Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
“სიწმიდე ეგე თქუენი“ | PEMPTOUSIA

“სიწმიდე ეგე თქუენი“

20 November 2018

ვაგრძელებთ ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვრის არქიმანდრიტი ეფრემის საუბარს, რომელიც განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბერს წმ. დიმიტრის მუნიციპალიტეტში მდებარე წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში გამართულ „დიმიტრია 2018“-ის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში. წინამდებარე სტატია იხილეთ აქ.

მონაზვნები უარყოფენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, თუმცა ისინი არ უარყოფენ ადამიანურ ბუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა, რომ ჩვენ მივდივართ მონასტრებში, რათა სარგებელი ვნახოთ, რაიმე შევიძინოთ, მივდივართ, რათა მოვისმინოთ, რათა რაიმე ვისწავლოთ. ორი თვის წინ ერთი ახალგაზრდა შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ შვიდი წელიწადია, რაც ათონის წმიდა მთაზე ეკონომიკური მიზეზების გამო მოდის. მაგრამ ერთხელ აქ შევხვდი ერთ მონაზონს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რაღაც ისეთი მითხრა, რაც დღესაც კი მახსოვსო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს მონაზვნის, ბერის, ღერონდას, სულიერი მოძღვრის, ჩვენი წმიდანების სიტყვები. რატომ ვკითხულობთ დღესაც წმიდანების სიტყვებს? იმისათვის, რომ აღენთოს ჩვენი გულები, რომ ვესწრაფოთ სულიერი ცხოვრების გზას. რომ ვესწრაფოდეთ უფალს. როდის ძლიერდება ჩვენში უფლისადმი მისწრაფება? როდესაც იზრდება ჩვენში უფლის მადლი, როდესაც ადამიანი ეზიარება უფლის მადლს. წმინდა ისააკი, რომლის ხსენების დღეც ვიზეიმეთ, განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას სწორედ ამ მისწრაფებაზე.  როდესაც იმედი გაქვს უფლის, გზას არ ასცდები.  ერთი შეხედვით, სწორედ ასეთი პაწაწინა რაღაცეები არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, დღეს ადამიანები ყოველივე ამას უგულებელყოფენ. მათ არ გააჩნიათ განწყობა ბრძოლისათვის, რათა მიაღწიონ სულიწმიდის გამოცდილებას. მინდა იცოდეთ, რომ როდესაც ადამიანის სული, თუნდაც მხოლოდ ერთხელ, ეზიარება უფლის მადლს, ეს მას გაჰყვება მთელი სიცოცხლის მანძილზე. აი, ასეთი მნიშვნელოვანი რამ გახლავთ ეს მოვლენა ადამიანის სულისთვის. ამიტომაც, ჩემო ძმებო, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თქვა: იყავით წმიდანნი, იყავით სრულყოფილნი, რადგანაც თქვენი მამის ხატად ხართ შექმნილნი. ყოველივე ეს არ არის მხოლოდ უფლის სურვილი, არამედ მისი მცნებებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია. ეს გამოცადეს ჩვენმა წმიდანებმა, ეს გადმოგვცეს ჩვენ, ჩვენ ამას ვიცავთ და სწორედ ესაა, რაც უნდა გვწადდეს. უფლის მადლი იგივე მშობელი დედაა. როდესაც მოვდივართ აქ, ეკლესიაში, ვლოცულობთ, ვიწყებთ ფეხის ადგმას ბავშვებივით, იგი ნელ-ნელა გვაზიარებს მას, ისევე როგორც მასწავლებელი თავის პატარა მოწაფეებს. შემდეგ გვაძლევს საშუალებას, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვილიანობა. ამის მერე უკვე გვაძლევს სინანულს ჩვენი საკუთარი ცოდვების გამო. სინანული – ეს დიდი ამბავია. ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვიანობას და ამის გამო იწყებს გლოვას, სინანულს. იგი იწყებს ტირილს. როდესაც სულიერი ადამიანი ტირის, იგი არ ტირის სევდის, იგი არ ტირის მელანქოლიის, იგი არ ტირის ნერვული შოკის გამო, არამედ იგი ტირის ღმრთაებრივი ვნების გამო. ამიტომაც ეს ტირილი საბოლოოდ მას ანიჭებს სიხარულს. და მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ტირილს, იმავდროულად იწყებს გლოვასაც. მას ეს ტირილი ანიჭებს გამბედაობას, რომელიც თანდათან კმაყოფილებასა და ბედნიერებაში გადაიზრდება. ამის შემდეგ კი, მას ეწვევა რწმენის ერთგვარი დამაჯერებლობა. იგი იგრძნობს, რომ არსებობს ერთგვარი სტაბილურობა. და მაშინ, როგორც ეს ნათქვამია ღერონდიკონშიც, თუნდაც შეერწყას მიწა ზეცას, მებრძოლი მონაზონი მაინც მუდმივ სიმშვიდეში იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაზონს და ასევე ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი განდეგილად ცხოვრობს, ჰქონდეს მუდმივი სიმშვიდე. სიმშვიდე არ ნიშნავს ბრძოლის არარსებობას, სიმშვიდე ნიშნავს ადამიანის გულში იესო ქრისტეს არსებობას. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: იესო არის ჩემს სიმშვიდეში. ჩემო ძმებო, ყოველივე ამის მიღება ჩვენ შეგვიძლია ეკლესიის წიაღში. შემდეგ კი ნელ-ნელა ჩვენ მივაღწევთ სრულყოფილებას. და ასევე ნელ-ნელა ვეზიარებით საუკუნო ცხოვრებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვაგანაც მითქვამს და თქვენც მოგიყვებით, რომ როდესაც ცოცხალი იყო ჩვენი ღერონდა იოსებ ვატოპედელი, მივდიოდი და ვნახულობდი ხოლმე მას. ვეკითხებოდი: როგორ ხართ ღერონდა? ის კი ასე მპასუხობდა: ველოდები მატარებელს, შვილო ჩემო, მაგრამ ის არ მოდის. და გეუბნებით გულწრფელად, რომ პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც სწადდა სიკვდილი. მას სწადდა სიკვდილი, არა იმიტომ, რომ იმყოფებოდა უიმედო მდგომარეობაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე. მას სურდა სიკვდილი ღმრთაებრივი წადილით. და რატომ? რადგანაც მის წიაღში არსებობდა საუკუნო, მარადიული სიცოცხლე. რას ნიშნავს ჭეშმარიტი ღმერთის, უფალი იესო ქრისტეს, შეცნობა? იგულისხმება არა გონებრივი შეცნობა, არამედ – ემპირიული შეცნობა. ჩემს საუბარს აღარ გავაგრძელებ. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ცხოვრებას ეკლესიის შიგნით, რათა ჩვენი ცხოვრება იყოს, როგორც ამბობენ წმიდა მამები,  დალოცვილი სულიერი მამის მიერ. აუცილებელია ხშირად ვაბარებდეთ სულიერ ახსარებას. აუცილებელია, რომ გვქონდეს სულიერი კავშირები იმ ადამიანებთან, რომლებიც განასახიერებენ ღვთრის ნებას, ანუ სულიერ მამებთან. აუცილებელია გაგვაჩნდეს დიდი სიყვარული ეკლესიის საიდუმლოებათა მიმართ, განსაკუთრებით კი, საღმრთო მსახურებათა მიმართ. აუცილებელია, გამუდმებით გვქონდეს კავშირი უფალთან, უფლის მადლთან. და ზუსტად ისე, როგორც ჩვენმა უფალმა თქვა: „აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკა 17, 21). რა არის სასუფეველი ღმრთისაი? ეს არის სასუფევლის არსებობა  ჩვენს გულში. სწორედ ეს არის სასუფეველი ღმრთისაი. მართლმადიდებლურ ეკლესიას არ გააჩნია რაიმე ფანტაზიები, არ გააჩნია სხვადასხვა ჰიპოთეზური (სავარაუდო) მიზეზები, არა აქვს კავშირი ფილოსოფიასთან, თუმცა მას შეუძლია დაუსრულებელი ადამიანი აქციოს დასრულებულ, სრულყოფილ ადამიანად. და მაშინ ადამიანი ხდება თანამონაწილე ღმრთაებრივი მადლისა, თანამონაწილე სულიერი ცხოვრებისა. ამასწინათ ერთი ადამიანი შემხვდა. მითხრა, რომ იგი სრულებითაც არ მოიხიბლა ათონის მთით. ჰო, მართალია, რომ მონაზვნები უამრავ საქმეს აკეთებენ და ა.შ. ვუთხარი, რომ ნება შენია. გსურდა აქ მოსვლა და ჩვენც დაგპატიჟეთ, გაგიმასპინძლდით და ახლა როგორც გინდა, ისე თქვი. წასვლისას მან მითხრა, ვერ ამიხსნია, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სინათლე, რომელიც ზოგიერთ მონაზონს აფენია სახეზე. აი, ამას ვერ დავმალავ, ამას ვაღიარებ. მივუგე, რომ რახან ეს შეგიმჩნევია, ესე იგი, რაღაც სარგებელი მაინც გიპოვნია. და მართლაც, უფლის მადლი არ იფარება, ის ჩანს სახეზე. მახსოვს ჩემს სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცებული ქალი, რომელიც ძალიან ღმრთისმოსავი იყო. იგი ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში ლოცულობდა. და მახსოვს, პატარაობიდან მოყოლებული, ვიდრე სტუდენტობამდე,  რომ ამ ქალს  ყოველთვის განათებული სახე ჰქონდა. მე მომწონდა მისი ყურება, გამუდმებით ყურადღებას ვაქცევდი. და ამ სანახაობით მე სარგებელს ვიღებდი. ერთხელ წავიკითხე ღერონდიკონში, რომ აბბა ანტონთან მივიდნენ მონაზვნები. აბბა ანტონმა ყველაზე მდუმარედ მყოფს ჰკითხა, რამე კითხვა ხომ არ გაქვსო ჩემთან? ამ მდუმარე მონაზონმა კი მიუგო: მამაო, ჩემთვის ისიც კმარა, რომ გხედავთ და ამით სარგებელს ვიღებ. სწორედ ეს არის ღმრთის კაცთა (ადამიანთა) საიდუმლო გამოჩენა. ეს არის საიდუმლო იმ ადამიანთა, რომლებიც ეზიარებიან სიწმინდეს. დიდი მადლობა!“.

 

შინაარსი
სანიშნეები