„რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ“

17 November 2018

ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ საუბრების თემას და გთავაზობთ ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვრის, ბერი ეფრემის საუბარს თემაზე: „რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი“ (I თესალონიკელთა მიმართ, 4.3.). წინამდებარე საუბარი განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბერს წმ. დიმიტრის მუნიციპალიტეტში მდებარე წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში, სადაც „დიმიტრია 2018“-ის ფარგლებში გაიმართა  საზეიმო ღონისძიება.

„ვფიქრობ, რომ ყოველ ჩვენგანს აინტერესებს სიმწინდის თემა. ამასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევას გავიხსენებ. რამდენიმე ხნის წინ მონასტერში მოვიდნენ ლიცეუმის მოსწავლეები. მათმა ხელმძღვანელმა მთხოვა, რომ ბავშვებისთვის ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. რამდენიმე კითხვა დავუსვი მათ და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ისინი არისტოკრატული ოჯახებიდან იყვნენ. რადგანაც უკვე სწავლის ბოლო საფეხურზე იმყოფებოდნენ, გამოვკითხე, თუ რას აპირებდნენ მომავალში. ერთმა მითხრა, რომ აპირებდა საინჟინროზე ჩაბარებას, მეორემ – სამედიცინოზე, მესამემ –  ელექტრომექანიკურზე და ა.შ. ერთ-ერთმა მათგანმა განმიცხადა, რომ ჯერ არ აურჩევია, თუ რას დააპირებს მომავალში. მე კი ვუთხარი: -მოდი, შენ გახდი წმიდანი. ბავშვები ამ სიტყვებზე შოკში ჩავარდნენ. თვითონ ამ მოსწავლეს ძალიან გაუკვირდა, როგორ გავხდებიო მე წმიდანი? სხვებმა კი სიცილი დააყარეს. ამ შემთხვევამ საშუალება მომცა, მათთან მესაუბრა წმიდანობაზე. სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ადამიანის წმიდანობის (სიწმიდის) თემა ეს რეალურად არის უფლის ნება ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი.  სამწუხაროდ დღეს, დასავლეთის გავლენით, რომელიც არსებობს, დასავლური სტილის, ევროპული სტილის გავლენით, ადამიანებისთვის წმიდანობა არ არის არც მიზანი, არც დანიშნულება. ადამიანებს სრულიად არ აინტერესებთ და არც არიან დაკავებულნი წმიდანობისა და სიწმიდის თემით.  ამჟამად, ადამიანის უპირველესი მიზანი რა არის? ეს არის, რომ მან ისწავლოს, რომ აიღოს დიპლომი, თუმცა დასავლეთისთვის არც დიპლომია დიდად მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია მხოლოდ მაგისტრის დიპლომი, თუმცა ბოლო დროს ისეთი ტენდენციაც ჩანს, რომ თუ არ დაამთავრებ დოქტორანტურას და არ დაიცავ დისერტაციას, არ ითვლები განათლებულ ადამიანად. მას შემდეგ კი, რაც დაიცავ დისერტაციას და გახდები დოქტორი, უნდა ეცადო, რომ იმუშაო ცოტა, რომ გქონდეს ბევრი შვებულება და დასვენების დღე და როცა გახდები ორმოცდახუთი წლის, შეგიძლია დაქორწინდე კიდეც. ამჟამად ეს არის ცხოვრების დასავლური სტილი. სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვეობაში არსებული დასავლური კულტურა არანაირ კავშირში არ არის სულიერებასთან. სულიერებას უკავშირებენ, მაგალითად რომელიღაც მომღერალს, მხატვარს, ფილოსოფოსს და ა.