ყოველთვის უფლის სასოების ნებად ვიყოთ

25 June 2017

წინამდებარე სტატიას გთავაზობთ: http://www.pemptousia.ge/2017/06/22/არასდროს-ვენდოთ-ჩვენს-თა/

ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე საუბრობს წმიდანთა სულიერ გამოცდილებაზე, რომ არასდროს უნდა ვენდოთ ჩვენს საკუთარ თავს და ხსნის, რომ ეგოისტური აღქმა – თითქოსდა მარტოს შეგვიძლია ყველაფრის მიღწევა – წარმოქმნის სერიოზულ პრობლემებს, რომელთა გაქარწყლება შეუძლია მხოლოდ თავმდაბლობას, რწმენასა და უფლის ნებისადმი მორჩილებას. საუბარი წარმართულია კითხვა-პასუხის რეჟიმში. გთავაზობთ მის ტექსტურ ვარიანტს.

კიდევ ერთი გზა ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის, ამბობს წმიდა ნიკოდიმოსი, არის შენს მტრებთან შეგუება და მათთვის ლოცვა. განკურნებისა და უსაფრთხოების საშუალებაა ასევე შენი თავის შეცნობა, „შეიცან თავი შენი“, ამბობდნენ ძველი ბერძნები. ასევე შენი შესაძლებლობების  ცოდნა სწორად და გაწონასწორებულად. არა ისე, რომ ამბობდე: -მე არაფრის მეშინია, მე არაფერი მემუქრება, მე არაფერი დამემართება, მე შემიძლია მოვწიო კიდეც და ა.შ. და ეს არ არის პრობლემა. ასეთი მიდგომა შეცდომაა. ეს აჩვენებს, რომ მთლიანად ხარ პრობლემა და არა თუ არა გაქვს პრობლემა. გაწონასწორებული ადამიანი კი აცნობიერებს, თუ რა ხდება მის თავს, ის იცნობს თავის თავს, თავის სირთულეებს და უსუსურობას, და არ იგდებს თავს საფრთხეში. სწორედ ეს არის სიფრთხილე სულიერ ბრძოლაში. ნუ ჩააგდებ შენ თავს საფრთხეში. როდესაც ხვდები რომ სუსტი ხარ, არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, რატომ აგდებ შენ თავს სიძნელეებში? სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს გვაქვს გამოცდილება იმისა, რომ რამდენჯერაც არ ვიყავით ყურადღებით, იმდენჯერ დავმარცხდით. კარგი იქნებოდა, რომ მთელი ეს ტანჯვა გამხდარიყო სასუქი თავმდაბლობისთვის, რომლის საშუალებითაც გავანაყოფიერებთ სათნოებათა და ქარისმათა ხეებს, რაც ჩვენს სულშია და რომელიც უფლის მადლით, სინანულითა და თავმდაბლობით კვლავ დაგვიბრუნდება და მოგვცემს სულიერ ნაყოფს.

მეოთხე საშუალება, ამბობს წმიდა ნიკოდიმოსი, არის, როდესაც რაიმე შეცდომის ჩადენისას მკაფიოდ ხედავ შენს უძლურებას. იმის მიზანი, თუ რატომ დაუშვა ეს შეცდომა უფალმა, არის ის, რომ კარგად დაინახო შენი ავადმყოფობა და ისწავლო არა მარტო შენი საკუთარი თავის გაფრთხილება, არამედ ამის შემდეგ, სხვა ადამიანებიც გაგიფრთხილდებიან და მოგივლიან. ჩვენს შეცდომებზე ჩვენ ჭკუა უნდა ვისწავლოთ, რათა კვლავ არ დავუშვათ ისინი. ნუ დაკარგავ იმედს, რადგან უიმედობა ადამიანის უდიდესი დაცემაა. უიმედობა გაკარგვინებს გამბედაობას, გაკარგვინებს უფლისადმი ნდობას. დაუშვებელია ფიქრი იმაზე, რომ რადგანაც ვერ ვახერხებ გამოსწორებას, რადგანაც არ შემიძლია ვძლიო ჩემს თავს, რადგანაც კვლავ და კვლავ ჩავდივარ ცოდვებს და არ შემიძლია წინააღმდეგობის გაწევა, აღარა მაქვს არაფრის იმედი. სწორედ ასეთი პოზიციაა ყველაზე უარესი, ის თვით ცოდვაზე უარესი მდგომარეობაა. უიმედობა ადამიანის დაცემაზე უარესია, რადგან დაცემას ეწინააღმდეგება ადამიანი უფლისადმი იმედით. ადამიანი ასე ფიქრობს: „კარგი დავეცი, შევცოდე, დავნაღვლიანდი, მაგრამ კვლავ ავდგები ფეხზე და გავაგრძელებ ჩემს გზას“. უიმედობამ არ უნდა შეგვიპყროს. დავეცი, რადგან ადამიანი ვარ, უყურადღებოდ მოვიქეცი, თავბრუ დამეხვა ჩემს ვნებებსა და ცოდვებში, მაგრამ ჩემი ცოდვის გამო ჩემს გულში დატრიალებულ წუხილს მაინც გამოვიყენებ იმისათვის, რომ უკეთესი გავხდე და სულიერად გავიზარდო. დაცემის გამო გამოწვეული სინანულის მეშვეობით თავმდაბლობას ვიძენ, ვაცნობიერებ რომ ადამიანი ვარ, რომ უძლური ვარ, რომ ტანჯული ვარ, განვიცდი თანაგრძნობას ჩემ გვერდით მდგომი ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემსავით იტანჯება და ასე მიუყვება თავისი ცხოვრების გზას. ხოლო უპირველეს ყოვლისა კი, ჩემი ეს წუხილი, მთელი ჩემი ტანჯვა და ტკივილი უნდა იქცეს უფლისადმი აღვლენილ ლოცვად, რომლის დროსაც შევთხოვთ მას მოგვცეს ძალა და შეგვეწიოს.

