Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
შევიყვაროთ მოყვასი | PEMPTOUSIA

შევიყვაროთ მოყვასი

19 May 2017

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/05/10/რატომ-უნდა-გვიყვარდეს/

გთავაზობთ საუბრის გაგრძელებას, სადაც ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე ხსნის, თუ რა არის ის ჭეშმარიტი სიყვარული, რომელზეც საუბრობდა უფალი იესო ქრისტე, რატომ უნდა გვიყვარდეს ყველა გამონაკლისის გარეშე და რას ნიშნავს აღთქმა იმისა, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრებიც კი, მაშინ როდესაც იგი აღნიშნავს, რომ წმიდანებმა სწორედ თავიანთი სიყვარულის შედეგად შეძლეს რომ უფალს მიმსგავსებოდნენ, უფალი ხომ „წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“.  

მაშასადამე ჩვენთვის აუცილებელი საჭიროებაა, რომ გვიყვარდეს. ეს დიდი ხელოვნება კი უნდა დავიწყოთ უფლის შეცნობის პირველი წუთიდანვე. სიყვარულისაკენ მიმავალ კიბეს უამრავი საფეხური აქვს. ამ სიყვარულის მიღწევა არაა ერთბაშად შესაძლებელი. მისკენ მიმავალი ადამიანი ნელ-ნელა, საფეხურების გავლით მიისწრაფვის მისკენ. თქვენ უნდა დაახრჩოთ ძველი ადამიანი თქვენში, რათა დაიბადოთ ხელახლა, ქრისტესმიერ ადამიანად. უფლის ყველა მცნება მიმართულია იმისაკენ, რომ ადამიანმა მოიპოვოს ამგვარი სიყვარული. ასევე ყოველივე ის, რასაც აკეთებს ადამიანი, უნდა ემსახურებოდეს უფლის სიყვარულის მოპოვებას. ეს სიყვარული, სიყვარულის ეს მოძრაობა, უპირველეს ყოვლისა მიისწრაფვის უფლისკენ, ხოლო უფლიდან კი მოემართება ადამიანისაკენ, შემოქმედებისაკენ და ჩვენი საკუთარი თავისკენ.  ადამიანი, რომელსაც უპირველესად უყვარს ღმერთი, არ გააღმერთებს მის ირგვლივ არსებულ გარემოს, არ გააღმერთებს საკუთარ თავს ან თავის ძმებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ არ აღმერთებს, რადგან მაშინ, როდესაც ჩვენთვის არ არსებობს ღმერთი,  ვამბობთ ხოლმე, რომ გვიყვარს გარემო და ვაღმერთებთ მას, ვთქვათ, გვიყვარს ნაცნობი, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ გვიყვარს ის. გვიყვარს მანამდე, სანამ მისგან არანაირი წყენა ან ზიანი არ მიგვიღია. მაგალითად, მდიდარი და ასაკოვანი ქალბატონები, რომლებიც შეღებილები არიან, გრძელი ფრჩხილები აქვთ, ისიც შეღებილი წითლად ან შავად, მწვანედ ან ლურჯად, ყველანაირფრად. ეს ქალბატონები ძალიან დიდ ფულზე თამაშობენ კარტს. მაშინ როცა ხედავ, რომ ბავშვი ბაზარში დატანტალებს, ყიდის რაღაცეებს, რომ ოცი ევრო მაინც იშოვნოს. რაზე ფიქრობს ის ხალხი, რომელნიც გართობისათვის ამდენ ფულს ფლანგავს, ხოლო ბავშვი კი მშიერი დადის? რა თვალთმაქცობაა ეს? ხარჯავ უამრავ ფულს, გიჭირავს ჩანთა, რომელიც 5 ათასი ევრო ღირს. გინახავთ ასეთი ჩანთები? არა, და გოგონებო, არც სიზმარში? მე ასეთი ჩანთა ცხადში მინახავს. მინახავს ჩანთა, რომელიც 6 ათასი ევრო ღირს. ერთხელ, მოვიდა ერთი გოგონა, რომელსაც მაგარი ჩანთა ეჭირა და მეუბნება ჩემი პირველი ცოდვა ეს ჩემი ჩანთაა. თუმცა არაფერი არ ედო შიგნით. ვეკითხები, რატომაა შენი ჩანთა შენი ცოდვა? მეუბნება, რომ ეს ჩანთა ღირდა 6 ათასი ევრო. ვეკითხები, ჩემო გოგონა, ჯერ ქმარს არ მოუკლიხარ?  (იცინის) ექვსი ათასი ევრო ერთი ფორთოხლისფერი ჩანთა. რად გინდა? კარგი, გჭირდება ჩანთა, რომ ჩადო შიგ შარფი ან საფულე, პასპორტი, მაგრამ რა აზრი აქვს ჩანთას? კი, ვიცინით ახლა, მაგრამ ეს ყველაფერი ტრაგიკომიკურია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვარ მილიონერი, მაქვს 50 მილიონი ევრო ბანკში და რა მოხდა მერე რომ ასეთი ძვირფასი ჩანთა შევიძინო? მაგრამ, როდესაც მოწყალებას გასცემ, მაშინ ამის ანალოგიური უნდა იყოს ისიც.

