აღდგომა, ჯვარზე ასვლით+

14 April 2017

ა) ჯვარი წინ მიუძღვის აღდგომას, დიდი პარასკევი თავის წიაღში ატარებს აღდგომის ბრწყინვალე კვირას. მწუხარებას, სევდას და სასოწარკვეთილებას სიხარული და აღდგომის სიმშვიდე ცვლის. აღდგომა ჯვრის გარეშე ვერ შეიცნობა, ხოლო აღდგომის გარეშე კი ჯვარს არა აქვს აზრი. აღდგომა ყველაზე საუკეთესოდ ჯვარს მიღმა იფარება. სწორედ ამის გამო, მართლმადიდებლური აღდგომა არის ჯვრის აღდგომა. ყოველი ადამიანი მთელი ხორცით, სულითა და რწმენით მონაწილეობს მკვდრეთით აღმდგარ უფალთან შეხვედრის ამ დიდ დღესასწაულში. მაცხოვართან ერთად გზის გავლა და ჯვარცმა ადამიანს ღმრთიური ცეცხლის მონაწილედ აქცევს და მას ქრისტესთან ზიარებული ძმების ჭეშმარიტი გაერთიანებისაკენ მიუძღვის.

Stavrosis 94

ბ) იოანე მახარებელი აღდგომის ღმრთაებრივი ლიტურგიის სახარებაში (იოვანე, 1, 1-17) გვაუწყებს, რომ ღმერთის სიტყვა იქცა ადამიანად. უფალი განკაცდა და ადამიანებს შორის დაემკვიდრა, ამგვარად გამოამჟღავნა თავისი ღმრთაებრივი დიდება. იგი ჭეშმარიტი სინათლეა, რომელიც ყოველ ადამიანს, ვინც კი ამქვეყნად იბადება, გზას უნათებს. თუმცა, იმისათვის, რომ ადამიანმა შეიცნოს ღმრთის მოსვლა, საჭიროა, თავიდანვე გაითავისოს ნათლობის გზით, სამსახოვანი ღმერთის სახელით მიღებული ღმრთიური ნათელი. ასეთ შემთხვევაში, ქრისტეს სხეულთან, ეკლესიასთან გაერთიანება და წმიდა საიდუმლოებებთან მიახლება მას აძლევს იმის საშუალებას, რომ დაიტიოს ღმრთიური ნათელი.

გ) პარალელურად, მას ასევე მოეთხოვება ხანგრძლივი ადამიანური თანხმობა და ხორცის მოკვდინების გზით გულმოდგინება. „განვწმიდოთ ჩვენი გრძნობები და აღტაცება გამოვხატოთ აღდგომის მიუწვდომელი ნათლის მიმართ“, გალობს წმიდა მეფსალმუნე. ამაში თავისი წვლილი როგორც მარხვას, სინანულს, მეტანიას, თავშეკავებას, შინაგან მწუხარებას, ასევე ნებისმიერი საქმის სიყვარულით გამოხატულ წრთვნას, სწრაფვას შეაქვს. ზოგიერთები ქრისტეს მხოლოდ როგორც ღმერთს, ისე ხედავენ. მაშინ, როდესაც სხვანი, მას მხოლოდ როგორც ადამიანს, ისე აღიქვამენ. პირველნი იესოს იმდენად შორს მოიაზრებენ, რომ ვეღარ სწვდებიან. მეორენი კი მას ღმრთაებრიობისგან ძარცვავენ და ზოგადად, ადამიანს ართმევენ განღმრთობის, პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილის დაძლევის ღმრთივმომადლებულ შესაძლებლობას.

