„სინანული, როგორც ეს ვისწავლე თანამედროვე წმიდანებისა და ბერებისაგან“

5 April 2017

იმ პერიოდში, როდესაც ვიკვლევდით სულიერი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას, გვქონდა იმის ბედნიერება, რომ ახლოს გაგვეცნო საკმაოდ ბევრი მამა თანამედროვე ბერებიდან და წმიდანებიდან.

სინამდვილეში, რომელია ის გზა, რომელიც გვკურნავს ჩვენი ცოდვებისა და ვნებებისაგან, რომლის მეშვეობით შეგვიძლია ვითხოვოთ სიყვარული, როგორც ღმრთისა, ისე ჩვენ გვერდში მყოფი მოყვასისა?

კიდეც მოვისმინეთ და კიდეც წავიკითხეთ, რომ იმისათვის, რომ  შევიყვაროთ უფალი ღმერთი მთელი ჩვენი გულით, აუცილებელია განვიცადოთ კათარზისი, გავიაროთ სინათლეში და მივაღწიოთ განღმრთობას. ყოველივე ამას გვასწავლის წმიდა სახარება, ასევე – წმიდა მამები და ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა ტრადიცია.

წმინდა მამათა მრავალი ცხოვრება წავიკითხეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, გვქონდა საჭიროება იმისა, რომ გვესწავლა იმ თანამედროვე წმიდა მამებისგანაც, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობდნენ. ესენი გახლდნენ: წმიდა პორფირი, წმიდა პაისი, წმიდა ღერონდა იაკობ ცალიკისი, ამფიკლიაში მდებარე დადიუს მონასტრის ბერი ამბროსი, ღერონდა იოსებ ვატოპედელი, პაპა მარკოზ მანოლისი, წმიდა ბერი ანტონ გიზელი და მრავალი სხვა.

Gerondes 01

თანმიმდევრობით მოგითხრობთ იმ საუბრების შესახებ, რაც მე ამ წმიდა მამებთან მქონდა. გადმოგცემთ ასევე, თუ რა გამიმჟღავნეს მათ თავიანთი უბრალო და პრაქტიკული ენით სინანულის საიდუმლოებაზე.

1982 წელს, რაღაც კონკრეტული პრობლემის გამო, გამიჩნდა საჭიროება იმისა, რომ  ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მომენახულებინა წმიდა პორფირი. მაშინ იგი მილესში მოღვაწეობდა. იქ, მანამ სანამ იმ შენობა-ნაგებობებს ააშენებდნენ, რომელთა ხილვაც დღესაა შესაძლებელი, იდგა ერთი ბარაკი, სადაც წმიდანი ცხოვრობდა და სადაც ხალხისაგან იბარებდა კიდეც  აღსარებას.

როგორც კი მამა პორფირი დავინახე, ვიგრძენი, რომ უფლის წინაშე ვიდექი. ვიგრძენი, რომ მას ვუცქერდი უფლის შიშით, რწმენითა და სიყვარულით.

– „ღერონდა, ერთი პრობლემა მაქვს“,- მივუგე მას.

-„ვიცი“,- მითხრა და გამიმჟღავნა კიდეც ჩემი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა ჩემს ყრმობის ასაკსა და ჩემს ოჯახს.

იმ დროისათვის უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. ოჯახში წამოჭრილი სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამომესწორებინა ჩემ თავში არსებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. თუმცა, ვხვდებოდი, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით თითქმის შეუძლებელი იყო ამ პრობლემასთან გამკლავება, რადგან ის ჩემში ჯერ კიდევ ყრმობის ასაკიდან არსებობდა.

წმიდა პორფირმა ზუსტად მითხრა, თუ რა პრობლემა მქონდა, ასევე – ის დროც და ასაკიც, როდესაც ის ვისწავლე.

ამის შემდეგ, ჩემი უძლურების შეგრძნება კიდევ უფრო გაიზარდა. წმიდანს ვკითხე:

– „რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ განვიკურნო?“

– „აღსარება უნდა თქვა“, მითხრა მან.

– „მაგრამ მე ხომ ძალიან ხშირად ვაბარებ აღსარებას ჩემს სულიერ მოძღვარს“, მივუგე.

