წმიდა მარკოზი, ეფესოს მთავარეპისკოპოსი

1 February 2018

მიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღმრთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა დაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი კონსტანტინეპოლის საუკეთესო პროფესორებს დაემოწაფა და მოკლე ხანში მათგან უზარმაზარი ცოდნა შეიძინა სიბეჯითის, გულმოდგინებისა და შესანიშნავი გონების წყალობით.

მანუელმა 24 წლისამ დაასრულა კონსტანტინეპოლის უმაღლესი სკოლა ვოტარიუსის, ანუ რიტორთა მოძღვრის წოდებით. მას დაეკისრა წმიდა წერილის განმარტება საპატრიარქო ტაძარში. მუდამ სერიოზული, ამასთან, სათნო და ყველას მიმართ კეთილად განწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეფრემ II-მ (1410-1416) შეიტკბო და დაიახლოვა იგი, წმიდანი იმპერატორ მანუელის მეგობარი და სანდო მრჩეველიც გახდა, მის წინაშე ბრწყინვალე საერო კარიერა იშლებოდა, მაგრამ 26 წლის ასაკში ჭაბუკმა გაწყვიტა კავშირი ამაო და წარმავალ წუთისოფელთან, ბერად აღიკვეცა მარკოზის სახელით და კუნძულ ანტიგონზე მდებარე უკაცრიელ მონასტერში დამკვიდრდა. მისი მოძღვარი გახდა ამ სავანის წინამძღვარი, „საკვირელი სვიმეონი”.

ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ. მარკოზი და მისი მოძღვარი იძულებულნი შეიქმნენ კონსტანტინეპოლში, მანგანის მონასტერში გადასულიყვნენ. აქ წმიდა მამა მთლიანად მდუმარებას მიეცა, მნახველებს არ ღებულობდა და მხოლოდ საღმრთო წერილს უღრმავდებოდა.

მანგანის სავანეში მარკოზი მღვდლად აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს საღმრთო მადლი ნათლის სახედ გადმოდიოდა მასზე.

1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. იგი აღნიშნავდა: „ქრისტეს ეკლესიის ბრძანებით და მისივე საჭიროებისათვის ვიტვირთე საეპისკოპოსო მსახურება, რომელიც ჩემს ღირსებასა და ძალებს აღემატება”.

1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარა-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღმრთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკების მიერ ჩასწორებული მრწამსი აღიარეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო. იგი აცხადებდა: „არ შეიძლება არსებობდეს საშუალო ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის”, „ეკლესიის საქმე ვერასოდეს გადაწყდება კომპრომისების გზით”.

როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”

უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა, პაპთან მიწვეულმა წმიდა მამამ კი თქვა: „საეკლესიო კრებები განდგომილებად მიიჩნევდნენ და განიკითხავდნენ მათ, ვინც რომელიმე დოგმატს არღვევდა და ისე ქადაგებდა. ეკლესია ჯერ თვით მწვალებლობას განიკითხავდა, შემდეგ კი წვალებათა მთავრებს და მათ მიმდევრებს. მაგრამ მე არც რაიმე საკუთარი სწავლება მიქადაგია და არც სიახლე შემომიტანია ეკლესიაში. მხოლოდ იმ სწავლებას ვიცავდი, რომელიც ეკლესიამ ურღვევი სახით მიიღო ჩვენი მაცხოვრისაგან და რომელიც უცვლელად უპყრია დღემდე. ამ სწავლებას განხეთქილებამდე, რომის წმიდა ეკლესიაც ჩვენზე, აღმოსავლეთზე ნაკლებად როდი იცავდა და ყოველთვის წმიდა მოძღვრებად მიიჩნევდა. და თუკი მე მას ვიმარხავ და ჩემს თავს მისგან გადახვევის ნებას არ ვაძლევ, მაშ, რომელი კრება განმიკითხავდა, რამეთუ მანამდე იმ სწავლებას უნდა დასდოს მსჯავრი, რომელსაც მე მივდევ. ხოლო თუ სწავლება სწორი და მართლმადიდებლურია, მაშინ მე რატომღა ვარ სასჯელის ღირსი?”

იმპერატორი და იერარქები 1439 წლის 26 აგვისტოს გამოემგზავრნენ ფლორენციიდან. რამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. მან ეფესოს მიაშურა და გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, თუმცა ძლიერ უჭირდა ხორციელად დაუძლურებულს. იგი დადიოდა თურქებისგან ხელყოფილი ეკლესიების მოსანახულებლად, ატარებდა მღვდლების ხელდასმას, ეხმარებოდა შევიწროებულებს, მფარველობდა ქვრივ-ობლებს.

ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.

მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1444 წელს. მისი ტანჯვით აღსავსე ცხოვრების დასასრული ნათელი და სიხარულიანი იყო. წმიდანი პატივით დაკრძალეს მანგანის სავანეში.

წყარო: „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

 

სანიშნეები