გრიგოლ პალამა და თანამედროვე თეოლოგია

30 March 2017

ჩვენმა ეკლესიამ დიდი მარხვის მეორე კვირა დღეს თესალონიკის მთავარეპისკოპოსის გრიგოლ პალამას, ხსენების დღე აღნიშნა. მთაწმიდელი ღირსი მამა, რომელსაც ასევე წილად ხვდა მღვდელმთავრის პატივი, ეკლესიის მიერ მოიხსენიება მარხვის მეორე კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა დღის მომდევნო კვირას, რომელსაც ჩვენ, მართლმადიდებლები, დიდი მარხვის პირველ კვირას აღვნიშნავთ (ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს ხატების თაყვანისცემის აღდგენას). ამით ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს ერთგვარი გაგრძელება მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა დღისა, რომელსაც ასევე შეიძლება ვუწოდოთ მართლმადიდებლობის ზეიმის მეორე კვირა დღე. ეს დღესასწაული მიუთითებს წმიდა ხატების თაყვანისცემის აღდგენის კავშირზე შეუქმნელი მადლის თეოლოგიასთან, რომლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო წმიდა გრიგოლ პალამა.

Agios Grigorios-palamas 11

მრავალი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ წმიდა გრიგოლისაგან, თუმცა ჩვენ აქ შევეხებით მისი სიცოცხლისა და თეოლოგიის მხოლოდ ორ სიმაღლეს: შეუქმნელი ნათლის მისტიკურ ხედვასა და მართლმადიდებლურ ასკეტიზმს. და ბუნებრივია, მეტად თვალსაჩინოა  მისტიკური და ასკეტური ცხოვრების კავშირი ევქარისტულ და ნიპტიკურ განზომილებასთან წმიდა მამის, როგორც ცხოვრებაში, ისე – მის თხზულებებში. ეჭვს გარეშეა, რომ სწორედ ეს არის მართლმადიდებლობა, თეორია და საქმე, სწორი დოგმა და სათნოებათა ქრისტესმიერი ღვაწლი, ჯვრის ბრძოლა და ადამიანის ღმრთაებრივ სულად მეტამორფოზა (გარდასახვა).

სულაც არ არის შემთხვევითი ის, რომ ეკლესია ასე განსაკუთრებულად მიაგებს პატივს წმიდა გრიგოლ პალამას და მის თეოლოგიას. დღეს, უფრო ზუსტად ბოლო ათწლეულების მანძილზე, სხვადასხვა და მათ შორის დასავლეთ საქრისტიანოს გავლენის შედეგად, ვხედავთ თუ როგორ მომძლავრდა მართლმადიდებლურ სამყაროში მრავალი ისეთი ტენდენცია, რომელიც თითქოსდა ავიწროებს ქრისტიანული ცხოვრების ასკეტიკურ და ნიპტიკურ სფეროს. სოციალური და პოლიტიკური თეოლოგია, ფემინისტური, ლიტერატურული, კულტურული და ა.შ. დინამიკურად იჩენს თავს ავანსცენაზე მრავალი პუბლიკაციისა და ღონისძიების მეშვეობით. ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ ან ძირი გამოვუთხაროთ ყველაფერს ზემოთ აღნიშნულიდან. თუმცა, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს არის ის, რომ არ შეიძლება რაიმე მიეკუთვნებოდეს მართლმადიდებლურ  სამყაროს, თუკი ის არ იღებს სათავეს ევქარისტულ-ლიტურგიულისა და მისტიკური – ასკეტური ცხოვრების კავშირიდან. ყველა სხვა შემთხვევაში იგი არ სცილდება ფილოსოფიური ანთროპოლოგიის სფეროს, ცოდვას, რომელიც სამწუხაროდ ვერ აიცილეს თავიდან ჩვენმა დასავლეთელმა ძმებმა, კათოლიკეებმა და პროტესტანტებმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამის გამო ებრძოდა დიდი პალამა კათოლიკე ვარლაამსა და დანარჩენ მსგავსად მოაზროვნეებს.

სწორედ აქ, კარგი იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ სხვაობა დასავლეთის სამყაროს ქრისტიანობასა და მართლმადიდებლობას შორის უფრო ღრმაა, ვიდრე ზოგიერთებს სურთ, რომ თავად დაინახონ და წარმოგვიჩინონ.  ბუნებრივია, მხედველობაში არ გვაქვს შუღლის საფუძველზე წარმოქმნილი განხეთქილებანი. უბრალოდ, ვხედავთ რა გრიგოლ პალამას ბრძოლას, ანუ იგივე ეკლესიის ბრძოლას, კათოლიკეებისადმი მიმართულს, არ შეგვიძლია არ გამოვავლინოთ ჩვენი დასავლეთელი ძმების „მართლმადიდებლობის“ პრობლემები და არ დავფიქრდეთ მათზე სერიოზულად.  უპირველეს ყოვლისა ხომ, მართლმადიდებლობა მჭიდროდ უკავშირდება ორთოპრაქსიას (სწორად მოქმედებას)…

