თავშეკავებული ქცევა ქორწინებაში

15 March 2018

ვაგრძელებთ ლიმასოლის მიტრიპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი ათანასეს  საუბრების ციკლს. საუბრები არის აუდიო ფორმატის, გთავაზოვთ მის ბეჭდურ ვარიანტს.

წინამდებარე სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2018/03/02/ერთობა-ქტისტეში/ ‎

ღმრთაებრივი მსახურებისას ასევე აღევლინება ლოცვა უმწიკვლო და პატიოსან მოქალაქეთათვის, მათთვის, ვინც ცხოვრობს წმიდად და პატიოსნად. რატომ მაინცდამაინც მათთვის? იმიტომ, რომ უმწიკვლობა ეს ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლაა. სწორედ ამ მიზეზით, ეკლესია საღმრთო მსახურებისას ლოცულობს ამ ადამიანებისათვის, რათა ისინი გააძლიეროს პატიოსნებისათვის გამართულ ბრძოლაში. ყველა ვხედავთ, თუ რაოდენ რთულია დღეს უმწიკვლობისა და პატიოსნების შენარჩუნება. ხოლო მაშინ, როდესაც ესა თუ ის ადამიანი გადაწყვეტს პატიოსნად ცხოვრებას, რაოდენი ძალისხმევა სჭირდება მას ამისათვის. რატომ ანიჭებს ეკლესია ასეთ დიდ მნიშვნელობას უმწიკვლობას? იმიტომ, რომ ეკლესიას სურს სხვაგვარი ქორწინება, რომელშიც მოიაზრება ადამიანის ქორწინება ზეციურ სასიძოსთან, ანუ იესო ქრისტესთან. ამგვარი ქორწინება არ ეხებათ მხოლოდ მონაზვნებს, რომელთაც გადაუწყვეტიათ ქალწულებრივი, ანუ წმიდა ცხოვრება, არამედ ეხება ყველა თქვენგანს, ვინც კი იმყოფებით ქორწინებაში თქვენ-თქვენს მეუღლეებთან. აქ იგულისხმება თავშეკავებული ქორწინება, ანუ ქორწინება, რომელშიც ადამიანი არ არის უპირობო. დაქორწინებულმა უნდა იცოდეს, რომ ამქვეყნიური ქორწინება მას იესო ქრისტესთან მარადიული ქორწინებისაკენ მიუძღვის. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანმა ამას მიაღწიოს, აქედანვე უნდა დაიწყოს ბრძოლა თავის ცხონებისათვის. იესო ქრისტესადმი მისი სიყვარული იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ სხვა დანარჩენი სიყვარული მასში პირობითი გახდეს. ნურავინ იფიქრებს, რომ ქორწინების შემდეგ მცირდება ადამიანის პრობლემები. როგორც მისი პრობლემები, ისე ხორციელი ბრძოლები, სამწუხაროდ, ქორწინების შემდეგაც განაგრძობს არსებობას და ვფიქრობ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ეს ქორწინებამდე იყო. რადგან როდესაც ადამიანი სულიერად იღწვის და არ გააჩნია ხორციელი ტკბობის გამოცდილება, არასდროს განუცდია ხორციელი სიამოვნება, უფრო ნაკლებადაც აქვს ამის მოთხოვნილებაც. ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანი მიიღებს ხორციელი სიამოვნების გამოცდილებას, მისი გონება სრულიად იცვლება. და არა მარტო გონება, იცვლება მისი თვალები, ხელები, ერთი სიტყვით, იგი სრულიად იცვლება. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ამბავი, ერთხელ, ერთ-ერთ სულიერ მამასთან მივედით, რომელიც ჭეშმარიტად უფლის კაცი იყო, მაშინ სტუდენტები ვიყავით. მამამ მოფერება დაგვიწყო, როგორც თავის  სულიერ შვილებს. ორი ჩვენგანი შეაშფოთა მისმა საქციელმა. „რას აკეთებს ეს კაცი, ალბათ ვერ არის კარგად“,  ამ სიტყვებით გამოხატეს თავისი აღშფოთება, თუმცა ეს სულიერი მამა წმიდანი იყო და ცუდი არაფერი ჰქონია გუნებაში. მერე და მერე მივხვდი, თუ რატომ დაებადათ ამ ახალგაზრდებს ასეთი ეჭვი, იმიტომ რომ მათ ამ საქმეში სხვა გამოცდილება ჰქონდათ. როდესაც შენი გონება გარყვნილია, მაშინ უკვე სხვანაირად აღიქვამ მოვლენებს.

