ანგელოზები ქრისტიანულ ხელოვნებაში

16 January 2014

წმიდა წერილში, წმიდა მამების გადმოცემებსა და ჩვენი ეკლესიის ჰიმნოგრაფიაში ანგელოზებს, გარდა იმისა რომ ღმერთს უგალობენ და მის ნება-სურვილებს გვაუწყებენ, ასევე უამრავი სხვა თავისებურება გააჩნიათ. დედამიწაზე არსებულ ყველა რელიგიას ჰყავს ანგელოზები, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ქრისტიანული ხელოვნება გახლავთ ის დარგი, რამაც ანგელოზებს მათი ძირითადი ხატწერა და შინაარსი მიანიჭა.

aggelos1

ანგელოზი, ქრისტიანულ ხელოვნებაში, თავის სარბიელს, სავარაუდოდ თეოდოსი დიდის ბრძანებით, რომის კურიიდან ნიკეს ქანდაკების გატანის შემდეგ (381 წელს) იწყებს და აქედან მოყოლებული, განასახიერებს ნიკეს, ირისის, ეროსის, ქრონოსის, ქარებისა და გამარჯვების თითქმის ყველა დანარჩენი სიმბოლოს თვისებას. ამასთან, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საიმპერატორო ხატწერის უკვდავყოფის საქმეში. თუკი, ქრისტეს შობიდან მე-4 საუკუნეში, ზოგიერთ გამოსახულებაზე ანგელოზები ფრთების გარეშე არიან წარმოდგენილნი, თითქმის იმავე ეპოქიდან, დაწყებული იუსტინიანეს მეფობიდან იმპერიის არსებობის მანძილზე, მათ ნიკეს მსგავსად გამოსახავენ: სარტყლით, საიმპერატორო ფეხსაცმლით, კვერთხითა და სკიპტრით. ისინი ხდებიან მხოლოდ და მხოლოდ ყოვლისმპყრობელისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საპატიო მცველები და მაღალი თანამდებობის პირნი, რომლებიც მარადიულად მათ ტახტთან ახლოს იმყოფებიან, ქრისტიანულ-რომაული იმპერიის ამქვეყნიური სამეფო კარისა და დედოფლის წარჩინებულთა მსგავსად.

ღმრთისმშობლის მახლობლად ანგელოზები ყოველთვის პატივისცემით აღსავსენი და მოწიწებით დგანან, ხელები დაფარული აქვთ ან კიდევ, ჟესტიკულაციური უწყებით გამოხატავენ მისადმი ერთგულებას. ძირითადად ანტიკური ყაიდისამებრ არიან შემოსილნი: ქიტონითა და ჰიმატიონით (ზედა კაბა), ანდა იმპერიის ხანისთვის დამახასიათებელი სამოსი აცვიათ და დიდებული ტახტის ირგვლივ ტრიალებენ, სადაც ყოველთა მეუფეა დაბრძანებული.

ღმრთისმშობელთან მიმართებაში ანგელოზთა როლი დროთა განმავლობაში ფართოვდება. ყოვლადწმიდა ქალწულის ხარების ჟამს ისინი ღმრთიური ნების მაუწყებელნი და დიაკონნი არიან, „წმიდათაწმიდაში“ – პაწაწინა ღმრთისმშობლის აღმზრდელნი და მცველნი, ქრისტეს საპატიო ყარაული, გარდაცვალებულ სულთა გამცილებელნი, ცოდვილთა დამსჯელნი, დიაკონნი და მსახურნი, ღმრთისმშობლის ყარაული, მისი თანმხლებნი ზეცაში და ხალხი, რომელიც ეგებება და ადიდებს დედოფალს მისი მიძინებისა და ზეცაში აყვანის ჟამს, მსგავსად იმ ხალხისა, რომელიც გამარჯვებულ ნამდვილ იმპერატორს ქალაქში (კონსტანტინოპოლში) მისი ტრიუმფალური შესვლის დროს ესალმება.

თუმცა კი, აღსანიშნავია, რომ ღმრთისმშობლის მახლობლად ანგელოზთა თითქმის ყველა გამოსახულებაში დომინირებს იმპერიული ხატწერა. ანგელოზთა ვალია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საპატიო დაცვა და ერთადერთი დედოფლისა და მის დედობრივ კალთაში დავანებული კანკაცებული ლოგოსის თაყვანისცემა.

შინაარსი
სანიშნეები