ერთობა ქრისტეში

2 March 2018

ვაგრძელებთ ლიმასოლის მიტრიპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი ათანასეს  საუბრების ციკლს. საუბრები არის აუდიო ფორმატის, გთავაზოვთ მის ბეჭდურ ვარიანტს.

ლიმასოლის მიტროპოლიტი,მეუფე ათანასე, აანალიზებს რა ბასილი დიდის წირვის ლოცვებს, საუბრობს სამყაროსა და ყოველივე შექმნილის მიმართ განცდილ პირობით სიყვარულზე და მას ადარებს შემოქმედის მიმართ არსებულ აბსოლუტურ სიყვარულსა და ნდობას.  ეხება ასევე ჩვენს პირადსა და ეთნიკურ თემებს, ხოლო ქორწინების დალოცვილ საიდუმლოზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გვმართებს ჩვენი ეკლესიის წიაღში უმწიკვლოდ და მოკრძალებით ცხოვრება, რის მაგალითსაც ჩვენ ქრისტეს სიყვარული გვაძლევს.

 

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმრთაებრივ მსახურებას ჩვენი გარდაცვლილი ძმებისათვის და რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი შეგვიძლია მივუძღვნათ გარდაცვლილებს, არის ღმრთაებრივი მსახურებისას აღვლენილი ლოცვა მათი სულების საცხონებლად. როდესაც ვამბობთ, რომ ვასრულებთ საღმრთო მსახურებას გარდაცვალებულთათვის და არა მარტო მათთვის, არამედ ცოცხალთათვისაც, ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავიღოთ ის, რაც გაგვაჩნია, ანუ ჩვენი საკუთარი ჯილდო, საკუთარი ძღვენი.

მოგვიანებით როდესაც სრულდება საღმრთო ლიტურგია, კვერექსში ვამბობთ: „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, ძმათა ჩუენთა მღვდელთა, მღვდელმონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ“, რაც შემდეგს ნიშნავს: გევედრებით შენ, უფალო, მოიხსენო ყოველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, რომელიც სწორად ასწავლის შენს ჭეშმარიტების სიტყვას, ასევე – ყველა პატიოსანი მღვდელი, დიაკონი, ყველა სასულიერო პირი და ჩვენი ეკლესიის შეუდარებელი არმია. ანუ ღმრთაებრივი მსახურება სრულდება ეპისკოპოსების, მღვდლების, დიაკონებისა და მონაზვნებისათვის, მათი ერთიანობისა და სიმტკიცისათვის. ამ შემთხვევაში ეკლესიის ეს ერთიანობა, რომელიც ზუსტად ის ამოსავალი წერტილია, რაც ადასტურებს ეკლესიის ერთიანობას ქრისტესთან, არის ჭეშმარიტების გარანტია. შესაბამისად, ეკლესია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ სწამს ყოველივე ის, რასაც ასწავლის მართლმადიდებლური ეკლესია, თუმცა არ არის დაკავშირებული დანარჩენ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან, არის პრობლემური ეკლესია. ეს ეკლესია განხეთქილების ჩამომგდებია. ეს პრობლემა აქვთ ეგრედ წოდებულ „პალეოიმეროლოგიტებს“ (ბერძ. ძველ მესტილეებს), რომლებიც არსებობენ, როგორც კვიპროსზე, ისე – საბერძნეთში (სხვა შემთხვევაა ათონის წმინდა მთა, რასაც მოგვიანებით აგიხსნით). ისინი, რა თქმა უნდა, არიან მართლმადიდებელნი,  მიჰყვებიან მის დოგმებს, არ გააჩნიათ ერეტიკული დოგმები, თუმცა სამაგიეროდ სხვა პრობლემა აქვთ: ისინი მოსწყდნენ დედა ეკლესიას და ჩამოაყალიბეს თავიანთი ეკლესია, რადგან სწამთ, რომ ეკლესია კალენდრის გამო ან სხვა რაიმე მიზეზით, არის ერეტიკული, ამიტომაც ისინი მოსწყდნენ ეკლესიას.  