მინდა გითხრათ, რომ უმწიკვლობა იცავს ადამიანს და მის უდანაშაულობას. ქორწინებაში უნდა არსებობდეს თავშეკავებული ქცევა. ქორწინებაში არსებობს საზღვრები, რომელთა დაცვა აუცილებელია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებით. ქორწინებაში არ შეიძლება მხოლოდ ერთმა მეუღლემ გადაწყვიტოს ყველაფერი. ასეთ შემთხვევებში პრობლემები გარდაუვალია. და კიდევ უფრო მეტი პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, თუკი ყველაფერს იესო ქრისტეს სახელის გარეშე ვწყვეტთ. მე-4 საუკუნეში წმიდა იოანე ოქროპირმა ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები დაწერა ქორწინებაში მყოფი ადამიანების შესახებ, რომლებიც ერთთმანეთთან შეუთანხმებლად წყვეტენ ერთგვარი თავშეკავების (ზომიერების) შესრულებას. სამწუხაროდ, იმ შედეგებზე, რაც ამ შეუთანხმებლობას მოჰყვება  ხოლმე, პასუხს სთხოვენ იესო ქრისტეს, მღვდლებს, სულიერ მოძღვრებს, ეკლესიას.  ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე სახარებაში, რომ ზომიერება უნდა დაიცვან მეუღლეებმა ერთად, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებით. მე, როგორც ქორწინებაში მყოფი მრავალი წყვილის სულიერმა მოძღვარმა,  ვიცი, რომ მრავალი ადამიანი არ მოდის ეკლესიაში და არ ამბობს აღსარებას სწორედ იმიტომ, რომ მათი აზრით, ეკლესია მათ ხელს შეუშლის მეუღლეობრივი კავშირის დამყარებაში. ხშირად უჩნდებათ ხოლმე ქმრებს აგრესია ეკლესიის მიმართ, როდესაც მათი ცოლები ეკლესიურნი არიან. რადგან ფიქრობენ, რომ სწორედ ეკლესიაა იმაში დამნაშავე, რომ მათ არა აქვთ ხშირი მეუღლეობრივი კავშირი. ქორწინების თავშეკავებული ქცევა ემყარება ორი ადამიანის შეთანხმებულ ურთიერთობას. თუკი ერთ-ერთი მეუღლე არ არის ეკლესიური, ჩვენ ლოცვით, მოთმინებითა და სწორი მოპყრობით თუ შევძლებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას. ლოცვითა და უფლის მადლით აუცილებლად შერბილდება ასეთი ადამიანის სული. ხოლო როცა ვხედავთ რაღაც განსაკუთრებულ სისასტიკეს, რომელიც არ სუსტდება, მაშინ ჩავეკითხოთ ჩვენს თავს, იქნება და სადღაც ჩვენც მიგვიძღვის ამაში ბრალი? იქნებ არ ვლოცულობთ ისე, როგორც გვმართებს? იქნებ არ ვიბრძვით ისე, როგორც უნდა ვიბრძოლოთ? ვინ იცის, ჩვენც რა სულიერი ვალები გვმართებს? და ასე მოთმინებითა და სხვადასხვა ხერხით უნდა ვეცადოთ ამ პრობლემის მოგვარებას. უფალი აუცილებლად შეგვეწევა. ერთხელ ღერონდიკონში ასეთი ისტორია წავიკითხე: ორი მონაზონი უდაბნოში ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ერთ დღეს, ერთმა მათგანმა, რომელიც უფრო სუსტი იყო, განაცხადა, რომ აღარ შემიძლია ამ ცდუნების ატანა, უნდა მივატოვო უდაბნო, წავიდე რომელიმე ქალაქში, მივიდე, სადაც გოგონები იქნებიან და დავქორწინდე. მეორე ბერი შეეცადა მისი აზრის შეცვლას: – შვილო ჩემო, ცოტა მოითმინე, გაივლის ცდუნება და ძველებურად გააგრძელებ შენს მოღვაწეობას. მაგრამ პირველმა დაიჟინა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო და ცოლი შეერთო. მაშინ ღერონდამ მიუგო: -კარგი, მაშინ ასე ვქნათ, თუკი წახვალ შენ, მეც გამოგყვები და ორივე დავქორწინდეთ. ამდენი წელი ერთად ვცხოვრობდით და ახლა დავშორდეთ ერთი მეორეს? არ გამოვა. ადგნენ და წავიდნენ. მიაღწიეს ერთ ადგილს ქალაქთან, სადაც იყვნენ გოგოები. რა თქმა უნდა, ღერონდა ყოველივე ამას სულიერი მიზნით აკეთებდა და სულაც არ სურდა დაქორწინება, ამიტომაც უფალი, რომელიც ხედავდა ღერონდას ძალისხმევასა და მოთმინებას, შეეწია მათ. როდესაც მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც გოგოები იყვნენ, ახალგაზრდამ მიუგო მოხუცს: მამაო, წავიდეთ უკან უდაბნოში, რად გვინდა ახლა ყოველივე ეს? და ორივე ისევ უდაბნოს დაუბრუნდა. ასე რომ, უფალმა ახალგაზრდას არ მისცა დაცემის საშუალება სწორედ მოხუცებულის ძალისხმევის გამო. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი ჩვენი წმიდანების ცხოვრებიდან, როდესაც ერთი მეორის გამო მოთმინებას იკრეფს, ლოცულობს, საბოლოო ჯამში კი უფალი ეხმარება მათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ვიცი, რომ ამგვარი შემთხვევები ჩვენს თანამედროვეობაშიც ხდება. თუკი უფალი უშვებს, რომ არსებული პრობლემა ჯერ კიდევ განაგრძობდეს არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება. თავდაპირველად თავად ჩვენ უნდა დავმდაბლდეთ, სულიერად დავიხვეწოთ, შეიძლება უნდა გვეტკინოს კიდეც, უნდა გავიწმინდოთ ჩვენი ცოდვებისაგან, სწორედ ამიტომაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უფალი დიდხანს გვიტოვებს პრობლემებს.

