წმინდა სილუანე ათონელი

26 October 2017

ინგლისის ესექსის იოანე ნათლისმცემლის სახელობის წმიდა მონასტრის არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ საუბრობს თანამედროვე წმიდანის – სილუანე ათონელის წმიდა ცხოვრებასა და ღმრთივშთაგონებულ სწავლებაზე. ამ წმიდანის ცხოვრება აღწერა ამ წმიდა მონასტრის დამაარსებელმა ნეტარმა ბერმა,  არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვმა.

„უპირველეს ყოვლისა მადლობა უნდა გადავუხადო უფალს, რათა ღირსი გამხადა იმისა, რომ თქვენთან ერთად ვარ დღეს, შემდეგ კი მაღალყოვლადღირს მიტროპოლიტს, რომელიც მართლაც და ყოველთვის, როცა კი ვიმყოფები პაფოსში მხვდება უაღრესად თბილად, დიდი სტუმართმოყვარეობითა და მზრუნველობით. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. როდესაც უკანასკნელად ვიმყოფებოდი კვიპროსზე, აქ სასაუბროდ მომიწვიეს, მაგრამ ვერ შევძელი და ვთქვი, რომ სხვა დროს მოვიდოდი და მართლაც დადგა ეს სხვა დრო. დღეს მსურს გესაუბროთ და ბუნებრივიცაა ეს ჩემთვის, ისეთ თემაზე, რომელიც შესაძლოა ნაცნობია თქვენთვის, თუმცა ჩემთვის ის განსაკუთრებულად მშობლიურია. მინდა ვისაუბრო წმიდა სილუანზე, რომელიც იყო და არის ჩემი ღერონდა. ასევე დიდი სურვილი მაქვს ყურადღება გავამახვილო წმიდა სილუანეს სწავლებიდან ზოგიერთ ძირითად ასპექტზე. თავდაპირველად ძალიან მოკლედ მოგახსენებთ წმიდანის ბიოგრაფიაზე, შემდეგ კი, უკვე გადავალ მისი სწავლების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე. წმიდა სილუანე წარმოშობით რუსეთიდან იყო. იგი დაიბადა 1865 წელს. მისი, როგორც მონაზვნის მოღვაწეობა უკავშირდება საბერძნეთს, კერძოდ ათონის წმიდა მთას. სწორედ იქ გაიცნო მან ინგლისში ჩვენი მონასტრის დამაარსებელი ღერონდა სოფრონი. ჩვენს ღერონდას მჭიდრო სულიერი კავშირი გააჩნდა წმიდა სილუანესთან. და როდესაც წმიდა სილუანე გარდაიცვალა, სწორედ ღერონდა სოფრონს დაუტოვა თავისი ჩანაწერები. სწორედ ეს ჩანაწერები შევიდა წმიდა სილუანესადმი მიძღვნილი წიგნის მეორე ნაწილში. გარეგნულად წმიდანის ცხოვრება არ ხასიათდება მრავალფეროვანი მოვლენებით, თუმცა შინაგანად ის ძალიან მდიდარია. მანამ სანამ წმიდანი წავიდოდა ათონის წმიდა მთაზე, იგი სამხედრო სამსახურს ასრულებდა რუსეთში, სწორედ ამ დროს გაიცნო მან წმიდა იოანე კრონშტანტელი. და რა თქმა უნდა, ვიდრე წმიდა სილუანე გაემგზავრებოდა ათონის წმიდა მთაზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში, წავიდა რომ მოენახულებინა წმიდა მამა და წასვლამდე მისგან ლოცვა-კურთხევა მიეღო. მაგრამ სილუანემ ვერ მოახერხა წმიდა იოანეს ნახვა და მას ასეთი პატარა ჩანაწერი დაუტოვა: მამაო, ილოცე ჩემთვის, რათა არ დამიტოვოს ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. უკვე ამის შემდეგ იგი გაემგზავრა ათონზე. იმ წუთიდან, რაც წმიდა იოანემ მიიღო წერილი და დაიწყო ლოცვა სილუანესათვის, ამ უკანასკნელმა თავის გარშემო ჯოჯოხეთის ცეცხლი შეიგრძნო. რას ნიშნავს ახლა ეს? ჩვენთვის ცოტა რთულია მისი აღწერა. მან შეიგრძნო აუცილებლობა იმისა, რომ გამხდარიყო მონაზონი ანდა წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სული მოკვდებოდა. თითქოსდა მონაზვნად აღკვეცა ერთგვარი კატეგორიული თავშესაფარი იყო მისი სულისთვის. და მართლაც, ამ ცეცხლმა ის გადაარჩინა, ვიდრე მიაღწევდა ათონის მთის  წმიდა პანტელეიმონის მონასტერს. მონასტერში მისვლის დღიდან ის გამუდმებით ლოცულობდა იესო ქრისტეს მიმართ: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ექვსი თვის შემდეგ, იგი ღირსი გახდა, რომ იესო ქრისტეს ხატის ნაცვლად ცოცხალი იესო ენახა. ეს არ იყო ერთგვარი ფანტაზია, ამას მოწმობს ის, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ხილვის შემდეგ წმიდა სილუანემ იგრძნო, რომ მისი სხეული ღმრთის მადლით აღივსო, რაც მიუთითებს ამ ხილვის ნამდვილობაზე. ამ ამბის შემდეგ სილუანემ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ის სისავსე, რომლითაც აღივსო ზემოთ აღნიშნული ხილვის შემდეგ და მან კვლავ დაკარგა ეს ღმრთიური მადლი. იგი სასულიერო პირებს ხვდებოდა და ცდილობდა მათგან შეეტყო, თუ როგორ შეიძლებოდა კვლავ მიეღო ეს მადლი. მონასტრის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელსაც გამოცდილი ჰქონდა მსგავსი რამ, თუმცა უფრო ხანდაზმულობის ასაკში, არ დაფარა აღფრთოვანება სილუანეს მიმართ და ასე უთხრა მას: თუკი ახლა, ოცდაექვსი წლის ასაკში ხარ ამგვარი, როგორიღა იქნები მოხუცებულობაში? ეს იყო შეცდომა ამ სასულიერო პირის მხრიდან, რადგანაც მან ამ სიტყვებით სილუანეს პატივმოყვარეობის ცდუნებისკენ უბიძგა. მამების თქმით, დიდი ყურადღება გვმართებს, როდესაც ვინმეს ვაქებთ მისი გამხნევების ან რთული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ქებამ შეიძლება დიდი ზიანი ან დიდი ცდუნება მოუტანოს ადამიანს. ამგვარად, ამ შემთხევის შემდეგ, სილუანემ დაიწყო ბრძოლა პატივმოყვარეობის ცდუნების წინააღმდეგ და დაახლოებით თხუთმეტი წლის განმავლობაში ცდილობდა მის დამარცხებას.

