იესო ქრისტეს წმიდა ვნებანი და სიყვარული

12 April 2017

ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე საუბრობს სიყვარულზე, რაც თავისთავად არის არა თუ იდეა, არამედ – თავად იესო ქრისტე, რომელიც ჯვარს ეცვა ადამიანთა გადარჩენისათვის. ამავდროულად, იესო მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ მის მაგალითს –  გვიყვარდეს ჩვენი ძმები თავისუფალი, მის მიერ ნაჩვენები სიყვარულით, რომელიც გულში იხუტებს მთელ სამყაროს.

Mitropolitis AThanasios Lemesou 03

„რამდენიმე დღეა დარჩენილი იესო ქრისტეს ჯვარცმამდე და როგორც ყველა ქრისტიანი, ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ ატმოსფეროში და ვუერთდებით ამ სივრცეს, ყოველი ჩვენგანი ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ ზომიერად (გონივრულად) და ჩვენ ჩვენი ათვისების უნარის შესაბამისად, რადგან სწორედ ამ დროს მყარდება ჩვენი კავშირი ქრისტეს ვნებებთან. ვნების კვირა, რომელიც გახლავთ ეკლესიის დღესასწაულების ძირითადი ღერძი, არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ  გახსენება, ან მოგონება ან პატივის მისაგები საშუალება იესო ქრისტესი, რომელიც ორი ათასი წლის წინ  განკაცდა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის, არამედ ეს არის უფრო არსებითი და უფრო შინაგანი, რომელსაც უკავშირდება თავად ჩვენი ცხოვრება… ამ დღეების ეკლესიაში აღნიშვნა, უპირველეს ყოვლისა,  ნიშნავს იმ ფუძესა და საყრდენს, რომელზეც ადამიანს შეუძლია ააგოს თავისი სულიერი ცხოვრება. ვიზეიმოთ ჩვენი უფლის დღესასწაულები,   ეს ჩვენში ნიშნავს იმას, რომ ეკლესია საუბრობს კონკრეტულ ადამიანზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზულია და აუცილებელია სულიერ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი თქვენთვის, თანამედროვე საზოგადოების ახალგაზრდებისათვის, გავაცნობიეროთ როგორც თქვენ, ისე ჩვენ, უფროსებმა, რომ ეკლესია არ საუბრობს რაიმე იდეაზე, არამედ ის საუბრობს კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტულ პიროვნებაზე, კონკრეტულ ღმერთკაცზე, ღმერთზე, რომელიც ჩვენთვის განკაცდა… ეკლესია არ არის იდეოლოგია და იგი არ საუბრობს არც რაიმე საწყისზე, არც რაიმე იდეალურზე, არც რაიმე მნიშვნელოვანზე, არც რაიმე თეორიაზე. სახარება არ არის ერთგვარი ცხოვრების წესის შესახებ სწავლება. სახარება საუბრობს იმაზე, რაც მოხდა ჩვენთვის, ადამიანებისათვის და რაც სინამდვილეში არის ცხოვრება. სახარება არ არის უფლის სწავლება ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, არ არის სწავლება ცხოვრების სინათლეზე, არამედ თავად უფალია სიცოცხლეც, სინათლეც, აღდგომაც, გზაც, დასაწყისიც და დასასრულიც. აი, ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლოთ, რომ ვიცოდეთ, რომ ეკლესიაში ჩვენს ყველა ბრძოლას, რასაც კი შევჭიდებივართ, ჩვენს ყველა მცდელობას და ყველაფერ იმას, რასაც კი ვაკეთებთ ეკლესიის წიაღში, მიზნად აქვს ორი რამ: პირველი, რომ დაგვეხმაროს ჩვენი საკუთარი სახის აღმოჩენაში, ჩვენი პიროვნული იპოსტასის პოვნაში, ჩვენი პიროვნული მოძრაობის დანახვაში, რომ შეგვინარჩუნოს იმის შესაძლებლობა, რომ ვიმოძრაოთ ბუნებრივად, ისე, როგორც უფალმა შეგვქმნა. და ამავდროულად, აღმოაჩინოს ჩვენში არა თუ ღმერთის იდეა, არა თუ ღმერთის სწავლება, არამედ – თავად ღმერთი, და რა თქმა უნდა, ის ღმერთი, რომელიც ჩვენთვის, ადამიანებისათვის, განკაცდა, ეწამა, ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღსდგა ჩვენთვის. ანუ ეკლესია ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანის ღმერთთან შეხვედრის საშუალებას გვაძლევს. ხოლო თავად ამ შეხვედრის შინაარსი ანუ არსი არაფერია, თუ არა თავად სიყვარული. ღმერთი სიყვარული არს. თუმცა თავად სიყვარული არ არის ღმერთი.  სიყვარული ეს იდეაა და იდეა არ შეიძლება იყოს ღმერთი. მაგრამ ღმერთი ეს სიყვარულია. ადამიანი, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, რომელიც არის უფლის ყველაზე სრულყოფილი ქმნილება, უფლის შესაქმის გვირგვინი, არის ასევე სიყვარული. ამგვარად, ეკლესიას სურს ადამიანს მისცეს საშუალება იმისა, რომ იგი უფალთან ურთიერთობის გზაზე წინ დაწინაურდეს იმ სიყვარულით, რომელიც ასრულებს და რომელიც მართლაც რომ გამოხატავს მთელ მის არსებობას. რადგანაც დაცემამდე ადამიანს უყვარდა უფალი სრულყოფილი სიყვარულით, მას ავტომატურად უყვარდა სამყაროც და მის გარშემო მყოფნიც. ამ სიყვარულის მეშვეობით ადამიანი იყო  სრულყოფილი და თავისუფალი. დაცემის შემდეგ დაირღვა ადამიანის პიროვნება, მისი სახე. მისი მთლიანობა დაიფანტა, ისევე როგორც დაიფანტა მისთვის მიცემული უფლის მადლი. ამ მდგომარეობის შედეგად გაჩნდა ვნება და ცოდვა, რომელმაც დაასუსტა და მიმოფანტა ადამიანის ძალა. ამ შემთხვევაში ეკლესიას აქვს მკურნალის ფუნქცია. იგი თავის გარშემო იკრებს ადამიანებს არა იმიტომ რომ გონება გამოუჭედოს უამრავი თეორიით, არ ეუბნება ხალხს, რომ შენ ეს უნდა გააკეთო და შენ ამას დამპირდი, არამედ ეკლესია ადამიანებს აძლევს სულიერ წამლებს, სამკურნალო წამლებს, რომლებიც მას ეხმარებიან გამოღვიძებასა და საკუთარი თავის პოვნაში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი წამალია საეკლესიო საგალობლები. როცა ადამიანი მათ უსმენს, მასში ნელ-ნელა იღვიძებს უფლის შეგრძნება, უფლისკენ სწრაფვა.