მრავალჯერ აღგვინიშნავს, ჩემო შვილებო, რომ ჩვენი ცოდვები და ვნებანი ძალიან საშიში დიქტატორები არიან. ისინი ჩვენ არ გვაფასებენ, არაფრად გვთვიან, პატივს არ გვცემენ, მათ არაფერი იციან ჩვენს სიკეთეებზე. ისინი ჩვენ გვაგდებენ ცოდვის ვულკანში, სადაც შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩვენ კი ვეძებთ გზას იქიდან ამოსასვლელად, ვნანობთ და ვამბობთ რომ აღარ ჩავიდენთ ამ შეცდომას, თუმცაღა როგორც კი დავიწყებას მიეცემა ეს ყოველივე, კვლავ შიგნით ვვარდებით, კვლავ ვნანობთ და ეს გრძელდება მანამ, სანამ ვისწავლით თავმდაბლობას. სამწუხაროდ, როგორც მაგალითებიდან ჩანს, ადამიანი ადვილად ვერ იძენს თავმდაბლობას, ადამიანის გული იოლად არ მდაბლდება. პირიქით, თუკი ადამიანი არ განიცდის მარცხს, იგი ვერ აცნობიერებს თავის სისუსტეს და ვერ თავისუფლდება თავის თავისადმი ამ ავადმყოფური რწმენისაგან. ადამიანი განიცდის უამრავ ვნებას, რათა ბოლოს და ბოლოს ისწავლოს უფლისადმი რწმენისა და იმედის დიდი გაკვეთილი. ამიტომაც ამბობს წმიდა ნიკოდიმოსი გამუდმებით, რომ სწორედ ამის შეცნობა ეხმარება ამაყ ადამიანებს. სიამაყე კი ყველა ჩვენგანს გვაქვს. ვის არა აქვს სიამაყე, ეგოიზმი, ფიქრი იმაზე, რომ რაღაცას წარმოვადგენთ? ასე ამბობდა ხოლმე მამა პაისი: თუკი არა ვართ დიდი წმიდანები, მცირე წმიდანები ხომ მაინც ვართ? ასე მივიჩნევთ.