შესაბამისად, ისინი განცალკევდნენ, გამოიწვიეს ერთგვარი განხეთქილება ეკლესიის წიაღში და დაშორდნენ მას. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებისათვის ეს მოვლენა ნელ-ნელა გარდაიქმნება ერთგვარ ერეტიკულ მდგომარეობად. ამიტომაც, ყოველი მოვლენა, ყოველი მოძრაობა, რაც კი სრულდება ეკლესიის წიაღში, უნდა იყოს აბსოლუტური თანხმობის ნაყოფი და სხვა ეკლესიებთან შეთანხმებული. სწორედ ეს არის ეკლესიის უსაფრთხოების გარანტია.  ყოველივე ზემოთ აღნიშნული უბრალო სიტყვებით რომ გადმოვცეთ, ასეთი სურათი გვექნება: მაგალითად ყველას აქ ვინც ვიმყოფებით, ვთქვათ 100-150 კაცს, გვაქვს პრობლემა ჩვენს ეპისკოპოსთან, ვაცხადებთ რომ ჩვენ არ გვსურს ეს ადამიანი მღვდელმთავრად და ვირჩევთ სხვა ეპისკოპოსს. შეიძლება მართალნიც ვართ, ეპისკოპოსთან ჩვენს განხეთქილებას რეალური საბაბი გააჩნია და ვქმნით ჩვენს საკუთარ პატარა ჯგუფს. თუკი ამ ჩვენს გუნდს, რომელიც შეიძლება სამართლიანიც კი გვეჩვენებოდეს, არ გააჩნია კავშირი სხვა მართლმადიდებლურ ეპარქიებთან, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა მართალნი ვართ თუ მტყუანი, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ეკლესიის წიაღის გარეთ ვრჩებით და ჩვენი ჯგუფი განხეთქილების მიზეზი ხდება. მაშასადამე, ეკლესიის ერთიანობა ეს არის საიდუმლო კავშირი ყველა მართლმადიდებლურ ეპარქიებთან. ეპისკოპოსი არის ამოსავალი წერტილი ეკლესიის სხეულის ერთიანობისა. ეპისკოპოსების შემდეგ არიან მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები, ანუ ყველა სასულიერო პირი. ამიტომაც ღმრთაებრივ მსახურებაში მოიხსენებიან ეპისკოპოსები. ჩვენ უნდა ვილოცოთ მათთვის, რადგან ეპისკოპოსები ჩვენი სულიერი მამები არიან. ნუ განვსჯით ადამიანებს მათი ადგილების მიხედვით. სხვაა ადამიანი და სხვაა ადგილი. ერთია ადამიანი, როგორც პიროვნება და სხვაა ეპისკოპოსის ადგილი. თუ იგი კარგი ადამიანია, ხომ კარგი. თუ ცუდია, მას კვლავ ვუსმენთ, ვემორჩილებით, როგორც ეპისკოპოსს და ვლოცულობთ მისთვის, რომ ღმერთმა უშველოს. თუკი ჩვენ ვიქნებით ღირსნი უფრო უკეთესი წინამძღოლისა, ღმერთი მოგვცემს უფრო უკეთესს მღვდელმთავარს. ხოლო თუკი ვიქნებით ღირსნი უფრო უარესისა, მაშინ მოგვცემს უფრო უარესს. როგორც ეპისკოპოსები, ისე მღვდლები ჩვენგან, ხალხისაგან გამოდიან, ისინი არ ჩამოდიან ზეციდან. ამიტომაც გვყვავს ზუსტად ისეთები, როგორსაც ვიმსახურებთ.

