მოციქული კარპე

8 June 2017

წმიდა კარპე არის იესო ქრისტეს დიდი მოციქული, უფლის სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი. იგი ეხმარებოდა (დიაკვნობას უწევდა) მოციქულ პავლეს მისი ღმრთაებრივი ქადაგების დროს და ავრცელებდა მის საღმრთო ეპისტოლეებს. მან მოაქცია მრავალი კერპთაყვანისმცემელი და ასწავლა მათ ყოვლადწმიდა სამების – ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის – მსახურება და თაყვანისცემა.

წმიდა მოციქული კარპე, მას შემდეგ რაც მისი ცნობიერება მკვეთრად გაანათა სულიწმიდის სიკაშკაშემ და ნათელმა, აღმოსავლეთიდან ამობრწყინდა, როგორც ჩაუქრობელი ვარსკვლავი და თავისი ღმრთაებრივი სწავლებებით გაანათა მთელი სამყარო. მოგვიანებით, იგი ყოველდღიურად ახდენდა უდიდეს სასწაულებს და განდევნიდა ადამიანებიდან ბოროტ სულებს.

როგორც აღინიშნა, წმიდა მოციქულმა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია მრავალი ქალაქი და მრავალი ხალხი, წმიდა ნათლისღების გზით გაყო ერთმანეთისაგან მორწმუნეები და ურწმუნოები, სწორედ ამიტომაც მან ამ უკანასკნელთა მიერ უამრავი დევნა და ტანჯვა დაითმინა. თუმცა, მიუხედავად დევნისა და ტანჯვისა, იგი უფრო მეტი მონდომებითა და შეუპოვრობით აგრძელებდა გზას ასკეტური ცხოვრების კიდევ უფრო რთულ საფეხურებზე და სრულიად არ ცდილობდა ოდნავ მაინც მოელბო კერპთაყვანისმცემელ ბრძანებელთა რისხვა.

მაშ, სწორედ ამ გზით, წმიდა და დიდებულმა მოციქულმა კარპემ, როგორც თავისი სულით, ისე თავისი სხეულით ადიდა უფალი, ხოლო თავად კი დიდებულ იქმნა ღმრთისაგან. უფლის ნებით წმიდა კარპე აღესრულა იმ უტკბილესი ძილით, რომელიც შეეფერებათ წმიდანებს, დღეს კი მისი წმიდა ნაწილების მეშვეობით კვლავ  ყოველდღიურად აღესრულება სასწაულები – იკურნება სხვადასხვა ავადმყოფობა და იდევნება არაწმინდა და ბოროტი სულები.

(გეორგიოს დ. პაპადიმიტროპულუ – თეოლოგი, ფილოლოგი და ლიცეუმის დირექტორი, ჩვენი წმიდანებით, მაისი, აპოსტოლ. დიაკონიის გამომცემლობა, გვ. 138-139 ).

სანიშნეები