სიყვარულს, ჩემო შვილებო, სჭირდება დიდი ბრძოლისუნარიანი განწყობა. მოდი, უბრალო საქმეებით დავიწყოთ ეს დიდი ბრძოლა. როგორც სახარება გვეუბნება, მოდი, მივუტევოთ ჩვენს ძმებს და აი, აქედან დავიწყოთ. ერთხელ, ერთი წმიდანის მოსანახულებლად მივიდნენ და მას ჰკითხეს: რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ? წმიდანმა სულიწმიდის მადლით იხილა, რომ ამ ადამიანებს სიყვარულთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ და მიუგო: სახარება გვეუბნება, თუკი, ერთ ლოყაში გაგვარტყამენ, მეორე მივუშვიროთ. უპასუხეს, რომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება. კარგი, მაშინ როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორეში შენ ნუ გაარტყამ. უპასუხეს, რომ ესეც რთულია. კარგი, მაშინ როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ, შეეცადე არაფერი უთხრა და თავი შეიკავო. არც ეს შეგვიძლია,- უპასუხეს. მაშინ ეუბნება წმიდანი თავის მოწაფეს: მიდი ერთი სუპი გააკეთე, რაღაც ვერ არიან ჯანმრთელად ეს ადამიანები. ესე იგი, თუ ეს არ შეგვიძლია, ის არ შეგვიძლია, მაშ როგორღა უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმ დიდ სიყვარულს? ადამიანმა მისკენ მიმავალი გზა უნდა დაიწყოს უბრალოებით, გულღიაობით, მოწყალებით, სხვა ადამიანის თავისუფლების პატივისცემით, ადამიანური პიროვნულობის პატივისცემით. ამიტომ ვამბობთ ყოველთვის, რომ სიყვარული თავმდაბლობის შედეგად ჩნდება. არც ერთ ამაყს ან ეგოისტ ადამიანს არ შეუძლია უყვარდეს სხვა ადამიანი. რადგანაც ეგოისტს უყვარს მხოლოდ თავისი თავი, თავისი იდეები, უყვარს თავისი უსაფრთხოება, უყვარს ის, რაც არის თვითონ. არ შეუძლია დაუშვას აზრი, რომ სხვა ადამიანის მსგავსია, რომ ვინმე მასზე უკეთესი შეიძლება იყოს. თავმდაბალ ადამიანს შეუძლია გადალახოს ეს უბრალო წინააღმდეგობანი, მაშინ როდესაც ეგოისტ ადამიანს არ შეუძლია მათი გადალახვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესიის თეოლოგია ამბობს, რომ ადამიანი მოწოდებულია რომ იქცეს ატომიდან პიროვნებად. რა არის ატომი? ატომი არის ის, რაც არ იყოფა. ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ატომი არის ის, რისი დანაწევრებაც შეუძლებელია. როდესაც ადამიანზე ვამბობთ ატომიაო, ვგულისხმობთ ისეთ ადამიანს, რომელიც თავის თავშია ჩაკეტილი და არაფერს უნაწილებს სხვებს. ამიტომაც მოგვიწოდებს ეკლესია, რომ დავძლიოთ ჩვენი ატომიზმი (ეგოიზმი) და ვიქცეთ პიროვნებებად, ისეთებად, როგორადაც ჩვენ შეგვქმნა ღმერთმა. მოგვიწოდებს, რომ ურთიერთობა დავამყაროთ პიროვნულად სხვა ადამიანებთან, გავუნაწილოთ მათ ყოველივე ის, რაც გააჩნია ჩვენს გულს და ამ გაღებით გავიხაროთ. გავიაზროთ, რომ სხვა ადამიანისათვის თუნდაც ღიმილის, სიტყვის, სიყვარულის გაღება აუცილებელია. და არა მხოლოდ და მხოლოდ ამის. მაგალითად, თუკი ადამიანი მშიერია, არ არის საკმარისი მხოლოდ გავუღიმოთ და ვუთხრათ: მიყვარხარ ძალიან. მას საჭმელი უნდა. ოდესღაც ათონის წმიდა მთაზე, ერთ-ერთ მონასტერში, რომელსაც აქვს მშვენიერი ფრესკები, მშვენიერი ეკლესია, მშვენიერი კანდელები, მშვენიერი ხის ტემპლონი (საკურთხევლის კარი) იდგა მონაზვნების სიმცირის ჟამი. ამ პერიოდშივე არსებობდა ერთი მონასტრული ძმობა, რომელიც იმყოფებოდა ათონის მთის გარეთ არსებულ მონასტერში. ეს მონასტერი არ იყო არც მაინცდამაინც ძველი, არც ფრესკები გააჩნდა, არც წმინდა რელიკვიები, არც ტემპლონი, არც წმიდა ნაწილები, თუმცა იქ ცხოვრობდა უამრავი კარგი მამა. სწორედ ეს საძმო მიიწვიეს, რომ დამკვიდრებულიყო ათონის მთის ზემოხსენებულ მონასტერში. იღუმენი, რომელიც გახლდათ ბრძენი, გამოცდილი და სათნო ადამიანი, ფიქრობდა, თუ როგორ შეძლებდნენ იქ ცხოვრებას, რადგან წლებია ეს მონასტერი გაუკაცურებული იყო, ჰქონდა უამრავი პრობლემა, როგორც ეკონომიკური, ისე ადამიანური. თუმცა მამებმა, რომლებიც ახალგაზრდები და ენთუზიზმით სავსენი იყვნენ (ყველა დაახლოებით 25-27 წლისა) დაუწყეს ხვეწნა იღუმენს, რომ იმ მშვენიერ მონასტერში გადასულიყვნენ. მაშინ იღუმენიც დაეთანხმა მათ. შეაგროვეს თავიანთი ნივთები და მოვიდნენ ათონის მთაზე. გავიდა ერთი წელიწადი და მასთან ერთად პირველმა ენთუზიზმაც ჩაიარა. ერთხელ  ეკითხებიან მამები იღუმენს: ღერონდა, რას შევჭამთ დღეს?  რას შევჭამთ და არაფერს, რა გვაქვს შესაჭმელი? მოდი, ჭამეთ მაკარონი,- უპასუხა მათ ღერონდამ.  მაგრამ მაკარონი რომ ვჭამეთ გუშინაც? ბრინჯი არ გვაქვს, ლობიო არ გვაქვს, მაშინ მიირთვით ტემპლოსი (საკურთხევლის კარი), მიირთვით ფრესკები, კანდელები, წმიდა ნაწილები,- ეუბნება მათ ღერონდა, მე თქვენ თავიდანვე გეუბნებოდით, რომ გვექნებოდა სიძნელეები. ასეა სიყვარულშიც, როდესაც ვინმე მშიერია, არ შეგიძლია მას უთხრა: ძალიან მიყვარხარ! ან: მოდი გავისეირნოთ ზღვის სანაპიროზე! ან: მალე გაგივლის. ღმერთი არ დაგტოვებს და დაგეხმარება! ეს, ჩემო შვილებო, არ არის საკმარისი. სიყვარული საქმით მტკიცდება. შეიძლება ვინმეს უთხრა, რომ ძალიან გიყვარს იგი, უთხრა მრავალი კეთილი სიტყვა, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაწოდო ერთი თეფში სადილიც რომ შეჭამოს. ასე იწყებ სხვა ადამიანის სიყვარულს.