ამგვარად ვლოცულობთ ეპისკოპოსებისათვის, მღვდლებისათვის, დიაკვნებისათვის, ყოველი სასულიერო წოდების წარმომადგენელთათვის, ასევე – მგალობელთათვის, მედავითნეთათვის. ვლოცულობთ  მონაზვნებისთვის, რომელნიც ჩვენი ეკლესიის განსაკუთრებულ არმიას წარმოადგენენ, რადგან სრულიად უძღვნიან თავს უფალს, რის გამოც  მათ ანგელოზური არმია ეწოდებათ.

გარდა ამისა, საღმრთო მსახურებისას ვლოცულობთ მთელი სამყაროსათვის, უფლის მთელი შემოქმედებისათვის. იგულისხმება უფლის მიერ შექმნილი მთელი ქვეყნიერება, მთელი სამყარო. აი, უკვე ორი ათასი წელია, რაც ეკლესია ასრულებს ღმრთაებრივ მსახურებას, რომლის დროსაც ლოცულობს მთელი სამყაროსათვის, რადგან ის სამყაროს აღიქვამს, როგორც უფლის ქმნილებას, პატივს მიაგებს ღმრთის შემოქმედებას, უყვარს იგი, ეხმარება მას, ლოცულობს მისთვის, თუმცა მას არ ეთაყვანება. სწორედ ამაში მდგომარეობს დიდი სხვაობა. ეკლესია თაყვანს სცემს მის შემოქმედს, ანუ უფალს და არა მის ქმნილებას, ანუ სამყაროს. და რადგანაც უყვარს და თაყვანსა სცემს შემოქმედს, უყვარს და პატივს მიაგებს მის შემოქმედებასაც. ამიტომაც ლოცულობს მისთვის, თუმცაღა არ აღმერთებს სამყაროს. სხვანაირი დამოკიდებულება, როგორც სამყაროს, ისე ბუნების მიმართ, კერპთაყვანისმცემლობაა და ავადმყოფური სულიერი მდგომარეობის გამოხატულებას წარმოადგენს. როგორც მაგალითად გადაჭარბებული (არანორმალური) მზრუნველობა კატების, ძაღლების, ფრინველებისა თუ ხეების მიმართ. ჩვენ, ქრისტიან ადამიანებს, მიზნად გვაქვს ჩვენი განღმრთობა და არა თაყვანისცემა კატებისა თუ ძაღლებისა. ეს სულიერი ავადმყოფობაა და ცოდვაა. როდესაც ხედავ ადამიანს, რომელსაც ძაღლი ჩაუხუტებია და მას ელაპარაკება, ეს ნიშნავს რომ ამ ადამიანს ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს ამ ძაღლის მიმართ. სულიერების მხრიდან რომ მივუდგეთ, ეს ყველაფერი არ არის სწორი, ავადმყოფურია. რა თქმა უნდა, არ არის აკრძალული კატებისა და ძაღლების ყოლა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ცხოველები არიან. უნდა ვიზრუნოთ მათზე: ვაჭამოთ, დასაძინებელი ადგილი მივუჩინოთ, მაგრამ არ უნდა დავამყაროთ პირადი კავშირები ძაღლთან. ძაღლისთვის სიყვარულის ახსნა, კოცნა, დიალოგის გამართვა, ჩვენი საიდუმლოების გამჟღავნება, მეგობრული კავშირის დამყარება და ა.შ. განა სწორია? ეს ხომ ავადმყოფური, არასწორი დამოკიდებულებაა. თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელი მოვლენაა. მე ვიცნობდი ადამიანებს, მაგალითად მახსოვს ერთი ბავშვი საბერძნეთში, რომელიც თვრამეტი წლის იყო, ჭამდა თავის ძაღლთან ერთად, ეძინა თავის ძაღლთან ერთად, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა მეგობრები, არ ჰქონდა ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. როგორ გექნება პირადი ურთიერთობა სხვა ადამიანთან, როდესაც არ გაქვს ურთიერთობა ღმერთთან? თუკი განავითარებ პირად კავშირს ღმერთთან, მაშინ ადამიანებთანაც შეძლებ ურთიერთობას. ხოლო  როდესაც არა გვაქვს კავშირი ღმერთთან, მაშინ ადამიანებთანაც ვწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას. რადგანაც თანდათანობით ჩვენ გვაწუხებს ადამიანებთან ურთიერთობა. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ვიღაცას ვუთხარით „გამარჯობა“, მან კი არ გვიპასუხა ან ვუთხარით „ღამე მშვიდობისა“ და არც კი შეგვიმჩნია. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, გავივლი, ვხედავ ვინმე ნაცნობს, მაგრამ არ ვესალმები, რადგან არ მახსოვს, თუ ვინ არის. ის კი ბრაზდება. „როგორ, განა არ გახსოვარ?“ ხანდახან შუადღისას რა ვჭამე ისიც კი არ მახსოვს, როგორ უნდა მახსოვდეს ყველა ადამიანი? ჩვენ გვინდა, რომ ყველას ვახსოვდეთ ან ყველა გვაქცევდეს ყურადღებას. ვთქვათ ვინმე არ მოგვესალმა, ან ცოტა ცივად მოგვესალმა, ეს ყოველივე ხომ ბუნებრივია, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ. განა შესაძლებელია ყველა ადამიანს ერთნაირად მოექცე და ერთი და იგივე ყურადღება მიაქციო? ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენ ხომ არ ვართ ყოვლისშემძლენი, სრულყოფილები, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი. ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ქორწინებაშიც კი, ჩვენი ურთიერთობები შედარებითია, ის არ არის უპირობო (უცილობელი). შეუძლებელია მოითხოვო შენი ქმრისაგან ან ცოლისაგან, რომ გაღმერთებდეს, რომ მხოლოდ შენ უყვარდე და სხვა არაფერი ამქვეყნად. სიყვარულის ეს ავადმყოფური მტკიცებულებანი და დღის განმავლობაში ათასჯერ ახსნა, რომ მხოლოდ შენი თავი უყვარს და არაფერი სხვა, არ არის ნორმალური. ხანდახან ასეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ცოლ-ქმარს პრობლემა ექმნება იმის გამო, რომ ერთ-ერთ მათგანს უყვარს ღმერთი. „ჩემზე მეტად გიყვარს ღმერთი? გაეთრიე მაშინ ჩემი ცხოვრებიდან“, შეიძლება ასეც უთხრას ქმარმა ცოლს ან ცოლმა ქმარს. ყოველივე ეს ფსიქიკურ ავადმყოფობას გავს. მსგავსი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ჩვენი შვილების მიმართაც. გვინდა, რომ ისინი მხოლოდ ჩვენი საკუთრებანი იყვნენ და თუკი მათ ღმერთი ჩვენზე მეტად შეუყვარდებათ, ამას ვერ ვეგუებით. ან თუნდაც აქ, კვიპროსზე, თუკი რომელიმე ახალგაზრდა დაქორწინებას გადაწყვეტს, მაგრამ მისი დედა ამ ქორწინების წინააღმდეგია, დიდი აურზაური იწყება. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც 30 წლის ბიჭები დაქორწინებას გადაწყვეტენ, მაგრამ დედას მათი არჩევანი არ მოსწონს და ისინიც მაშინვე უკან იხევენ. ეს ყველაფერი ავადმყოფურია და მიზეზი ამისა არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, არ არსებობს იერარქია ჩვენს სიყვარულში. თუკი შევიყვარებთ ღმერთს უპირობოდ და გვეცოდინება, რომ ყველაფერი დანარჩენი პირობითია (შედარებითია), მაშინ ჩვენს შვილებსაც ისე შევიყვარებთ, როგორც გვმართებს. მშობლების გადაჭარბებული სიყვარული შვილების მიმართ ღუპავს შვილებს, ხოლო მშობლებს ავადმყოფებად აქცევს. უპირობო სიყვარულიც ბადებს პრობლემებს. ზოგჯერ ადამიანები გადაჭარბებული სიყვარულისგან არანორმალურად იქცევიან.  ასეთი სიყვარული ხშირად ქორწინებაში ეჭვიანობის საფუძველი ხდება. მერე იწყება: „რატომ შეხედე მას“, „რატომ გაიხედე იქით“, „რატომ უთხარი მას გამარჯობა ღიმილით“. ყოველივე ეს უცნაურია და ავადმყოფური, თუმცა მათი გამომწვევი ერთგვარი სიყვარულია, რომელიც არ არის ჯანსაღი, ხოლო არაჯანსაღი სიყვარული იქცევა ხოლმე ეჭვიანობად. ეჭვიანობა კი თავისთავად უგუნურია, რომელიც ჩვენ გვახელებს და არანორმალურებად გვაქცევს. შეიძლება სრულიად უბრალო მიზეზის გამო გავღიზიანდეთ და ჩხუბი დავიწყოთ. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ეს უგუნურება დაატყდეს თავს ადამიანს, როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. მაგალითად, ავიღოთ რაიმე მანქანა, რომელიც მწყობრიდანაა გამოსული, ესე იგი, მასში რაღაც არ მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს, რაღაც მოიშალა, რომელიმე ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა. ასევეა ადამიანშიც, როდესაც რაიმე უგუნური საქციელი იჩენს ჩვენში თავს, ნიშნავს რომ ღმერთთან ჩვენს სულიერ კავშირში რაღაც დაირღვა. ხოლო თუკი, უფლის მიმართ გვექნება უპირობო სიყვარული, მაშინ ჩვენთვის სრულიად ნათელი გახდება თუ რა დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ დანარჩენ ადამიანებთან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკლესია ღმრთაებრივი მსახურებისას აღავლენს ლოცვას მთელი სამყაროსათვის, მთელი შესაქმისათვის და ამგვარად ეკლესიას სარგებელი მოაქვს მთელი ქვეყნიერებისათვის. ხოლო ჩვენ, რომლებიც ვესწრებით ამ მსახურებას, ავტომატურად ვხდებით გლობალური ქველმოქმედები (სიკეთის მქმნელები). ვლოცულობთ და ვხდებით საღმრთო მსახურების თანამონაწილენი. შეიძლება ზოგიერთის თვალში ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეკლესიის გამოცდილებამ აჩვენა, თუ რა ძალა გააჩნია ამ ევქარისტიას (ზიარებას). ასეულობით წლის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ საღრთო ლიტურგიას დიდი ძალა აქვს, როგორც გარდაცვალებულთათვის, ისე – ცოცხლებისათვის.

ღმრთაებრივი მსახურება სრულდება ასევე იესო ქრისტეს ეკლესიისათვის, ანუ ყველა ეკლესიისათვის, რომელიც არის წმიდა, სამოციქულო და კათოლიკე. ჩვენი ეკლესია არის კათოლიკე, თუმცა დღეს სიტყვა კათოლიკურში იგულისხმება რომაულ-კათოლიკური ეკლესია, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჩვენი, ანუ მართლმადიდებლური ეკლესიაა კათოლიკე (მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „კათოლიკოს“ და ნიშნავს „საერთოს“).

[გაგრძელება]

სანიშნეები