– „ეს, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი“, მითხრა. „აღსარება არ არის მხოლოდ ის, რომ წახვიდე შენს სულიერ მოძღვართან და გაუმჟღავნო შენი ცოდვები. აღსარება არის სინანული. ჯერ კარგად უნდა მოინანიო შენი ცოდვები, მერე კი წახვიდე და უთხრა მოძღვარს. გაიხსენე უძღები შვილის იგავი: ის ჯერ საკუთარ თავთან მივიდა, გააცნობიერა თავისი სიღარიბე და შიმშილი, იგრძნო, რომ მან დაკარგა მამის სიყვარული, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის სახლში და იქ ეცხოვრა მსგავსად მამამისის მსახურებისა, შემდგომ კი მკვდრეთით აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დიდი სურვილითა და თავმდაბლობით დაბრუნდა, დარწმუნებული იყო, რომ მამა მას სიყვარულით შეხვდებოდა.

მაშინ მამამ თავის უძღებ შვილს ყოველივე მიუტევა და ბრძანა, რომ იგი შეემოსათ სამოსელი პირველით, თავისი ბეჭედი მიეძღვნათ მისთვის და მის პატივსაცემად ზუარაკი იგი ჭამებული დაეკლათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მამამ უძღები შვილი მიიღო. მიუტევა მას და განკურნა.

აი, ასე მოიქეცი, ყოველ დილით ადექი და მას შემდეგ, რაც იმ ლოცვებს წაიკითხავ, რომელთაც ჩვეულებრივად კითხულობ, შენს კანონს შეასრულებ, ან ფეხზე მდგომარე წაიკითხავ ან თუნდაც სკვნილით, შემდგომ ამისა, უთხარი იესო ქრისტეს შენი ცოდვების შესახებ ღმრთისა და იმ ადამიანთა წინაშე, რომელთაც ზიანი მიაყენე და პატიება შესთხოვე“.

– „და როგორ მივხვდე, რომ ცოდვები მომეტევა?“, ვკითხე.

– „განა არ ამბობს პავლე მოციქული, რომ სულის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, რწმენა? თუკი, ამ ყოველივეს იგრძნობ სინანულის ჟამს,  ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე მიიღე პირველი ულუფა ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლისა. ანუ, როდესაც იგრძნობ უფლის არსებობას შენში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მიგეტევა შენი შეცოდებანი!

თუმცა აქ არ ვჩერდებით. აქამდე მხოლოდ ეს ვთქვით – და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი.

იესო ქრისტე კი გვთხოვს, რომ ესეც ვთქვათ: ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, ასე არაა?“

– „ასეა“, ვუპასუხე.

– „ამ სიტყვებით იესო, რა თქმა უნდა, ამბობს, თუკი ჩვენ გულით არ მივუტევებთ მათ, ვინც ჩვენ ზიანი მოგვაყენა, არც იესო ქრისტე მოგვიტევებს ჩვენ ჩვენს ცოდვებს. მაშასადამე, უპირველეს ყოვლისა, შეინანე შენი ცოდვები და როგორც კი მიიღებ შენდობას, იგრძნობ სულიწმიდის მადლსა და შვებას, მაშინ შენც უნდა შეუნდო სხვებს.

სწორედ ეს არის ზუარაკი იგი ჭამებული, ცოდვათა შენდობა და მარადიული ცხოვრება, რაც პირველმა სწორედ უძღებმა შვილმა მიიღო თავისი მამისაგან, რადგანაც მან მოინანია და შემდეგ კი, იგი გაუნაწილა თავის მეგობრებს, ანუ სიყვარული შესთავაზა მათ, ვინც კი ზიანი მიაყენა მას და თავის გულში ისინი მტრებიდან მეგობრებად აქცია.

ყოველივე ეს შეესაბამება ასევე წმიდა სვიმეონ ახალიღმრთისმეტყველის სიტყვას, რომელიც სინანულის შესახებ წერს:

„გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, მუხლი მოიყარე და უთხარი შენი ცოდვები ღმერთს და თუკი, იესო ქრისტე არ მოგიტევებს შენს შეცოდებებს, თანახმა ვარ უარი ვთქვა ჩემს ცხონებაზე!“

მაშ ასე, თქვით აღსარება, როდესაც ლოცულობთ დილით, შეინანეთ თქვენი ცოდვები, და საერთოდ, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფხიზლად,  დაინახეთ, თუ როგორ არღვევთ იესო ქრისტეს მცნებებს უპირველეს ყოვლისა, თქვენი სურვილით, შემდეგ უკვე – თქვენი ფიქრით და ბოლოს კი – თქვენი საქმით. ამას ნიშნავს ქრისტეს სიტყვა, ფხიზლად იყავით და ილოცეთ.

საუბარი (პირველი ნაწილი) შედგა თესალონიკის წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში კონფერენციის, სახელწოდებით „მონანიების სიდიადე ადამიანის ცხოვრებაში“, ფარგლებში.

[გაგრძელდება]

სანიშნეები