყო მონასტრის საყრდენი. მცირე საქმეების გადაწყვეტის დროსაც კი, მას ეკითხებოდნენ რჩევას. ეს თავმდაბლობით გამორჩეული ადამიანი მონასტრის სიამაყე გახლდათ“.

თანდათან მამა იერონიმეს ბრძოლის დამფასებელი ძმები  სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ მის სიახლოვეში ყოფნას. მასთან აგზავნიან მორჩილებს, რათა მათ გააცნოს მონასტრული სული. მამა იერონიმე მათ მეტად თავაზიანად ესაუბრება. ერთ-ერთი ნეტარი ღერონდა, რომელიც მაშინ მორჩილი იყო, წერს, თუ რა უთხრა მას მამა იერონიმემ: „აქ იმისათვის მოხვედი, რომ ბერი გახდე? კარგად იფიქრე ამაზე? მონაზვნური ცხოვრება უმწიკვლოთათვის ვარდია… როდესაც დაასრულებ იმ მსახურებებს, რომელიც შენ მოგანდეს, შენს ოთახში განმარტოვდები და სკამზე ჩამოჯდები, იქ, შენივე ნებით დაიწყებ თვითგვემას. დაფიქრდები იმაზე, რომ შენთვის არც ერთი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც თავის თავზე აიღო მთელი ადამიანური მოდგმის ცოდვა. ამის შემდეგ კი შენ წინ გადაიშლება უხილავი ომი. როდესაც წარმოთქვამ ჩვენი ტკბილი უფლის – იესო ქრისტეს სახელს, ყურადღება მიაქციე შენს შეგრძნებათა ყოველი კუთხე-კუნჭულით, რომელიც კი ღაღადებს უფლის სახელს, რომ არ მოვიდეს ეშმაკი და ამპარტავნებისა და სიამაყის საშუალებით არ მოგწყვიტოს ღმრთის სიყვარულს“.

ახალგაზრდა მონაზონი იერონიმე ხდება მონასტრის მდივანი, ამ მოვალეობას იგი ასევე ასრულებდა  მას შემდეგ, რაც მონასტრის წინამძღვარი გახდა. შემდგომ ამისა, მას აკისრებენ მონასტრის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის რთულ მოვალეობას. რის გამოც იძულებულია ხშირად დატოვოს ათონის წმიდა მთა, რათა შეხვდეს სხვადასხვა პირს და განახორციელოს სხვადასხვა საქმე. საკმაოდ ადრეული ხანიდან იერონიმეს აკისრებენ  მეტად საპასუხისმგებლო და შრომატევად  მოვალეობას – გზავნილებს მეტოქებში. იგი თავდაუზოგავად, სამაგალითო მორჩილებით ასრულებს თავის წინამძღვართა ნებას, საკმაოდ დიდ დროს ატარებს მონასტრის კედლებს გარეთ, დაკავებულია ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმეებით, მიუხედავად ამისა, ერთი წუთითაც არ კარგავს მონასტრული ცხოვრებისადმი თავის მოწოდებას ანდა უფალთან შინაგანი ურთიერთობის საჭიროებას.

[გაგრძელდება]

სანიშნეები