ბერი პორფირი კავსოკალივიელი

1 December 2013

ომონიის მოედნის წმიდანი (1906-02/12/1991)

[შენიშვნა: მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით 2013 წლის 1 დეკემვერს წმიდანთა დასში ჩარიცხულ იქნა ბერი პორფირი და ეწოდა წმიდა პორფირი კავსოკალივიელი  ხსენების დღედ დადგენილ იქნა 2 დეკემბერი.

ომონია, (ბერძნ. Ομόνοια) – საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ერთ-ერთი რაიონი, რომლის ცენტრშიც მდებარეობს იმავე სახელწოდების – ომონიის მოედანი.]

ger-porfyrios-kafsokalyvitis-11

მამა პორფირი 1906 წელს კუნძულ ევბეაზე, კარისტიის სოფელ აგიოს იოანისში დაიბადა. მისი ნათლობის სახელი ევანგელოსი იყო. სკოლაში მხოლოდ ორი წელი ისწავლა. მასწავლებლის ავადმყოფობამ და მისი ოჯახის სიღარიბემ იგი იძულებული გახადა სწავლა მიეტოვებინა და ეშრომა. იგი იმ მცირერიცხოვან შინაურ პირუტყვს მწყემსავდა, რომელიც ოჯახს ჰყავდა. მოგვიანებით, დაახლოებით 9 წლის ასაკში, მან მუშაობა დაიწყო თავისი რაიონის ქვანახშირის საბადოში, შემდეგ კი – მისი ოჯახის ნაცნობის მაღაზიაში, პირეაში. ოჯახის რჩენის მიზნით მამამისიც იძულებული გამხდარა სამუშაოდ პანამის არხზე წასულიყო.

პატარა, რვა წლის მწყემსს, ხელში წმიდა იოანე კალიველის ცხოვრება ჩაუვარდა, რომელიც მარცვალ-მარცვალ ჩაუკითხავს. ამ წმიდანს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პატარა ევანგელოსზე და მისი მიბაძვის სურვილიც გასჩენია. იგი თორმეტი წლის ასაკში მალულად, მარტო წავიდა ათონის წმიდა მთაზე.  გემზე თავის მომავალ მოძღვარს და სულიერ მამას, მღვდელმონაზონ პანტელეიმონს შეხვდა, რომელიც ათონის მთაზე კავსოკალივიის  წმიდა გიორგის სახელობის კელიაში მოღვაწეობდა.

მას და მის სულიერ ძმას მონაზონ იოანიკეს ახალგაზრდა მორჩილი დიდი სიხარულით, უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველაფერში. რამდენიმე წელიწადში იგი ღირსი შეიქნა მონაზვნად აღკვეცილიყო და რეალურად შეეცნო სულიერი ცხოვრების საიდუმლოებანი.

იესო ქრისტეს და მოძღვრების დიდი სიყვარულისა და მორჩილების, ასევე სულიერი მოღვაწეობის გამო მან უფლისგან დიდი მადლი მიიღო. ახალგაზრდა იყო, როდესაც მას წინასწარი ჭვრეტის ნიჭი მიეცა. უფლის მადლის მოქმედებით ის წარსულს, აწმყოს და ზოგჯერ მომავალსაც ხედავდა.

ger-porfyrios-kafsokalyvitis-12

„ჩემს სულიერ შვილებს მე ყოველთვის ვუსურვებ, რომ შეიყვარონ ყოვლისშემძლე უფალი, რომელსაც ძალუძს ღირსი გაგვხადოს მის ამქვეყნიურ ხელთუქმნელ ეკლესიაში შესვლისა. აი, აქედან უნდა დავიწყოთ, უნდა ვიკითხოთ საეკლესიო საგალობლები, წმიდა წერილი და ჩვენი წმიდანების ცხოვრება და ვისურვებდი, რომ თქვენც ასე მოიქცეთ. მე უფლის მადლით შევეცადე უფალს მივახლოებოდი და ვისურვებდი, რომ თქვენც იმავეს ეცადოთ.“