როდესაც რაიმეს გასცემ, აქ ერთგვარი საიდუმლო სრულდება. როდესაც იმ ღმერთისათვის, რომელიც სიყვარულია, აკეთებ წყალობას შენი ძმისთვის, უფალი ჩვენ ამ სიკეთეს გვიბრუნებს უკან. აბა, გააკეთეთ მოწყალება. ვთქვათ გაქვთ ჯიბეში 50 ევრო და მეტი არა გაქვთ. თქვენთვის ამბობთ, როგორ გავატარო მთელი კვირა მხოლოდ 50 ევროთი. საუკეთესო გზა ამ თანხის გამრავლებისათვის არის, რომ ეს ფული სხვას მისცეთ. მიეცით მაგალითად ღარიბს. ნახავთ, რომ უკან გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. შეიძლება ეს არ მოხდეს იმავე დღეს, შეიძლება დაიგვიანოს 2-3 დღე, შეიძლება მშიერიც დარჩეთ ცოტა ხნით, მაგრამ ნახავთ რომ იმ სიყვარულისთვის, რომლისთვისაც ეს გააკეთეთ, უფალი სამაგიეროს გადაგიხდით. ღარიბისთვის გაღებულ წყალობას უფალი სესხულობს ჩვენგან, ამბობს წმიდა წერილი. ხოლო უფალს არა აქვს „გაშავებული ვალები“, თუ როგორ ამბობენ ხოლმე ახლა? ღმერთი ღირსეულია, რადგანაც ეს მისი სიყვარულის გამო ხდება. ამიტომაც უფალი უკან დაგიბრუნებთ შესაფერის საათსა და წუთში. შეიძლება ცოტა გამოგცადოს და ნახოს, რომ სიკეთე ეგოისტობის გამო არ გააკეთე.