უფალმა, იმისათვის რომ ააგოს თავისი პატარა შენობა ჩვენს გულში, აუცილებელია გაწმინდოს მთელი ადგილი. უფალმა ღრმად უნდა გათხაროს ჩვენი არსი და თავმდაბლობაზე უნდა ააშენოს ის შენობა, სადაც შეძლებს გამუდმებით დაივანოს. და ეს შენობა იქნება უფლის მადლის შენობა, რომელიც სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მას შემდეგ, რაც ადამიანი მოიპოვებს უფლის მადლს, მასში ყველაფერი მოქმედებს თავისუფლად, ჰარმონიულად, ჯანსაღად. ადამიანს აღარა აქვს სულიერი პრობლემები და აღარც სულიერი კომპლექსები. მას არც ისეთი გამოუვალი შემთხვევები ემართება, რომლებიც ანერვიულებენ ან უსიამოვნებაში ხვევენ. მას სიმშვიდე აქვს სულში. თავმდაბალი ადამიანი მშვიდია, როგორც თავის თავთან, ისე თავის ძმებთან. მაშინ როცა, ამაყი ადამიანი არც თავის თავთან მშვიდდება და არც თავის მოყვარესთან.  იმიტომ, რომ სიამაყე აბნელებს ადამიანის გონებას და შესაბამისად, გამუდმებით წარმოიშობა მასში წინააღმდეგობანი, კითხვის ნიშნები. მას ყველაფერი უცნაურად ეჩვენება, ეჭვის თვალით უმზერს და სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ამაყ ადამიანს არა აქვს კარგი განწყობა. კარგი განწყობით უდგება ყველაფერს იმას, რასთანაც თავად აქვს საქმე, თუმცა ყველაფერს დანარჩენს იგი ცუდი განწყობით უცქერს. ყოველივე ეს თავად მას აწვალებს და ტანჯავს. ამიტომაც ამბობს წმიდა ნიკოდიმოსი, რომ ადამიანმა უნდა შეიგრძნოს აუცილებლობა იმისა, რაც მას სიცოცხლეს ანიჭებს. როგორც მაგალითად ერთი ვინმე ავადმყოფი, რომელიც ევედრება ექიმს: ექიმო, გევედრები, ვიტანჯები, ვკვდები, დამეხმარე! და მისი გონებაც, გულიც და გრძნობაც, ყველაფერი ამ ვედრებაშია გაერთიანებული, ასევე უნდა იყოს იმ ადამიანის, რომელიც საჭიროებს დახმარებას უფლისგან, რომელიც უხმობს დახმარებისათვის ღმერთს, გონება და ყველა შეგრძნება  მის ლოცვაში გაერთიანებული.

თავმდაბლობისა და ლოცვის გზით ადამიანი სულიერად იკურნება, იგი წონასწორობას იძენს, თავისუფლდება ტანჯვისგან, მისი გონება იწმინდება და აცნობიერებს, თუ რა ხდება მის გარშემო. ხვდება, თუ როგორ უცქერდა უწინ ყველაფერს. ჩვენ ყველას გვაქვს ამის გამოცდილება, თუ როგორ ვჭვრეტდით ყოველივეს ეკლესიაში შესვლამდე და როგორ ვჭვრეტთ ეკლესიაში შესვლის შემდეგ. გამოცდილი გვაქვს, რომ ეკლესიაში შესვლის შემდეგ ყველაფერს სხვა თვალით ვუცქერთ და სხვაგვარად ვაცნობიერებთ. გვახსოვს, თუ როგორ განვსჯიდით, როგორ ვაფასებდით, როგორ ვწონიდით მანამდე, ხოლო ეკლესიაში შესვლის შემდეგ მოვლენებსა და საგნებს უკვე სხვანაირად, სხვა თვალსაზრისით აღვიქვამთ. ვაცნობიერებთ, თუ როგორ სიბნელეში ვყოფილვართ მანამდე, რომ ამ ყოველივეს აღქმა არ შეგვეძლო. სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენს ქრისტემდე ცხოვრებასა და ჩვენს ქრისტეს შემდეგ ცხოვრებას შორის. იესო ქრისტე ნელ-ნელა წმენდს ჩვენი გონების ჰორიზონტს, რის შედეგადაც ჩვენ უკვე სხვაგვარად ვფიქრობთ და ვაზროვნებთ, სხვაგვარად ვუდგებით საგნებსა და მოვლენებს.

სწორედ აქ სრულდება ეს თავი. თუ გაქვთ კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ, გთხოვთ.

კითხვა: მაგალითისათვის მე არ მიყვარს ჩემი ოთახის დალაგება. არ ვიცი ეს ეგოიზმის გამოა თუ მინდა სხვებმა დაალაგონ ის ჩემ მაგივრად (იცინის).

პასუხი: და ვინ გილაგებს ოთახს?

კითხვა: დედაჩემი ან ბებიაჩემი.