შ. ხანდახან ათონის წმიდა მთაზეც მოდიან ეს ადამიანები და ხშირად ასე მაცნობენ ხოლმე მათ თავს: – ეს გახლავთ სულიერი ადამიანი. ზოგჯერ ირონიულიც ვარ ხოლმე მათ მიმართ და ასე ვპასუხობ: – როგორ არის სულიერი ადამიანი, სულიწმიდა აქვს? მინდა ვთქვა, რომ ხელოვნება, მაგალითად, სიმღერა, თეატრის თემა, რაც ძალიან კარგად იცით, და ა.შ. დღეს მიჩნეულია სულიერებად. ჩვენს თანამედროვეობაში, თუკი სცენარისტს სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, ის აუცილებლად უნდა იყოს ირონიული. წინათ მაგალითად, კინოს ან რომელიმე ხელოვნების ნიმუშს ჰქონდა ერთგვარი მესიჯი, რაც იდეალური უნდა ყოფილიყო. ხელოვნება ატარებდა ეთიკურ სწავლებას, ზოგჯერ სულიერ სწავლებაც კი. დღეს ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. რატომ, როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ჩვენ დავივიწყეთ ადამიანის სულიერი იპოსტასი. ერთხელ, როდესაც ახალგაზრდა მონაზონი ვიყავი, წავედი მამა პაისთან. მან კი ასეთი რამ მკითხა: – იცი, ვინ არის სრულყოფილი ადამიანი? მე არ ველოდებოდი ასეთ კითხვას და ვერაფერი ვუპასუხე. დავიბენი. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით, მერე კი ჩემი უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, მან მომიგო: -წმიდანი. წმიდანი არის სრულყოფილი ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, ვინც იღებს სულიწმიდის მადლს, ადამიანი, რომელსაც სურს, რომ მიბაძოს (დაემსგავსოს) უფალ იესო ქრისტეს, ადამიანი, ვინც თავისი შინაგანი სრულყოფილებისათვის  იღწვის, არის სწორედ სრულყოფილი ადამიანი. რატომ მოვდივართ ეკლესიაში? განა, იმისათვის, რომ სიცხისაგან დავიხუთოთ? ან ნაცნობები ვნახოთ და მათ გამოველაპარაკოთ? რა თქმა უნდა, არა. ამის მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ამაღლებული და ამაღელვებელი. ეკლესიაში მოვდივართ სწორედ იმიტომ, რომ ეკლესია ეს არის ერთგვარი საავადმყოფო და ყველა ჩვენგანს გვჭირდება მკურნალობა. ეს არის ადგილი, სადაც ხდება ჩვენი განკურნება. რით განსხვავდება იგი სხვა საავადმყოფოებისაგან. არსებობს ერთი დიდი განსხვავება. და ეს არის შემდეგი: მომაკვდავ ადამიანსაც კი გააჩნია ამ საავადმყოფოში გადარჩენის იმედი. სწორედ ამიტომაც, ჩემო ძმებო, მოვდივართ აქ. და მოვდივართ იმისათვის, რომ განვიკურნოთ. როგორ განვიკურნებით? განვიკურნებით ლოცვით. ალბათ იკითხავთ, განა ვერ ვილოცებთ ჩვენ-ჩვენს სახლებში? რა თქმა უნდა, სახლებშიც შეგვიძლია ლოცვა, მაგრამ აქ სრულდება სწორედ ღმრთაებრივი მსახურების საიდუმლო, რომელიც შეუძლებელია მოხდეს ჩვენს სახლებში. ჩვენ აქ ვხდებით ამ საღმრთო საიდუმლოს თანამონაწილეები. სწორედ აქ ვეზიარებით უფლის განსაკუთრებულ მადლს, ვიღებთ რა ქრისტეს  სისხლსა და ხორცს. ეს დიდი მოვლენაა. ამიტომაც, ჩემო ძმებო, სწორედ ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომ არ დავრჩეთ უფლის მადლის გარეშე. სწორედ მაშინ იგებს ადამიანი, თუ სინამდვილეში რა არის ადამიანი, როცა მასში დაივანებს უფლის მადლი.

