ღირსი პაისი: „მოძღვარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თუნდაც ჯოჯოხეთში ჩავიდეს საკუთარი სულიერი შვილების გამო“

3 May 2017

ბერი პაისი მთაწმიდელი

მამა პაისის ქება-დიდებასა და წარდგენას არა აქვს ჩვენგან საჭიროება. მან თავისი ქრისტესმიერი სიყვარულით დაკავშირა უფალი და ადამიანები და სწორედ ამის გამო ხშირია მისი ქება უფლის ტაძარში.

ღირსს პაისს იშვიათი უნარი ჰქონდა იმისა, რომ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი განათლებისა და სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი დაემშვიდებინა. მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ფსიქიატრ-ფსიქოანალიტიკოსმა მამა პაისთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენს მონასტერში გამოიარა. იგი, არათუ მხოლოდ დამშვიდებული იყო, არამედ ასევე გამომიტყდა, რომ ის, რაც მას ბერმა უთხრა –  ფსიქიატრიის უკანასკნელი სიტყვები იყო. ცნობილია, რომ მამა პაისი არ კითხულობდა სხვა წიგნებს, გარდა სახარებისა და ამბა ისააკ ასურის სწავლებისა.

Osios Paisios 14

იმისათვის, რომ დაამშვიდო სული, არ უნდა დაზოგო არც დრო და არც გარჯა. ოდესღაც მაოცებდა ის, თუ როგორ ახერხებდა ღერონდა იმ ახალგაზრდების განკურნებას, რომელთაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გააჩნდათ. პატივისცემის გამო, მისთვის ეს არასდროს მიკითხავს. წლების შემდეგ კი, მან ამგვარად უპასუხა ჩემს გაოცებას: „როდესაც ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, ყურადღებით უნდა მოუსმინო და რამდენ საათსაც არ უნდა გელაპარაკოს, არ უნდა აგრძნობინო, რომ დაიღალე, ამით ყველაფერს წყალში ჩაყრი. ერთ დღეს, მე ერთ-ერთ ახალგაზრდას გაუნძრევლად ვუსმენდი ცხრა საათის განმავლობაში, რის გამოც ჩემი ნაწლავები არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა“. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მამა პაისის თავდადებული სიყვარული სასწაულებს ახდენდა.

ერთხელ, როდესაც ღერონდას ვეკითხებოდი ამა თუ იმ პრობლემებზე, რომელთაც, როგორც სულიერი მოძღვარი, გადავაწყდებოდი ხოლმე აღსარების ჩაბარებისას, მან ასეთი სიტყვები მითხრა: „მისმინე მამაო, როდესაც ვინმე სულიერი მოძღვარი ხდება, მათთვის, ვინც კი მას აღსარებას აბარებს, ჯოჯოხეთში ჩასვლასაც არ უნდა მოერიდოს. სხვაგვარად, გახდე სულიერი მოძღვარი, შეუძლებელია. მაგრამ მე შენ გეუბნები, რომ სულიერი მოძღვარი ჯოჯოხეთს, როდესაც ის იქ ჩავა, სამოთხედ გადააქცევს, რადგან მას თან ექნება სიყვარული“. არაჩვეულებრივი სიტყვებია, რაც მხოლოდ  ღმრთივმოსილ კაცს შეიძლებოდა ეთქვა.

ცნობილია, რომ უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე, ჩვენმა დედა ღმრთისმშობელმა იზრუნა იმისათვის, რომ ათონის წმიდა მთაზე მონაზვნების რიცხვი გაზრდილიყო. მამა პაისი იმ ბერების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მრავალ ახალგაზრდას დაეხმარა მონაზვნად გახდომის გადაწყვეტილების მიღებაში. გარდა ამისა, ღერონდამ დახმარება გაუწია მრავალ ახალგაზრდა მონაზონს იმაში, რომ მათ მყარად გაედგათ ფესვი მთაწმიდაზე და ნაყოფი გამოეღოთ. მამა პაისი ყოველთვის ჩვენი თანამებრძოლი გახლდათ ჩვენი ახალგაზრდა მონაზვნების აღზრდისათვის წამოწყებულ ბრძოლაში, ღერონდა  მრავალ მათგანს დაეხმარა ეშმაკის, ვნებებისა და ამქვეყნიური სამყაროს დაძლევაში.

ხშირად გვირჩევდა ხოლმე ბერი პაისი, რომ გვქონოდა სულიერი კეთილშობილება და თავმოყვარეობა. ეს ღირსებანი ახასიათებდა თავად მასაც, რაც უწყის ყველამ, ვინც კი მას იცნობდა. ერთხელ, იგი მოვინახულე პატიოსანი ჯვრის სახელობის მის ძველ კელიაში. საუბრის დასრულების შემდეგ, როდესაც მას გამოვემშვიდობე, საკმაო მანძილზე გამომაცილა. როგორც კი ვუთხარი, რომ არ უნდა გარჯილიყო ასე და უნდა დაბრუნებულიყო თავის კელიაში, გამომემშვიდობა და გამცილდა. მისთვის დაბრუნებაზე რომ არაფერი მეთქვა, როგორც ჩვენი წარმომადგენელი კარიესში ისე გამომყვებოდა ბოლომდე.

 

სანიშნეები