მოგითხრობთ ერთ უკანასკნელ მაგალითს ბერ პაისიზე: ზამთრის ერთ საღამოს, ათონის მთაზე, სტავრონიკიტას წმიდა მონასტრიდან ღერონდა ბრუნდებოდა თავის კალივაში. მას უნდა გაევლო ტყე. ეს ერთი უკაცრიელი ადგილია, იქ არ არის მაღალი ხეები, თუმცა ძალიან ხშირი და მაღალი ბუჩქები დგას. საკმაოდ რთულად გასავლელი საცალფეხო ბილიკია. მახსოვს ერთხელ, როდესაც ვიყავი იქ ერთ ამერიკელ პროფესორთან ერთად, ის მეუბნებოდა, რომ ასე მგონია, გარეულ ცხოველებზე სანადიროდ მივდივარო ჯუნგლებში. როდესაც ბერი კარიდან გამოვიდა, დაინახა ერთი ახალგაზრდა, ცოტათი დაბნეული, ჩანდა რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა. მივიდა ის მამა პაისთან და უთხრა: -ღერონდა, პრობლემა მაქვს, თქვენთან ლაპარაკი მინდა. წმიდა პაისმა მიუგო: არა მაქვს დრო, ჩემს კალივაში უნდა დავბრუნდე. გავიდა ერთი საათი, ჩამობნელდა. ღერონდა მიუყვებოდა ბილიკს, ხოლო ახალგაზრდა მასთან ერთად მიდიოდა და თან ესაუბრებოდა თავის პრობლემებზე. როდესაც რაღაც ადგილამდე მივიდნენ, ღერონდამ მისცა ახალგაზრდას თავისი ფანარი და უთხრა: აიღე და წადი უკან მონასტრისკენ, დააკაკუნე კარზე და გაგიღებენ. მე კი მარტო გავაგრძელებ გზას აქედან. აიღო ახალგაზრდამ ფანარი, სულაც არ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ წავიდოდა ღერონდა თავისი კალივისაკენ ფანრის გარეშე და წავიდა. ღერონდამ გააგრძელა გზა ტყეში, მაგრამ ისეთი უკუნი სიბნელე იდგა (თან იყო ზამთარი და ღერონდა ავად იყო), რომ დაიკარგა. გადავიდა ბუჩქნარში და ვეღარ მიაგნო ბილიკს. ერთ მომენტში გაიხლართა ბარდებში და ვერ გამოდიოდა იქიდან. იფიქრა, რომ დასრულდა ყველაფერი: ან მოვკვდები სიცივისაგან ამაღამ ანდა მგელი შემჭამს. ძალიან მკაცრი ზამთარი იცის მთაწმიდაზე. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ღერონდა თავისთვის ამბობდა: არა უშავს, ჩემო ქრისტე, ნეტავ კი ის ახალგაზრდა გადარჩებოდეს და იპოვიდეს გზას, და მე თუნდაც დავიკარგო, არა უშავს. განა იფიქრა, რომ მე თავის დროზე გამოვედი მონასტრიდან, ერთ საათში ჩემს კალივაში უნდა ვყოფილიყავი, თუ დამიღამდებოდა, მქონდა ფანარიც. იმ ახალგაზრდამ კი შემაფერხა და დამაგვიანა, ბოლოს კი ჩემი ფანარიც თან წაიღო. ღერონდას ეს ყოველივე არ გაუვლია თავში, არამედ თქვა: -ღმერთო, დაე, მე მოვკვდე, არა უშავს, მთავარია რომ ის ბიჭი გადარჩეს. მას შემდეგ, რაც ასე ილოცა (არაფერი სხვა არ უთხოვია უფლისთვის – ან წამიყვანე, ან გადამარჩინე) უფლის ანგელოზი გაჩნდა მის წინაშე, განათებული, წაუძღვა წინ და ასე მიიყვანა თავის კალივამდე. ღერონდა ამაზე ყოველთვის ამბობდა: ნახეთ, როგორ წუხდება ჩვენთვის უფალი, როდესაც ასეთ უმნიშვნელო სიკეთეს ხედავს. რა გავაკეთე მე? არაფერი. უბრალოდ მოვუსმინე ერთ ადამიანს. მერე კი დავიკარგე ჩემი უყურადღებობის გამო. უფალმა კი თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და გადამარჩინა. ასეა, ჩემო შვილებო, როდესაც ადამიანი აკეთებს რაიმე წყალობას უფლის სიყვარულის გამო, მაშინ უფალი, რომელიც არის ყოვლად კეთილი და ყოვლად ძლიერი, გაორმაგებულად უბრუნებს სიკეთეს უკან.