მაშასადამე, ქორწინების თავშეკავებულ ქცევაში იგულისხმება ის, რომ მეუღლეებს შორის არსებულ ურთიერთობას დიდი სერიოზულობით  უნდა მოვეკიდოთ. თუკი ორივე ერთმანეთის შეთანხმებულად მოქმედებს ხომ ძალიან კარგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ზეციურ სასიძოსთან, ანუ იესო ქრისტესთან გასაერთიანებლად ორივე ერთად შესდგომია ბრძოლას. ხორციელი ქორწინებიდან ვიწყებთ სვლას იესო ქრისტესთან ზეციური ქორწინებისკენ. მონაზვნებისთვის ამ გზის გავლა გაცილებით იოლია, რადგან ისინი დაბრკოლებების გარეშე მიიკვლევენ გზას სწორედ ამ კავშირისთვის. თუმცა ერშიც შესაძლებელია ეს, თუკი ადამიანები მოთმინებით, გულმოწყალებით, ლმობიერებით, ერთმანეთთან არსებული ჯანსაღი (სწორი) ურთიერთობებით, თავმდაბლობით, ეკლესიის საიდუმლოებების დაცვით იწყებენ სვლას და ბოლოს მიაღწევენ კიდევაც იესო ქრისტესთან ღმრთაებრივ კავშირს, ღმრთაებრივ სიყვარულს. მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ უფალთან ერთად მარადიულ ცხოვრებას.