თხუთმეტი წლის შემდეგ ერთგვარი დიალოგი შედგა ღმერთსა და წმიდა სილუანეს შორის: უფალმა უთხრა მას: თუკი გსურს დაამარცხო პატივმოყვარეობის ცდუნება, სიამაყის გრძნობა, შენი გონება მიმართე ჯოჯოხეთისაკენ და ნუ დაკარგავ იმედს. და სწორედ ამ წუთიდან სრულიად შეიცვალა წმიდა სილუანეს ცხოვრება. ანუ ამ ორ ზემოთ აღნიშნულ მოვლენას გადამწყვეტი როლი ენიჭება მის ცხოვრებაში: მონასტერში მისვლიდან ექვს თვეში ცოცხალი ქრისტეს ხილვასა და თხუთმეტი წლის შემდეგ უფლის ხმას, რომელიც გაისმა მის გულში: მიმართე შენი გონება ჯოჯოხეთისაკენ და იმედს ნუ დაკარგავ. ეს იმის მანიშნებელია, რომ უფალი შეიცნობა ან მისი ფორმით და ან მისი ხმით, როგორც ამას ამბობს ღმერთი იოანე მოციქულის თანახმად: თავდაპირველად იგი შეიცნობოდა ფორმით, ხოლო შემდეგ კი – ხმით.

