არის თუ არა უფალი იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრი?

15 November 2017

არის თუ არა იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრი? ჩვენი ცხოვრების თითოეულ წამს ვხედავთ თუ არა იესოს ჩვენ წინაშე, რათა მან გვაკურთხოს და მიმართულება მისცეს ყველა ჩვენს  ნაბიჯს?  ჩვენს ყოველ ქმედებასა და მოქმედებაზე ვსვამთ თუ არა კითხვას: მოეწონებოდა კი ჩვენი ასეთი საქციელი იესოს? ვივიწყებთ ჩვენს საკუთარ მეს და მზად ვართ, რომ თავი შევწიროთ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანებს? შეგვიძლია რომ გაბედულად წარმოვთქვათ ის, რასაც შეუპოვარი ხმით ღაღადებდა მოციქული პავლე: „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალატელთა მიმართ 2. 20)?

რამდენ ჩვენგანს აქვს მინდობილი თავისი თავი, თავისი პრობლემები, თავისი წუხილი, ყოველდღიური საზრუნავი, საკუთარი ჯანმრთელობა იესო ქრისტეზე? რამდენ ჩვენგანს აქვს მოკვდინებული საკუთარი თავი ამქვეყნიური სამყაროსათვის და ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს გამო? რომელ ჩვენგანს შეუძლია იესოს შემდეგი სიტყვებით მიმართოს: მაშ ასე, ამიერიდან აღარ ვცოცხლობ მე, არამედ ჩემში ცხოვრობ  შენ, ჩემო ტკბილო უფალო იესო ქრისტე? რამდენ ჩვენგანს შეუძლია ფართოდ გაუხსნას საკუთარი გულის კარი იესო ქრისტეს, რათა ის შემოვიდეს ჩვენში და დაივანოს ჩვენს გულებში? რამდენი ჩვენგანი აძლევს ჩვენს მხსნელს – იესო ქრისტეს საკუთარი ცხოვრების საჭეს, როგორც მის სტაბილურ წარმმართველს, რათა მან მიგვიყვანოს იქ, სადაც თავად სურს და არა იქ, სადაც ჩვენ მოგვიწადინია?

თუკი მართლაც ვიცხოვრებთ ისე, რომ უფალი იესო ქრისტე ჩვენი ცხოვრების ცენტრად იქცევა, მაშინ გავაცნობიერებთ თუ რა სიღრმე და სიდიადე იმალება ქრისტესმიერ ცხოვრებაში! ამ შემთხვევაში არ იგულისხმება არც მორალური სისტემა და არც გაუცნობიერებელი რიტუალების სერია. არამედ იგულისხმება სიცოცხლეშივე სიკვდილის განცდა. წმიდა ნათლობით ყველა ჩვენგანი, ანუ ყველა ქრისტიანი, განვიცდით ჩვენში არსებული ძველი ადამიანის სიკვდილსა და ამავდროულად, ახალი სიცოცხლის აღორძინებას,  რომლის დაცვასა და შენარჩუნებას ცოდვების წინააღმდეგ ჩვენი პერსონალური ბრძოლით თუ მოვახერხებთ. თუკი ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მივყვეთ უფლის ნებას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ ჩვენში იესო ქრისტეს ცხოვრება გამჟღავნდება. მაშინ შევძლებთ, რომ ჩვენი ცხოვრების ცენტრად იესო ქრისტე იქცეს და მისი მადლი ისე მივიღოთ, როგორც  ნაზი მოფერება. მაშინ უნარი მოგვეცემა იმისა, რომ შევიგრძნოთ მისი არსებობა, როგორც სიხარული, მადლი და დაუსრულებელი ბედნიერება.

სიცოცხლე, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს მშვიდობის, სიხარულისა და წინსვლის ძახილს. როგორ უნდა დავივიწყოთ სიმღერა, რომელიც ამბობს: „იესო ქრისტეა ის, ვინც ანიჭებს სიხარულსა და მშვიდობას“? ცხოვრება, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს რომ ჩვენში ცხოვრობს თვითონ უფალი იესო ქრისტე, რომ გვყვავს „ქრისტე ჩვენს გულებში“, მსგავსად წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილისა, ნიშნავს იმას, რომ იესო ჩვენი სუნთქვაა, ჩვენი სიხარულია, ჩვენი ძალაა. განა კი არსებობს ამქვეყნად უფრო სასიამოვნო რამ, ვიდრე ის, რომ მთელი წმიდა სამება მოვიდეს და დასახლდეს ჩვენს გულებში? არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ის, რომ ჩვენს გულში ცხოვრობდეს უფალი. ამასვე გვეუბნება წმინდა იოანე ოქროპირი: „უფალი იესო ქრისტეს ჩვენში მყოფობა ნეტარად დაბადებაა მუდამ“. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიხარული ქრისტიანისათვის.

ცხოვრება, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს, რომ გვაქვს „გონებაჲ ქრისტესი“ (I კორინთელთა მიმართ 2. 16), რომ ჩვენი ფიქრები – ეს იესო ქრისტეს ფიქრებია, პირველადი და სუფთა, და არა – მეორადი და ბინძური, ჩვენი შეგრძნებები – ეს იესო ქრისტეს შეგრძნებებია, ჩვენი ზრუნვანი – ეს იესო ქრისტეს ზრუნვანია, ჩვენი სიცოცხლე კი – ეს ქრისტესმიერი ცხოვრებაა. ცხოვრება, რომლის ცენტრი იესო ქრისტეა, ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკაში ვახორციელებთ წმიდა სახარების სწავლებას, რომ ჩვენ უფლის წინაშე მართალნი ვართ, რომ ჩვენ მივეახლებით ღმერთსა და მოგვეხლება იგი ჩვენ, რომ ყოვლად ცოდვილნი ვიწმენდთ ჩვენს ხელებს და უბიწოდ ვჰყოფთ გულთა ჩვენთა ორგულნი, უფლის ძმის – იაკობ მოციქულის სიტყვების თანახმად (იაკობ 4. 8). ამისათვის გვმართებს, რომ მისი ღირსნი გავხდეთ, სხვაგვარად როგორ დასახლდება ყოვლად წმიდა ჩვენს უბადრუკ საცხოვრებელში? ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ სიყვარული და სიკეთე ყველას მიმართ. უნდა გავხდეთ სასარგებლონი, შემბრალებელნი, მოსიყვარულენი, შეგვეძლოს ერთმანეთის პატიება. როდესაც ჩვენში ცხოვრობს უფალი იესო ქრისტე, ამბობს წმიდა ნიკოლოზ კავასილა, სხვა რა უნდა გვჭირდებოდეს, რომელი სიკეთე გაგვისხლტება ხელიდან? ამისათვის აუცილებელია მხოლოდ, რომ ჩვენც დავრჩეთ მასთან ერთად. მაშინ მობინადრეც გვეყოლება და საცხოვრებელიც და ვიქნებით დალოცვილნი, როგორც ჩვენი სახლით, ისე ასეთი მობინადრის ყოლით.

[გაგრძელდება]

სანიშნეები