Stavrosis, Golgothas 03

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ვნებას აქვს ზუსტად შემდეგი მნიშვნელობა: რადგანაც ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ხოლო უფალს სურს არა თუ დაამცროს ჩვენი თავისუფლება, იგი პატივს ცემს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას, ისე რომ შეგვიძლია თუნდაც თავად უფლის არსებობაც კი უარვყოთ, უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის ორი სერიოზული მიზეზის გამო: პირველი –  მისი ჯვარცმა იყო ჩვენება ჩვენ მიმართ არსებული მისი უსაზღვრო სიყვარულისა, იმდენად რომ უფალი მზად იყო თუნდაც მომკვდარიყო ჩვენთვის და შესაბამისად ეჩვენებინა ადამიანებისათვის ის გზა, რომლის მეშვეობით ჩვენ შევძლებდით განგვეხორციელებინა ჩვენი სიყვარული მთელი სამყაროს მიმართ. და მეორე – რათა აეღელვებინა ჩვენი გულები და ჩვენთვის მოეცა ხელმოსაჭიდი და უფლება იმისა, რომ იგი შეგვეყვარებინა, რომ გულის წიაღში გვეგრძნო და შეგვეცნო, თუ როგორ ვუყვარვართ უფალს. სწორედ ამაში გვეხმარება ჩვენ ეკლესია ღმრთისმსახურებების, საგალობლების, მარხვის, ლოცვის, აღსარების, ღამისთევის, ასკეტური ცხოვრების საშუალებით. ეკლესია ამ წამლების სამკურნალო ზემოქმედების გზით გვეხმარება, რომ გაიღვიძოს ჩვენმა გულმა და მოძრაობა დაიწოს ამ სიყვარულში უფალთან ერთად. თუმცა, ამავდროულად მას პრაქტიკული შედეგებიც აქვს.