როდესაც უფალმა უთხრა სილუანეს შემდეგი სიტყვები: მიმართე შენი გონება ჯოჯოხეთისკენ და იმედს ნუ დაკარგავ, მან იგრძნო, რომ უფალმა უბოძა ერთგვარი საშუალება, რომლითაც შეძლებდა თავისი გულისთქმების დამარცხებას და კვლავ მოახერხებდა დედამიწაზე დაშვებას. წმიდა სილუანემ მისდია უფლის სიტყვასა და რჩევას, რის შემდეგაც მაშინვე განიწმინდა მისი გონება გულისთქმათაგან და იპოვა ხსნა ღმერთში. რაც იმას ნიშნავს, რომ მან იპოვა თავმდაბლობა, ხოლო თავმდაბლობამ კი მოუტანა უფლის მადლი და გონების სისუფთავე, რის შემდეგაც მას უკვე შეეძლო სუფთად ლოცვა.

წმიდა სილუანე არ ყოფილა განათლებული ადამიანი. იგი მხოლოდ სამი ზამთრის განმავლობაში დადიოდა სკოლაში, თუმცა ზემოთ აღნიშნული მოვლენებისა და ლოცვის სრულყოფილებისაკენ მისი შინაგანი სწრაფვის მეშვეობით, მისი გონება უაღრესად განათდა. და ისევე როგორც ერთხელ თავად უთხრა მეორე ასკეტს, რომ თავისით არასდროს არაფერს ეუბნებოდა სხვა ადამიანს და რასაც კი ამბობდა მხოლოდ და მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით. ამგვარად მის მიერ შესრულებული ჩანაწერებიც, რომელიც შემდგომ შევიდა წმიდა სილუანესადმი მიძღვნილი წიგნის მეორე ნაწილში, მიუხედავად მათთვის დამახასიათებელი უბრალოებისა, ჩანს, რომ არ არის ადამიანის გონების ნაყოფი, არამედ დიდი საიდუმლოს შემცველი სიტყვებია, რომელიც უფლის სულის ენერგიის მეშვეობითაა გაცხადებული.

დღეს მინდა გესაუბროთ წმიდა სილუანეს სწავლების ექვს ასპექტზე, რომლებიც ცხადყოფენ რომ ეს ადამიანი, ისევე როგორც ყველა წმიდანი, ჭეშმარიტად არის ღმრთის ალამი თავისი თანამედროვეობისათვის. რა თქმა უნდა, ერთადერთი ამოსავალი წერტილი ყველა თაობისთვის არის იესო ქრისტე. იესო ქრისტეს სახე არის ყველა ჩიხისა და ყველა პრობლემის, რაც კი გააჩნია ადამიანს, ხსნა და გამოსავალი. თუმცა იესოს ჯვრისა და აღდგომის გარდა, წმიდანებიც წარმოადგენენ დიდ ხსნას თავიანთი თანამედროვეთათვის.

ამგვარად ვიწყებ რა წმინდა სილუანეს სწავლების ექვს ძირითად ნიშანზე საუბარს, აღვნიშნავ რომ ყველაფრის დასაწყისი და დასასრული არის სინანული. სახარებაც ხომ იწყება და მთავრდება სინანულით. ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სწრაფვა და წინსვლა ღმრთისკენ სინანულის გარეშე. იმ მდგომარეობიდან, სადაც ვიმყოფებით და რაც ძალიან დაშორებულია ღმერთს, უნდა დავიძრათ და ისევ უნდა დავბრუნდეთ უფალთან ახლოს. ამის მიღწევა კი მხოლოდ სინანულითაა შესაძლებელი.  თავის ჩანაწერებში წმიდანი საუბრობს  სინანულზე, რომელსაც მსოფლიო მასშტაბები ენიჭება. ეს ისეთი სინანულია, რომელიც მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონეზე არ განიხილება. ჭეშმარიტი მეტანია ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სინანული ჩვენს ერთ, ორ ან თუნდაც სამ ცოდვაზე. ჩვენმა სინანულმა უნდა მიაღწიოს დიდ სივრცეებს. როდესაც უფლის წინაშე სინანულს განვიცდით, იგი ჩვენ გვამართლებს. ადამიანი როდესაც სინანულშია, იგი უნდა ინანიებდეს არა მხოლოდ თავის გაცნობიერებულ ცოდვებს, არამედ იმ ცოდვებსაც, რომელთაც ვერ აცნობიერებს, როგორც ამას ღაღადებს დავით მეფსალმუნე – ჩემგან დაფარულთაგან განმწმიდე, უფალო! როდესაც უფლის მადლით ვნათდებით, სწორედ მაშინ ვაცნობიერებთ ჩვენში დაბუდებულ უდიდეს სიბნელეს. წმიდანი, რომლის ხსენების დღეც გუშინწინ იყო, წმიდა გრიგოლ პალამა, დაახლოებით 22 წლის ასაკში იყო, როგორც მისი ცხოვრებისაღმწერი აღნიშნავს, რომ ამგვარად ევედრებოდა უფალს: ჩემი მცირე ლოცვით გაანათე ის სიბნელე, რაც ჩემშია. და მართლაც, უფალმა გაანათა იგი. მაშასადამე, წმიდა გრიგოლი ღმრთიური მადლის მეშვეობით გრძნობდა, რომ მასში დიდი სიბნელე იყო ჩაბუდებული: ეს არის დაცემის შედეგად მიღებული მემკვიდრეობითი ცოდვა, რომელსაც ადამიანები საკუთარ ცოდვებს ვუმატებთ ხოლმე.