ათონის წმიდა მთაზე ცხოვრების დროს 18 წლისა იგი პლევრიტით დაავადდა. ამის გამო მოძღვრებმა იგი ათონიდან ერში, ერთ მონასტერში სამკურნალოდ გაგზავნეს. ეს მონასტერი კუნძულ ევბეაზე მდებარეობდა. იქ მან სინას მთის მთავარეპისკოპოსი პორფირი გაიცნო. როდესაც ეს მღვდელმთავარი დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა ბერს უფლის მადლი იფარავდა, 20 წლის ასაკში მას მღვდლად ხელი დაასხა.

ცოტა ხნის შემდეგ ეპარქიის მიტროპოლიტის კურთხევით უფლისაგან წინასწარ ხედვის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მამა პორფირი მორწმუნეთა სამსახურში ჩადგა. ამ ნიჭის წყალობით ახალგაზრდა მღვდელმონაზონი და სულიერი მოძღვარი, მამა პორფირი, ადამიანებს ბოროტის მახეთაგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. მისი დახმარებით ადამიანები ახერხებდნენ გაეგოთ თუ რა ხდებოდა მათ სულებში. მისი რჩევა-დარიგებებით იგი იცავდა მათ, რომ არ გაბმულიყვნენ მკითხავთა სიცრუვის მახეში, რომლებიც ჯადოს მოხსნის მიზნით მათ ფულს ძალავდნენ. მამა პორფირის შემწეობით ადამიანები ზუსტად გებულობდნენ თავიანთი ფიზიკური სნეულებების შესახებ, იკურნებოდნენ მათგან და მათი გამომწვევი მიზეზებისგან. მისი დახმარებით ასევე ადამიანები ზოგადად ერკვეოდნენ ისეთ საკითხებში, რომელთა ცოდნაც მათ ცხოვრებაში დაეხმარებოდა.

1940 წელს მამა პორფირი ათენში სოკრატეს ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკის ტაძარში დანიშნეს მღვდლად. ეს ტაძარი ომონიის მოედნის ახლოს მდებარეობდა. აქ მან 33 წელი იმსახურა, იღებდა აღსარებებს სნეულებისაგან და სხვა ადამიანებისაგან და რჩევა-დარიგებებს აძლევდა მათ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ის ავადმყოფები, რომლებიც მისგან დახმარებას ითხოვდნენ, უფლის მადლითა და მისი ლოცვით განკურნებულან. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველნაირად ცდილობდა დაემალა თავისი ღმრთივბოძებული ნიჭი, მან მაინც გაითქვა სახელი მორწმუნეთა ერთ ვიწრო წრეში, რომელიც თანდათანობით იზრდებოდა.

1950 წელს პაპა პორფირიმ იქირავა ქ. ათენის პენდელის რაიონში კალისიაში მდებარე წმიდა ნიკოლოზის მიტოვებული ტაძარი, სადაც 1978 წლამდე მსახურობდა. 1979 წელს დამკვიდრდა ოროპოსის [ატიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება] მახლობლად, ატიკის სოფელ მილესიში, სადაც კანონიერი ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მშენებლობა. აქ იგი ღებულობდა  ყველანაირი გაჭირვების მქონე ხალხს, პასუხობდა ტელეფონის ზარებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით. იგი ყველას რჩევა-დარიგებას აძლევდა, ყველასთვის ლოცულობდა, იღებდა აღსარებებს და კურნავდა ადამიანებს როგორც სულიერად, აგრეთვე ძალიან ხშირად ფიზიკურადაც.