მაშასადამე, საღმრთო მსახურებაში მოიხსენიებიან ის ადამიანები, რომლებიც უმწიკვლოდ, წმიდად ცხოვრობენ და ისინი, ვინც იცავენ ქორწინების თავშეკავებულ ქცევას. გარდა ამისა, მსახურებაში აღევლინება ლოცვა მეფეებისათვის. მეფეები არიან ისინი, ვინც ჩვენ წინ მიგვიძღვიან. თანამედროვეობაში მათ ეწოდებათ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ა.შ. თუმცა არ არის იმის საჭიროება, მსახურებაში სიტყვები შევცვალოთ. იხსენიებიან მეფეები, თუმცა იგულისხმება ყველა ის ადამიანი, ვინც კი ხელისუფლებაში, სახელმწიფოს მმართველობაში იმყოფება. აღევლინება ლოცვა ასევე მხედრობისა და მთავრობისათვის. ვევედრებით უფალს, რომ მისცეს მათ მშვიდობიანი  და დაწყნარებული ცხოვრება, რათა შესაბამისად, ჩვენც წყნარი და მშვიდობიანი ცხოვრება გვქონდეს. ესე იგი, ვევედრებით უფალს მშვიდობას, არა იმიტომ რომ ეკონომიკურად გავძლიერდეთ, არამედ იმიტომ, რომ ვიცხოვროთ მოკრძალებულად და ღმრთისმოსაობით. სწორედ ამიტომაც გვაქვს უფლება უფალს მშვიდობა შევსთხოვოთ. მაგალითად, ჩვენ კვიპროსზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებული პრობლემა და ხშირად ვევედრებით უფალს, რათა წავიდნენ აქედან თურქები. მაგრამ რატომ? რა არის ამის მიზეზი? წარმოიდგინეთ, რომ ღმერთი დგას ჩვენ წინაშე და გვეკითხება, თუ რა გვსურს. ჩვენც ვეუბნებით, რომ გვინდა თურქები წავიდნენ კვიპროსიდან. უფლისთვის ეს ძალიან ადვილია, შეუძლია ერთ წუთში გააქროს ისინი. მაგრამ, რომ გვკითხოს რატომ? რა არის ამის მიზეზი? მოდი თითოეულმა ჩვენგანმა ამ კითხვას პასუხი თავის გულში გასცეს. იმიტომ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწები, ჩვენი სასტუმროები, ჩვენი სანაპიროები, ჩვენი ეკლესიები. თუმცა ეკლესიებს არც აქ ვაქცევთ დიდ ყურადღებას, შეიძლება იყოს სულ ხუთი ან ათი ეკლესია, რომელთაც პატივისცემით ვეპყრობით. წადით და ნახეთ, თუ რა ხდება ეკლესიებში, როდესაც იქ ქორწილი იმართება. ეს დიდი უხამსობა, სისაძაგლეა. ქორწილები მოდების ჩვენებად გადაიქცა. მერე კი ვიძახით, რომ ჩვენი ეკლესიების დაბრუნება გვსურს. მატყუარები ვართ. თავად ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს ტაძრებს. დაახლოებით 500 ეკლესია მაინც გვექნება კვიპროსზე, რომელთაც სათანადო პატივს არ მივაგებთ. ჯერ მათ მოვუაროთ, და მერე ვთხოვოთ უფალს დანარჩენის დაბრუნება. ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვევედრებით უფალს მშვიდობიან ცხოვრებას, რათა შეგვეძლოს სულიერად ცხოვრება ხელშეუშლელად. უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება უფლება მოვსთხოვოთ ღმერთს კვიპროსის მეორე ნაწილის დაბრუნება, თუ ვიცხოვრებთ სულიერი ცხოვრებით. უნდა დავუმტკიცოთ ღმერთს, რომ მიწას, რომელსაც ამჟამად ვფლობთ და მშვიდობას, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი სულიერად განვითარებისთვის ვიყენებთ. ამის შემდეგ, უფალი ვედრებისა და თხოვნის გარეშე, მოგვცემს კვიპროსსაც, მცირე აზიასაც და ყველაფერს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავად ჩვენ შევუქმენით ჩვენს თავს ეს პრობლემა და არა თურქებმა. ვინ არიან თურქები? უბრალო, აღმოსავლელი ხალხი. ისინი კი არ არიან ძლიერები, ჩვენ ვართ უძლურნი, რადგან დავშორდით უფალს. თავისთავად, ღმერთს დაშორება იწვევს საშინელ შედეგებს. საუკეთესო გზა ჩვენი ეთნიკური პრობლემების მოგვარებისა არის ჩვენი სულიერი ცხოვრება, რათა გავხდეთ ჩვენი თავისუფლების მოპოვების ღირსნი.