წმიდა სილუანე ასევე საუბრობს ერთგვარ სინანულზე, რომელსაც ადამის სინანულს უწოდებს. ეს არის სინანული არა მხოლოდ ჩვენს საკუთარ ცოდვებზე, არამედ მთელი სამყაროს ცოდვებზე, ამიტომაც უწოდებს მას ადამის სინანულს. წმიდანები ემსგავსებიან რა ქრისტეს, მის მსგავსად ცდილობენ მთელი ქვეყნიერების ცოდვები საკუთარ თავზე იტვირთონ.  სწორედ იმ თავში, რომელშიც წმიდა სილუანე საუბრობს ადამის სინანულზე, აღწერს ადამის ტანჯვას, რაც არის ასევე მისი პორტრეტიც, რადგან სწორედ ამგვარად ინანიებდა ისიც. მთელ უდაბნოში ისმის ადამის ღაღადისი უფლის მიმართ. აქ, უდაბნოში წმიდანი გულისხმობს სამყაროს, რომელიც დაცარიელებულია უფლის მადლისგან, ხოლო ვინმე ერთი, ღმრთის კაცი, აუწყებს ღმერთს ამ მდგომარეობაზე და ითხოვს მისგან კურთხევას. მაშასადამე, სინანული წმიდანისათვის მოიაზრება, როგორც მეტანია მთელი სამყაროს ცოდვების გამო, რომლის შედეგადაც მთელი სამყარო მოიპოვებს ხსნას.

ამის შემდეგ, წმიდა სილუანე საუბრობს ასკეტურ თავმდაბლობაზე და ერთგვარ ქარიზმატულ თავმდაბლობაზე. ასკეტური თავმდაბლობა ეს არის ბრძოლა, რომელსაც აწარმოებს ადამიანი იმისათვის, რომ თავმდაბლობა მოუპოვოს თავის სულს. ასეთი თავმდაბლობის კულმინაცია გახლავთ, როდესაც ადამიანი თვლის რომ იგი ყველაზე უარესია. ჭეშმარიტი ღმრთიური თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა იესო ქრისტემ. ამგვარი თავმდაბლობა, რომელიც აქვს ჩვენს ღმერთს და ზოგჯერ გადმოეცემა ხოლმე ადამიანებსაც, ჩვენ გვკურნავს. სწორედ ასეთი თავმდაბლობა ეუფლება ადამიანს, როდესაც იგი ღმრთის მადლითაა მოსილი. ამ დროს ის არა მარტო ფიქრობს, რომ ყველა ადამიანზე უარესია, არამედ მიაჩნია, რომ იგი არ არის ღირსი ისეთი ღმერთის, როგორიცაა უფალი იესო ქრისტე.