1991 წლის ივნისში, მან გარდაცვალების ჟამის მოახლოება იგრძნო. მას არ სურდა, რომ პატივით დაეკრძალათ, ამიტომ ათონის წმიდა მთაზე კავსოკალივიის წმიდა გიორგის კელიას მიაშურა, სადაც ის 70 წლის წინათ მონაზვნად აღიკვეცა. 1991 წლის 2 დეკემბერს, 4:31 საათზე მან სული უფალს მიაბარა, რომელიც ასე ძლიერ შეიყვარა ცხოვრებაში. იგი იქვე უბრალო ბერულ საფლავში დაკრძალეს. მის დაკრძალვას მონასტრის საძმოს რამდენიმე წევრი ესწრებოდა მხოლოდ, ვინაიდან მან უდიდესი თავმდაბლობის გამო ასეთი რამ დაიბარა, რომ მისი გარდაცვალება მხოლოდ მისი დასაფლავების შემდეგ გაეხმაურებინათ. დღეს იმ საფლავში სხვა ბერის ცხედარი განისვენებს. მამა პორფირის ნეშტის ადგილსამყოფელი კი, მისი  ანდერძის თანახმად ამჟამად  უცნობია.

ბერი პორფირის დახასიათება

მამა პორფირის ძირითადი დამახასიათებელი თვისებები მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იყო უსაზღვრო თავმდაბლობა, იესო ქრისტეს და მოყვასის სრული სიყვარული, ეკლესიასთან ერთობის გრძნობა და მისი სრული მორჩილება ქრისტეში. მას ახასიათებდა ყველასთან სრული ერთობა და განცდა უკვდავებისა და შიშისაგან და ამქვეყნიური ჯოჯოხეთისაგან თავისუფლებისა. ამასთანავე, აუტანელი ტკივილებისას მას ახასიათებდა უდრტვინველი მოთმინების უნარი, ბრძნული განსჯის უნარი, წარმოუდგენელი წინასწარ ჭვრეტის უნარი, უსაზღვრო სურვილი ცოდნის მიღებისა, ცოდნის საოცრად დიდი დიაპაზონი, რომელიც უფლის მადლის ნაყოფი და საჩუქარი იყო და არა შედეგი განათლებულობისა, უსაზღვრო შრომისმოყვარეობა, მუდმივი თავმდაბლობა და ამ მიზეზის გამო შედეგიანი ლოცვა, მოულოდნელობებით სავსე და მართლმადიდებლური. მას არ ახასიათებდა ფანატიზმი, მისი რჩევა-დარიგებანი ყოველთვის ამართლებდა, მისი სწავლებანი მრავალმხრივი იყო. მამა პორფირი ღრმად ღმრთისმოსავი იყო, მისი წირვა-ლოცვები კი –  მადლიანი. იგი ძალიან ცდილობდა, რომ მისი მრავალმხრივი მსახურება დაფარული ყოფილიყო.

არსებითი მახასიათებელი ნიშნები

როდესაც შევეცადეთ ჩავღრმავებოდით იმ არსებით მახასიათებელ ნიშნებს, რომლებსაც მოიცავდა მამა პორფირის პიროვნება, შემდეგ დასკვნამდე მივედით: პირველი იყო ეკლესიაში დამკვიდრება არსებითად და არა ფორმალურად.  მეორე – მისი უსაზღვრო სიყვარული იესო ქრისტესი და მასში მოყვასისა, რასაც თან ახლდა წმიდა თავმდაბლობა. მესამე – ქრისტეში მისტიკური სიხარულის განცდა და მეოთხე – ქრისტეში უკვდავების განცდა…

ger-porfyrios-kafsokalyvitis-14კავსოკალივიის წმია გიორგის სახელობის სენაკი, სადაც მონაზვნად აღკვეცის პირველ წლებში ცხოვრობდა ბერი პორფირი და სადაც გარდაიცვალა 1991 წლის 2 დეკემბერს. 

ბერი პორფირის რამდენიმე გამონათქვამი ქრისტიანის სულიერი ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით:

– როდესაც ბნელ ოთახში ხარ ნუ დაუწყებ სიბნელეს განდევნას. ასე ვერაფერს გახდები. გააღე სარკმელი და შემოუშვი სინათლე, მაშასადამე მიუძღვენი საკუთარი თავი ქრისტეს სიყვარულს და მაშინ დიდი ძალისხმევის გარეშე განიდევნება სიბნელე.