ერთხელ მსგავსი შემთხვევა მოხდა ჩვენს სკიტიშიც. იქ გვქონდა დიდი სახერხი, ახლა მგონი აღარც არსებობენ ასეთი სახერხები აღარც ათონის მთაზე და აღარც სადმე სხვაგან. ის მუშაობდა წყლით  და ატრიალებდა ერთ უზარმაზარ ხერხს. იქ ვჭრიდით უზარმაზარ მორებს, რომლებიც ტყიდან მოგვქონდა და ვაკეთებდით ფიცრებს ფანჯრებისათვის, იატაკისათვის და ა.შ. ერთხელაც, როდესაც იქ იყვნენ მამები, ერთ-ერთმა მათგანმა ყურადღება არ მიაქცია და ჩავარდა შიგნით. საქმე ეხებოდა წამებს. ხერხი, რომელიც უზარმაზარ მორებს ჭრიდა, ადამიანს ვერ მოერეოდა? ერთ-ერთი ღერონდა, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია და არ შემიძლია მისი სახელი გითხრათ, გაიქცა და თავისი ძმა უკან ამოათრია, თუმცა თვითონ შიგნით ჩავარდა და ხერხისკენ გაგორდა. სადაცაა ხერხს უნდა მისწვდომოდა, რომ ეს უკანასკნელი სასწაულებრივად გაჩერდა. მამები ამ ყველაფრის მოწმენი გახდნენ და ასე თქვეს: ხედავთ რისი ქმნა შეუძლია სიყვარულს? სასწაულების. ხერხი რომ არ გაჩერებულიყო, ეს ღერონდა ახლა მოწამე იქნებოდა. დიდება უფალს და ყოვლადწმიდა დედაღმრთისას!

შინაარსი
სანიშნეები