ამის გარდა, წმიდა სილუანე თავის ჩანაწერებში საუბრობს სულიერი ცხოვრების სამ ეტაპზე. პირველი ეტაპი ეს არის უფლის მადლის წვევა, მეორე გახლავთ ამ მადლის დაშორება და მესამე –  ამ მადლის გადმოღვრა, რომელიც კვლავ ბრუნდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწორი წარმოდგენა გვქონდეს სულიერი ცხოვრების ზემოთ აღნიშნულ მიმდევრობაზე. სხვანაირად სულ სხვა გააზრება შეიძლება მოჰყვეს მას. იმ შემთხვევაში კი, თუ მას სწორად გავიაზრებთ, უფრო მეტი შთაგონება და მოთმინება გვეძლევა ჩვენი სულიერი ბრძოლისას. როდესაც წმიდანი საუბრობს ამ სამ ეტაპზე, იგი ცდილობს დახმარება გაგვიწიოს მეორე ეტაპზე ყოფნისას, რომელიც ყველაზე უფრო რთულია.

სულიერი ცხოვრების პირველი ეტაპი ეს არის, როდესაც უფლის მადლი ადამიანს საჩუქრად გადაეცემა, ყოველგვარი ღვაწლის გარეშე. ეს ერთგვარი ტალანტია, საგანძურია, სიმდიდრეა, რაც არ არის ჩვენი, არამედ უფლის საჩუქარია ჩვენ მიმართ გაღებული. როდესაც ეს ღმრთიური მადლი გადაეცემა ადამიანს, ეს ერთგვარი გაკვეთილია მისთვის. იგი უკვე აცნობიერებს, მისთვის ნათელი ხდება, თუ როგორ უნდა იცხოვროს: როგორ უნდა ილოცოს, როგორ უნდა უყვარდეს. თუმცა ეს პერიოდი არ არის ხანგრძლივი, შეიძლება მან გასტანოს შვიდ წლამდე, რასაც მოჰყვება ჩვენგან ამ მადლის წასვლა. თანდათან ეს ღმრთიური მადლი შემცირებას დაიწყებს, რათა ადამიანი ერთგვარი გამოცდის ეტაპზე გადავიდეს. ადამიანმა გამოცდა უნდა ჩააბაროს ყოველივე იმაზე, რაც მას ღმრთიური სწავლების, ღმრთიური გაკვეთილის შედეგად გადაეცა.  ამიტომაც ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულიერი ცხოვრების მეორე ეტაპზე  ჩვენ ნაკლებად ქრისტიანები ვართ, ვიდრე პირველი ეტაპის დროს ვიყავით. შესაძლოა, ეს საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი გონიერება ვაჩვენოთ, ვაჩვენოთ ჩვენი ერთგულება, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ღირსნი ვართ ნდობისა, ღირსნი ვართ იმისა, რომ რაც დასაწყისში დროებით გადმოგვეცა, გადმოგვეცეს სამუდამოდ. სულიერი ცხოვრების მეორე ეტაპი აუცილებელია ჩვენთვის, რადგან ამ დროს ვემსახურებით სიყვარულის იგივე საქმეებს, რასაც ვაკეთებდით თავდაპირველად, როდესაც უფალი ჩვენთან ერთად იყო, მაშინ როცა მას ვხედავდით, მისი გვწამდა, იგი ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, რაც გაცილებით ადვილი იყო: იოლი იყო სიყვარული, თავმდაბლობა, რწმენა – ეს ყველაფერი ხომ ჩვენში იყო. ვხედავდით და გვწამდა. თუმცა მეორე ეტაპზე თუკი მოვახერხებთ და შევინარჩუნებთ ცხოვრების იმავე წესს მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავთ უფლის მადლს, მაშინ ნამდვილად ნეტარნი ვიქნებით.