– როდესაც ცუდი ფიქრი, მელანქოლიური აზრი მოდის, შიში და განსაცდელი შენს შეპყრობას ლამობს, ნუ შეებრძოლები მათ და ნუ ეცდები მათ განდევნას. ხელები გაუშალე ქრისტეს სიყვარულს და იგი ჩაგიხუტებს შენ და ეს ყოველივე თავად განქარდება.

– როდესაც შენი სულის ბაღი ეკალ-ბარდებით (ვნებებით) არის სავსე, ნუ შეეცდები მათ ამოძირკვას და ნუ დაიზიანებ თავს და მათთან ჭიდილში ნუ დაისვრები. საკუთარი თავი მთელი ძალით შენი სულის ყვავილებს მიუძღვენი, მორწყე ისინი და მაშინ ის ეკალ-ბარდები თავისით გახმება. საუკეთესო ყვავილი კი ქრისტეს სიყვარულია. თუ მას მორწყავ და იგი გაიზრდება, ყველა ეკალ-ბარდი გახმება.

ger-porfyrios-kafsokalyvitis-18

კავსოკალივია, 1993 წელი. ბერი პორფირის საფლავი. „და შემდეგ? სხვა არაფერი. და როცა ასე ჩაქრება ჩემი ცხოვრება, სიხარულით აღსავსე, ცოტაოდენი ხის ტოტები რომ მოეცათ ჩემთვის, ჩემი უკანასკნელი სარეცლის გასამზადებლად“.

წყარო: გეორგიოს არვანიტისი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ბერი პორფირი კავსოკალივიელი, გვ.134-139, ტომი მე-20 -ე, ჟურნალი პემპტუსია, 2000 წლის აპრილი – ივლისი.

გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

ფოტოსურათები წარმოდგენილია სტატიის ავტორის არქივიდან.

Σχετικά άρθρα გამომცემელის არჩევანი
წმიდა გერასიმე პალადას გარდაცვალებიდან 300 წლის იუბილე Αλέξανδρος Χριστοδούλου 13 November 2014 ...
დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა Αλέξανδρος Χριστοδούλου 13 September 2014 31 აგვისტოს / 13 სექტემბერს ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში დიდი ზეიმით აღინიშნება სავანის ერთ–ერთი მთავარი დღესასწაული – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის  წმიდა და პატიოსანი სარტყელის დღე. აქ უკვე რამდენიმე საუკუნეა დიდი მოწიწებით ინახავენ ამ წმიდა რელიქვიას. ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მ...
ალექსანდრიის პატრიარქის ვიზიტი ათონის წმიდა მთაზე Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 May 2014 უნეტარეს თეოდორე პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა ახორციელებს ათონის წმიდა მთაზე ვიზიტს. ათონური ტიპიკონის თანახმად თბილი დახვედრა მოუწყვეს წმიდა კინოტის წევრებმა და მონასტრების წარმომადგენლებმა. დახვედრა შედგა დედაქალაქ კარიესში, დოქსოლოგია განხორციელდა პროტატონის ტაძარში, სადაც მის უნეტარესობას მისასალმებელი სიტ...
ილია II – სააღდგომო ეპისტოლე Αλέξανδρος Χριστοδούλου 22 April 2014 სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II სააღდგომო ეპისტოლე. ,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10). ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დია...
როგორ დავიცვათ ჩვენი სულიერი ტაძრის სიწმინდე? (I ნაწილი) Αλέξανδρος Χριστοδούλου 4 April 2014 მოუსმინეთ ქრისტეს დიდი მოციქულის - წმიდა პავლეს ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვან და აუცილებელ სიტყვებს: „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 3, 16-17). ...
შინაარსი
სანიშნეები