მონაზვნის განმარტოება და მონაზვნური ცხოვრება კინოვიაში

5 July 2017

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ელისეს საუბრის ჩანაწერს, რომელიც შედგა ეკატერინებურგში 2016 წლის 27 მაისს.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო წმიდა მღვდელმთავარნო, ყოლადღირსნო წინამძღვარნო, ყოვლად პატივსაცემო მამებო და ძმებო, ქრისტე აღსდგა! დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ეკატერინებურგისა და ვერხოტურის ყოვლადწმიდა მიტროპოლიტის კირილეს მოწვევით, რათა აღვნიშნოთ რუსი მონაზნების ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობის 1000 წელი და ამ გზით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოვლენაში. საუბრის დაწყებამდე მინდა გადმოგცეთ ჩვენი გულწრფელი მოლოცვა და გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კეთილგანწყობა და სიყვარული თქვენს მიმათ.

ჩვენი საუბრის თემა „მონაზვნის განმარტოება და მონაზვნური ცხოვრება კინოვიაში“ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მონაზვნური გზის გავლის პროცესში, მონაზვნის შინაგან ცხოვრებასა და მსახურებაში.

კინოვია, რომელიც თავს უყრის უფლის გაფანტულ შვილებს, წარმოადგენს ერთგვარ ოჯახს. ეს ოჯახი გაერთიანებულია სიყვარულითა და განწყობით, რომ ერთი ემსახუროს მეორეს. კინოვია თანაცხოვრებაა არა გულგრილი ადამიანებისა, არამედ იმ პირთა, რომელთაც სურთ ერთად გაიარონ ცხოვრების გზა და იქცნენ ერთ სხეულად. ამ ოჯახში ერთს უნდა უხაროდეს მეორის სულიერი წინსვლა. ყველამ ერთი გულითა და ერთი პირით თაყვანი უნდა სცეს და ილოცოს ერთი უფლის მიმართ, რომელიც არის ეკლესიის, საეკლესიო და სამონასტრო ერთიანობის  სხეულის თავი.

მონაზვნობა არის ერთგვარი წინაპირობა ცხოვრებისა, რომელიც არ შეიძლება უგულებელ იქნეს იმ ადამიანის მიერ, ვინც ღმერთმა შექმნა. განმარტოების ეს წინაპირობა ადამიანს სწორედ იმ ადგილას, სადაც ის იღწვის, აძლევს მადლს იმისას, რომ მან პირისპირ ისაუბროს უფალთან.

ეკლესია მონაზვნობას არასდროს არ ათავსებდა საზოგადოებიდან, კინოვიის ოჯახიდან შორს. საზოგადოება ის საცალფეხო ბილიკია, რომელსაც მიჰყავს მონაზონი მონაზვნურ ცხოვრებამდე. თავის მხრივ, მონაზვნობა წარმოადგენს სრულყოფილ საზოგადოებას, რომელსაც კავშირი აქვს უკვე ღმერთთან. შესაძლებელია, ზოგიერთი იზიარებს მოსაზრებას, რომ მონაზონი არის ის ადამიანი, რომელიც დაშორდა საზოგადოებრივ ცხოვრებას და შესაბამისად, იგი უკვე აღარ არის სოციალური. თუმცაღა სინამდვილეში ამის საპირისპირო ხდება.

ერისკაცები ასევე წარმოადგენენ საზოგადოებას, თუმცაღა ისინი ჩაფლულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამქვეყნიურ საზრუნავში. ისინი  ნადირობენ ამ საუკუნის წუთიერ და წარმავალ სიამეებზე. მონაზონი ყოველთვის არის ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საზოგადოებაში სხვებთან ერთად. რა თქმა უნდა, მის არჩევანზეა დამოკიდებული ცხოვრობს ხუთ თუ ორმოცდაათ ადამიანთან ერთად. თუმცა, მას ყოველთვის აქვს ურთიერთობა ადამიანებთან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჭეშმარიტი საზოგადოება, ერთიანობა ეს არის სულიერი ცხოვრების წინაპირობა. ამიტომაცაა, რომ ჭეშმარიტი ერთობა ყოველთვის აღწევს წარმატებას საქმეში, მდუმარებასა და განსაკუთრებით კი, ღმრთის მსახურებაში.  ასეთი საზოგადოება წარმოშობს ბრძენ ადამიანს. როდესაც ის ღმრთის მსახურებაზეა, იქვეა უფალი, იქვე არიან წმიდანები, მთელი შესაქმე. როდესაც ერთი რომელიმე ადამიანი ცხოვრობს ღმრთის მსახურების  სხეულის წიაღში, ცხოვრობს ამ თაყვანისცემის ღმრთისმოსაობასა და სითბოში, შეუძლებელია, რომ  მან ამქვეყნიურ გართობასა და დროსტარებაზე იფიქროს. იგი მთელი არსით გრძნობს და განიცდის ეკლესიის სხეულის ერთიანობას და სხვებთან ერთად თანაცხოვრების მნიშვნელობას აღიქვამს.

ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია შეიგრძნოს თავის გვერდზე მყოფი ადამიანი, არ შეუძლია გაიხაროს მისით, მისდიოს მას, მასთან ერთად გაიაროს ცხოვრების გზა, ადამიანს, რომელიც არის არასოციალური, იზოლირებული – არა სულიერად, არამედ ფსიქიკურად მარტოსული –  არ შეუძლია ილოცოს, ფხიზლად იყოს ან გაერთიანდეს ღმერთთან.

სიფხიზლე, რომელიც გარეგნულად ისე ჩანს, როგორც მონაზვნური ცხოვრების უკიდურესი მხარე, სინამდვილეში წარმოადგენს იმ ენერგიას, რომელსაც მონაზონი მარტო ვერ წარმოშობს, იგი მაშინ წარმოიშობა, როდესაც მონაზონი ამას სხვასთან ერთად ასრულებს. კონკრეტულად სიფხიზლე, გონების მღვიძარება, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვენი სულის ქმედება, სულიწმიდის მიყოლა, ანუ  გაყოლა იმისა, რაც კი უმაღლესი უბოძა უფალმა ადამიანის არსებობას. ჩვენი გონება, ჩვენი სული უახლოვდება უფალს და გვაერთიანებს მასთან.

სწორედ ამიტომაც, მღვიძარება არის ზიარება სულიწმიდასთან და უპირველეს ყოვლისა, იგი არის მონაზვნების, როგორც მოციქულების, საქმე და მიღწევა. რადგან, ვინ არის მოციქული და რა არის მისი საქმე? მოციქული არის ის, ვინც ნახა ღმერთი და ვინც მოიხმო უფალმა, ვინც მოქმედებს უფლის მიერ და რომელიც ამ თავისი ღმრთისმოსაობით გადასცემს ღმერთს სხვებს. სწორედ ეს არის ჩვენი მონაზვნური საზოგადოების საქმიანობაც.

შესაბამისად, მღვიძარება არის მონაზვნობის თანმდევი ენერგია, თუმცა მოიცავს ერთგვარ შინაგან ერთიანობას, მონაზვნის ერთგვარ ჭეშმარიტ ურთიერთობას ღმერთთან, ღმერთის სიყვარულის ერთგვარ, ასე ვიტყოდი, საიდუმლო გამოხატულებას მონაზვნის მიმართ და მონაზვნის სიყვარულს უფლის მიმართ. მაშასადამე მღვიძარება მოიცავს, მოციქულის სიტყვებით რომ გადმოვცეთ, „საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა“ (პეტრე II ეპ. 1,4) უზენაეს გამოხატულებას, რომელიც განსაკუთრებით მჟღავნდება განდეგილურ ცხოვრებაში, ისიქასტ მამებთან, რომლებთან ურთიერთობასაც ყველა ჩვენგანი ესწრაფვის. გვსურს, რომ ჩვენც გავხდეთ მათი ღმრთიური სინათლის თანამონაწილენი, მათი ბრწყინვალებიდან ჩვენც მივიღოთ ცოტა, ვეზიაროთ მათ მადლს, მივსდიოთ მათ რჩევებს, რადგან ისინი თითქოს უფლის პირიდანაა ჩვენთვის გამხელილი.  თაყვანი ვსცეთ მათ, როგორც იესო ქრისტეს. ამ შეგრძნებას განვიცდით, როგორც ჩვენი ძველი წმიდანების, ისე – თანამედროვე წმიდანების მიმართ. ვინ არიან ჩვენთვის ყველაზე საყვარელი წმიდანები? განდეგილი მამები. ამ წმიდანებთან ვგრძნობთ სულიწმიდის მადლის სისავსეს და მის სინათლეს. ვგრძნობთ, რომ მათ ესმით ჩვენი და გვხედავენ ისეთებს, როგორებიც ვართ სინამდვილეში, ხედავენ ჩვენს ცოდვებს, თუმცა ასევე – ჩვენს კეთილ მისწრაფებებსაც.

მონაზვნის ჭეშმარიტი მონაზვნობის გამოხატულების მახასიათებლებია სიხარული, პატივისცემა, სწრაფვა და მშვიდობა. ამ მახასიათებელთა ჭეშმარიტების დამადასტურებელია სიყვარული სხვა ადამიანების მიმართ. როცა მონაზვნის გული ღიაა და როგორც ამბობს ღერონდა, „სავსეა უბრალოებითა და გულწრფელობით“, იგი იტევს სხვასაც ისეთს, როგორიც არის. მონაზვნისთვის უცხოა განსაკუთრებული მეგობრობა და უცხო ინტერესები, ერთი მონაზონი არ აკვირდება მეორეს, „არ ეხება სხვის გულს“, არ ეხუმრება მეორეს, არ ეჯიბრება, არ ეწინააღმდეგება, არ უპირისპირდება და აბუჩად არ იგდებს, არ ეკამათება, ოხვრის გარეშე იღვრება ოფლად, სიამოვნებით უცვლის მეორეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას ან მორჩილებას, მოაქვს სიხარული ძმობისთვის და ხელს უწყობს მის ერთიანობას. ასე უძღვება მონაზონი საერთო სარბიელზე თავის პიროვნულ ბრძოლას, ბრძოლას იმისათვის, რომ დაემსგავსოს უფალ იესო ქრისტეს“.

 [გაგრძელდება]

 

სანიშნეები