მახსენდება ღერონდა იოსებ ვატოპედელი, რომელიც უამრავ შეკრებას გვიწყობდა ხოლმე. იგი ხშირად გვეხმარებოდა იმის გაგებაში, თუ რა არის ადამიანი დაცემის შემდეგ, რა იყო ადამიანი დაცემამდე და რად შეუძლია იქცეს ადამიანს განკაცებულ უფალთან დაკავშირების შემდეგ. ეს დიდი ამბავია, რომ იცოდეს ადამიანმა, თუ ვინ იყო ის, ვინ არის და ვინ შეიძლება გახდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჩემო ძმებო, რომ გვქონდეს ისეთი ცხოვრება, რომ ჩვენში გაბატონდეს ღმრთის მადლი. იცით ალბათ, რომ ეკლესია ეს არის საგანძური, ეს არის ძღვენი. ეკლესია ეს სულიწმიდის გამოცდილებაა. ეს დიდი ამბავია. სწორედ ეკლესიის წიაღში ვიღებთ ჩვენ ამ დიდ საგანძურს, როდესაც ვეზიარებით უფლის სისხლსა და ხორცს. წმიდა მამები სწორედ ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. კონკრეტულად კი, ღმრთით შთაგონებულ შეგრძნებაზე. სწორედ ამას უნდა ვცდილობდეთ ჩვენ ქრისტიანები, რომ გვქონდეს ეს იდიომატური ზიარება. ხედავთ, რომ დავითი იყო ასკეტიც, ისიქასტიც და ასევე მეფეც? ეს ასეა, ეზიარეთ და ნახეთ, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღმერთი ჩვენი. ზიარება ეს უდიდესი მოვლენაა. ეს დიდი ამბავია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, რომ უფალთან გვქონდეს განუწყვეტელი კავშირი. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვაცნობიერებთ, რომ ადამიანი სულიერი ქმნილებაა. ჩვენ ბერებს, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა. ვხვდებით, როგორც უბრალო ადამიანებს, ისე – მაღალ სოციალურ საფეხურზე მდგომთ. ვხედავთ, რომ ისინი, ვინც წარმატებულნი არიან ცხოვრებაში და ვისაც ერთგვარი სოციალური ან პროფესიული მდგომარეობა გააჩნიათ,  მაინც არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ღმრთის წინაშე სწორად ცხოვრობენ. მათ რაღაც აკლიათ. არ არიან ბედნიერები. არ არიან მოსვენებულნი. აკლიათ სიმშვიდე. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანმა მოიპოვოს სიმშვიდე, იგი უნდა იყოს მოსვენებული. ხოლო მოსვენებულია მაშინ, თუკი იგი ცხოვრობს უფლის მცნებების მიხედვით. ამიტომაც მაქსიმე აღმსარებელი ნათლად და გასაგებად ამბობს, რომ უნდა დავიცვათ იესო ქრისტეს მცნებანი. თუმცა არა როგორც სხვადასხვა მცნებებისა და წესების ერთგვარი კოდექსი, არამედ როგორც მისტიკური გზა. რა ხდება, როდესაც ადამიანი იცავს ქრისტეს მცნებებს? იგი პოულობს მისტიკურ და დაფარულ იესო ქრისტეს ამ მცნებებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშასადამე, როდესაც ვიცავ იესოს მცნებებს, ვპოულობ ქრისტეს. ხოლო როდესაც ვპოულობ ქრისტეს, მას ვგრძნობ. როდესაც ვპოულობ იესო ქრისტეს,  ჩემში რაღაც იწყებს ლღვობას, დნობას. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს ადამიანი თავისი ცოდვიანობის გაცნობიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს შეეძლოს თავისი ცოდვიანობის გაცნობიერება. როდესაც იესომ პეტრე მოციქულს უთხრა: წადი და გადააგდე ბადე ზღვის სიღრმეში და დაიჭერ თევზს. მან უპასუხა: უფალო, ვიყავით, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ, ხელცარიელები დავბრუნდით უკან. მაშინ იესომ მიუგო: წადი, გააფუჭე ბადე და ხელახლა გადააგდე. მართლაც გააფუჭებს პეტრე ბადეს და ხელახლა გავა ზღვაში, სადაც უამრავ თევზს დაიჭერს. რას ეუბნება მაშინ პეტრე იესოს? ეუბნება შემდეგ სიტყვებს: უფალო, განვედ ჩემგან, რადგან მე ცოდვილი ვარ. წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი და სხვა წმიდანები ამ პასაჟს მეტაფორულად განმარტავენ: როგორც კი ადამიანის გულში უფლის მადლის ნაყოფი დაისადგურებს, იგი აცნობიერებს თავის ცოდვიანობას. ამ შემთხვევაში, თევზები სიმბოლურად სწორედ ღმრთიური მადლის ნაყოფს ასახავენ და ეს მადლი პეტრეს თავმდაბლობისა და მორჩილების გამოხატვის შედეგად ეწვია, როდესაც იგი დაემორჩილა უფალს და შეასრულა მისი სიტყვა.  ეს დიდი ამბავია, როდესაც ადამიანი არა ფილოსოფიური, არა სოციალური ან თავაზიანი გზით აცნობიერებს, რომ ცოდვილია, არამედ ამას შეიგრძნობს და აცნობიერებს. ადამიანი, რომელიც ხვდება თავის ცოდვიანობას, არასოდეს ვარდება სასოწარკვეთილებაში, მას არასოდეს ეწურება იმედი. ამიტომაც, ჩემო ძმებო, სულიერი ცხოვრება ეს არის ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება. ასე უწოდეს მას წმიდა მამებმა.  შესაბამისად, ნუ დავივიწყებთ, ნუ უგულებელვყობთ მას, რადგანაც ეს უგულებელყოფა ყველა ჩვენგანს გაანადგურებს. მახსოვს, როდესაც ჩვენი ღერონდა გვესაუბრებოდა ნეტარ იოსებ ისიქასტზე, უდიდეს ასკეტზე, რომელიც უცქერდა ზოგიერთ მონაზონს, თუ როგორ ადიოდა ის სულიერების გზაზე, თუმცა რაღაც მომენტში ძირს ეცემოდა და უკვირდა, თუ რატომ, რა მიზეზით ხდებოდა ასე? ამ მონაზვნებს სწორედ უგულებელყოფა ებრძოდა. ამიტომაც ხედავთ, რომ მამები, როგორც ფილოსოფოსები (როდესაც ვამბობ სიტყვა „ფილოსოფოსს“, ვგულისხმობ „ფილოსოფიის მოყვარულს“), იძახდნენ, რომ სწორედ ქრისტეა ის, ვინც ჩვენ გვეხმარება. სწორედ უგულებელყოფისაგან თავის დასაცავად არის, რომ მონასტრებში არსებობს ერთგვარი პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს გააჩნია პროგრამა. ამას ვამბობ თქვენ საყურადღებოდაც, ვინც ერში იმყოფებით. ჩვენ მონაზვნებს არ გვაქვს სხვა სახარება და თქვენ, ვინც ერში ცხოვრობთ, სხვა იმქვეყნიური. ასე არ არის? ჩვენ ყველა ერთი ჯგუფი ვართ ადამიანებისა, რომელთაც გვსურს რომ გვიყვარდეს იესო ქრისტე. ამინ!

[გაგრძელდება]

სანიშნეები