აბა, დაფიქრდით, თუკი ოდესმე გამოვცდით უფლის ვნებას და გავაცნობიერებთ, რომ სიყვარული სრულყოფილ სახეს იღებს სხვა ადამიანისთვის სიკვდილის გზით, გავაცნობიერებთ, თუ რა საფუძველზე დგას ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთან, რა საძირკველზე დგას ჩვენი ურთიერთობა სხვა ადამიანთან, რა საფუძველზე დგას ჩვენი ურთიერთობა ქორწინებაში – ჩვენს მეუღლესთან, ჩვენს შვილებთან, ჩვენს თანამშრომლებთან, ჩვენ გვერდზე მდგომ ადამიანებთან, მაშინ გავიგებთ, რომ ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს მეორე ადამიანი, არაფერს ითხოვს მისგან. „სიყუარული არა ეძიებნ თავისასა“, ამბობს პავლე მოციქული. სიყვარული თავისთვის არაფერს ითხოვს. სიყვარული სრულყოფილ სახეს იღებს, როდესაც შენ მეორე ადამიანს აძლევ მთელს შენს არსებობას. სრულყოფილი სიყვარული კი შორსაა შიშისაგან. სიყვარულს არ შეუძლია, რომ როდესმე შიში განიცადოს, რადგანაც სიყვარული ნიშნავს ადამიანის სახის დასრულებას. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვეშინია, რომ შევიყვაროთ ვინმე ან მაგალითად ასე ვამბობთ: „მაგრამ, რომ მივცე ამის უფლება… მერე გამომიყენებს, ზედ გადამივლის,  დამიმონებს, გამაქრობს“ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვაქვს სიყვარულის ძალა. სიყვარული აღემატება ამას ყველაფერს. სიყვარულს არ გააჩნია არანაირი ძალადობა. სიყვარული ეს ნიშნავს, რომ სრულად მისცე შენი თავი სხვას, ისევე როგორც უფალმა თავისი თავი მოგვიძღვნა მთელ სამყაროს. სახარებიდან ვიცით, რომ მაშინაც კი, როდესაც უფალი ჯერ კიდევ  ჯვარზე იყო გაკრული და როგორც ადამიანი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წამებს ითვლიდა, მას ორი ფიქრი უტრიალებდა: პირველი, რომ ელოცა თავისი მამისადმი და მეორე, ფიქრობდა მათზე, ვინც იგი ჯვარს აცვა. მაშასადამე, იგი თავისთავზე კი არ ზრუნავდა, არამედ მათზე, ვინც იგი ჯვარს აცვა. ჩვენ ვიცით, თუ როგორ ლოცულობდა იესო მათთვის: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.  აქ ჩანს, რომ ქრისტე არ ადანაშაულებდა მათ, ვინც იგი ჯვარს აცვა, არამედ ამ ადამიანებს ერთგვარი გამართლებაც კი მოუძებნა, რომ არ იციან, რას აკეთებენ, სჩადიან ამას მხოლოდ იმის გამო, რომ არ იციან, თუ რას ჩადიან. და რომ სცოდნოდათ, ჭეშმარიტებაა, რომ არ გააკეთებდნენ.

გეთსიმანიის ბაღშიც, როდესაც იესო ლოცულობს და ოფლის ნაცვლად მისი სხეული სისხლის წვეთებით იცვარება, სახარებიდან ვიცით რომ უფალი ამ სიტყვებს ამბობს: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“. განა ეს იყო ლოცვა იმისათვის, რომ იესოს შეეშინდა სიკვდილის და ევედრებოდა უფალს, რომ აეცილებინა მისთვის სასუმელი ესე? რა თქმა უნდა, არა. ეს ლოცვაც იყო ჩვენთვის, ადამიანებისათვის. უფალს არ უნდოდა იმ გზით დაესრულებინა ამქვეყნიური სიცოცხლე, რა გზითაც დაასრულა. რათა ჩვენ, ვინც შეიყვარა იესომ სრულყოფილი სიყვარულით, არ გავმხდარიყავით ისინი, ვინც იგი ჯვარს აცვა. რადგან მასში არსებული სიყვარულისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანები, რომელნიც მან სრულყოფილი სიყვარულით შეიყვარა, მას ჯვარს აცვამდნენ. ვხედავთ, რომ უფლის მთელი საზრუნავი, მთელი სითბო, სიყვარული, ყველა ფიქრი იყო ადამიანისადმი, ყოველი ჩვენგანისადმი მომართული.