რაც შეეხება მეორე საკითხს, რომლის განხილვაც გვაქვს განზრახული ჩვენს წინამდებარე სტატიაში და რაც ეხება მართლმადიდებლურ ასკეტურ ცხოვრების ღვაწლს, აქაც უნდა გამოიყოს ორი დონე. პირველი – ეს არის ასკეტური ცხოვრების კავშირი ადამიანის განღმრთობასთან. არ არსებობს განღმრთობის – უფლის ხილვისა და მასთან დაკავშირების არანაირი შესაძლებლობა ქრისტესმიერი ღვაწლისა (ასკეტური ცხოვრებისა) და სულიერი სიფხზლის გარეშე. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ ეგების განღმრთობა მხოლოდ ისეთი ასკეტური ცხოვრებით, რომელიც შორსაა საიდუმლო, ევქარისტიული ცხოვრებისაგან. სწორედ ამას ამბობს და გვაჩვენებს წმინდა გრიგოლ პალამა, სწორედ ეს გახლავთ რამდენიმე სიტყვით გამოთქმული მართლმადიდებლური ქრისტიანობის პემპტუსია – ქვაკუთხედი. ამაღლებული ოცნება იმისა, რომ ჩვენც ვიქცეთ უფლის მადლის ნაწილი, არ არის ფანტაზია და არც უტოპიური სწრაფვა. არამედ ეს გახლავთ ერთგვარი ონტოლოგია, ერთგვარი ჭეშმარიტება, განხორციელებული სხვადასხვა მოვლენასა თუ ისტორიაში, და თუ გნებავთ გრიგოლ პალამას სხეულის წმიდა ნაწილებში, თესალონიკში მდებარე მისივე სახელობის ტაძარში.

სხვა საფეხურს, რომელსაც აქ განვიხილავთ, კავშირი აქვს ასკეტურ ცხოვრებასთან მართლმადიდებლობასა და სხვა აღმოსავლურ რელიგიებში. ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან საქმე შეეხება ერთგვარ ასკეტურ ცხოვრებას, რომელსაც მივყავართ ადამიანური უზრუნველყოფილობის ნიჰილიზმის, ადამიანური თვითკმაყოფილების განადგურებისა და ჩვენი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შეცნობის შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთილებისაკენ.

ამის საპირისპიროდ, აღმოსავლურ რელიგიებში ასკეტურ ცხოვრებას მოაქვს „თვითრეალიზაცია“, „დაფარული“ ძალების გამჟღავნება, რის შედეგადაც ჩვენ ყველა გულუბრყვილოდ ვართ გაოცებული გურუების ან „განმანათლებლების“ ბავშვური, ან თუნდაც, დავრიშული (ფაკირული) მიღწევებით. ეკლესიაში ასკეტურ ცხოვრებას მივყავართ უიმედობისაკენ [1]. და სწორედ მაშინ იწყება გრიგოლ პალამას ლოცვით წარმოთქმული ღაღადება მისი ასკეტური ცხოვრების პირველ წლებში, ათონის წმიდა მთაზე: „უფალო, განმინათე მე ბნელი“. და ზუსტად ამ დროს ჩამოდის უფალი თავისი ბრწყინვალე და სხივმფენი ენერგიით და ხდება ღმრთიური და ადამიანური ბუნების „შერწყმა“: „რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭა. რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა, და ევლტოდეთ სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა“ (2 პეტრე, 1. 4).

სამწუხაროდ, განღმრთობის ხილვა ნელ-ნელა ქრება ჩვენი თეოლოგიიდან და ასევე ჩვენი რელიგიური განათლებიდან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მისი დაბრუნება სხვადასხვა საშუალებით: მოძღვრული (პასტორალური), საგანმანათლებლო, მონასტრული, კატეხიტიკური და ა.შ. საამისო საშუალებანი არსებობენ. ის ადამიანები კი, ვინც  ამ ისიქასტურ ტრადიციებს მიჰყვებიან, არ არიან ბევრნი. მოდი, ვილოცოთ, რათა უფალმა წმიდა გრიგოლ პალამას მეოხებითა და შემწეობით მოგვივლინოს ამგვარი მასწავლებლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ და არც გვექნება ამის უფლება ვისაუბროთ მართლმადიდებლობაზე, რადგან უბრალოდ დავკარგავთ ჩვენს იდენტურობას.

 [1] არქიმანდრიტი ემილიანე სიმონოპეტრელი, ქარისმატული გზა, წმიდა ნილოს კალავრიელის ცხოვრების კვლევა, ინდიკტოსის გამომცემლობა, გვ. 144.

სანიშნეები