ჩვენ, ადამიანები, არ ვართ შექმნილნი ამქვეყნიური ცხოვრებისათვის. ყოველივე ეს, რასაც ვხედავთ, ხომ დროებითია. თავად ჩვენც ხომ წარმავალნი ვართ. არ დავრჩებით აქ მარადიულად. არც კვიპროსი იქნება მარადიულად, არც – საბერძნეთი და არც სხვა არაფერი. ყოველივე წარმავალია. უნდა ველოდოთ იმ წამს, როდესაც მარადიული, ზეციური ქვეყნის მოქალაქენი გავხდებით. სწორედ ამას უნდა ველოდოთ. რომ არა ეს მოლოდინი, სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი და ჩვენც უფრო კომფორტულად ვიცხოვრებდით. ახლა კი ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიცხოვროთ მომავლის შიშით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ, ღმრთის შვილებს აღარა გვაქვს უფლის იმედი და მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების იმედად ვართ დარჩენილები. შეგვიძლია ვუთხრათ ყველას: გინდათ, რომ დაგვეხმაროთ კვიპროსის პრობლემის მოგვარებაში, მაშინ დაგვეხმარეთ. თუ არ გსურთ, არსებობს ღმერთი, თქვენზე გაცილებით ძლიერი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხსნა. სწორედ ამ ღმერთმა შეგვინარჩუნა ჩვენ ეს მიწა და დაამარცხა ყველა ლოგიკური წინააღმდეგობა. 800 წლის განმავლობაში ვინ შეგვინარჩუნა რწმენა, მართლმადიდებლობა, ეკლესია, ჩვენ ყველა, ვინც დღემდე მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ?  აქამდე მოგვიყვანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თუ ევროპის ეკონომიკურმა თანამეგობრობამ? მაშინ ხომ არც კი არსებობდნენ ისინი. უამრავი დიდი სახელმწიფო განადგურდა. ჩვენ კი გადავრჩით, რადგან გვქონდა რწმენა და გვქონდა უფლის შემწეობა. სამწუხაროდ, როდესაც ყველაფერი უკეთესობისკენ მიგვდის, გვავიწყდება ხოლმე ღმერთი. როცა გვიჭირს, მაშინვე გვახსენდება უფალი. ხვალ რომ რაიმე უბედურება დატრიალდეს, ნახავთ, რომ მთელი ეკლესიები და მონასტრები ხალხით აივსება. მაგრამ უფალს არ სურს ჩვენგან ასეთი ქცევა. ასე ამბობდნენ ხოლმე წმიდა მამები: მოდი, გვახსოვდეს ღმერთი ახლა, როდესაც მშვიდობიანი ჟამი დგას, რათა უფალმა ჩვენც გაგვიხსენოს ომიანობის დროს. დაე, ახლა  გვახსოვდეს უფალი, როცა კარგად ვართ, როცა ირგვლივ სიმშვიდეა, რათა ღმერთმა არ დაგვტოვოს იმ დროს, როცა გასაჭირი გვექნება. თუმცა ისე თუ ასე, უფალი ყოველთვის ჩვენი მამაა და როგორც მამას ყოველთვის ვეყვარებით და არასდროს დაგვტოვებს. ამინ“!!!

სანიშნეები