წმიდა საბა ვიმატარი – მესაკურთხევლე

25 May 2018

წმინდა საბა ვატოპედის მონასტერში მოღვაწეობდა. ის ბერდიაკვანი გახლდათ და მისი მორჩილება საკურთხეველში მსახურება იყო. მეათე საუკუნეში, მონასტერზე არაბთა თავდასხმის დროს, მან მოახერხა ვიტამარისას იგივე საკურთხევლისას* ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის, კონსტანტინე დიდის ჯვრისა და მათ წინ ანთებული კელაპტრის წმიდა საკურთხევლის ჭაში გადაემალვა. არაბებმა წმიდა საბა დაატყვევეს და მონად წაიყვანეს კრეტაზე.

*[το βήμα (vima) ბერძნულ ენაში საკურთხეველს ნიშნავს, შესაბამისად სიტყვა „ვიმატარისა“ (Βηματάρισσα) ნიშნავს საკურთხევლისას]

სამოცდაათი წლის შემდეგ, ძალზედ მოხუცებული საბა მონობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის კვლავ ვატოპედის სავანეში დაბრუნდა. მონასტრის იმდროინდელ წინამძღვარ ნიკოლოზს მან ჭაში გადამალული სიწმინდეების შესახებ აუწყა და როდესაც ჭა გახსნეს, ნახეს წყალზე სასწაულებრივად მდგომარე ხატი და ჯვარი, რომელთა წინაშე ჩაუქრობელი  კელაპტარი ენთო.

სხვა გადმოცემით, არაბთა შემოსევის შემდეგ გაუკაცრიელებული ვატოპედის სავანე ადრიანუპოლიდან ჩასულმა ათანასემ, ნიკოლაოსმა და ანტონმა საკუთარი სახსრებით აღადგინეს. ისინი ბერად აღიკვეცნენ  და ღმრთივსათნო ცხოვრების შემდეგ იქვე მიიცვალნენ.

ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას ზეობისას, რომელმაც გაათავისუფლა კრეტა ბარბაროსებისგან და ტყვეებიც გაათავისუფლა, რომელთა შორისაც იყო ვატოპედის მესაკურთხევლე საბა, რომელიც მონასტერში დაბრუნდა და იქ მოღვაწე საძმოს, რომელმაც არაფერი იცოდა გადამალული სიწმინდეების შესახებ (პატიოსანი ჯვრისა და დედა ღმრთისმშობლის წმიდა ხატის შესახებ, რომელსაც ქტიტორის ხატსაც უწოდებდნენ), მათი ადგილსამყოფელი ამცნო.

„ეს გადმოცემაც ჭაში წყალზე სასწაულებრივად მდგომარე სიწმინდეებისა და მათ წინ ანთებული კელაპტრის შესახებ გვიამბობს, რომელიც დიდი ხნის გასლის მიუხედავად კვლავ სასწაულებრივად ენთო. ამ სასწაულის მნახველ მონასტრის ბერებს ყველას ერთხმად აღმოხდა თურმე სიტყვები: „უფალო შეგვიწყალენ“. ჭიდან ამობრძანებულ სიწმინდეებს პატივით მიუჩინეს ადგილი. მას შემდეგ, ამ სასწაულის აღსანიშნავად ყოველ ორშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ სრულდება ღმრთისმშობლის პარაკლისი, ხოლო სამშაბათს კათოლიკონში – სავანის მთავარ, საკრებულო ტაძარში აღევლინება წირვა კოლიოს თანხლებით, რომლის შემდეგ ტრაპეზის დროს სრულდება ღმრთისმშობლის ასამაღლებლის მსახურება [რედაქციის შენიშვნა: ამ მსახურებას ბერძნულ ენაზე „იფსომა“ ეწოდება. ეს ტრადიცია მხოლოდ ათონის მთაზეა დამკვიდრებული]. ამ სასწაულის აღნიშვნის ცხრა საუკუნოვანი უწყვეტი ტრადიცია მოწმობს და ადასტურებს მის ჭეშმარიტებას.

Agios Savvas Vimataris 02

ჭაში ნაპოვნი ანთებული კელაპტარი დღემდე ჩაუქრობლად ანთია ღმრთისმშობლის ხატის წინ, მარჯვენა მხარეს. მას მონატრის ბერები თაფლის ცვილს ამატებენ, რათა მომავალ თაობებს შემოუნახონ ეს სიწმინდე. ეჭვ გარეშეა, რომ ეს ტრადიცია მანამ გაგრძელდება, სანამ მონასტერი იარსებებს.