ჩვენი სულიერი ცხოვრების პირველ ეტაპზე, თუკი მივყვებით უფალს, ეს ბუნებრივია, რადგან მას ვხედავთ, მას მივსდევთ და ჩვენ ვივსებით მისი მადლით. მაგრამ, თუკი მივყვებით უფალს სულიერი ცხოვრების მეორე ეტაპზე, როდესაც ვერ ვგრძნობთ ღმრთიური მადლის ამ ენერგიას, როდესაც ვცხოვრობთ ერთგვარი სიკვდილით იმასთან შედარებით, რასაც განვიცდიდით დასაწყისში, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ღმრთიური მადლის არარსებობას არ შეუძლია დაგვაშოროს ღმერთს. მაშინ ჩვენთვის ღმერთი ხდება უფრო ძლიერი, ვიდრე სიკვდილი. ამით ჩვენ ვუდასტურებთ უფალს, რომ ჭეშმარიტად მისი შვილები ვართ და იგი ჩვენ შეგვიწყალებს. როგორც ამას ამბობს დავით მეფსალმუნეც. ამიტომაც აუცილებელია ამ მეორე ეტაპის გავლა, სწორედ ამ პერიოდში ადამიანი უდასტურებს ღმერთს თავის ერთგულებას და ხდება უფრო ძლიერი, ვიდრე სიკვდილი, რომელსაც განიცდის, ვიდრე სიცარიელე, რომელსაც გრძნობს. სწორედ ეს მდგომარეობა გარდაისახება უფლის მიერ შვილად მიღების დიდებულ მდგომარეობაში. უფალი რწმუნდება რომ შენ ჭეშმარიტად მისი ხარ და გიღებს როგორც საკუთარ შვილს. და ამის შემდეგ, არაფერს ძალუძს შენი მოშორება უფლისაგან. ღმრთის მადლი კვლავ გადმოდის ადამიანზე და რჩება მასთან. უფალს სურს ყველაფერი თავისი მოგვცეს ჩვენ. და ამ ყველაფერს იგი ჩვენ ერთგვარი თავმდაბლობით გვაძლევს. თუმცა ჩვენი მხრივ, ჩვენც უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია იმ სიწმინდის მიღება, მოვლა, შენახვა, შენარჩუნება, რასაც ის გვაძლევს.