პასუხი: კარგია, რომ ჯერ არ ხარ დაქორწინებული. ღერონდიკონის ერთი მოთხრობა ასეთ რამეს გვიყვება: ერთ-ერთი აბბა წავიდა უდაბნოში და მოინახულა ასკეტების კელიები. შევიდა ერთ კელიაში, რომელიც შენი ოთახივით იყო, აყრილ-დაყრილი, ჭუჭყიანი, ნივთები აქეთ-იქით მიმოფანტული. საინტერესოა, თუ რა თქვა ამაზე ღერონდამ? მან თქვა:  ჩვენი ძმა არ ზრუნავს ამქვეყნიურ საქმეებზე. შემდეგ შევიდა მეორე ძმის კელიაში, სადაც ყველაფერი სუფთად და მოწესრიგებულად დაუხვდა. და რა თქვა ამაზე ღერონდამ? თქვა, რომ ამ ძმას როგორი მოწესრიგებულიც აქვს თავისი სული, ისეთივე მოწესრიგებული აქვს თავისი ოთახიც. ვფიქრობ, რომ მეორე შემთხვევა ყოველთვის ძალაშია. შეიძლება ჩვენ არა გვაქვს ყველაფერი მოწესრიგებული, რადგან მთელ დღეს ლოცვაში ვატარებთ, დროს სულიერ ცხოვრებას ვუთმობთ და არ ვართ დაკავებული ამქვეყნიური საქმეებით, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი თავიც ასევეა ხოლმე მოუწესრიგებელი.

ადგები დილით, მაშინვე გაასწორე ლოგინი. ნუ დატოვებ რამეს გასაკეთებელს. ნუ გადადებ შემდეგისთვის, რადგან შემდეგი არ არსებობს, ახლა უნდა გააკეთო. თუ ისწავლი მცირე საქმეების წესრიგში მოყვანას, მაშინ უფრო დიდ საქმეებსაც იოლად შეეჭიდები. თუ დაძლევ ამ სისუსტეს, მაშინ სულიერი წინსვლაც გექნება. ადამიანს, რომელსაც სურს მიჰყვეს სულიერ ცხოვრებას, უნდა დაიწყოს ზრუნვა, რომ ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. იესო ქრისტე ამბობს, თუკი არ შეგიძლიათ მოერიოთ მიწიერ საქმეებს, მაშინ როგორღა გაუმკლავდებით ზეციურს?  ღერონდაც ამასვე ამბობს: თუკი  შვილო ჩემო, ამქვეყნიური საქმეების მოწესრიგება არ შეგიძლია, როგორ მოაწესრიგებ შენს სულს ხვალ? უნდა ისწავლო, ჩემო ძმაო, რომ ყოველთვის დედა არ დაგილაგებს ოთახს და ხვალ, როცა დაქორწინდები, შეიძლება შენმა ცოლმა თავზე ჩამოგკიდოს იატაკის ტილო (იცინის). მეუღლე ხომ არ არის შენი მოახლე? ერთი ღერონდა ამბობდა ათონის წმიდა მთაზე, მახსოვს ძალიან ზრდილობიანი იყო იგი, რომ როდესაც აიღებ უროს გამოსაყენებლად, მას მადლობა უთხარი სამსახურისთვის. ჩვენ ამაზე გვეცინებოდა. მაგრამ ამით რისი თქმა უნდოდა, რომ უნდა დააფასო, უნდა მოუფრთხილდე იმ ნივთს, რომელიც გაქვს. უნდა დადო იქ, საიდანაც აიღე. უნდა დააფასო ყველა ნივთი. წმიდა თეოდორე  ამბობდა, რომ ადამიანის ცნობიერება ვრცელდება სამ განზომილებაზე: ღმერთისკენ, ადამიანებისკენ და საგნებისკენ. ღმრთის კაცი აფასებს ნივთიერებას, აფასებს ნივთებს – თავის ოთახს, თავის ტანსაცმელს, საკვებს  და ა.შ. ძველ ხალხს ჩვეულებად ჰქონდათ, რომ პურის ნაჭერს კუთხეში დებდნენ. რატომ? ვინ შეჭამდა მას? არავინ, მაგრამ ამით გამოხატავდნენ პატივისცემას იმის მიმართ, რაც ქონდათ. იმ ნივთების შეძულებას, რასაც ჩვენ ღმერთი გვაძლევს, ცუდი შედეგები მოაქვს, რაც აისახება ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეც.

თავიდანვე გააკეთე შენი საქმე. არ გადადო. ჩვენი გამოსწორება არ იწყება ხვალ. ის იწყება დღეს, ახლა და არა ხვალ. დღეს უნდა გაიგო უფლის ხმა და უპასუხო მას, ხვალემდე არ უნდა დაელოდო პასუხის გაცემას. დღეს უნდა გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთო.

ახლა კი ვილოცოთ და დაგემშვიდობებით. დიდება უფალ იესო ქრისტეს ყველაფრისათვის! ამინ!

სანიშნეები