მონასტერში დაბრუნების შემდეგ წმიდა საბას დიდი ხანი არ უცოცხლია. ბერდიაკვნობის დროს ის თავის ძველ მორჩილებას ასრულებდა. მისი სიცოცხლის ბოლო დღეები კი  განსაკუთრებული სასწაულებით ყოფილა აღსავსე.

ღმრთისმშობლის ხატი „ვიმატარისა“ („საკურთხევლისა“, “ქტიტორისა”) კათოლიკონში თვალსაჩინო ადგილზე, საკურთხეველში მაღალ კათედრაზეა დაბრძანებული, ჯვარი კი, ჩვეულებრივ წმიდა ტრაპეზის უკან. ეს ჯვარი წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდს გაუკეთებინებია იმ ჯვრის ხატად, რომელიც ზეცაში უხილავს და მას შემდეგ მას იმპერატორ კონსტანტინეს ჯვარი ეწოდება. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ქტიტორის ხატს კი „ვიმატარისა“ იგივე „საკურთხევლისა“ ეწოდა“.

გ.სმირნაკის თანახმად, მონასტერზე არაბთა თავდასხმა და ბერდიაკვან საბას დატყვევება 892 წელს მომხდარა. როგორც „იაკობის მონასტრის ჯერ კიდევ ცოცხალი მეტიპიკონე მოგვითხრობს, რომელიც დაახლოებით 100 წლის არის (დაიბადა 902 წელს), ის ჭა, რომელშიც ხატი დაუმალავთ, აღსავლის კარის მარჯვნივ კარადის ქვეშ მდებარეობს. ჭის ზემოდან ფილაა გადაკრული და ამოლესილია. მასზე კი კარადა დგას, რომელშიც  სხვადასხვა შესამოსელი ინახება“.

Tris Ktitores Kia Agios Savvas Vimataris 01

წმიდა საბა მესაკურთხევლე. თანამედროვე ოქრომკერდით ნაქარგი ტილოს დეტალი ქტიტორების – ნიკოლოზის, ათანასესა და ანტონის, ასევე საბა ვიმატარის გამოსახულებით, რომლებიც ჭიდან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „საკურთხევლისას“ ხატს ამოაბრძანებენ.

სასწაულთმოქმედი ღმრთისმშობლის საკურთხევლისას ხატის 1856 წლის ასლზე, რომელიც წმინდა დიმიტრის ტაძრის სამლოცველოში ინახება, ქ. კორიცას მომავალი მიტროპოლიტის, ვატოპედელი დოროთე ეველპიდისის მიერ გაკეთებული წარწერაა: „წყალზე დაიდგა შენთვის ტახტი, დედოფალო, კელაპტარმანათობელი მბრწყინავი ნათლით გაბრწყინებულხარ, მაგრამ მწუხარე დღეებმა მოიცვა შენი მშვენიერი სამყოფელი – ვატოპედის მონასტერი. დროთა სვლამ დაუბრუნა შენს მონასტერს წარსული დიდება და შენ კვლავ დაიკავე შენი კუთვნილი ტახტი, საიდანაც მართავ მას მაკურთხეველი ყოველი ადამიანისა, ვინც მოილოცავს შენს ხატს, რომელიც გრიგორიოს არქითიტოსის შემოწირულობით დაიწერა, რომელსაც უხვად მიჰმადლებ შენს ულევ მადლს. იანვარი, 1850. შესრულებული მათეს ხელით.“

საკურთხევლისას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ორიგინალი ხატის ოქროს პერანგზე არის 1690 წლით დათარიღებული ეპიგრაფი: „ოქრომჭედელი ნიკოლოზი ნიკოლიტიდან, 1690“.

ღირს ბერდიაკვან საბა ვიმატარის და საკურთხევლისად წოდებული სასწაულთმოწმედი ხატის შესახებ ბევრი, ერთანეთისგან მცირედით განსხვავებული გადმოცემა არსებობს. ღირსი საბა ვატოპედის წმინდანთა დასს მიეკუთვნება და ვიმატარისას ხატის პარაკლისის დროს მუდმივად მოიხსენიება. ხატის ხსენება არის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედის სვინაქსარი, ვატოპედის სავანის გამომცემლობა, ათონის წმიდა მთა, 2007.

სანიშნეები