კვლავ დავუბრუნდეთ უფლის სიტყვებს, რომელიც ჩაესმა წმიდა სილუანეს: მიმართე შენი გონება ჯოჯოხეთისაკენ და იმედს ნუ დაკარგავ. ვფიქრობ, ეს უფლის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხია ჩვენი თაობისადმი მიმართული. ჩვენი თაობა განიცდის ზოგიერთ დამახასიათებელ უბედურებას (ვნებას). მაგალითად, იგი იტანჯება საზოგადო უგულებელყოფით. ეს საყოველთაო უგულებელყოფის სული ყველას აწვალებს. ეს სირთულეა, რომელიც ყველას გვაქვს დასაძლევი, მოსანანიებელი. არსებობს ასევე სასოწარკვეთილების სული, ყველგან გამეფებულია საყოველთაო ქედმაღლობა. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რადგან ყოველდღიურად ვისმენთ სხვადასხვა ადამიანის აღსარებას. ყველაფერი ეს აწვალებს თანამედროვე ადამიანს. ხსნა ამ მდგომარეობიდან შეიძლება ვეძებოთ იმ სიტყვებში, რომელიც იესო ქრისტემ უთხრა წმინდა სილუანოსს. დავიწყოთ იქიდან, რომ უპირველეს ყოვლისა, ჯოჯოხეთი ეს არის ხელთქმნილი სამყაროს ნაწილი. ის ერთგვარი მდგომარეობაა, რომელშიც ჩავიდა თავად იესო ქრისტე, იმისათვის რომ ხსნა მოეპოვებინა ადამიანებისათვის, იმისათვის რომ ეს ადგილიც შეევსო ღმრთიური ენერგიით. ჯოჯოხეთი ეს ისეთი მდგომარეობაა, სადაც ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია უფლის ნახვა, რადგან უფალი, მოციქულის თანახმად, მცირე ხნით ჩავიდა ჯოჯოხეთში და ისევ აღზევდა ზეცაში. უფალმა სწორედ ჯოჯოხეთში ჩასვლითა და იქიდან ამოსვლით მიანიჭა ადამიანებს ღმრთიური მადლი. ჯოჯოხეთში ჩასვლა და იქიდან ამოსვლა უფლის გზაა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს, რათა ჭეშმარიტად მიემსგავსოს ქრისტეს. ადამიანის ჯოჯოხეთში ჩასვლა უნდა უკავშირდებოდეს მის თავმდაბლობას, თვითშეწირვასა და თვითგანწირვას, რასაც გვასწავლის ჩვენი ეკლესია. თუკი ყურადღებას მივაქცევთ ლოცვებს, მის პირველ ეტაპზე ხდება ადამიანის დაშვება, ანუ მისი დამდაბლება. უკვე ამის შემდეგ, უფალი ადამიანს აღზევებას სთავაზობს.  არასოდეს არ ხდება აღზევება, დამდაბლების გარეშე.  ლოცვებში კარგად ჩანს ეს ორი მხარე. უფალმა ჩვენ გვიხსნა არა თავისი ყოვლისშემძლეობით. ყოვლისშემძლეობით მან ჩვენ შეგვქმნა. მან ჩვენ გვიხსნა თავისი თავმდაბლობით – თავისი ჯვრით. რატომ დაეცა ადამი?  სწორედ იმიტომ რომ დაუჯერა მტერს და ზეაღსვლა მოინდომა. თუმცა შედეგად ისე დაეცა, როგორც ელვა ზეციდან. ამიტომაც როდესაც ადამიანი უფლის რწმენით ქვევით-ქვევით ეშვება (იგულისხმება თავმდაბლობა და თვითგვემა) მას მტერი ათავისუფლებს. რადგან ადამიანის მტერს არ შეუძლია ქვევით-ქვევით სვლა (თავმდაბლობა). ამიტომაც, როდესაც წმიდა სილუანეს ჩაესმა იესოს სიტყვები: მიმართე შენი გონება ჯოჯოხეთისაკენ და იმედს ნუ დაკარგავ, მისივე სიტყვებით, მაშინვე დამდაბლდა მისი სული, იპოვა შვება ღმრთისაგან და განიწმინდა მისი გონება. როდესაც ჩვენ თავს ვგმობთ უფლის წინაშე, უფალი მადლით გვავსებს. სწორედ ამ დროს იბადება ჩვენში სინანული. როდესაც ადამიანს ღმრთის მადლი ეწვევა, იგი ხედავს ერთი მხრივ, ბნელით მოცულ მდგომარეობას, ხოლო მეორე მხრივ, ხედავს ზეციური სამყაროს სინათლეს, რომელსაც იგი ესწრაფვის. ადამიანს ამ დროს აქვს ორმაგი თეორია, იგი გაორებულია. სწორედ უფლის მადლის მეშვეობით ხდება შესაძლებელი ადამიანის მიერ ამის შეცნობა. თუკი წავიკითხავთ წმიდა წერილებს, ვნახავთ რომ ყოველთვის, როცა უფალი ეცხადებოდა რომელიმე წინასწარმეტყველს, მას სწორედ ამგვარი შეგრძნებები ებადებოდა. როდესაც ადამიანი ხედავს იმ სიცარიელეს, რომელშიც იგი იმყოფება, მას უნდა ჰქონდეს ასევე გამბედაობა იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა სძლიოს. და სწორედ ეს არის ის, რასაც მას ჩუქნის სინანული და თავმდაბლობა. მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ, რომ თუკი წავალთ მეგობართან, ან ექიმთან, ან მასწავლებელთან, რომელიც ჩვენ მიგვითითებს ყველა ჩვენს სიავეზე, ყველა ჩვენს არასწორ საქციელზე, ჩვენს შეცდომებზე, ჩვენი განკურნება ან გამოსწორება არ მოხდება. შეიძლება ამან უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაგვაგდოს და სრულიად უიმედონი გაგვხადოს. უფლის მადლი კი ჩვენზე ასე მოქმედებს: გვაჩვენებს იმ დაცემულ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით და ამავდროულად გვაძლევს იმის ძალას, რომ დავძლიოთ ეს არასასურველი მდგომარეობა. ამიტომაც ეს ადამიანისათვის ძალიან ძვირფასია და მას განკურნების ძალა შესწევს.  ყოველთვის, როცა განვიცდით სინანულს ჩვენი გონება და გული ერთიანია. ხოლო ჩვეულებრივ მდგომარეობის დროს, რომელშიც ვცხოვრობთ ყოველ დღე, გული და გონება ერთმანეთისაგან დაშორებულია. სხვას ფიქრობს გონება, სხვას განიცდის გული. სინანული ღმრთის მადლთან ერთად გვეხმარება ჩვენი გულისა და გონების გაერთიანებაში, რაც კურნავს ადამიანს და აბრუნებს მას იმ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში, როდესაც უფლის მცნებების თანახმად იწყებ ცხოვრებას.

სანიშნეები