და თუკი, ძმანო ჩემნო, ჩვენც განვიცდით ამ დღეებს, მაშინ გავხდებით უფრო უკეთესი ადამიანები. მაშინ გავიგებთ, თუ რას ნიშნავს ეს ღმრთაებრივი კავშირი სხვა სამყაროსთან. მაშინ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი არსებობის მიზანი არ არის, რომ გადავრჩეთ ჩვენ, არამედ რომ გადარჩეს ჩვენი ძმა ჩვენი მეშვეობით, რომ ჩვენ ვიქცეთ ჩვენი ძმის სიცოცხლედ და საკვებად. და თუკი განვიცდით, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს ბრწყინვალებით მოსილ აღდგომის ღამეს, როდესაც ის საუბრობს იესო ქრისტეს აღდგომაზე, ნურავის შეეშინდება სიკვდილის. საინტერესოა რატომ ამბობს ამას ოქროპირი, რატომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის, იქნებ იმიტომ რომ უგრძნობლები ვართ? რა თქმა უნდა, არა. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უფალმა თავისი აღდგომით გაგვათავისუფლა სიკვდილისაგან. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ბიოლოგიური სიკვდილი, მას ყველა ჩვენგანი გაივლის. იგულისხმება ის, რომ იესომ ჩვენ გაგვათავისუფლა სიკვდილის შიშისგან, სიკვდილის ტირანიისაგან. ჩვენთვის, ეკლესიის შვილებისათვის, არ არსებობს სიკვდილი, რადგანაც უფალმა მოგვანიჭა მისი დამარცხების საშუალება. ხოლო სიკვდილის დამარცხების  საშუალება კი არის სიყვარული, ის სიყვარული, რომლითაც უფალმა თავისი თავი შესწირა მსხვერპლად მთელ სამყაროს და სამყაროს ხსნა მოუპოვა ჯვრით, გოლგოთით, გეთსიმანიით. ქრისტეს მთელი გზა ეს არის ღმრთაებრივი მსახურება მთელი სამყაროს ხსნისთვის აღვლენილი. თუკი ყოველივე ამას გავაცნობიერებთ, როგორი სხვანაირები გავხდებით, თუნდაც ჩვენს ოჯახებში, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენს მეუღლეებთან და ჩვენს შვილებთან, აღარ შეგვეშინდება სხვა ადამიანის, რომლისთვისაც ყველაფერს თავისუფლად გავიღებთ. არ შეგვეშინდება სიკვდილის და არა მხოლოდ ბიოლოგიური სიკვდილის, არამედ სიკვდილისკენ მიმავალი თითოეული მოძრაობის. შეუძლებელია შეაკრთო იმ ადამიანის სული, რომელსაც უყვარს იესო ქრისტე. უპირველეს ყოვლისა კი, არ შეგვეშინდება იმისა, რომ გვერდზე ჩავიწიოთ ჩვენ და ჩვენი ადგილი დავუთმოთ ჩვენს ძმას, ჩვენ წინ დავაყენოთ ნებისმიერი სხვა ადამიანი, როგორც მაგალითად ამბობდა ხოლმე ერთი ღერონდა, მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით: „დიდი სიამოვნებით, როგორც გსურთ“ და თავისუფლად მივუძღვნათ მთელი ჩვენი არსებობა სხვა ადამიანს. ერთი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი ასე ამბობდა: სხვა ადამიანი არის ჩემი ტანჯვა (ჯოჯოხეთი). მაშინ, როცა ეკლესია და წმიდა მამები ამას ამბობენ: დაინახე შენი ძმა, ესე იგი დაინახე უფალი ღმერთი შენი. ჩვენთვის სხვა ადამიანი არ არის ჩვენი საფრთხე, არამედ იგი, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი მტერი, არის ჩვენი სიცოცხლე, არის ჩვენი უფალი ღმერთი, იესო ქრისტეს სახე. ამიტომაც, თუკი სწორ გზას დავადგებით, მივენდობით ეკლესიის მკურნალობას, გაიღვიძებს ჩვენი სული. და ყოველთვის, როცა კი ვიდღესასწაულებთ უფლის ცხოვრებიდან რომელიმე მოვლენას, განსაკუთრებით კი, ყოველ ჯერზე, როცა კი გავივლით ვნების კვირას, იესო ქრისტეს წამების გზას, ვიპოვნით ჩვენ ჩვენ თავს და კვლავ შევიძენთ ჯანმრთელობას, კვლავ შევიძენთ ჩვენს არსებობას, ჩვენს იპოსტასს, რომელიც სრულდება ამ სიყვარულში, ვიპოვნით ძალას, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი და რომელიც ჩვენ გვაკავშირებს უფალთან და ჩვენს საკუთარ თავთან და ჩვენს გვერდით მდგომთან და მთელს შესაქმესთან. აღარ გავაგრძელებ საუბარს, უბრალოდ ვისურვებ, რომ უფლის მადლმა დაგვიფაროს და გადაგვარჩინოს ამ დიდი გამოცდილების ჟამს, რომელიც მართლაც რომ გვაქცევს თავისუფლებად, ისეთებად, როგორადაც შეგვქმნა ღმერთმა“. ამინ!

სანიშნეები