მარტოობა არ არის მეგობრობა ღმერთთან, არამედ ის მონაზვნის მეგობრობაა საკუთარ თავთან

6 October 2017

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/07/05/მონაზვნის-განმარტოება-და/

ამბობენ, რომ ყველა ჩვენგანს სურს შეიგრძნოს თავისი არსებობის მტკიცებულება ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს წიაღში. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბუნებრივი ცხოვრებით, თუკი არ შევიგრძნობთ ვინმეს სიყვარულს, თუკი არ გვეცოდინება, რომ ვინმე პატივს გვცემს, ვინმე გვაფასებს, ვინმესთვის რაიმეს წარმოვადგენთ და ვინმე გვაღიარებს.

თუმცა იმისათვის, რომ ვუყვარდეთ, იმისათვის რომ არ დაგვადანაშაულონ, აუცილებელია გვქონდეს უბრალოება. მხოლოდ ამ გზით გავხდებით პატივცემულნი. იმგვარი უნდა იყოს ჩვენი ქცევა, რომ სხვებს არ შეეძლოთ რაიმეს თქმა. უნდა ვიყოთ თავისუფალი, სიხარულით სავსე ადამიანები, რომელნიც ღმრთის წინაშე დგანან, თუმცაღა ადამიანების წინაშეც მართალნი არიან.

როდესაც სხვა ადამიანი არაფრად გთვლის, არ უნდა შენთან ურთიერთობა, პატივს არ გცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამის საბაბსა და მიზეზს თავად აძლევ. ალბათ აჩვენებ, რომ ის არ გიყვარს, მისთვის თავს არ გაწირავ, მისთვის არ დაიღლები, არ ექცევი პატივისცემით. მონაზონი, რომელიც წარმატებას აღწევს მონასტრის ერთობაში, რაც უპირველეს ყოვლისა, არის წმიდანთა ერთობა და შემდეგ უკვე – ერთიანი ორგანიზმი, ძლევს ადამიანურ სისუსტეებს და  აგრძელებს თავის გზას „წმიდად და უბიწოდ“, უბიწოდ ყოველი ურთიერთობის დროს, როგორც ამას ამბობს მოციქული.

აუცილებელია თუ არა, რომ მონაზონმა შეინარჩუნოს ჭეშმარიტი ურთიერთობების ატმოსფერო, როგორც ღმერთთან, ისე – ადამიანებთან? ამისათვის მან ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არ შეშურდეს, რომ გამუდმებით არ ისმოდეს მისი ხმა, რომ ცილი არ დასწამოს, რომ არ შეეწინააღმდეგოს, რომ არ დაიწუწუნოს, რომ არ მოითხოვოს თავისი უფლებები, არამედ ყველაფერში, რაც კი გადახდება თავს, მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავი დაადანაშაულოს. „ღირსი ვარ, რომ ვკვდები“. თუკი მონაზონი გამუდმებით იმართლებს თავს, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან უფალი ასე არ ფიქრობს. უფალი ითვალისწინებს, თუ რას ფიქრობს სხვა ადამიანი შენზე. „შენზე“, ამბობს ღერონდა ემილიანე, „ჰკითხე სხვას და სხვაზე კი შენს თავს“.

გარდა ამისა, მონაზონმა აუცილებლად უნდა იზრუნოს თავის დროზე. აბბა ესაია ამბობს: იმისათვის რომ თქვენი მსახურება არ იქცეს მიზეზად, თავი დაანებეთ კვლევას. აქ იგულისხმება კელიაში ცხოვრება და ღმრთისმსახურება. საქმე საქმისთვის და კვლევა კვლევისთვის, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ხოლო მცდელობა კურთხევისა მონასტრის წიაღში საერთოა ყველასათვის. მონაზონმა მთელი თავისი ენერგია უნდა მოახმაროს მორჩილებას (მასზე დაკისრებულ მოვალეობას), თუმცა მორჩილებამ არ უნდა შეიწოვოს მთელი მისი დრო და ფიზიკური ძალა ისე რომ მას აღარ შეეძლოს „თავისი სულიერების“ შესრულება, როგორც ამბობენ ხოლმე ათონის წმიდა მთაზე.

აუცილებელია მონაზონმა იზრუნოს სხვებთან ურთიერთობებზე. რადგანაც, როგორც ამბობს ღერონდა, მანძილი და მდუმარება ეს ადამიანთა დამაკავშირებელი ორი საწყისია. მაშინ როცა მსჯელობა და ხშირი ურთიერთობა, მრავალსიტყვაობა, ადამიანთა დამაცილებელი ელემენტებია. სულიერი ცხოვრების მთავარი წინაპირობაა, შეხვედრები ხორციელდებოდეს მხოლოდ ამა თუ იმ საქმის შესრულების დროს ან ღმრთისმსახურებისას და უფრო იშვიათად, პირადი ურთიერთობების დროს.

საერთო საქმე ერთმანეთთან აახლოებს ადამიანებს, ხოლო განსჯა, გამუდმებული ურთიერთობა, განსაკუთრებით კი პირადი ან კელიებში გამართული,  ჩვენ ისევ ჩვენს სიბნელეში გვტოვებს და გვაახლოებს არა ღმერთთან, არამედ სხვასთან, იწვევს განხეთქილებასა და განშორებას უფალთან და წარმოშობს ეგოიზმს, რომელიც ყველაფერს ანადგურებს.