დ) თუმცა, ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, გვიჩვენებს სიკვდილზე გამარჯვების გზას და იქცევა „გარდაცვალებულთაგან პირველი“. ყოველ ქრისტიანს შეუძლია მის გზას მიჰყვეს. იმისათვის, რომ შეხვდეს ქრისტეს ჯვარს უნდა აცვას თავისი ვნებები. მოკლას ისინი სინანულისა და ცოდვიანი სიცოცხლის გამო დადენილი ცრემლების მეშვეობით, და აწმყო ცხოვრებაში ეზიაროს აღდგომის სიკეთეს. გულმოდგინედ დაიცვას ღმრთიური მცნებები და შეიძინოს ის სათნოებები, რომლებიც მას პიროვნული თავისუფლებისა და სიკვდილისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემენ. „და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომაელთა მიმართ ეპისტოლე, 6, 9).

ე) აღდგომის ნათელი სამყაროზე გულუხვად იღვრება. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს ამ ნათლის ძალის შეცნობა, საჭიროა გულწრფელი გრძნობის ორგანოები და სუფთა თვალები. ხშირად, სარწმუნოებრივი სიბრმავე ხელს უშლის ამ ურთიერთობას. მაგრამ, აღდგომის ბრწყინვალე დღეს, დაე თუნდაც ბუნდოვნად, ყველა შეიგრძნობს ღმრთიური შუქის სხივს, რომელიც მის გონებასა და გულს ნათელს ჰფენს. მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ტრადიციაში, განმარტოების მეშვეობით, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ხალხური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც აცხადებენ, რომ ადამიანებს სრულიად არა აქვთ დავიწყებული ნათლობის შედეგად მიღებული ნათელი. სააღდგომო დიდი კელაპტარი, სააღდგომო მისალმება, საერთო ტრაპეზი, ქრისტესთან ერთად სიყვარულით ძმური თაყვანისცემა, საფლავების მონახულება და ა.შ. მათ შორის რამდენიმეს წარმოადგენს.

ვ) სააღდგომო დიდი კელაპტარი, რომელიც ჩვეულების მიხედვით, ნათლიის საჩუქარია, დნება, კაშკაშებსა და ანათებს, გადაეცემა რა ჯვარზე აღდგომის ქრისტიანულ ზნე-ჩვეულებას. ასევე მისალმების ფორმები – „ქრისტე აღსდგა“ და „ჭეშმარიტად აღსდგა“, უმეტეს ადგილზე რაიმე სხვა სახის მისალმებას ენაცვლება და ორმოცი დღის განმავლობაში, აღდგომის პიროვნული გამოცდილების გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთან, ამ წმიდა დღეებში, გარდაცვალებულთა საფლავებზე გასვლა, ხალხის იმ რწმენაზე მიუთითებს, რომ ქრისტეს აღდგომა მათ სულებს გააცოცხლებს და მთელი ადამიანურ მოდგმას აღდგომის უპირატესობას წარმოუჩენს.

ზ) თუმცა, ადამიანის მცდელობის უმაღლეს წერტილს, იმისათვის რომ იგი უფლის ვნებებისა და აღდგომის თანამონაწილე გახდეს, საჭიროა შინაგანი აუცილებლობა ღმრთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოებაში მონაწილეობის მიღებისა. საკმარისია მხოლოდ, რომ ეს მოხდეს „სუფთა შეგნების“, „ნათელი გულის“ და მოყვასის მიმართ სიყვარულის შემდეგ, მაშინ, წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად „ყველა ტკბება რწმენის ნადიმით. ყველა ეზიარება პატიოსნების სიმდიდრეს. არავინ ტირის თავის სულიერ შიმშილზე, რადგან გამოჩნდა საერთო სამეფო. არავინ მოთქვამს თავის შეცდომებზე რადგან შეწყნარების თხოვნა საფლავიდან გაისმა. არავის აღარ ეშინია სიკვდილისა, რადგან ჩვენ მაცხოვრის სიკვდილმა გვიხსნა. ქრისტე აღსდგა და ანგელოზნი ხარობენ. ქრისტე აღსდგა და სიცოცხლე მეფობს“. საღმრთო სჯული აღმატებულია და სიხარული ავსებს ადამიანთა გულებს!

 

სანიშნეები