ჭეშმარიტი განმარტოების (მონაზვნობის) დროს იღვიძებს ჩვენი სული, რომელსაც მაშინვე წამოაყენებს და თავისთან უხმობს სულიწმიდა. ისევე როგორც სარკე სინათლესთან სიახლოვისას მაშინვე აირეკლავს მის სხივებს, ასევე ჩვენს სულსაც შეუძლია ჩვენი შეცვლა, როგორც კი მიუახლოვდება მას სულიერი სინათლის პატარა სხივიც კი. სწორედ ეს გვაერთიანებს ღმერთთან და გვაკავშირებს სხვა ადამიანებთანაც.

მონაზვნური განმარტოების საპირისპიროა მარტოობა. მარტოობა ეს არ არის მეგობრობა ღმერთთან, არამედ ის მონაზვნის მეგობრობაა თავის საკუთარ თავთან. იგი გამომდინარეობს სხვადასხვა მიზეზიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ შეგრძნებებს ან სომატურ უძლურებას, სხვადასხვა ავადმყოფობას, ხასიათს, ნაკლის არსებობას, პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებას ან გარემოებას, თუმცა სიღრმისეულად ამის მიზეზია  საკუთარი მეს გადაჭარბებული სიყვარული, თვითსიყვარული, რასაც შედეგად მოჰყვება ეგოიზმი.

მისი სიმპტომები ცნობილია და საკმაოდ ბევრია: უკმაყოფილება (წუწუნი), სიზარმაცე, სევდა, უნდობლობა, სხვათა საქმის კრიტიკა, დაუმორჩილებლობა, საკუთარი აზრის დაჟინება, უწესრიგობა და ადგილების ცვლა, ზოგჯერ მრავალსიტყვაობა და სხვებთან თავშესაფრის ძიება, გამორჩეულობისაკენ მიდრეკილება, რაც შეიძლება გამოხატულ იქნეს გადაჭარბებული ასკეტიზმით, მარხვით ან ლოცვით, კინოვიური ცხოვრების პრაქტიკის აბუჩად აგდება, ტიპიკონისა და ტრადიციების გადაჭარბებული დაცვა,  მდუმარებით დაფარული მელანქოლია, სიმართლის უგულებელყოფა და უპირველეს ყოვლისა, დარიგებებისა და შენიშვნების შეწინააღმდეგება.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი თვისება თავმდაბლობის არარსებობის დამადასტურებელია, სამაგიეროდ ისინი უხვად კვებავენ საკუთარ მეს.

ღერონდა ემილიანე იხსენებს აბბა ესაიას სიტყვებს: ჩემი ძმა, რომელიც ჩემს გვერდითაა, კარგად მუშაობს? არ მუშაობს კარგად? კარგი ადამიანია? ცუდი ადამიანია? არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა გზით დაუპირისპირებ შენს გვერდზე მდგომ ადამიანს შენს თავს, მაშინვე კარგავ ღმერთს. თუკი მას შეაფასებ, როგორც კარგ ადამიანს, ამის შემდეგ თავს დაგესხმება ფიქრი და გულისგაცრუებას ან საკუთარ უსუსურობას იგრძნობ. ხოლო თუკი შენზე დაბლა დააყენებ, მაშინ ეგოიზმამდე დაეცემი. ასე რომ, როცა განსჯი ადამიანს, კარგავ ღმერთს.

აზრი, რომელიც გაგვაჩნია სხვა ადამიანზე, თუნდაც იყოს ეს ფიქრი, ხდება ამოსავალი წერტილი და მიზეზი მისგან დაშორებისა. შედეგად ვიღებ იმას, რომ ჩემი საზოგადოება მარტოობით შემოიფარგლება. როგორც კი დავუპირისპირებ ჩემს თავს სხვა ადამიანს ან კრიტიკულად ან უბრალოდ ფიქრით, მაშინვე აღვმართავ მაღალ კედლებს მასსა და ჩემ შორის. სწორედ იმ წუთიდან ვშორდები ჩემს ძმას და შედეგად ვშორდები ასევე მთელ ძმობას.

ჩვეულებრივ, როდესაც განვსჯი სხვა ადამიანს, ყველა მათგანს უსარგებლოდ მივიჩნევ. ის არ მუშაობს კარგად, სხვა არ ლოცულობს, ერთს არა აქვს რწმენა, მეორეს არა აქვს სიყვარული, მესამეს არა აქვს იმედი და ასე შემდეგ… დროის უმცირეს მონაკვეთშიც კი ჩემმა ფიქრმა შეიძლება ჩემი გონება ჩაძირული გემების ადგილად გადააქციოს, რადგან თუკი ნებას მივცემ ჩემს გონებას, შეუძლებელია, რომ ყველა უსარგებლოდ არ მიიჩნიოს. და თუნდაც რომ მე არ ვიცოდე სხვა ადამიანის ყველა ნაკლის შესახებ, ის იცის სატანამ.

(გაგრძელდება)

სანიშნეები